სოციალური დაცვა: ნებაყოფლობითი თუ სავალდებულო?

მურთაზ კვირკვაია

ნებისმიერ ეკონომიკურ საკითხზე მსჯელობისას თავისთავად წამოიჭრება პრობლემა რესურსების შეზღუდულობის შესახებ. მოცემული სტატიის ფარგლებში არ განვიხილავთ იმ ამოცანებს, რომლებიც შეზღუდულ რესურსებთან დაკავშირებით ეკონომიკური მეცნიერების და მთლიანად საზოგადოების წინაშე დგას. თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით დამტკიცებულია, რომ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას შეუძლია რესურსების ეფექტური გამოყენება. გასულ საუკუნეებში ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ერთად სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით მრავალი თეორია და მიდგომა წარმოიშვა.

მათ საფუძვლად საზოგადოების დაბალკონკურენტული ჯგუფების მოთხოვნილებები და მათთვის რესურსების გადანაწილების აუცილებლობები დაედოთ. გაჩნდა მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც, არსებობს წინააღმდეგობა ეკონომიკურ ეფექტურობასა და სოციალურ სამართლიანობას შორის. აღნიშნული წინააღმდეგობა სოციალური დაცვის მოქმედი სისტემების პირობებში მართლაც არსებობს. ამიტომ, ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ერთ-ერთ მთავარ ამოცანას სოციალური დაცვის ისეთი მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, რომელიც არ იქნება ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს ეკონომიკური ეფექტურობის ზრდას. სანამ შევეხებოდეთ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენი აზრით ასეთი სოციალური დაცვის მექანიზმის შექმნას უზრუნველყოფენ, მოკლედ განვიხილოთ სოციალური დაცვის მოქმედი სისტემები.

საუბარი სოციალური დაცვის შესახებ ავტომატურად გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს და გარანტიებს.
სოციალური დაცვა პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად:
– სოციალური დახმარება;
– სოციალური დაზღვევა;
სოციალური დაზღვევა განიხილება, როგორც სოციალური დაცვის ძირითადი, ხოლო სოციალურო დახმარება – დამატებითი საშუალება.
სოციალური დაზღვევა თავის მხრივ რამოდენიმე ძირითად ჯგუფად იყოფა:
– საპენსიო დაზღვევა;
– უმუშევრობისაგან დაზღვევა;
– სამედიცინო დაზღვევა და ა.შ.

დაზღვევის თითოეული ჩამოთვლილი სახე პრაქტიკაში გამოყენებულია როგორც ნებაყოფლობითი, ასევე სავალდებულო ფორმით. სწორედ დაზღვევის ნებაყოფლობითი ან იძულებითი ფორმით ფუნქციონირებას და მათ შორის პროპორციებს უკავშირდება საკითხი ნებაყოფლობით და სავალდებულო სოციალურ დაცვას შორი არჩევანის გაკეთების შესახებ.

სოციალური პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია სოციალური დახმარების ან სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემაზე, წარმოადგენს რესურსების გადანაწილების ხელოვნურ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც სოციალურ დაცვაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, ან ინდივიდებს აიძულებს საკუთარი და საზოგადოების სხვა წევრების სოციალურ დაცვაზე პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევის გზით თავის თავზე აიღონ. სავალდებულო სოციალური დაზღვევის გამართლება ხდება იმით, რომ თუ რისკის ხარისხი დიდია, ადამიანის მომავალი მდგომარეობა არ არის დამოკიდებული მის ინდივიდუალურ ძალისხმევაზე და ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე პიროვნება მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. სავალდებულო დაზღვევის სისტემის ფარგლებში დაზღვევა, ფაქტობრივად, მესამე პირის სასარგებლოდ ხორციელდება. ამასთან, საფინანსო რესურსების დაგროვება არ არის დაკავშირებული ვალდებულების ზრდასთან. დაახლოებით ამ სახით არის ორგანიზებული ჩვენთან მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა.

უნდა აღინიშნოს, რომ პენსიონერთა სოციალური დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას მთლიანად სოციალური დაცვის სისტემაში. ჩვენთან მოქმედ საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას შეიძლება თაობათა სოლიდარობის სისტემა (ბისმარკის მოდელი) ვუწოდოთ, რომლის ფარგლებში პენსიის გაცემა მომუშავეთა სოციალური დაზღვევის მიმდინარე შენატანების ხარჯზე წარმოებს. სხვა სიტყვებით, დღევანდელი მომუშავეები პენსიონერებს პენსიას იმ იმედით უხდიან, რომ ისინიც, ანალოგიურად, თავის დროზე პენსიას დასაქმებულებისაგან მიიღებენ. თაობათა სოლიდარობის ეს ტიპი სახელმწიფოს მიერ რეგულირდება, მიეკუთვნება სავალდებულო დაზღვევის სისტემას და ხასიათდება სავალდებულო დაზღვევისათვის დამახასიათებელი ყველა თავისებურებით.

თაობათა სოლიდარობის სისტემისაგან თვისობრივად განსხვავებულ სისტემას წარმოადგენს დაგროვილი ფონდების სისტემა, ანუ ინდივიდუალური კაპიტალიზაციის სისტემა, როცა მომავალი პენსიონერი მთელი თავისი მუშაობის მანძილზე აგროვებს ფულად სახსრებს. დაგროვილი ფონდების სისტემა არის ნებაყოფლობითი, კერძო (თუმცა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში დაგროვილი ფონდების სისტემის ნაწილი არის სახელმწიფო, სავალდებულო).

შევეცდებით შევადაროთ ეს ორი სისტემა და ამავე დროს შევაფასოთ სავალდებულო და ნებაყოფლობითი სოციალური დაცვის სისტემებიც. მაგალითისათვის განვიხილოთ ჩილეში განხორციელებულ საპენსიო რეფორმა.

ეკონომიკურ რეფორმებამდე ჩილეში არსებული საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა ზემოთ ნახსენები თაობათა სოლიდარობის სისტემას წარმოადგენდა. საზოგადოების აქტიური ნაწილი მხარს უჭერდა საზოგადოების პასიურ ნაწილს. დამქირავებლები და მომუშავეები ყოველთვიურად იხდიდნენ ფულს პენსიებისა და დახმარებების გასაცემად. არსებობდა 32 სადაზღვევო დაწესებულება, სადაც ერთდროულად მოქმედებდა 100 სხვადასხვა სახის საპენსიო ქვესისტემა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ძველი სისტემის ფუნქციონირების შედეგად იზრდებოდა გადასახადები, ვინაიდან სავალდებულო სადაზღვევო შენატანები სულ უფრო მცირდებოდა. ასეთი საპენსიო სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო ერთ პენსიონერზე მინიმუმ 4,5 მომუშავის არსებობა, მაშინ, როდესაც, ეს მაჩვენებელი 1980 წელს ერთ პენსიონერზე 2,2 მომუშავეს შეადგენდა. არავინ იყო საკუთარი სადაზღვევო შენატანების მფლობელი. მომუშავეთა 30% თავს არიდებდა სადაზღვევო შენატანებს, ვინაიდან იგი განიხილებოდა, როგორც გადასახადი. ამავე დროს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად სავალდებულო შენატანების თანხის სიმცირისა, მისი კაპიტალიზაციის შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად გადაჭრიდა პენსიონერთა სოციალური დაცვის საკითხებს, მაგრამ მთავარი პრობლემა სადაზღვევო საქმიანობის მართვის არაეფექტურობაში მდგომარეობდა. ამიტომაც, 1980 წელს დაწყებულმა რეფორმამ გადანაწილების ძველი სისტემა ინდივიდუალური კაპიტალიზაციის სისტემით შეცვალა. რაში მდგომარეობს ინდივიდუალური კაპიტალიზაციის სისტემის არსი? ყოველი ინდივიდი ირჩევს რომელიმე საპენსიო ფონდის მმართველ კომპანიას, სადაც გადარიცხავს თავის სადაზღვევო შენატანს (რომელიც განკუთვნილია ინდივიდუალური კაპიტალიზაციისათვის) და აგრეთვე შენატანებს ინვალიდობის შემთხვევაში პენსიების დაფინანსებისათვის. ყოველი მომუშავე თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას, რომელი საპენსიო ფონდის მმართველ კომპანიაში შეიტანოს ფული და თავისუფლად შეუძლია გადავიდეს ერთი კომპანიიდან მეორეში (ძველი სისტემით პენსიების მიღების მსურველებს გადაეცა ე.წ. აღიარების ჩეკები).

ძველი სისტემის დროს მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ჰქონდა, ხოლო ახალ სისტემაში – კერძო კომპანიებს, რომლებიც მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. ახალი სისტემის დროს მოქმედებს კერძო მეწარმეობისათვის დამახასიათებელი მაღალი ეფექტიანობა და შესაბამისი სახელმწიფო სოციალური დაცვა, რომელიც გამოიხატება იმით, რომ სახელმწიფო მინიმალური პენსიის გარანტიას ყველა დაზღვეულს აძლევს.

ახალი და ძველი სისტემის შედარებას მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა. მკვლევარები გამოყოფენ სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შემდეგ ძირითად ნაკლოვანებებს:
1. ერთგვაროვნების არარსებობა.
ძველი საპენსიო სისტემის დროს არსებობდა საპენსიო უზრუნველყოფის ასზე მეტი ვარიანტი, რომლებიც განსხვავებული იყო მომუშავეთა კატეგორიის (მუშები, მოსამსახურეები) და საქმიანობის სფეროების მიხედვით (სახელმწიფო სექტორი, ბანკები, საზღვაო პორტები, მუნიციპალური სამსახურები, რკინიგზა და ა.შ.). როგორც აღვნიშნეთ, 1979 წელს ქვეყანაში მოქმედებდა 32 ე.წ. სადაზღვევო “სალარო”. ამან პენსიის ოდენობის გამოანგარიშებაში და პენსიის მიღების უფლებებში მნიშვნელოვანი განსხვავება გამოიწვია. მაგალითად, “სალაროების” უმრავლესობისათვის პენსიაზე გასვლის მინიმალური ასაკი მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა, მაგრამ ბანკებში მომუშავეთა მომსახურე “სალაროებისათვის” მამაკაცების მინიმალური ასაკი 55 წელს შეადგენდა. ამასთან, ბანკში მომუშავეებს არა ნაკლებ 24 წლის მუშაობის შემთხვევაში და უფრო ადრეულ ასაკშიც ჰქონდათ პენსიაზე გასვლის უფლება, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ მუშებს, მათი მუშაობის სტაჟის მიუხედავად, პენსიაზე გასვლა მხოლოდ 65 წლის ასაკში შეეძლოთ. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძველი სისტემა ერთგვაროვნების არარსებობის გამო სოციალურად არასამართლიანი სისტემა იყო;
2. ავტომატური ინდექსაციის არარსებობა.
პენსიების სიდიდე არ იყო დაკავშირებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებებთან. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ზოგიერთი კატეგორიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეები;
3. სახელმწიფო დოტაციებზე დამოკიდებულება.
ძველი საპენსიო სისტემის დამოკიდებულება სახელმწიფო დოტაციებზე, პრაქტიკულად, გარდაუვალი იყო, ვინაიდან აქტიური გადამხდელების შენატანები პენსიების გასაცემად არ იყო საკმარისი. ამასთან, რაც უფრო მცირდებოდა თანაფარდობა დასაქმებულთა და პენსიონერთა რაოდენობას შორის, მით უფრო იზრდებოდა სახელმწიფო დოტაციებზე დამოკიდებულება. მაგრამ, რადგან სახელმწიფო დოტაციების შესაძლებლობა შეზღუდულია, გამოსავალი პენსიის ოდენობის შემცირებაში ან საპენსიო შენატანების ზრდაში მდგომარეობს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება;
4. დაზღვეულთა პასიური როლი.
ძველ საპენსიო სისტემაში დაზღვეულები არ თამაშობდნენ აქტიურ როლს, ამიტომაც არ არსებობდა მექანიზმები რომლებიც მიმართული იყო სადაზღვევო “სალაროების” საქმიანობის სტიმულირებისაკენ. დაზღვეულებს არ გააჩნდათ თავიანთი სადაზღვევო შენატანების განკარგვის რაიმე ალტერნატიული ვარიანტი. გარდა ამისა, პენსიების ოდენობა დამოკიდებული იყო უკანასკნელი 3-5 წლის მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე, ამიტომ გაჩნდა სადაზღვევო შენატანებისაგან თავის არიდების და დეკლარირებული შემოსავლების შემცირების (გარდა წინასაპენსიო წლებისა) ტენდენცია. აღნიშნული, რა თქმა უნდა, “სალაროებში” გასაცემი საპენსიო თანხების დეფიციტს იწვევდა;
5. დაზღვეულების არასაიმედო მდგომარეობა.
სავალდებულო სისტემის არასაიმედოობის დასამტკიცებლად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი ფაქტი: საპენსიო ასაკს მიღწეული პიროვნება პენსიაზე გასვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო საპენსიო შენატანების გადამხდელი. აღნიშნული მოთხოვნის თანახმად, თუ საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანი წინასაპენსიო წლებში არ იყო დასაქმებული და შესაბამისად, საპენსიო შენატანებს არ იხდიდა, მიუხედავად ადრეულ წლებში გადახდილი შენატანების ოდენობისა, მას პენსიის მიღების უფლება არ ჰქონდა. ამის გამო, არავინ იყო დაცული პენსიების მიუღებლობის რისკისგან.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ საპენსიო დაზღვევის ახალი ნებაყოფლობითი სისტემის შესაძლებლობები აჭარბებს ძველი სისტემის შესაძლებლობებს. ამასთან, ახალი სისტემა აღმოფხვრის იმ ნეგატიურ შედეგებს, რომელიც გააჩნდა სავალდებულო დაზღვევის სისტემას.
ახალი სისტემის ძირითად უპირატესობებს წარმოადგენს:
– პენსიის სიდიდის დამოკიდებულება დაზღვეულთა პირად ძალისხმევაზე.
ახალ საპენსიო სისტემაში პენსიის სიდიდე დამოკიდებულია დაზღვეული პიროვნების პირად ანგარიშზე დაგროვილ თანხაზე, ამიტომ მას უჩნდება დაგროვილი თანხის გადიდების სტიმული. მოცემულ შემთხვევაში მთავარი პოზიტიური ფაქტორია ის, რომ დაზღვეულს აქვს უფლება, რეალურად ფლობდეს მის პირად ანგარიშზე დაგროვილ თანხებს. შეიძლება ითქვას, რომ საპენსიო სისტემა, რომელიც დაგროვილ ფონდებზე პირად საკუთრებას ეფუძნება, დაგროვილი ფონდების ყველაზე ეფექტური გამოყენების წამახალისებელ სტიმულებს წარმოშობს.
– დაზღვეულთა აქტიური როლი და არჩევნის თავისუფლება.
დაგროვილი ფონდების სისტემაში დაზღვეულებს შეუძლიათ თავიანთი სურვილისამებრ აირჩიონ სადაზღვევო დაწესებულება, რომელმაც უნდა განკარგოს მათი შენატანები. მოქალაქეებს უფლება აქვთ გადავიდნენ სხვა სადაზღვევო დაწესებულებებში (გადაიტანონ ფონდები), თუ ამას ჩათვლიან მიზანშეწონილად. მომავალში პენსიის ოდენობაზე ზრუნვა დაზღვეულს სტიმულს აძლევს სისტემატიურად აკონტროლოს მისი შენატანების რენტაბელობა და მუდმივად მიიღოს ინფორმაცია სადაზღვევო დაწესებულების მიერ მისი კუთვნილი თანხების განკარგვის შესახებ.
– სისტემის კონკურენტულობა.
ის ფაქტი, რომ დაზღვეულს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს სადაზღვევო დაწესებულება, (რომელსაც ანდობს მის მიერ დაგროვილი თანხების განკარგვას, როგორც აქტიური შრომითი საქმიანობის, ასევე პენსიაზე ყოფნის პერიოდში) წარმოადგენს საპენსიო სისტემის ეფექტური მუშაობის მასტიმულირებელ მთავარ ელემენტს. სხვადასხვა დაწესებულებებს შორის კონკურენცია, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით კლიენტების მოზიდვას, აიძულებთ მათ მუდმივად ეძებონ დანახარჯების შემცირების გზები, რაც შესაძლებელს ხდის შემცირდეს კლიენტთა სადაზღვევო შენატანებიც. თავის მხრივ, სადაზღვევო შენატანების შემცირება ზრდის წმინდა რენტას და შესაბამისად, კლიენტის მხრიდან უპირატესობა ენიჭება შედარებით უფრო მცირე დანახარჯებით მომუშავე სადაზღვევო დაწესებულებას.
დაგროვილი ფონდების სისტემის მოწინააღმდეგეები, საპენსიო სისტემაში კონკურენციის ელემენტების არსებობას გაუმართლებელ დანახარჯებს უკავშირებენ, რომელიც ადგილი აქვ კომერციული საქმიანობის რეკლამირების შედეგად იქმნება. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ სადაზღვევო კომპანიების მიერ რეკლამაზე გაწეული დანახარჯები პარალელურად უზრუნველყოფს მის კლიენტებს სასარგებლო ინფორმაციით და ეხმარება რაციონალური არჩევანის გაკეთებაში. ამიტომ, აღნიშნული დანახარჯები არ შეიძლება ჩაითვალოს დაგროვილი სისტემის უარყოფით მხარედ და არსებული რესურსების არაეფექტურ განაწილებად.
– დასაქმებაზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირება.
მომუშავეთა ხელფასებიდან ანარიცხები, რომელიც გამოიყენება საპენსიო უზრუნველყოფის ფონდის დაფინასებისათვის, წარმოადგენს გადასახადს. იგი აძვირებს სამუშაო ძალას და იწვევს დასაქმების დონის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადასახადი ორივე სისტემაში არსებობს, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა დაგროვილი ფონდების სისტემის სასარგებლოდ. 1. ის, რომ დაგროვილი ფონდების შემთხვევაში ეს გადასახადი გაცილებით ნაკლებია, რაც დასაწყისშივე ამცირებს დასაქმების დონეზე უარყოფით ზეგავლენას; 2. ვინაიდან ახალი სისტემა სადაზღვევო შენატანებსა და მიღებული პენსიის ოდენობას შორის პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებას გულისხმობს, სიტყვა “გადასახადი” საკმაოდ პირობითია. ძველი სისტემის დროს არ არსებობდა კავშირი შენატანებსა და პენსიის ოდენობას შორის, იმიტომ რომ შენატანების გადაუხდელობა გარკვეულ პერიოდში, ან დეკლარირებული შემოსავლების შემცირება მომავალი პენსიის სიდიდეზე ზეგავლენას არ ახდენდა. დაგროვილი ფონდების სისტემაში მომუშავე თვითონ არის დაინტერესებული გაზარდოს “დანაზოგები”, ვინაიდან აქედან ყველა სარგებელს მხოლოდ თვითონ ღებულობს;
– დაგროვილი კაპიტალის ზრდა.
პირად ანგარიშზე დაგროვილ შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა დანაზოგების სახით დაგროვებას გულისხმობს, რადგან დანაზოგებს თან ახლავთ ინვესტიციების განხორციელება, ეკონომიკაში ამას აუცილებლად დაგროვილი კაპიტალის გადიდებამდე მივყავართ. დაგროვილი კაპიტალის გადიდება იწვევს წარმოების მოცულობის და დასაქმების დონის ზრდას.
ამგვარად, 1981 წელს დაწყებულმა რეფორმამ ათწლიან პერიოდში ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც თავის კლიენტებს არა მარტო აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯებით, არამედ ახდენს დამატებით დადებით ზეგავლენას მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, დაგროვილი ფონდების, ანუ ინდივიდუალური კაპიტალიზაციის დადებითი მხარეებია: სახელმწიფო ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლობა; თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის; კოლექტიური დაზღვევა ინვალიდობისაგან და ზოგიერთი სხვა რისკისაგან.

ჩილეში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა დაამტკიცა, რომ ადამიანთა ეკონომიკური უსაფრთხოება და სახელმწიფო არ წარმოადგენს განუყოფელს, როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული. რეფორმებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ისეთი სოციალური დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ინდივიდებს არჩევნის შესაძლებლობას მისცემს (ნებაყოფლობით, საკუთარ თავზე აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა).

საქართველოში სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემის ყველა ნაკლოვანება სრულყოფილად გამოვლინდა. ჩვენ არ შევუდგებით გავაანალიზოთ სტატისტიკური მასალები, რომლებიც ადასტურებენ უკანასკნელ წლებში მილიონობით საპენსიო დავალიანებების არსებობას, პენსიების სიმცირეს, საპენსიო შენატანებსა და პენსიის ოდენობას შორის კავშირების არარსებობას და ა.შ. აღნიშნული პრობლემები არ არის მხოლოდ საქართველოში, იგი დამახასიათებელია სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემისთვის და ყველა ქვეყანა, რომელიც ამ სისტემაზეა ორიენტირებული ანალოგიურ სიძნელეებს აწყდება, ან მომავალში აუცილებლად აღმოჩნდება მსგავსი პრობლემების წინაშე. ჩვენთან არსებულ სიტუაციაზე მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ უკვე სახეზეა საპენსიო გადანაწილებითი, სავალდებულო სისტემის კრიზისი. დემოგრაფიული პროცესების ზეგავლენით, მომავალში ის კიდევ უფრო ღრმა ფინასურ კრიზისში აღმოჩნდება.

სავალდებულო დაზღვევის სისტემაში ფინანსური კრიზისის დაძლევის გზა არ არის საპენსიო ასაკის გაზრდა, რაც რეალურად განხორციელდა ჩვენთან და მსგავსი საპენსიო სისტემის მქონე ქვეყნებში. საპენსიო ასაკი საქართველოში მამაკაცებისათვის 65 წელია, ხოლო ქალებისათვის – 60 წელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, ექსპერტული შეფასებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საპენსიო ასაკზე ნაკლებია, დასკვნების გაკეთება საკმაოდ ადვილი იქნება.

ჩვენი აზრით, დღეისათვის სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა ნებაყოფლობითი საპენსიო დაზღვევის (ინდივიდუალური კაპიტალიზაციის) პრიორიტეტული განვითარების გზით უნდა განხორციელდეს, მაგრამ, მრავალ მიზეზთა შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი. კერძოდ ის, რომ ჩვენთან არსებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის და დახმარების მექანიზმს ეფუძნება, საზოგადოების მიერ მიჩნეულია, როგორც ბუნებრივი აუცილებელი მოვლენა. ასეთი მიდგომა აფერხებს რეალური, ნებაყოფლობითი სოციალური დაზღვევის პრინციპების დამკვიდრებას და ხელს უწყობს მოძველებული სახელმწიფო პატერნალიზმის შენარჩუნებას.