ურბანიზაცია-ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა

გიორგი ელიზბარაშვილი

საქართველოში ნებისმიერი რაღაც შეიძლება გახდეს პოპულარული: სამედიცინო ფაკულტეტი, „კარაკულის“ შუბა, „მადონას“ სერვისი-სერვანდში დასადებად, ფორტე-პიანო, არაა აუცილებელი ოჯახის წევრებიდან ერთს მაინც რომ შეეძლოს დაკვრა, თურქულ-ინდური სერიალები, ქალიშვილობის მოწმობაც კი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სწორი ეკონომიკური ხედვები. ის ფაქტი, რომ ფინანსები, ეკონომიკა პრესტიჟულ ფაკულტეტებად ითვლება, მაგრამ როგორ მუშაობს ეკონომიკა ძალიან მცირემ თუ იცის, კიდევ ერთი პარადოქსია ჩვენი ქვეყნის რაც განსაკუთრებულს გვხდის, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა „განსაკუთრებული“ ნამდვილად არაა კარგი ეპითეტი. თუმცა რა გვიკვირს 100 ათას მოსახლეზე უფრო მეტი ექიმი გვყავს ვიდრე გერმანიას, მაგრამ სამედიცინო მომსახურების შედარება უხერხულიც კი იქნება.

სამშობლოს სიყვარული რომ სუფრით იწყება და იქვე მთავრდება, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვაღიარებთ. ეს უკვე კარგია. სადღეგრძელოდ თქმულებიდან კი ხშირია გლეხის და სოფლის მოხსენიება. უცოდინარი, პოპულისტი, მათი ნაზავიც დასაშვებია პოლიტიკოსი ხშირად გვპირდება, რომ სოფლიდან წასულებს შინ დააბრუნებს, პირობებს შეუქმნის, დაუხნავს, დაუთესავს, მის მოსავალს დაასუბსიდირებს, თუ ძალიან გულუხვია ფულსაც დაურიგებს. თურმე ჩვენს წინაპრებს სოფლად უცხოვრიათ და ამიტომ ყოფილან მაგრად. ესეც კიდევ ერთი ტყუილი, თანაც ორმაგი. საქართველო მაგრად აღმაშენებლიდან რუსუდანამდე და გიორგი ბრწყინვალეს დროს იყო. რუსუდანამდე და არა ლაშა-გიორგიმდე, ამ უკანასკნელს ძალიან უნამუსოდ მოექცა მატიანე და სინამდვილეში განსხვავებულად აზროვნება ვერ აპატია, დანარჩენი საბაბია. თავად მონღოლებთან კი დამარცხდა, შეეწირა კიდეც, მაგრამ მონღოლთა ბატონობა რუსუდანის დროს დაიწყო. შემდეგ კი გიორგი ბრწყინვალის დროს, რომელიც ასევე არაა პოპულარული. არავინ ლანძღავს, მაგრამ რადგან დიდი ომი არ მოუგია ე.ი. არც ისე მაგარი ყოფილა. რეალურად კი იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობის-მონღოლეთის უღელი პირველმა მან გადააგდო, საქართველო ძველ საზღვრებს დაუბრუნა. მეორედ და უკანასკნელად მოექცა სევანის ტბა საქართველოს შემადგენლობაში. საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა საიდან წამოსულსაც იერუსალიმში შესვლა ცხენზე ამხედრებულს შეეძლო. სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა როგორც იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებთან ასევე აღმოსავლეთთან. ქართულ ფულთან ერთად იჭრებოდა ქართულ-მონღოლური ფულიც საერთაშორისო ვაჭრობისათვის. ცოტა არაა, მაგრამ დიდი ომის გარეშე მარილი აკლია ეს განცდა აქვთ ადამიანებს რომლებსაც ბოლო 5 ომიდან არც ერთში მიუღიათ მონაწილეობა და იმავეს მოუწოდებენ შვილებს თუ სამომავლოდ რაღაც მოხდა. გმირობა კარგია, მაგრამ მაშინ თუ სხვისი გმირობის სადღეგრძელოს სვამ. მე კი თუ ვინმეს წარსულიდან ვინატრებდი მმართველად სწორედ გიორგი ბრწყინვალე იქნებოდა. სწორედ ამ დიდი მეფეების პერიოდში ვითარდებოდა ხოლმე ქალაქური ცხოვრება, ვაჭრობა, ხელოსნობა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა გამონათებებზეც გორგასალი, ვახტანგ მეექვსე, ერეკლე მეორე.

ისტორიიდან გვსმენია უძველესი, რეალური თუ მითიური ქალაქების შესახებ: იერიქონი, ბაბილონი, მემფისი, თებე, ტროა, იერუსალიმი, დამასკო შემდეგ ათენი და რომი. საქართველოში მცხეთა და ქუთაისი, ფაზისი, დიოსკურია, აია. რა ინფორმაცია გვაქვს უძველესი სოფლების შესახებ? არაფერი ან თითქმის არაფერი. ქალაქები საგანმანათლებლო ცენტრებად შუა საუკუნეების დამლევს არ ქცეულან. უძველესი ცივილიზაციები სწორედ ქალაქებში დაირწა და განვითარდა. სამართლიანობისთვის მაინც დავასახელოთ 2 ცნობილი სოფელი ვატერლოო, დღეს უკვე პატარა ქალაქია და შენგენი. დანარჩენის გახსენება ძნელია.

ხშირად თქმულა, რომ გენიოსები სოფლიდან იყვნენ. ეს ჭეშმარიტებაა. ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, სოლომონ დოდაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი… თითოეული მათგანი დაიბადა სოფელში ან პატარა ქალაქში, მაგრამ შემდეგ დიდ ქალაქში აგრძელებდნენ მოღვაწეობას. ვაჟას მშობლიური ჩარგალი ერჩია, მაგრამ თბილისში აქვეყნებდა გენიალურ პოემებს. ტენდენცია, აბსოლუტურად იდენტურია მთელს დანარჩენ მსოფლიოში. ნებისმიერი დიდი მოვლენა, რევოლუცია, სამეცნიერო მიღწევა ყოველთვის ხდებოდა ქალაქში. დღესაც რაც გვაოცებს ტექნოლოგიები თუ ცათამბჯენები ყველაფერი ქალაქადაა თავმოყრილი. ბევრ ქვეყნას თავის სიმბოლო გააჩნია, მათგან თითქმის ყველა 1 რომელიმე ქალაქშია. იტალიას კოლიზეუმი და ეს რომშია. საფრანგეთს ეიფელის კოშკი-პარიზი, აშშ-ს თავისუფლების ქანდაკება-ნიუ-იორკი, ბრაზილიას ქრისტეს ქანდაკება-რიო, თურქეთს აისოფია-სტამბოლი, ემირატებს ბურჯ ხალიფა-დუბაი, ინდოეთს ტაჯ მაჰალი-აგრა, ესეც ქალაქია თბილისზე ოდნავ დიდიც. GOOGLE-ს დახმარების გარეშე ალბათ მხოლოდ ჩინეთის დიდი კედელი თუ გაგვახსენდება ერთ კონკრეტულ ქალაქთან რომ არაა დაკავშირებული. დღეს, გამალებული ურბანიზაციის პერიოდში მოსახლეობის სოფლად დაბმაზე ლაპარაკი უბრალოდ დილეტანტობაა. გამონაკლისს წარმოადგენს სასაზღვრო სოფლები.

თუ ყველაფერზე ერთი არგუმენტია „წინათ ასე იყო,“ მაშინ ვაჟკაცურად მაინც ვაღიაროთ რა იყო წინათ. წინათ იყო ბატონ-ყმობა მოდერნიზებული მონათმფლობელობა. გლეხი წარმოადგენდა ბატონის საკუთრებას და მისი შრომის ნაყოფის უმეტესობა სწორედ მას მიჰქონდა. ცხოვრობდა მიწურში პირუტყვთან ერთად, ანთებდა შუაცეცხლს. ასეთი პირობები ჰქონდა მოსახლეობის 97%-ზე მეტს. გლეხი რა მოსატანია და ნებისმიერ მნახველს გაოცება ეუფლება ერეკლე მეორეს „სასახლის“ ხილვისას მისი უბრალოებით. გვინდა მიწურში ცხოვრება? არა. კარგია, რომ არა. მაგრამ თანამედროვეობასაც ვერ ვგუობთ მთლად. ფილმში ვნახავთ სოფლად მდებარე დიდ სახლს უზარმაზარი ეზოთი, მოკლებულს ქალაქური მტვრისგან და ხმაურისგან. გვინდება ჩვენც იგივე. საიდან ჰქონდა მის პატრონს ის სახლი იმის დადგენით თავს აღარ ვიწუხებთ. ის სახლი ან აგარაკია ან ფერმერის საკუთრება. ფერმერის და არა გლეხის. დიდი ოდენობის მიწა ვერ ექნება ყველას მით უმეტეს საქართველოში. პატარა ქვეყანა რომ გვაქვს ეგ მაინც ხომ ვიცით. ამას გარდა თუ ყველა ფერმერი იქნება ვიღა იმუშავებს? ტექნოლოგიები ჯერ იმ დონეზე არ მისულა საღამოს აივნიდან რომ გადასძახო ტრაქტორებს ხვალ დილით მოსახნავად წასვლა არ დაგავიწყდეთო.

ჯერ კიდევ 1 საუკუნის წინ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 12-13 პროცენტი ცხოვრობდა ქალაქში. 1960 წლისთვის 33%. 50%-იან ზღვარს კი ამ საუკუნეში 2008 წელს გადააჭარბა ჩვენთან რომ ომი მძვინვარებდა და გარეთ კრიზისი აი მაშინ. დღეს 54%-ს შეადგენს. თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში კი 75%-ზე მეტი.

1
წყარო: worldbank.org

2
წყარო: worldbank.org

ამჟამად საქართველოში, ურბანიზაციის დონე სოლ მცირედით აღემატება მსოფლიო საშუალოს, თუმცა 1990 წელს 1.3-ჯერ მეტიც ფიქსირდებოდა. 90-იანების ნგრევისა და რეცესიის კვალი ამ კომპონენტსაც დააჩნდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პატარა ქალაქებში მოსახლეობის ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევს და სინამდვილეში ის უფრო დიდი სოფელია, თუმცა ქალაქად აღირიცხება.

3
წყარო: geostat.ge

როცა ლაპარაკი ურბანიზაციაზე იწყება ტრადიციების მოშლის გარდა არგუმენტად თბილისის თავკომბალა ქალაქად ქცევასაც ასახელებენ. ეს კი არაფერია სიმართლის გარდა. საქსტატი გვამცნობს, რომ 3.713 მილიონიდან თბილისში 1.108 მილიონი ცხოვრობს რაც 29.84 პროცენტია. საკმაოდ მაღალი. თუმცა ეს არაა ყველაფერი. ეს რიცხვი ჩაწერილ მოსახლეობას აღნიშნავს თუ რამდენია რეგიონიდან ჩასული ეს კარგად ჩანს აღდგომის დღესასწაულზე, როცა მნიშვნელოვნად კლებულობს გზაზე საცობები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრები. იგივე საქსტატი გვეუბნება, რომ მოსახლეობის 28% შიდა მიგრანტია და მათი 33% თბილისში ცხოვრობსო ეს რიცხვი 343 000-ს შეადგენს. რუსთავის 125 000 მოსახლიდანაც დიდი წილი ყოველდღიურად თბილისში დადის უნივერსიტეტსა თუ სამსახურში. რეალურად აღმოჩნდება რომ თბილისში ცხოვრობს 1.5 მილიონი, ანუ 40%-ზე მეტი. სიდიდით მეორე ქალაქში-ბათუმში კი მხოლოდ 152 000, ანუ 10-ჯერ ნაკლები.

4
წყარო: geostat.ge

თბილისში მაცხოვრებელთა რეალური რიცხვი 2.2-ჯერ მეტია შემდეგი 11 ქალაქის ჯამზე. განვითარებულ ქვეყნებში იშვიათადაა დედაქალაქი ამ ზომის, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც იაპონია 32%, ახალი ზელანდია 34%, ისრაელი 46%.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გაიზარდოს სხვა ქალაქების რიცხოვნობაც? ერთი „ყველაზე სასახელო ქართველის“ წინაშე რომ დამდგარიყო ეს ამოცანა პრობლემას 2 დღეში მოაგვარებდა გადასახლებითა და ურჩთა დახვრეტით. აღარ გვყავს ის „ყველაზე სასახელო ქართველი“ ამიტომ რამე სხვა უნდა მოვიფიქროთ. თბილისიდან ქუთაისამდე სამანქანო გზით 230 კილომეტრია, თვითმფრინავით 185. ბათუმამდე საავტომობილო გზით 375, თვითმფრინავით 266. ბათუმამდე მანძილი 62%-ით მეტია. მატარებელს კი ბათუმამდე ჩასვლისთვის 5 საათი სჭირდება, ქუთაისამდე 5.5 საათი. ანუ თუ ადამიანს ეჩქარება ქუთაისში ბათუმის რეისს უნდა გაჰყვეს. ასე 3 საათში ჩავა. მსგავსი მატარებელი პირდაპირ უნდა დაინიშნოს. ჯობია პრივატიზაცია მოხდეს და მერე მესაკუთრემ დანიშნოს, მაგრამ თუ ასე დაბეჯითებით არ ვასხვისებთ, სახელმწიფომ მაინც დანიშნოს. პარლამენტი უკვე გადატანილია, გადავიდეს მთავრობაც სრული შემადგენლობით და გამოცხადდეს დედაქალაქად. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ძალიან კარგია, თუმცა 60 000 სტუდენტი უბრალოდ სიგიჟეა. არც მეტი არც ნაკლები 1 ნული შესაკვეცი აქვს. 6 000 სტუდენტზე გათვლილ უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიებით აღჭურვილ და საერთაშორისო დონის პროფესორებით დაკომპლექტებულ უნივერსიტეტს მართლაც აქვს შანსი გახდეს მსოფლიოში მოწინავე. ადმინისტრაციული, პლიუს საგანმანათლებლო ცენტრი კარგ პერსპექტივად ისახება. აბასთუმნის ობსერვატორიაც, რომელსაც მნიშვნელოვანი გადაიარაღება სჭირდება ბევრად უფრო ახლოსაა ქუთაისიდან ვიდრე თბილისიდან.

2004-2016 წლებში ბათუმში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, გაიხსნა ახალი სასტუმროები, გასართობი ცენტრები, დაგრძელდა ბულვარი… ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ტურიზმისა და ეკონომიკის ზრდას, როგორც რეგიონში, ასევე მთელს ქვეყანაში. გაკეთებული კარგია, მაგრამ არასაკმარისი. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საჭიროა კიდევ უფრო მეტი. თუ უცხოელი ტურისტებიდან დასავლეთ ევროპელები გვინდა ასე ძალიან, მაშინ ზღვის აკვატორიაც უნდა გავწმინდოთ, სანაპიროც დავასუფთაოთ და დანაგვიანებაზე სოლიდური ჯარიმაც დავაწესოთ და რაც მთავარია პასუხი ყველას ერთი სიმკაცრით მოვთხოვოთ. მსოფლიოში რამდენიმე აზარტული ცენტრია ამერიკაში ლას-ვეგასი, ევროპაში მონტე-კარლო, აზიაში მაკაუ (ჩინეთი) და სინგაპური რა მოხდება თუ ვცდით მაინც შევმატოთ მეხუთე კავკასიაში კერძოდ კი ბათუმში? ტრაგიკული არაფერი, მაგრამ შეიძლება ძალიან დიდ ბრუნვებზეც გავიდეთ. ამისთვის კი საჭიროა კონკრეტულად ბათუმში სათამაშო ბიზნესის გათავისუფლება გადასახადებისგან. არც თუ ისე დიდ ლას ვეგასში, რომლის მოსახლეობაც 0.6 მილიონს არ აღემატება მდებარეობს ყველაზე დიდი სასტუმრო 6852 ნომრიანი „MGM grand.” (2018 წელს მექაში 10 000 ნომრიანი “abraj kudai” დასრულდება). არის კიდევ 2 საკითხი პირველი მსუბუქი ნარკოტიკები როგორც მინიმუმ მარიხუანა და ექსტაზი. მათი დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ბათუმში ლეგალიზებაც. სირცხვილია, როცა რუსეთშიც კი დეკრიმინალიზებულია კანაფი და ჩვენთან ისევ შარდის შეგროვებით კავდებიან. მავნებებლობის შესახებ ვიცით, მაგრამ არც თამბაქოა უებარი წამალი. მეორე-პროსტიტუციაა. საბჭოთა კავშირში რომ სექსი არ არსებობდა გავიგეთ, მაგრამ ნუთუ არც საქართველოში არსებობს? დღეს ზოგ საროსკიპოს კლუბი აწერია, ზოგს მასაჟის ცენტრი, ზოგს ბარი. ლეგალიზებით იქ მომხდარი დანაშაულთა რიცხვი შემცირდება. მუსულმანურ თურქეთშია ლეგალიზებული და ჩვენ ისევ წარმოუდგენელი გვგონია. თუ ადამიანის ქმდება საფრთხეს არ უქმნის სახელმწიფოებრივ მთლიანობასა და სიმტკიცეს, არ ლახავს სხვის უფლებებს, გაუგებარია რატომ უნდა იყოს დასჯადი. ყველას აქვს უფლება ესა თუ ის ქმედება გარყვნილებად, ამორალობად მიიჩნიოს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა საკითხია. წესით ზედმეტი უნდა იყოს დამატება, მაგრამ ვიტყვი მაინც თავის დაზღვევისთვის, რომ ყოველგვარი ძალადობა, ტრეფიკინგი, ბავშვთა პროსტიტუცია კვლავ დასჯადი უნდა დარჩეს და თუ გამკაცრდება ამ მიმართულებით კანონი არც ეგ იქნება პრობლემა.

ანაკლიას მოსახლეობა დღეს ძალზე მცირეა ბოლო აღწერით სულ 1330. ახალმა პორტმა სურათი რადიკალურად უნდა შეცვალოს. პორტის საბოლოო პოტენციალი 100 მილიონი ტონაა, თუმცა საწყის ეტაპზე 12-ე წელს მხოლოდ 40 მილიონი ტონაა გათვალისწინებული. მხოლოდ პორტის აშენებით 40 კი არა 10 მილიონი ტონაც ვერ შემოვა თუ არ მიება მას დამატებითი აუცილებელი სამუშაოები. უკვე დღეს უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვარგარეთის ქვეყნებთან და კომპანიებთან. ბოლომდე უნდა მივიდეს სამთავრობო გეგმა სივრცითი მოწყობის შესახებ და ინფრასტრუქტურის განახლება იქნება ეს გზები თუ რკინიგზა უნდა გაგრძელდეს 2020 წლის შემდეგაც. მას გარდა უნდა დაიხვეწოს ელექტრო და გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა, სწრაფი ინტერნეტის დაფარვის არეალი. გაუმჯობესდეს ლოჯისტიკა, შემცირდეს ბიუროკრატიული ბარიერები. ფასები აღარ უნდა „იკბინებოდეს.“ ასეთ შემთხვევაში ანაკლიის პორტს მართლაც აქვს პოტენციალი. მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე თავისუფალი სავაჭრო ზონის მოწყობა. ვერ გავექცევით ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში კი ეს გამოწვევა ჩვენს სასარგებლოდაც უნდა გამოვიყენოთ. გარდა პორტისა ქალაქი ასევე უნდა გახდეს საერთაშორისო საზღვაო კურორტი, არის შანსი რომ ქართული დისნეილენდი ანაკლიაში გაიხსნას? არის. სახელმწიფოს როლი სწორედ აქ უნდა გამოიკვეთოს, პლაჟი, გასართობი ცენტრი… ყველაფერს სახელმწიფო ვერ გააკეთებს, არცაა საჭირო თუმცა შესაძლებელია სტიმულის მიცემა და რაღაც დოზით მონაწილეობის მიღება. ანაკლიას განსხვავებით ქუთაისისა და ბათუმისგან 1 უპირატესობა გააჩნია. ძალიან პატარაა. ახლის მიმატება კი ხშირად უფრო ადვილია ვიდრე ძველის გადაკეთება. ამიტომ შესაძლებელია ახალი ფართო ქუჩების გაკეთება ველობილიკებით და ტროტუარებზე 2-2 ან 3-3 წყება ხეივნით. მთელს ქალაქში მაღალი გამწვანების კოეფიციენტის დაცვა. კორპუსების სახურავებზე გამწვანება, მზის პანელები, ან გამჭვირვალე ჭერი ენერგიის დაზოგვის მიზნით. საქალაქო ტრანსპორტი მხოლოდ ელექტრო, შესაძლოა წყალბადზე მომუშავეც. (ანალოგიური სხვა ქალაქებშიც კარგი იქნებოდა. მესამე წელია ბათუმში 10 ელექტრობუსი შემოდის და ვერ ჩამოუღწევია) ზოგადად რეგულაციები პრობლემაა, მაგრამ CO-ს საფრთხის არდანახვა პრობლემაცაა და სიბეცეც. განცხადება, რომ თითქოს CO-ს სიჭარბე არაა მავნებელი ისეთივე სულელურია, როგორც განცხადება, რომ ახლა პლანეტა ნეპტუნზე ვცხოვრობთ. ყველა ქუჩა, ყველა შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე. პანდუსები, ხმოვანი შუქნიშნები… კარგი იქნება თუ გაკეთდება რაიმე ისეთი განსაკუთრებული რაც რიცხობრივად იზომება ეს შეიძლება იყოს ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი ან შადრევანი, ყველაზე გრძელი საცალფეხო ხიდი, ყველაზე დიდი აკვარიუმი, წყალქვეშა რესტორანი, მოტივტივე სასტუმრო… საჭიროება ტურისტების დაინტერესება. მოკლედ სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით ანაკლია შესაძლოა იქცეს პატარა ქართულ ოაზისად თავისი მწვანე არქიტექტურითა და ფუტურისტული შენობებით.

დღეს ქუთაისში, ბათუმსა და ანაკლიაში ჯამში 300 000 კაცი ცხოვრობს. არის შანსი რომ 2040 წლამდე 1 მილიონამდე გაიზარდოს. სხვა დიდ ქალაქებში 0.5 მილიონამდე. 700 000 კი დარჩეს სოფლად სადაც განვითარებული იქნება ფერმერული მეურნეობა. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შემთხვევაში მიგრაცია შეწყდება. 82:18-ზე განაწილება კი ნორმალური მაჩვენებელი იქნება იმ პერიოდისათვის.

არავინ თქვას, რომ სიტყვა ქალაქში აუცილებლად იგულისხმება რაღაც მონსტრი მეგაპოლისი, ბეტონის ჯუნგლებითა და 20-25 მილიონიანი მოსახლეობით რაც საქართველოს მოსახლეობას 7-8-ჯერ ზოგ შემთხვევაში კი მეტჯერაც აღემატება. არაერთი თბილისზე პატარა ქალაქია რომლებიც ცნობადობითაც და ცხოვრების დონითაც სჯობიან უფროს ძმებს. ამ შემთხვევაში „უფროსი ძმები“ ცუდად არ უნდა გავიგოთ ისინი არ იგულისხმებიან. ვინმეს თუ სმენია 15 მილიონიანი ტიანჯანის შესახებ? არც 14 მილიონიანი ჩენგდუ გაგიგიათ? იქნებ 8 მილიონიან დონგუანზე მაინც გქონდეთ ინფორმაცია. ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ მოდი პატარა ქალაქების მცირე ჩამონათვალიც ვნახოთ თავისი მოსახლეობით
• კანი 73 000
• მაასტრიხტი 122 000
• ოქსფორდი 168 000
• ბაზელი 176 000
• ჟენევა 198 00
• ვენეცია 265 000
• სტრასბურგი 276 000
• ფლორენცია 385 000
• ლაიფციგი 560 000
საქართველოსაც აქვს შანსი, რომ 150-300 ათასკაციანი ქალაქები მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქებად აქციოს. როტერდამის მოსახლეობა 1 მილიონს შეადგენს. მისი პორტი კი წელიწადში 440 მილიონ ტონა ტვირთს ატარებს, ანაკლიის საპროექტო სიმძლავრეზე 4.4-ჯერ მეტს. ალბათ ზედმეტიცაა იმაზე ლაპარაკი, რომ ქალაქების მოსახლეობის ზრდას უნდა მოჰყვეს ამ ქალაქებში ინვესტირების და მშპ-ს გენერირების ზრდა. სხვაგვარად ვერც მოხდება და თუ მაინც მოხდა ეს იქნება იძულებითი, რაც პირიქით უკუშედეგს მოიტანს. დღეს თუ მოსახლეობის 40% ცხოვრობს თბილისში რაც ძალიან მაღალია, თბილისი ასევე აგენერირებს მთელი ეკონომიკის ნახევარს და ინვესტიციების ¾ ნაწილს რაც სტანდარტულ გადახრაზე გაცილებით მეტია. ქვემოთ გრაფიკზე მარცხენა მხარეს მშპ-ს და მარჯვნივ ინვესტიციების გადანაწილებაა ნაჩვენები.

5
წყარო: geostat.ge

საბოლოოდ კი შეიძლება ერთი რამ ვთქვათ. ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია სწრაფი ურბანიზაცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 1 ქალაქის ხარჯზე. დედაქალაქის გარდა უნდა განვითარდეს მინიმუმ 2-3 ქალაქი. მაგრამ ეს პროცესი თავისთავად არ მოხდება, ამისთვის ისევ და ისევ მაღალი ეკონომიკური ზრდაა აუცილებელი, რისგანაც ჯერჯერობით ისევ შორს ვართ.

ბიბლიოგრაფია
www.worldbank.org
www.geostat.ge
www.forbes.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial