აფხაზეთი ფიზიკურად დავკარგეთ ახლა ეკონომიკურად და იდეოლოგიურად ვკარგავთ

ემზარ ჯგერენაია

არ ვაპირებდი ამ თემაზე წერას, რადგან ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია და ამ საკითხზე ფიქრისას ჭრილობაზე მარილის მოყრის გრძნობა მეუფლება. აფხაზეთი ყველას ტკივა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ, აფხაზეთის მკვიდრთ, საშინლად და ორმაგად. ჩვენი სახლი, კუთხე, ბავშვობაც, საყდარიც დავკარგეთ და მეორე მხრივ, დანარჩენ საქართველოს მოვაბეზრეთ თავი (მათ თავიანთი პრობლემებიც ეყოფათ). გაგვაბახეს, გავიბითურეთ თავი. არ გვეგონა, ბედის ბორბალი ასე მწარედ თუ დაგვატყდებოდა თავს (თუმცა, აფხაზებთან მუდმივ კონფლიქტს მიჩვეულნი ვიყავით). მედგრად და გააფთრებით არ დავდექით, სოხუმი რუსეთმა კი არა, ჩვენმა უთაობამ წაგვართვა.

გაგრა და ოჩამჩირე… გალს აუცილებლად შევინარჩუნებდით. გვეგონა, დღეს დაბნეულები ვართ, დაშლილები. წავიდეთ და ხვალ გავერთიანდებით, ერთად შევუტევთ და დავბრუნდებითო, მაგრამ ეს ხვალ არა და არ დადგა. რაც დრო გადის, ომი მით უფრო გვეზარება და კონფლიქტის მოგვარებას სხვა ქვეყნებს ვანდობთ. იმათ კი, არ ეჩქარებათ ან საერთოდ ფიქრობენ კი? აფხაზეთის კოზირი ერთნაირად სჭირდებათ ჩვენს სამართავად ძველ თუ ახალ ბატონებს.

ათი წელი გავიდა. რამდენიმე თაობაც გაიზარდა, დღევანდელი საქართველოს ჯარისკაცთა უმრავლესობას საერთოდ არ ახსოვს საქართველო, სიყვარულზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მათ მხედრულ მამაცობას დღითი დღე აკლდება ჟინი, მიწის ყივილი და თავგანწირვა. გვაკლდება ფინანსები და ე.წ. მშვიდობიანი მოლაპარაკება ჯიუტი კენტავრივით ფლოქვებს ერთ ადგილზე ურტყამს.

ერთი გამოსავალი გვქონდა – ისე აგვეყვავებინა საქარველოს ეკონომიკა და ისეთი დაბალანსებული საერთაშორისო პოლიტიკა გვქონოდა, რომ საერთაშორისო ოზოლაციით გვეიძულებინა ისინი დედა საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. არაფერიც გეტკინოთ! აფხაზები ნელ-ნელა სწავლობენ სახელმწიფოს შენებას, კი უჭირთ, მაგრამ ჩვენც, რომ ძალიან Gგვიჭირს და საშველი არ ჩანს.

ამ საგონებელში უფრო ჟურნალ კომერსანტში 21 სექტემბრის 36-ე ნომერში გამოქვეყნებულმა ოლგა ალენოვას სტატიამ ჩამაგდო, რომელმაც თურმე უარი თქვა შვეიცარიაში, საფრანგეთში, ეგვიპტეში, თურქეთში დასვენებაზე და არც მეტი არც ნაკლები აფხაზეთს მიაშურა, სადაც დღეში 34 დოლარად ფანტასტიურ 5-ვარსკვლავიან სატუმროში იცხოვრა მეფური კვებითა და თავზე საყრელი აფხაზური ღვინოებით, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, მთელი მომსახურე პერსონალი ბელორუსიიდან ყოფილა ჩამოყვანილი და ამით, ალბათ, იმის დამტკიცება სურდა, რომ აქ რუსები მარტო კი არა ვართ, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან, თანაც ზედმეტი პედანტობით აღწერდა მის მეზობლებს სასტუროში, რომლებიც “სამშიტოვაია როშჩაში” (ბიჭვინთაში) ცხოვრობდნენ მშვიდად და უდრტვინველად. ეპილოგად ქართველთან თბილისში გატარებულ დროს იხსენებს, სადაც ოლიგარქები ბატონობენ, ისვრიან, დუხჭირი ცხოვრება აქვთ და უვარგისი პურმარილი. შეურცხვეს გაყიდული ნამუსი ქალბათონ ოლგას, რა-რა, მაგრამ პურმარილი მაინც არ ეშლებათ თბილისში. მაგრამ, მე ოლგას გაყიდულ სტატიაზე კი არ ვსტირი, სადაც განსაკუთრებით გამოყოფილია ის, რომ თურმე მთელი აფხაზეთი რუსეთის მეგობრობით იწვის, რომ მომავალ წელს არც საბაჟო და არც საზღვარი (სადაც გადასვლისას ახლა გადასახადს ახდევინებენ) არ იქნება, რომ ჭაჭა მდინარეებად მოდის აფხაზეთში (რუსული ფსიქოტიპის დასაბმელად) და აქ ნადირობას არაფერი სჯობს, არამედ ის, რომ აფხაზებმა ისწავლეს, როგორ, როდის და ვის შეუკვეთონ სტატია. ქვეყნის რეკლამას, ტურიზმის ეკონომიკას და საერთაშორისო ურთიერთობას სწავლობენ, თანაც კარგად, იმიტომ, რომ ავტორის ანგარიშით, მარტო ამ სასტუმროში იმ პერიოდში უცხოელი ტურისტების სახით შვიდასი ადამიანი ცხოვრობდა. თანაც, სტატიის ავტორმა თავისი აფხაზი პერსონაჟი ალაპარაკა, რომ “რუსსკიე ნამ ბრატია”.

თავს ვიმშვიდებთ, რადგან არ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს აფხაზეთის ეკონომიკაში. ჩვენდა სამწუხაროდ, იქ ნელ-ნელა ეკონომიკისა და ქვეყნის მართვას სწავლობენ, რაც აფხაზებმა არასოდეს იცოდნენ. თანამდებობები სულ ჰქონდათ და ადვილადაც, მაგრამ მართვით ყოველთვის სხვა მართავდა. ხო და, ახლა ამასაც სწავლობენ. ვერ გეტყვით, შვეიცარია გახდება-მეთქი, რადგან არც მთლად მათი აყვავება აწყობს რუსეთს, მაგრამ ერთმანეთს რომ ვშორდებით, ცხადია. რუსეთმა მიუხედავად ჩვენი დათმობისა, არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი, არც გაგვეთამაშა და საერთოდ…

რა დაგვრჩენია, პარტიზანობა? ვერ გეტყვი, მაგრამ ჩემს სახლში რომ ახლა ისინი ბატონობენ და წასვლას არ აპირებენ, ფაქტია. ვისი ბრალია? ალბათ, თითოეული იქ მაცხოვრებლის და ქართული ხასიათის, რომელსაც, ალბათ, არ შეუძლია სახელმწიფოებრიობა, ურთიერთსიყვარული და თავისიანის დაფასება. შენი სახლი შენ უნდა დაიცვა. პირველ რიგში, გულში ჩავიხედოთ, რამდენმა დავიცავით? იქნებ, არ არის გვიან? ჩვენ, აფხაზეთის მაცხოვრებლები, შევიკრიბოთ ერთად და ახლა მაინც მოვილაპარაკოთ, რა ვქნათ?!

ისტორიისათვის ათი წელი წამია, ჩვენთვის – საუკუნე, მიტოვებული საფლავებისა და აფხაზეთისათვის – უფრო მეტი. დავიწყოთ ჩვენ და სხვებიც მოგვყვებიან და თუ არა, ალიონოვასნაირებს მაინც მოვუსპობთ ჩვენს მიწაზე თბილად დასვენების სურვილს. რაღაც ნამდვილად უნდა ვქნათ, თუ არა, ახლა იდეოლოგიურადაც და ეკონომიკურად ვკარგავთ აფხაზეთს და ალბათ, სამუდამოდ!