შავი ფულის გათეთრების მეთოდები და ახალი ტექნოლოგიების როლი მის გამოსავლენად

ალექსანდრე მიქელაძე
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
lx.mikeladze@gmail.com

ანოტაცია: აღნიშნული სტატიის მიზანია, მიმოვიხილოთ შავი ფულის გათეთრების ფაზები, ძირითადი მეთოდები, ხერხები და გამოვიკვლიოთ ახალი ტექნოლოგიების როლი პრობლემის პრევენციის მიზნით. კვლევაზე დაფუძნებით შევიმუშავეთ რეკომენდაციები ფულის გათეთრების პრობლემის მინიმუმამდე დასაყვანად. შესწავლილი ელექტრონული ინსტრუმენტები ცხადყოფს შავი ფულის გათეთრების ფაქტებს და გვეხმარება საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და გაანალიზებაში. ამასთანავე, სტატიაში მოცემული ხერხები დაეხმარება შავი ფულის გათეთრების პრობლემით დაინტერესებულ პირებს რთული სქემების გახსნაში.

Abstract: The purpose of this article is to review the money laundering phases, basic methods and analyze the role of new technologies in order to prevent the mentioned problem. Based on main findings a number of recommendations have been developed to minimize the money laundering problem; observed e-tools examine money-laundering facts and support in information obtaining and proper analyzing. Additionally, the methods shared in the article will support interested individuals to obtain skills for opening difficult schemes.

შესავალი: ბიზნეს-ოპერატორების ნაწილი ყოველთვის ცდილობდა შემოსავლების რეალური წყაროს დაფარვას. თუმცა, თუ ეს პრობლემა XX საუკუნის 80-იან წლებამდე განიხილებოდა მხოლოდ შიგა სახელმწიფოებრივ დონეზე, დღეისთვის მან საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა [1, გვ.2]. საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, ფულის გათეთრების სქემები კი ძირითადად ტრანსნაციონალური ხასიათისაა, რაც ამ სქემებში საქართველოს რეზიდენტების ჩართვის საფრთხეს განაპირობებს [2, გვ.124]. შავი ფულის გათეთრების პრობლემა საქართველოში სრულყოფილად არ არის გამოკვლეული. მის შესწავლას მიეკუთვნება მხოლოდ რამდენიმე მეცნიერის – ს.ასანიძის [3], გ.ღლონტის, გ.მოსულიშვილის, მ.დაუთაშვილის [4] შრომები. ამასთანავე, არ არის გამოკვეთილი ახალი ტექნოლოგიების როლი შავი ფულის გათეთრების პროცესის გამოსავლენად. ზემოთ მოცემულმა ფაქტორებმა, თავის მხრივ, განაპირობა აღნიშნული პრობლემის კვლევის აუცილებლობა.

შავი ფულის გათეთრების ძირითად ფაზები

მექანიზმებისა და სქემების მრავალფეროვნების მიუხედავად, ლეგალიზაციას საფუძვლად ძირითადად ერთი ტექნოლოგია უდევს, რომლის არსიც შემდეგია: დამნაშავემ უნდა შეძლოს არსებული სახსრების ინვესტიცია ისე, რომ აქტივების წარმოშობის წყარომ არ გამოიწვიოს ეჭვი [5, გვ.38].

1

ლეგალიზაციის ძირითადი მეთოდები

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია საბანკო სისტემის გამოყენებით. მსოფლიო ფინანსურ სისტემაში ბანკებს ცენტრალური ადგილი უკავიათ. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაახლოებით 1290 ბანკს [7]. პაოლო ბერნასკონის აზრით, გამთეთრებლის საბოლოო მიზანია არალეგალური ფულის განთავსება უნაკლო რეპუტაციის მქონე საბანკო ანგარიშზე შემდგომი გამოყენების მიზნით [8, გვ.102-103].

შენატანების დანაწევრების ტექნოლოგია. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო თუ ნორმატიულ აქტით განისაზღვრა ფინანსური ოპერაციების ზღვრული ლიმიტები (15,000 ევრო [9, გვ.1], 10,000 აშშ დოლარი [10, გვ.10], 30,000 ლარი [11, გვ.14]). მოცემული ლიმიტების ფარგლებში სავალდებულო არ არის ბანკების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურისათვის ანგარიშგების ფორმის მიწოდება. დამნაშავეებიც შესაბამისად არალეგალურ ფულს ყოფენ მცირე ტრანშებად.

ფულის გათეთრების სქემები დაკავშირებული ბირჟებთან და საფონდო ბაზართან. დავუშვათ, დანაშაულებრივ დაჯგუფებას არალეგალური ფული აქვს ქვეყანაში, სადაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სუსტი მექანიზმებია. ბროკერთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბაზარზე განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი უნდა გადაირიცხოს კარგი რეპუტაციის მქონე ბანკის ანგარიშზე და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კონტროლის მკაცრი მექანიზმების მქონე ქვეყანაში [12, გვ.169].

ფულის გათეთრება სადაზღვევო მექანიზმების მეშვეობით. სადაზღვევო მომსახურების მსოფლიო ბაზარი შეფასებულია 5.0 ტრილიონ აშშ დოლარად [13, გვ.4]. დამნაშავე საბანკო ანგარიშზე ათავსებს თანხას ნაღდი ფორმით. ბანკი, რომელიც იცნობს სადაზღვევო კომპანიას, არ ამოწმებს სახსრების წარმოშობის წყაროს. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ კი გათეთრებული ფული ბრუნდება კლიენტის ანგარიშზე. საჭიროა მხოლოდ შესაბამისი „ინსცენირებული“ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა [14, გვ.11-12].

ფულის გათეთრება არაკომერციული და საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით. მსოფლიოში მოქმედებს 610_ზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია [15]. სახელმწიფო ორგანოები საქველმოქმედო მიზნების გამო სუსტად აკონტროლებდნენ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რამაც ისინი სახსრების ლეგალიზაციის მექანიზმად აქცია.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ოფშორებისა და ტრასტის გამოყენებით. ოფშორული საბანკო ბიზნესი ოფშორული ბიზნესის ყველაზე პრესტიჟული სექტორია, ვინაიდან მაქსიმალურად არის დაცული მფლობელის პირადი მონაცემები და შემოსავლების რეალური წყაროს შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ოფშორული ბანკების დეპოზიტებზე არსებული ფულადი სახსრების მოცულობა 21 ტრლნ. დოლარს აღემატება [16].

ისტორიულად სატრასტო მექანიზმი ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის დასაფარად გამოიყენებოდა. ტრასტი – ეს არის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც წარმოიშობა მარწმუნებლის მიერ ქონების რწმუნებულისათვის საკუთრებაში გადაცემისას, რათა რწმუნებული ფლობდეს და მართავდეს ქონებას ბენეფიციარი მარწმუნებლის სასარგებლოდ. ტრასტი ძირითადად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც აუცილებელია ქონების იზოლირება მისი მფლობელის პოტენციური პრობლემებისაგან.

ფულის გათეთრების მექანიზმები საბრუნავი კაპიტალის გამოყენებით. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჩიკაგოში, სამრეცხაოებში დაიწყო. სამრეცხაოს ბიზნესის არჩევა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ის დაკავშირებული იყო დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ბრუნვასთან. ე.რებშერისა და ვ.ვალენკამპას კვლევებით [17, გვ.270], დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზაციისათვის ყველაზე აქტიურად შემდეგი სახის ორგანიზაციები გამოიყენება: ბარები, სასტუმროები, ანტიკვარული, საიუველირო მაღაზიები და მომსახურების სფერო.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნებისათვის მეტად პოპულარულია საერთაშორისო სავაჭრო გარიგებების დადება. ამ მიზნით უმეტესად გამოიყენება სპორტული ინვენტარი და ტექნიკა. გავრცელებული მეთოდია საქონლის გადაფასება, რომელიც პიროვნებას სახსრების გადაადგილებასთან დაკავშირებით მაქინაციების წარმოების საშუალებას აძლევს.

ძვირფასი ლითონებისა და ქვების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის. ოქროსა და სხვა ძვირფასს მეტალებს აქვთ უპირატესობა – ისინი მაღალი ფასეულობის კომპაქტური საგნებია. ოქრო ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში იყიდება ნაღდ ფულზე. ფულის გათეთრება ყველაზე მარტივად მაშინ ხდება, როდესაც კლიენტი უკანონო გზით მოპოვებული სახსრებით ყიდულობს გამყიდველისგან ოქროს. სქემა ხელს უწყობს დამნაშავეებს განახორციელონ გადარიცხვები და გადაიტანონ არალეგალური სახსრები.

ახალი ტექნოლოგიების როლი შავი ფულის გათეთრების გამოსავლენად

ძიების პირდაპირ მეთოდად დასახელებულია სახელებისა და დაბადების თარიღების გადამოწმება და ამ გზით მფლობელთა ვინაობის დადგენა. თუმცა, საკმაოდ ხშირად ინდივიდები საკუთარი ვინაობის დასამალად გამოგონილ სახელებს, რამდენიმე მისამართს ან დაბადების სხვადასხვა თარიღებს იყენებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი მაინც უშვებენ შეცდომებს, რომლის გაშიფვრაც კომბინირებული კვლევით არის შესაძლებელი. სახელები, რომელსაც მოიხსენიებენ გამოძიებაში, სხვადასხვა ქვეყნების საჯარო რეესტრებში და საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში უნდა გადამოწმდეს. უცხოეთის ოფიციალურ პრესრელიზებში არსებული მონაცემები შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვან მასალად გადაიქცეს სხვადასხვა ქვეყანაში შავი ფულის გათეთრების გამოვლენით დაინტერესებული პიროვნებებისათვის. დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტებია: www.lexisnexis.com [18] და www.dialog.com [19]. ასეთი მონაცემთა ბაზები შესაძლოა გახდეს გზამკვლევი შავი ფულის გათეთრების დანაშაულის გამოსააშკარავებელი იარაღი. ამასთანავე, კომპიუტერული პროგრამები გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს გარკვეული სტრუქტურირებული და დალაგებული ინფორმაცია. ვინაიდან, ინტერნეტ სივრცე წარმოდგენილია ქაოსური, მრავალმხრივი ინფორმაციებით, კომპიუტერული პროგრამები იძლევა სორტირებისა და გაფილტვრის საშუალებას. დღესდღეობით აქტიურად გამოყენებადია პროგრამა „12“, რომლის მეორე სახელწოდებაა „ანალიტიკოსების წიგნაკი“ [20, გვ.23]. ეს არის მოწინავე საგამოძიებო, ანალიტიკური პროგრამა სამართალდამცავებისათვის, მთავრობისთვის, სამხედრო უსაფრთხოებისა და კომერციული ორგანიზაციებისათვის. პროგრამა საშუალებას იძლევა ერთი შეხედვით რთული, კომპლექსური და მოცულობითი მონაცემთა ბაზებიდან უმოკლეს ვადაში მარტივად წარმოქმნას ე.წ. ლოგიკური სცენარები. ამ პროგრამის წყალობით შესაძლებელია კავშირების დადგენა სახელების, დაბადების თარიღების ან ქვეყნების მიხედვით, რაც პროგრამის გარეშე რთულია მოცულობითი მონაცემთა ბაზების გამო. მონაცემების კონსოლიდირება კი შესაძლებელია სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, მათ შორის ონლაინ რეჟიმში კომპანიათა ძიების ინსტრუმენტების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის:
• ევროპის ბიზნეს რეესტრი EBR (ebr.org) [21] – მონაცემთა ბაზა, რომელმაც გააერთიანა ავსტრიის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ჯერსის, ლატვიის, დანიის, ნორვეგიის, სერბეთის, ესპანეთის შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ბაზები. აქ შესაძლებელია სახელობითი ძებნა. ვებ-გვერდი ფასიანია და ითხოვს ხელმოწერას. ფასები იცვლება ქვეყნების მიხედვით და ფიქსირდება ყოველი ძიების დროს.
www.lexisnexis არის მონაცემთა ბაზების ერთობლიობა და ის სთავაზობს ხელმისაწვდომობას მედიაში გამოქვეყნებულ მასალებთან, კომპანიების რეგისტრებთან მრავალ ქვეყანაში, სასამართლო საქმეებთან, ფინანსურ ბაზრებთან, პირთა საძიებლებთან და მრავალ სხვა სახის ინფორმაციასთან. ჩვეულებრივ აქ თავმოყრილია ინფორმაცია საერთაშორისო ოპერაციებით დაკავებული კომპანიების შესახებ.
www.dialog.com გვაძლევს წვდომას ასობით გაერთიანებულ მონაცემთა ბაზასთან და საძიებო სისტემასთან.

დასკვნა

აღნიშნულ სტატიაში განხილულია შავი ფულის გათეთრების ფაზები და აღწერილია ახალი ტექნოლოგიების როლი მის გამოსავლენად. ასევე, განვიხილეთ ფულის გათეთრების მეთოდები, რომლებსაც დროთა განმავლობაში ინდივიდები ხვეწენ. აღნიშნული ფაქტორების განხილვის შედეგად ვასკვნით, რომ აუცილებელია შავი ფულის გათეთრების პროცესების მუდმივი შესწავლა, ვინაიდან გლობალიზაციის პირობებში მოცემული ფაქტორები სწრაფად იცვლება. ამასთანავე, სამომავლოდ გამოწვევად რჩება ახალი ტექნოლოგიების ქართულ რეალობაში დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს შავი ფულის ლეგალიზაციის შემთხვევების შემცირებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა კი, თავის მხრივ, შეამცირებს ორგანიზებული დანაშაულების სიხშირეს.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Crime and money laundering – the challenge, Address by Mr Tom K Alweendo, Governor of the Bank of Namibia, at the African Banking Congress, Johannesburg, 8-10 March 2005
2. Crime, Illicit Markets, and Money Laundering, Phil Williams, 2001
3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) კრიმინოლოგიური დახასიათება, სოფიო ასანიძე, 2011
4. კორუფცია, ღლონტი გ., მოსულიშვილი მ., დაუთაშვილი პ., 2009, თბილისი
5. Chasing Dirty Money: The Fight Against Money Laundering, Peter Reuter (University Of Maryland) and Edwin M. Truman (Piie), November, 2004
6. Introduction to money laundering, Australian Government, Australian Transaction Reports and Analysis Centre, 2008
7. საერთაშორისო ბაზები AllBanks.org, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მსოფლიო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ, ვებ-გვერდი: www.allbanks.org
8. Money Laundering, Guy Stressens, Cambridge study, 2004
9. National Association of Motor Auctions, Money Laundering, 2017
10. U. S. Money Laundering Threat Assessment, Money Laundering and Financial Crimes, 2005
11. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №24/04, 2011 წლის 7 აპრილი, ქ. თბილისი, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
12. Противодействие легализации отмывания незаконных доходов, Мельников В. Н., Мовсесян А. Г., Москва, 2007
13. Global Insurance Market Opportunities
14. National Money Laundering Risk Assessment, 2015
15. CharityWatch დაარსებული ამერიკული ფილანთროპიული ინსტიტუტის მიერ, ვებ-გვერდი: www.charitywatch.org
16. Super Rich Hide $21 Trillion Offshore, Study Says, Forbes publication, 2012
17. Шашкова А.В. Международная и национальная практика противодействия коррупции и отмыванию незаконных доходов. Практика корпоративного поведения / Москва, Аспект- Пресс, 2014
18. კვლევების, სხვადასხვა ლეგალური დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზა, ვებ-გვერდი: www.lexisnexis.com
19. კვლევების, სხვადასხვა ლეგალური დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზა, ვებ-გვერდი: www.proquest.com
20. ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი, ფულის კვალდაკვალ: ციფრული გზამკვლევი კორუფციის გამოსავლენად, პოლ კრისტიან რადუ, 2011
21. ევროპული ბიზნეს რეგისტრი: www.ebr.org