ვაჭრობის ლიბერალიზაცია – საფრთხე თუ შანსი საქართველოს მცირე მეურნეებისთვის?!

ბექა კაცაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
katsadze.beka@gmail.com

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ქვეყანა და განსაკუთრებით მისი აგრარული სექტორი უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩნდება სრულიად საფუძვლიანი კითხვა: თავისუფალი ვაჭრობა მისცემს მცირე მეურნეებს შანსს გააფართოონ წარმოება და გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე, თუ ეს მათთვის მეტად საფრთხის შემცველი იქნება, ვიდრე შესაძლებლობების? სტატიაში სხვადასხვა ასპექტში მიმოვიხილავთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე გავცემთ პასუხს კითხვას, თუ რამდენად არიან ქართველი ფერმერები მზად ახალი გამოწვევებისთვის. ვიმსჯელებთ, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია სახელმწიფოს მცირე მეურნეების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

საუკუნეებია სოფლის მეურნეობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ქვეყნის ბერძნული სახელწოდებაც ხომ სიტყვისგან ,,georgos“ მომდინარეობს, რაც ქართულად მიწათმოქმედს აღნიშნავს. პოსტინდუსტრიული ეკონომიკის პერიოდში ქვეყანაში გამეფებული იყო ბატონ-ყმური წყობილება და სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფეოდალები განაგებდნენ. მოგვიანებით, მე-19 საუკუნიდან, ჩნდებიან დამოუკიდებელი ფერმერებიც, რასაც მე-20 საუკუნეში საბჭოთა კოლმეურნეობების შექმნა მოსდევს. სამართლიანი იქნება, თუ შევნიშნავთ, რომ ამ პერიოდში სოფლის მეურნეობა განსაკუთრებულად მაღალი მწარმოებლურობით გამოირჩეოდა, ხოლო მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 1990 წლისათვის, საქსტატის მონაცემებით, 29.7%-ს აღწევდა (1).
დღეისათვის კი სოფლის მეურნეობის მთავარ სუბიექტებს მცირე ფერმერები წარმოადგენენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ქვეყნის მუშახელის 52% სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული(2), თუმცა მათ მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების წილი მთლიან გამოშვებაში, 2016 წლის მონაცემებით, მხოლოდ 9.3%-ს შეადგენს, რაც თავისთავად დარგში არსებულ დიდი პრობლემებზე მიუთითებს. სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 1990 წლის შემდეგ დეტალურადაა მოცემული გრაფიკზე. (იხ. ნახაზი1)

1
(ნახაზი 1)(3)

მას შემდეგ, რაც 2016 წლის 1 ივლისს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ქვეყანა და განსაკუთრებით მისი აგრარული სექტორი უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩნდება სრულიად საფუძვლიანი კითხვები: თავისუფალი ვაჭრობა მისცემს მცირე მეურნეებს შანსს გააფართოონ წარმოება და გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე, თუ ეს მათთვის მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე შესაძლებლობების? სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხომ არ არის ეს შეთანხმება მეტად მომგებიანი ევროკავშირის მეურნეობებისთვის, ვიდრე ქართველი მცირე ფერმერებისთვის? შეძლებენ ისინი კონკურენცია გაუწიონ მსხვილ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე, ან თუნდაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას? იმისათვის, რომ აღნიშნულ კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცეს, პირველ რიგში, აუცილებელია საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა ასპექტში განვიხილოთ და ამ გზით გამოვიტანოთ დასკვნა, თუ რამდენად მომზადებულები არიან მცირე და საშუალო ფერმერები მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვისთვის.

საქართველოს მცირე მეურნეების კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად, პირველ რიგში, მათი ტექნოლოგიური განვითარების დონის შეფასება და ამ ფაქტორის მწარმოებლურობაზე გავლენა დაგვეხმარება. ქვეყანაში არსებული სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი მოძველებული ან სულაც განადგურებულია. გაუმართავია სარწყავი და სადრენაჟო სისტემები, სასაწყობო და გადამამუშავებელი მეურნეობები, სოფლის გზები. ფერმერები ჯერ კიდევ იყენებენ მოძველებულ სამუშაო იარაღებს. აღნიშნული პრობლემები კი, ბუნებრივია, საბოლოო შედეგებში ჰპოვებს ასახვას. 2013 წლის მონაცემებით ხორბლის მოსავალი ერთ ჰექტარზე 1.8 ტონას შეადგენს, რაც ჯერ კიდევ ჩამორჩება 1970 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (4), ხოლო ევროკავშირის მაჩვენებელზე, სხვადასხვა მონაცემებით, საშუალოდ 3-ჯერ ნაკლებია. ვაშლის მოსავალი, რომელიც ამჟამად ჰექტარზე 3 ტონას აღწევს, სწორი ტექნოლოგიის და გამართული ინფრასტრუქტურის გამოყენების პირობებში 20 ტონამდე შეიძლება გაიზარდოს. მოცემული პრობლემების გადაუჭრელად, რთული წარმოსადგენია, ადგილობრივმა მეურნეებმა ღირსეული კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას.

გარდა დაბალი მოსავლიანობისა, ექსპორტიორი ქართველი ფერმერები მკაცრი ევროპული სანიტარული და ფოტოსანიტარული ნორმების პირისპირ აღმოჩნდებიან, რაც სურსათის წარმოებისას ჰიგიენის მკაცრი ნორმების დაცვას, ცხოველთა ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს. რა მიზნითაც საქართველომ 2030 წლისთვის 375 რეგულაციის გატარებაზე აიღო ვალდებულება(5). მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს საკმაოდ დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს, შედეგი, რაც მას თან სდევს, ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობის სახით, უდავოდ პერსპექტიულია ადგილობრივი მეურნეებისთვის. თუმცა, დღეისათვის ევროკავშირში ექსპორტი აკრძალულია როგორც, ქართული ხორცისთვის, ასევე სხვა მრავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის, ვიდრე ისინი SPS სანიტარულ და ფოტოსანიტარულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. ამავდროულად, ქვეყანაში არ არსებობს აკრედიტებული ლაბორატორიები, რომლებიც პროდუქციას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შეამოწმებენ. ქართველი მცირე ფერმერებისთვის კი პრაქტიკულად შეუსრულებელი ამოცანა იქნება ძვირადღირებული ხარისხის სერტიფიკატების აღება.

კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მასშტაბის ეკონომიაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების მსხვილი ფერმერების ხელში აკუმულირებით და წარმოების დიდი მოცულობით მიიღწევა, რადგან წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად იკლებს პროდუქტზე საშუალო დანახარჯები. დანახარჯების შემცირება კი ფერმერს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. საქართველოში კი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო მიწების საოჯახო მეურნეობებზე გადაცემის გამო დღეს მეურნეთა 75% 1ჰა ან ნაკლებ მიწის ნაკვეთს ფლობს (იხ. ნახაზი 2)(6) და საოჯახო მეურნეობათა 83.55% საქმიანობის მთავარ მიზნად საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მიიჩნევს, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს მათგან მასშტაბის ეკონომიის მიღწევის შესაძლებლობას, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნების მსხვილ და საშუალო ფერმერებზე. თუმცა, საგულისხმოა დადებითი ტენდენცია, რაც ამ კუთხით ბოლო წლებში შეინიშნება. 2013 წლიდან მოქმედებს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებული საკრედიტო და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ (7). ამას გამოხმაურება მოყვა მცირე ფერმერთა მხრიდან, თუმცა რეალური შედეგების მისაღებად ბევრად მეტი კოოპერატივის შექმნაა საჭირო.

2
(ნახაზი 2)(8)


ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების შეფასებამდე, ყურადსაღებია მისი სურსათით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელიც, რაც იმის მიხედვით განისაზღვრება თუ ქვეყნის მასშტაბით სურსათის მთლიანი მოთხოვნის რა ნაწილი არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი პროდუქტით. ბუნებრივია, იმ ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი დაბალია, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი პირველ რიგში იმპორტის ჩანაცვლება უნდა იყოს. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი სხვადასხვა პროდუქტისთვის შემდეგია: ბოსტნეული 70%, საქონლის ხორცი 68%, ღორის ხორცი 43%, ფრინველის ხორცი 21%. Fao-ს რეკომენდაციით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლად 80% არის მიჩნეული, როდესაც საქართველოში ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მხოლოდ 13% შეადგენს, თუმცა ხორბალი ქვეყნის მოსახლეობის კვების რაციონის 41%-ა (9). დასაფიქრებელია, თუ რა უნდა იყოს ქვეყნისთვის უპირველესი პრიორიტეტი, ექსპორტზე ორიენტირებული თუ იმპორტშემცვლელი ზრდა. ამ კუთხით საინტერესოა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ატაშეს განცხადება: ,,საქართველოს პრიორიტეტი უნდა იყოს იმპორტის ჩანაცვლება. სირცხვილია, რომ ხაჭაპური იმპორტირებული ხორბლით მზადდება, სირცხვილია, რომ თქვენი ყველი იმპორტირებული რძის ფხვნილით კეთდება და ეს არის ზუსტად ის, რაზეც თქვენ უნდა დაფიქრდეთ.“(10)

ყველა განხილული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არსებული ინფრასტრუქტურისა და პროდუქტის ხარისხის, წვრილი ფერმერებისა და ქვეყნის სურსათით დაბალი თვითუზრუნველყოფის ხარიხის პირობებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულება მთავრობის მიერ ადეკვატური პოლიტიკის გატარების გარეშე მეტად საფრთხის შემცველია მცირე მეურნეებისათვის. დღესდღეობით ისინი არ არიან მზად სხვებს კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე. სრულიად ბუნებრივია, ევროპელი მსხვილი ფერმერები გამოიყენებენ თავიანთ უპირატესობას და ლიბერალური ვაჭრობის პირობებში საქართველოს ბაზარზე დაბალ ფასად მიაწვდიან საკუთარ პროდუქტს. არსებობს ალტერნატიული საფრთხეც, რომელიც კაპიტალის თავისუფალი შემოდინებითაც შეიძლება წარმოიშვას. მსოფლიოს არაერთი პატარა ქვეყნის მაგალითი მოწმობს ქვეყანაში მსხვილი საცალოდ მოვაჭრე კომპანიების შემოსვლით წარმოქმნილ პრობლემებს. როგორც წესი, მსხვილი სუპერმარკეტები პროდუქტს მსხვილი ფერმერებისგან ან უცხოელი მომწოდებლებისგან იძენენ, თვლიან რა, წვრილ ფერმერებს არ შეუძლიათ სათანადო ხარისხის მიღწევა. ეს რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს შეუქმნის ქართველ მცირე მეურნეებსაც. საჭიროა მიზანმიმართული, თანმიმდევრული აგრარული პოლიტიკის გატარება, რათა ადგილობრივი ფერმერები გახდნენ კონკურენტუნარიანები ევროპული ბაზრის სტანდარტების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა არათუ ისარგებლებს აღნიშნული შეთანხმებით, არამედ სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება, რომ ადგილობრივი ბაზარიც კი მთლიანად იმპორტირებული საქონლით ჩანაცვლდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთავრობის როლი აღნიშნულ პროცესებში უმნიშვნელოვანესია, პირველადი ფუნქცია, რაც მან უნდა შეასრულოს, ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რაც მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს თანამედროვე სარწყავ სისტემებში, თანამედროვე სასაწყობე მეურნეობებში და ევროპული სტანდარტების ხარისხის შემოწმების ლაბორატორიებში. თუმცა, სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული ნებისმიერი ხელშეწყობის მიუხედავად რთულია მცირე მეურნეებისთვის დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა და მსხვილ ბითუმად მოვაჭრეებთან კონტრაქტის გაფორმება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კრედიტი ფაქტობრივად მიუწვდომელია მცირე ფერმერებისთვის. მათ არ ეძლევათ საშუალება წარმოებაში ახალი მოწყობილობები და ტექნიკა გამოიყენონ, შექმნან სასათბურე მეურნეობები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი წვრილი ფერმერისთვის სარგებლის მომტანი იქნება მსხვილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანება. კოოპერატივი აძლევს ფერმერს საშუალებას შეამციროს დანახარჯები, კოლეგებთან ერთად მიიღოს ბევრად ოპტიმალური გადაწყვეტილებები, ადვილად მოიპოვოს კრედიტი და განახორციელოს კაპიტალში ინვესტირება და რაც ყველაზე მთავარია, მასშტაბის ეკონომიის მიღწევით შეძლოს პროდუქტის თვითღირებულების შემცირება. სახელმწიფოს როლი კოოპერატივების შექმნის პროცესში კი მხოლოდ კანონმდებლობის შემუშავებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. აუცილებელია, მთავრობის მხრიდან აქტიურად წახალისდეს მათი ჩამოყალიბება, მოხდეს სოფლის მოსახლეობის ინფორმირებულობა კოოპერატივების უპირატესობების შესახებ. შესაძლებელია კოოპერატივებისათვის დამატებითი საგადასახადო შეღავათების და შეღავათიანი აგრო-კრედიტების შეთავაზება. საბოლოოდ, რაც მეტად აქტიური იქნება მთავრობის ხელშემწყობი პოლიტიკა, მეტ ინტერესს გამოიწვევს ეს მეურნეობებში.

პროდუქტიული იქნება მთავრობის მხრიდან პროფესიონალებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფების შექმნა, რომლებიც როგორც კოოპერატივებს, ასევე მცირე მეურნეობებს არა მხოლოდ ზედაპირული ხასიათის კონსულტაციებს გაუწევენ, არამედ უშუალოდ დაეხმარებიან თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესში, დაეხმარებიან დაბალპროცენტიანი კრედიტების მოზიდვაში, მოზიდული სახსრების სწორად ინვესტირებაში, ასევე კონსულტაციას გაუწევენ ევროსტანდარტების შესაბამისი სანიტარული ნორმების მიღწევასა და ბაზარზე სწორად პოზიციონირებაში. შესაძლებელია, აღნიშნული ქმედებები კერძო ფერმერთა საქმიანობაში უხეშ ჩარევად ჩანდეს, თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით ეს ზუსტად ისაა, რაც მათ დიდ დახმარებას გაუწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის და საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გადასვლის შემდეგ სოფლის მოსახლეობას უჭირს სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ გეგმიური ეკონომიკის პირობებში, სადაც უცხო იყო კერძო საკუთრება და მოგების მიღების მიზნით სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მართალია, მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ, ფაქტია, დღესაც კი მცირე მეურნეობების უმრავლესობა იმავე ტემპით მიჰყვება დინებას. ვთვლი, უპრიანი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მთავრობაც აქტიურად დაეხმაროს ფერმერებს ახალი გამოწვევების მიღებაში და მათი ერთიანი ძალებით დაძლევაში.

დასკვნა ცალსახაა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დროულად არ გაატარებს, თუ ხელს არ შეუწყობს მცირე ფერმერების განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ისინი მსხვილი ევროპული კომპანიების პირისპირ მარტონი აღმოჩნდებიან და ამან სავალალო შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს აგრარულ სექტორს. ქართველ მცირე მეურნეებს სახელმწიფოს მაქსიმალურად ეფექტიანი დახმარება სჭირდებათ, რათა ღირსეული კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ საქონელს და ამავდროულად თავისუფალი ვაჭრობის პირობებით იხეირონ საზღვარგარეთულ ბაზრებზეც. მხოლოდ სწორ სახელმწიფო პოლიტიკას შეუძლია თავისუფალი ვაჭრობა საფრთხიდან პერსპექტიულ შესაძლებლობებად აქციოს.

(1) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
(2) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
(3) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
(4) ოქსფამის კვლევა: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გავლენა მცირე მეურნეებზე საქართველოში
(5) საქართველოს მთავრობა (2010), სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიის და საკანონმდებლო დაახლოვების პროგრამა, დანართი 1, გვ. 63-90
(6) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
(7) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ
(8) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
(9) ოქსფამი (2016), სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების გამოწვევები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, გვ. 13
(10) Georgian Journal (2015). ხაჭაპური ქართული კერძია, რომელიც პურით და ყველით მზადდება


გამოყენებული ლიტერატურა:
1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (www.geostat.ge)
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (www.moa.gov.ge)
3. ოქსფამის კვლევა: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გავლენა მცირე მეურნეებზე საქართველოში – foodsecuritysc.com
4. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ – www.matsne.gov.ge
5. Georgian Journal (2015). ხაჭაპური ქართული კერძია, რომელიც პურით და ყველით მზადდება.
6. საქართველოს მთავრობა (2010), სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიის და საკანონმდებლო დაახლოვების პროგრამა, დანართი 1, გვ. 63-90, – gov.ge
7. ოქსფამი (2016), სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების გამოწვევები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, გვ. 13.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial