სახელმწიფო პოლიტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში

თამარ როსტიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მცირე ბიზნესის სფეროში შესამჩნევად შეიცვალა. მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ცალკეულ ღონისძიებებს მოჰყვა კომპლექსური პროგრამები, რომლებიც ორიენტირებული არიან მცირე მეწარმეობის, როგორც საზოგადოების ეკონომიკური ცხოვრების, აღორძინებისა და განვითარების პრობლემების გადაწყვეტაზე.

მიღებულ იქნა მთელი რიგი ბრძანებულება და კანონი, რომლებიც წარმოადგენენ მცირე მეწარმეობის პატრონაჟის საფუძველსა და მცირე მეწარმეობას განსაზღვრავენ, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს რაიმე სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც პერსონალურად და სრული პასუხისმგებლობით დაეკისრებოდა ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია, კერძოდ კი, ფინანსურ-საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობდა მცირე ბიზნესის შემდგომ განვითარებას, გააკონტროლებდა გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად გამოყენებას, აგრეთვე ხელს შეუწყობდა ყველა ამ საქმით დაინტერესებული უწყებების კოორდინაციას მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ამ მიზნით შექმნილმა სპეციალურმა სტრუქტურამ მცირე ბიზნესის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობისათვის სრულყოფილი საკანონმდებლო დოკუმენტების მომზადება და მიღება, კადრების მომზადება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის საინფორმაციო ცენტრებისა და საწარმოო-ტექნოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერის სხვა სტრუქტურების შექმნა.
მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მცირე მეწარმეობას უფრო მიზანმიმართული მხარდაჭერა აქვს, გაძლიერდა ყურადღება არასახელმწიფოებრივი მეწარმეობის ინსტიტუციური გარდაქმნების პრობლემებისადმი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, რაც აისახა შესაბამის საკანონმდებლო კოდექსში, რიგ საკანონმდებლო აქტში და საპროგრამო დოკუმენტებში. ცვლილებები მოხდა მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერის საფინანსო-ეკონომიკურ და ინფორმაციულ, მისი ინფრასტრუქტურის ფორმირების სფეროში. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ერთიანი სისტემა, რომელიც უნდა მოიცავდეს მეწარმეობის ხელშეწყობის ფედერაციული და კონკურენციის განვითარების ფონდს, აგრეთვე მხარდაჭერის რეგიონულ ფონდებსა და ცენტრებს. ასეთი სტრუქტურები დაუყონებლივ უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის რეგიონებში და მათ დაეკისრებათ რეგიონული და რაიონული პროგრამების განხორციელებაში დახმარება. უნდა შეიქმნას სააგენტოების, სასწავლო-საქმიანი და საინფორმაციო ცენტრების, ბიზნეს-ინკუბატორების, იურიდიული, სააუდიტო და კონსალტინგური ფირმების ფართო ქსელი, რომლებიც მცირე მეწარმეობას მოემსახურებიან.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციისა, მცირე საწარმოთა განვითარების დინამიკის მაჩვენებლები ადასტურებს ეკონომიკის ამ სექტორის სერიოზულ პოტენციალსა და სიცოცხლისუნარიანობას მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ზოგიერთი მცირე საწარმო უკვე სულ უფრო შესამჩნევად ასრულება კაპიტალის დაგროვების ფუნქციას, ხელს უწყობს სოციალური პრობლემების გადაწყვეტას.
მაგრამ მიუხედავად ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარებაში ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია. კერძოდ, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლადშექმნილი საწარმოები საქმიანობის დაწყებამდე უკვე ლიკვიდაციას განიცდიან, იგივე ემართება ბევრ ფუნქციონირებად სამეურნეო ერთეულებს, ძირითადად ფინანსური სიძნელეების მოტივით. არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს ის გარემოება, რომ დაბალია მცირე საწარმოების განვითარების ტემპი მრეწველობაში, რაც უმეტესწილად განპირობებულია მათი პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობითა და არასაკმარისად განვითარებული შიდა მოთხოვნით. კვლავ არის და ბოლომდე არ აღმოფხვრილა საგადასახადო პრესი და ვითარების კრიმინალიზაცია. ამჟამად შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომლის დროსაც ზოგიერთ სფეროში (ვაჭრობა, საერთო კომერციული მოღვაწეობა) მცირე მეწარმეობა ვითარდება საკმაოდ სწრაფად, აგროვებენ დიდ კაპიტალს და პრინციპში არც კი საჭიროებენ სპეციალურ სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, მაშინ როდესაც საწარმოო და ინოვაციურ სფეროებს (განსაკუთრებით ქვეყნის დეპრესიულ რეგიონებში), რომლებიც განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობენ, ქვეყნის ხელისუფლების ხელშეწყობა სჭირდება.
სწორედ ამიტომ მთავარი მიზანია მცირე მეწარმეობის სფეროში პირობების შექმნა მათი მყარი განვითარებისათვის, განსაკუთრებით კი საწარმოო, ინოვაციურ და სხვა სფეროებში, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვან წყაროში და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორში ეფექტიან ინსტიტუციურ გარდაქმნებში (3).
მცირე ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის რამდენიმე ძირითადი მიმართულება არსებობს:
1. მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისა და განვითარების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ფორმირება. მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის აღნიშნული მიმართულება საშუალებას იძლევა ფორმირებულ იქნეს მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის “ორდონიანი” საკანონმდებლო და ნორმატიული სტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს საერთო პრინციპების განსაზღვრის შესაძლებლობას, მოცემულ სფეროში მთლიანად სახელმწიფოს მაშტაბითა და დონეზე სახელმწიფო პოლიტიკის ფორმებისა და მიმართულებების ფორმირებასა და მათ კონკრეტიზაციას სუბიექტების დონეზე, ანუ საშუალების შექმნით უზრუნველყოფილ იქნეს ამ უკანასკნელებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა რეგულირების პროცესში ერთიანობისა და დაუპირისპირებლობის მისაღწევად.
2. მცირე მეწარმეობის საფინანსო-საკრედიტო და საინვესტიციო მხარდაჭერა. საქმიანობის ამ სფეროში მრავალი ღონისძიება დაისახა და განხორციელდა. თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა, მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით, მათთვის გამარტივებულია საგადასახადო დაბეგვრის სისტემა და სხვა.
ამჟამად მცირე ბიზნესის სუბიექტებს სერიოზულ მხარდაჭერას უწევენ კომერციული ბანკები (უპირატესად შეღავათიანი კრედიტების გამოყოფით). “ბიზნეს-სუბიექტები” – კატეგორიაა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანთა საზოგადოების არსებობის ნებისმიერი ფორმისათვის. (3). (მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას საკუთარი რისკით).
მიუხედავად გარკვეული საფინანსო და საკრედიტო მხარდაჭერისა, ეს მაინც არასაკმარისი და არაეფექტურია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მცირე მეწარმეობის ხვედრითი წონა საქონლის წარმოებაში საკმაოდ დაბალია, ასევე დაბალია მცირე ბიზნესის როლი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში.
სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა მცირე ბიზნესში საინვესტიციო რისკის დაზღვევის სპეციალიზებული ფონდებისა და კომპანიების შექმნა. ასევე შესაძლებელია მცირე მეწარმეობის საინვესტიციო რისკის დაზღვევის საქმეში ქვეყანაში ფუნქციონირებადი კერძო სადაზღვევო კომპანიების ფართოდ ჩართვა, რომლებიც ბანკების გარანტიით აიღებენ თავიანთ თავზე მცირე საწარმოთა მომსახურებას;
3. საწარმოო და ინოვაციური მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ის, რომ მცირე სახელმწიფო საწარმოები ნაკლებად მონაწილეობენ, ხოლო ზოგჯერ სულაც არ მონაწილეობენ იმ სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციაში, რომლებიც მიზნად ისახავენ სახელმწიფო საჭიროებების დაკმაყოფილებას, მცირე საწარმოები ჯერ კიდევ ვერ ამაღლდნენ იმ დონემდე, რომ შეძლონ სახელმწიფო შეკვეთების რეალიზაცია. ამის მისაღწევად კი საჭიროა შემუშავდეს და განხორციელდეს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო მეწარმეობის ახალი ტექნოლოგიების, ნოუ-ჰაუს დანერგვაში და გამოყენებაში. ამ საქმეში გარკვეული ინიციატივა და წვლილი უნდა წარმოაჩინონ ქვეყნის რეგიონების ბიუჯეტებმა.(2)
განსაკუთრებით აქტიური საქმიანობა შეუძლიათ გაშალონ მცირე და საშუალო საწარმოებმა (სათანადო დახმარების პირობებში) სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში და გადამუშავებაში. ეს კი ხელს შეუწყობდა როგორც ბაზრის საქონლით გაჯერებას, ასევე დასაქმების პროგრამის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
მცირე მეწარმეობის სამრეწველო ასპარეზად ჩვენს ქვეყანაში მიგვაჩნია სასურსათო პროდუქციის წარმოება, სამრეწველო საქონლის, სახალხო მოხმარების საქონლის წარმოება, მომსახურების სხვადასხვა სფერო და სხვა.
მცირე მეწარმეობის საწარმოო პოტენციალის განვითარება შესაძლებელია წარიმართოს მათი ინტეგრაციის გზით საწარმოო-ტექნოლოგიურ ქსელში საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ჩარჩოებში და სხვა ეკონომიკურ სტრუქტურებში, რომლებიც გამოდიან წარმოების სტაბილიზაციის პირობად, ეკონომიკური ზრდის წყაროს როლში და გასაღების გარანტად.
საწარმოო და ინოვაციურ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, პროგრამები და პროექტები, რომლებიც სწრაფი გამოსყიდვის პირობებში საშუალებას იძლევიან მაქსიმალურად სრულად ჩართონ მოსახლეობის დაუსაქმებელი ნაწილი მცირე მეწარმეობაში.
ქვეყნის დონეზე მცირე მეწარმეობისადმი სახელმწიფო საწარმოო-ტექნიკური მხარდაჭერა რეალიზებული იქნება შემდეგი მიმართულებებით:
1. მცირე საწარმოთა აღჭურვა თანამედროვე მოწყობილობითა და ტექნოლოგიებით კონვერსიული და სხვა პროგრამების ფარგლებში;
2. ადგილებზე და რეგიონებში ინფორმაციული ბანკების შექმნა, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან სუბსაიჯარო სამუშაოთა ბაზრის განვითარებაზე;
3. მანქანების, მოწყობილობისა და საწარმოო შენობების ლიზინგის სისტემის შექმნა;
4. მცირე საწარმოებისათვის ახალი ტექნოლოგიების, “ნოუ-ჰაუს”-ს გადაცემის ორგანიზაცია;
5. პროდუქციის სერთიფიკაციაში მცირე საწარმოებისათვის მხარდაჭერა მათი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის მიზნით;
6. მცირე მეწარმეობისათვის მხარდაჭერის ღონისძიებათა სისტემაში ტექნიკური კონსულტაციების ინსტიტუტის განვითარება;
7. საწარმოო პროცესების მართვის საფუძვლების სწავლება სამეწარმეო მოღვაწეობისათვის კადრების მომზადების სისტემაში;
8. ბიზნეს-ინკუბატორების, საწარმოო-ტექნოლოგიური და ინოვაციური ცენტრების, ტექნოპარკების ქსელის განვითარება;
4. მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისა და განვითარების ინფრასტრუქტურის ფორმირება. საჭიროა ზრუნვა ასეთი ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონულ დონეზე. ამ მხრივ საჭიროა ყურადღება გამახვილდეს მეწარმეობის მხარდაჭერის ცენტრების, ტექნოპარკების, სამრეწველო პარკების, ბიზნეს-ინკუბატორების, ლიზინგური კომპანიების, კონსალტინგური და აუდიტორული ფონდების, მცირე საწარმოთა მხარდაჭერის სააგენტოების, კომერციული ბანკებისა და სხვათა შექმნაზე, ამოქმედებასა და გაფართოებაზე.
აღნიშნულის გარდა, საჭიროა შეიქმნას ინფრასტრუქტურის ისეთი ობიექტები, როგორიცაა მეწარმეობის მხარდაჭერის ცენტრები და სააგენტოები, საგამოფენო და სადემონსტრაციო ცენტრები, საინფორმაციო, საკონსულტაციო და სასწავლო-საქმიანი ცენტრები, ლიზინგური კომპანიები, რეწვის ცენტრები და სხვა.
პრაქტიკულად ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას სტრუქტურები, რომლებიც შესთავაზებენ მეწარმეებს მათთვის აუცილებელ მომსახურებას;
5. მცირე მეწარმეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა. მცირე ბიზნესის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა ქვეყნის მასსტაბით და რეგიონულ დონეზე ფართოდ შეიქმნას მცირე ბიზნესის მხარდამჭერი საბაზო სისტემის ელემენტები, კერძოდ, აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საშუალებების მიმწოდებელი სტრუქტურები, ფორმირებულ იქნეს მონაცემთა ბაზები, მიღებულ იქნეს ორგანიზებული გადაწყვეტილებები.(2)
მომავალი მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, მცირე სამეწარმეო სტრუქტურების სასარგებლოდ. უნდა უზრუნველყოფილ იქნეს მცირე ბიზნესი ფედერალურ და რეგიონულ დონეზე, ინფორმაციით მცირე მეწარმეობის მდგომარეობის შესახებ, უნდა კოორდინირებულ იქნეს საინფორმაციო და ტელეკომუნიკაციურ სისტემათა განვითარება მათი გაერთიანების მეშვეობით, უნდა ლიცენზირებულ იქნეს მცირე საწარმოთა საინფორმაციო მომსახურება და სხვა.
ვფიქრობთ, საინფორმაციო მომსახურება ისე უნდა მოეწყოს, რომ შესაბამის სამსახურებს შეეძლოთ მსურველებს მიაწოდონ კომერციული, იურიდიული, სამისამართო, სტატისტიკური ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაციები ინვესტიციური პროექტების შესახებ, საწარმოთა რეგისტრაციაზე, მარკეტინგის, აუდიტის, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და საქონლის რეალიზაციის შესახებ, საქმიანი თანამშრომლობის თაობაზე, ფინანსურ ოპერაციებზე, საწარმოო სიმძლავრეების ძებნაზე, საბუღალტრო ანგარიშგების წარმართვის თაობაზე (ელექტრონული ფოსტის გამოყენებით) და ა.შ.
ამრიგად, აუცილებელია რეგიონული საბაზო ინფორმაციული ცენტრების ფართო ქსელის (ცენტრების) ფორმირება;
6. მცირე ბიზნესის სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და საკადრო უზრუნველყოფა. ქვეყანაში გარკვეული მუშაობაა გაწეული მცირე მეწარმეობის მეცნიერულ-მეთოდოლოგიური მხარდაჭერისათვის, განხორციელდა რიგი სამეცნიერო კვლევები. მცირე საწარმოთა სამეცნიერო-მეთოდოლოგიური მხარდაჭერის მთავარი ამოცანაა მცირე მეწარმეობის განვითარების ძირითადი მიმართულებების უზრუნველყოფა: ნორმატიულ-სამართლებრივი, ფინანსური, საწარმოო ინოვაციური, ინფრასტრუქტურული და ინფორმაციული.
სამეცნიერო-მეთოდოლოგიური საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება მცირე მეწარმეობის საკადრო უზრუნველყოფას. ამჟამად უკვე დაგროვილია გარკვეული გამოცდილება მცირე მეწარმეობისათვის კადრების მომზადების სფეროში. ქვეყნის ცენტრში და ზოგიერთ რეგიონში ფუნქციონირებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები. ვითარდება დასაქმების სამსახურები, რომლებიც ხელს უწყობენ უმუშევართა ხელმეორედ კვალიფიცირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სამეწარმეო პროექტების რეალიზაციას.
მცირე მეწარმეობის მხარდაჭერისათვის არსებითი მნიშვნელობა ექნება ქართველი ავტორების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებისა და პოპულარული ბროშურების გამოცემას.
საგადასახადო შეღავათების მეშვეობით, საკუთრების სხვადასხვა ფორმის მცირე საწარმოთა სტიმულირება, მათ შორის მენეჯერების გადამზადების დროს, საშუალებას იძლევა გამომუშავებული სახსრების ნაწილი წარმართულ იქნეს პერსონალის მომზადებაზე. დასწრებული და ექსპრეს-განათლების არსებულ წესს შეავსებს თვითგანათლების მეთოდები, დისტანციური სწავლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით, საბაზრო ეკონომიკის ხელმისაწვდომი ლიტერატურით, კომპიუტერული და ვიდეოპროგრამებით და სხვა;
7. მცირე მეწარმეობაში სოციალური დაცვა და უსაფრთხოება. საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებამ გააცოცხლა და გააცხოველა ეკონომიკის ამ სფეროში მომუშავეთა სოციალური დაცვის პრობლემა. მსხვილი საწარმოებისაგან განსხვავებით, მცირე ბიზნესის სუბიექტების უმეტესობა, განსაკუთრებით კი მათი მოღვაწეობის საწყის ეტაპზე, განიცდის აუცილებელი ფინანსური რესურსების უკმარისობას ან საერთოდ უქონლობას, საკუთარი სოციალური ინფრასტრუქტურის არარსებობას, უაღრესად დაბალია მათი საწარმოო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის დონე, ასევე არასაკმაოდაა დაყენებული შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები.
როგორც მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, მსხვილი საწარმოებისაგან განსხვავებით, მცირე საწარმოები ნაკლებად მდგრადები არიან, ისინი ფუნქციონირებენ ამაღლებული რისკის პირობებში, უფრო მეტად არიან დამოკიდებული გარე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე, ბაზრის კონიუქტურაზე, ამიტომ საჭიროა მცირე საწარმოთა გაკოტრების პრობლემა განსაკუთრებით იქნეს განხილული (4).
ღონისძიებების კომპლექსში, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოები და სხვა სტრუქტურები ახორციელებენ ორგანიზებული დამნაშავეობის, რეკეტის, კორუფციისა და ეკონომიკური დამნაშავეობის წინააღმდეგ, საჭირო და აუცილებელია უფრო მეტი დახმარება გაეწიოს სპეციალიზებული დაცვის ფორმირებას, უსაფრთხოების სამსახურს. ამ მიზნით უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, გაფართოვდეს მეწარმეთა ქონების დაცვის მომსახურე ფირმების ქსელი, ავტოსადგომები, შესანახი საწყობები და სხვა. ყოველივე ეს გააძლიერებს მცირე მეწარმეთა უსაფრთხოებასა და სოციალურ დაცვას;
8.სახელმწიფო და საზოგადოებრივი მხარდაჭერის სისტემის შექმნა. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ ხანებშივე გადაიდგა პირველი ნაბიჯები მცირე მეწარმეობისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სისტემის ფორმირებისა და კონკურენციის განვითარებისათვის. ამ მხრივ აღსანიშნავია რიგი ინვესტიციური პროექტების განხორციელება საწარმოო და ინოვაციურ სფეროებში, სამამულო საქონელმწარმოებლებისათვის მხარდაჭერა და დახმარება, წარმოებების დემონოპოლიზაცია, კონკურენციისათვის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მიზნობრივი ინფრასტრუქტურის ელემენტების შექმნა მცირე მეწარმეობისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფინანსო ინსტიტუტების გააქტიურება შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის საქმეში.
საჭიროა დამუშავდეს მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების სამუშაოთა განხორციელებაში გამოცდილების გაზიარებისა და კოორდინაციის მექანიზმი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მეწარმეთა საქმიანობის გაშუქებას, მათ პრობლემებს. უნდა გამოცხადდეს კონკურსები საუკეთესო მეწარმის სახელის მოსაპოვებლად, მოეწყოს მცირე საწარმოთა პროდუქციის გამოფენა-ბაზრობები.