რეგიონული საინვესტიციო პოლიტიკის ოპტიმიზაციის მიმართულებები (აჭარის ა.რ მაგალითზე)

თინათინ ჟორჟოლიანი
თსუ დოქტორანტი
591518045
zhorzholianit@yahoo.com

ანოტაცია: მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები ხასიათდებიან კაპიტალის დეფიციტით, ამიტომ თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკონომიკისათვის ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სტატიაში განხილულია რეგიონული საინვესტიციო პოლიტიკა, წარმოდგენილია აჭარის ა.რ-ში საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელობა და თავისებურებები. შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტების პრაქტიკული მოქმედება. აჭარის ა.რ ეკონომიკის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის აუცილებელია რეგიონული საინვესტიციო პოლიტიკის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება და ინვესტიციათა მოსაზიდად საჭირო გარემოს შექმნა. ლიტერატურაში მოცემული თეორიების ანალიზის შედეგების საფუძველზე ნაჩვენებია საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესების გზები. შესაბამისი დასკვნების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები.

საქართველოს და მისი ცალკეული რეგიონების ეკონომიკური აღმავლობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი გარანტია არის მოვიზიდოთ უცხოურ ინვესტიციათა მნიშვნელოვანი რაოდენობა, რათა ქვეყანაში აღდგეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარგები და საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი განვითარებულ და მოწინავე ქვეყნებს შორის. ამისათვის კი აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემო იყოს სტაბილური და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისათვის. საინვესტიციო გარემო არის იმ სოციალური, ეკონომიკური, ორგანიზაციული, სამართლებრივი და პოლიტიკური წინამძღვრების ერთობლიობა რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის, რეგიონის ინვესტირების მიზანშეწონილობას.

აჭარის არ-ში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ობიექტური აუცილებლობითაა განპირობებული, რადგან ამორტიზირებული ტექნოლოგიების პირობებში კონკურენტუნარიანი პტოდუქციის წარმოება გამორიცხულია. აჭარის რეგიონში ინვესტიციების ზრდა აისახება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და ლიბერალური რეფორმებით. აღსანიშნავია, რომ აჭარის ა.რ გეოეკონომიკური მდებარეობით, განვითარებული ინფრასტრუქტურით და საერთაშორისო ზრდით საკმაოდ მიმზიდველია უცხოელთათვის.

ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში, კერძოდ დამატებული ღირებულების ფორმირებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის მიერ როგორც უცხოური ასევე ადგილობრივი წარმოშობის ინვესტიციების განხორციელებას და სტაბილურ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს.
2016 წ. აჭარის ა.რ ტერიტორიაზე განხორციელდა 428 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. 2015 წ. ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით კერძო ინვესტიციები 17%-ით არის გაზრდილი. რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში, კერძოდ დამატებული ღირებულების ფორმირებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელთა 71 % უცხოური ინვესტიციებია. ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე წარმოდგენას გვაძლევს გრაფიკი #1.

საინვეტიციო საქმიანობის შეფასების მნიშვნელოვან ცვლადებად განიხილება ასევე განხორციელებული ინვეტიციების მოცულობა რეგიონში შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით და მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით.

ინვესტიციების მოცულობა მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით ბოლო წლებში შეადგენს დაახლოებით 15-38%-ს, ხოლო რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ 2016 წელს შეადგინა 1 270 აშშ დოლარი*. (ცხრილი #1)

1

2

რეგიონში განხორციელებული საინვესტიციო აქტიურობა მნიშვნელოვანია გაანალიზებული იქნეს ეკონომიკის სექტორების მიხედვით და ქვეყნების მიხედვით; 2016 წელს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ენერგეტიკა – 45.5%, ტურიზმი – 31.6%,მშენებლობა – 20.8%, სოფლის მეურნეობა – 0.2%, მრეწველობა – 1.4%, სხვა სექტორები – 0.5%. (გრაფიკი # 2)**

3

2016 წლის მონაცემებით რეგიონში ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიციები მოდის ნორვეგია/ინდოეთსა (48.7%) და თურქეთზე (44.9%)***.

აჭარის ა.რ ეკონომიკის ზრდა და მოდერნიზაცია, რეგიონებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის დანერგვა მოითხოვს დიდ კაპიტალს. შესაბამისად იზრდება უცხოური ინვესტიციების როლი, რომლებიც განაპირობებენ მატერიალური სიმდიდრისა და ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, შრომის ნაყოფიერების ზრდას და დამატებითი ღირებულების შექმნას.

რეგიონის ეკონომიკის მდგრადი და უსაფრხო განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონისა ამაღლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკონომიკაში საინვესტიციო რესურსების არსებობის დონე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი კლიმატისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მექანიზმების ჩამოყალიბება. რეგიონული საინვესტიციო პოლიტიკა წარმოადგენს ღონისძიებათა სისტემას, რომელიც რეგიონის დონეზე ხელს უწყობს საინვესტიციო რესურსების მობილიზაციას და მათი რაციონალური გამოყენების დადგენას რეგიონის მოსახლეობისა და ინვესტორების ინტერესებიდან გამომდინარე. თანამედროვე პირობებში რეგიონული საინვესტიციო პოლიტიკა უნდა ეფუძვნებოდეს:
• საინვესტიციო საქმიანობის საკანონმდებლო სრულყოფას;
• საინვესტიციო პროგრამების სტრატეგიულ მიმართულებებზე ინვესტიციური პოლიტიკის კონცენტრირების განხორციელებას;
• განვითარების დადებითი და უარყოფითი ტენდენციების სისტემატიურ მონიტორინგს;
• ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნას და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პოლიტიკას ყველა რეგიონში გარკვეული თავისებურებები ახასიათებს, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
• რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით;
• არსებული სამრეწველო პოტენციალის მაშტაბით;
• ბუნებრივ-კლიმატური პირობებით;
• გეოგრაფიული მდებარეობითა და გეოპოლიტიკური მდგომარეობით;
• დემოგრაფიული ვითარებით;
• უცხოური ინვესტიციებისათვის რეგიონის მიმზიდველობით;

თანამედროვე ეკონომიკური ლიტერატურის თანახმად საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად პრინციპს წარმოადგენს:
• ეფექტიანობა;
• მოქნილობა;
• მიზანმიმართულობა;
• სისტემურობა;
• კონპლექსურობა;
• მოქმედებათა რეგულირებადობა;
• მრავალვარიანტულობა;
• სოციალური და ეკოლოგიური უსაფრთხოება;
• რესურსების ატიდებისათვის მზადყოფნა;

ინვესტირება უნდა იყოს დაკავშირებული რეგიონში სოციალურ დინამიკასთან, დასაქმების, რეგიონის მოსახლეობის სასიცოცხლო დონის ამაღლების, რეგიონული ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში მუშაკების კვალიფიკაციის ზრდის უზრუნველსაყოფად. სახელმწფო პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნის ტერიტორიული ერთეულის დონეზე საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებას და შესაბამისად, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. იგი ორიენტირებული უნდა იყოს ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე საქმიანი ადამიანებისათვი.

აჭარის ა.რ-ის საინვესტიციო პოლიტიკის სრულყოფისათვის აუცილებელია განისაზღვროს:
• კონკრეტული საინვესტიციო რეგიონული პრიორიტეტები;
• უნდა ჩატარდეს ფინანსური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, რათა დაზუსტდეს რეგიონული თვითდაფინანსების რეალური შესაძლებლობები;
• ცენტრალური ბიუჯეტის საშუალებების განაწილების დროს უზრუნველყოფილ იქნეს რეგიონული და დარგობრივი შეთანაწყობა;
• ჩატარდეს რეგიონული თავისებურებების შედარებით სრული აღრიცხვა რეფორმების გატარების დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ ინვესტიციურ პროცესებზე;
• განხორციელდეს ადგილობრივი ფინანსური რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თანაბარი პირობები ინვესტირების მიზნებისათვის.

მნიშვნელოვანია, აჭარის ა.რ-ში ფოკუსირება მოხდეს და გამახვილდეს ყურადღება იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც ინვესტორებისათვის მიმზოდველია. კერძოდმ სასურველ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, კერძო საკუთრების დაცვასა და კანონის უზენაესობაზე, ბიუროკრატიის ხარისხზე, სოციალურ ფონსა და მის სტაბილურობაზე, მომუშავეთა კვალიფიკაციაზე და ინფრასტრუქტურის განვითარების დონეზე. აღნიშნული ფაქტორები მიუთითებს რეციპიენტი ქვეყნის სასურველ საინვესტიციო გარემოზე ან, პირიქით, მის არასაყრელობაზე.

* აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
** აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
*** აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გამოყენებული ლიტერატურა:
1. საქართველოს რეგიონული განვითარების კომისია, ,,საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიული რეკომენდაციები 2011-2017 წლებისათვის“, თბილისი.
2. ქოქიაური ლ. ,,საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმარტულებები საქართველოში,“ ჟურნალი ,,საქართველოს ეკონომიკა, #6; 2009.
3. ღავთაძე გ. იფშირაძე ა. ,,ინვესტიციური პოლიტიკა, მისი როლი და შემუშავების პრინციპები თანამედროვე ეტაპზე,“ ჟურნალი ეკონომიკური პროფილი, #4; 2008.
4. ყამარაული ს. ,,უნივერსალური ბიზნეს ლექსიკონი,“ თბილისი 2002.
5. შენგელია თ. ,,გლობალიზაცია და საერთაშორისო ბიზნესის გარემო საქართველოში,“ თსუ, საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის შრომათა კრებული, 2012.
6. შენგელია თ. ,,გლობალური ბიზნესი,“ თბილისი ახალი საქართველო, 2010.
7. შენგელია თ. ,,რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია და უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოში,“ შრომების კრებული: რეგიონალიზაცია, თანამედროვე რეგიონული ეკონომიკური და სოციალური პტოცესები, 2010.
8. შენგელია თ. ,,მაკროეკონომიკური ანალიზის ანთოლოგია,“ თბილისი თსუ, 2008
9. შენგელია თ. ,,ინსტიტუციური რეფორმები და ბიზნეს გარემო საქართველოში,“ ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი #4, 2008
10. შენგელია თ. ,,საერთაშორისო ბიზნესის საინვესტიციო გარემო საქართველოში,“ კრებული: ინოვაციები ბიზნესში, 2010.

See the article in English: Directions of Optimization of Regional Investment Policy (on the example of the Autonomous Republic of Adjara)

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial