ბანკები რუსეთში

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

დღეს საკამათო აღარ არის, რომ რუსეთის ეკონომიკაში ბანკების როლი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორის მიმართ ერთგვარი ცივი დამოკიდებულება არსებობს, რუსი ბანკირების შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ბევრად უფრო წონიანი და ანგარიშგასაწევია.

ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბანკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, როგორიცაა ბანკის კაპიტალის რენტაბელობა, ოფიციალური მონაცემებით, 2003 წლის I კვარტალში გაიზარდა და 29% შეადგინა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 2003 წელი ამ თვალსაზრისით რეკორდული იქნება.

ზრდება ბანკების მიმართ მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელიც. თუ 2000 წლის I კვარტალში კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა ანაბრებმა (“სბერბანკის” გარეშე) 80 მლრდ რუბლი შეადგინა, 2003 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 110 მლრდ. რუბლით გაიზარდა. ბანკების უპირატესი ორიენტაციია ეკონომიკის არასაფინანსო სექტორის დაკრედიტებაა. ეს ტენდენცია კვლავაც ნარჩუნდება. ასეთი კრედიტების ხვედრითი წონა საბანკო აქტივებში 40%-ის დონეზე რჩება, 1998 წელს – 26%, ხოლო 2000 – 30% იყო.

2003 წლის მაისში ინფლაციამ 0.85% შეადგინა, გასული წლის მაისში ეს მაჩვენებელი 1.7%-ს უდრიდა. მიმდინარე წლის ხუთი თვის მანძილზე მან 7.1%-ს მიაღწია, რაც 1.3 პროცენტიანი პუნქტით დაბალია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (8.4%). 2002 წლისთვის კი, ინფლაცია 15.1%-ის დონეზე იყო.

რაც შეეხება ფულის მასის დინამიკას, რუსეთის ბანკის მონაცემებით, ამ წლის პირველი ხუთი თვისთვის ფულის მასა (აგრეგატი I2) 14,3%-მდე გაიზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტია. მთავარი, თუ ერთადერთი მიზეზი არა, გახლავთ ოქროსა და ვალუტის რეზერვების ზრდის მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ, ნავთობპროდუქტების მაღალმა ფასებმა და უცხოური ვალუტის შემოდინებამ გამოიწვია, პირველ რიგში, კრეტიდებისა და ვალების სახით. ბოლო მონაცემებით, ოქროსა და ვალუტის რეზერვი 2003 წლის 1 ივნისისთვის 64,9 მლრდ დოლარია, რომელიც წლის დასაწყისში 17.1 მლრდ დოლარით, 2002 წელს კი, 13,2 მლრდ დოლარით გაიზარდა.

2003 წლის მაისში რუბლის რეალური ეფექტური კურსი 2,4%-მდე დაეცა, თუმცა, “2003 წელს სახელმწიფოს ერთიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” მიხედვით, 2003 წელს რუსეთის ბანკი რუბლის რეალური ეფექტური კურსის გამყარებას 6%-ზე მაღლა არ გეგემავდა. ასე რომ, ცენტრალური ბანკის განმარტებით, დიდი რეზერვი არსებობს.

ეფექტური რეალური კურსის მნიშვნელოვანი დაცემა მაისში იმით აიხსნება, რომ რუბლის ნომინალური კურსი ევროსთან მიმართებაში დაეცა. საბანკო სექტორის ერთობლივ პასივებში სავალუტო პასივების ხვედრითი წონა ბოლო თვეებში საკმაოდ ჩქარა იკლებს. მხოლოდ მარტში იგი 30.5-დან 29.2%-მდე, ანუ 1,3 პროცენტიანი პუნქტით შემცირდა.

გასულ წელს, საშუალოდ თვეში კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტის (როგორც დოლარის, ასევე ევროს) შემოტანამ 1 მლრდ-ით გაუსწრო ბანკების მიერ უცხოური ნაღდი ფულის გატანას. მათთან ერთად, ფიზიკური პირების: ტურისტების, წვრილი ვაჭრებისა და ძველი უცხოური მანქანების მყიდველების მიერ ქვეყნიდან გატანილია უცხოური ვალუტა თვეში დაახლოებით, 1 მლრ დოლარის ოდენობით. მთლიანობაში, გასულ წელს უცხოური ნაღდი ფულის მასა ქვეყანაში არ შეცვლილა. ამ თვალსაზრისით, 2003 წელს გარდატეხა მოხდა. მარტსა და აპრილში კომეციული ბანკების მიერ ნაღდი ფულის შემოტანის ზრდამ გატანილზე თვეში 300 მლნ ლარი შეადგინა. ცენტრალური ბანკი ამ ფაქტს ძალიან ოპტიმისტური გარემოებით ხსნის – მოსახლეობას ურჩევნია ფულადი დანაზოგები რუბლის სახით შეინახოს და ამიტომ მასზე მოთხოვნა გაიზარდა, თორემ წამოუდგენელია, ტურისტებს, წვრილ ვაჭრებს და სხვა მოქალაქეებს ნაღდი ვალუტის გატანა ასე შეემცირებინათ, ანუ ქვეყანაში თვითონ უცხოური ვალუტა შემცირდა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, იგნატიევი აცხადებს, რომ რუსეთში დედოლარიზაციის პროცესის დასაწყისი შეიმჩნევა, რაც თავის მხრივ, ცენტრალური ბანკის წინაშე არც თუ უბრალო ამოცანებს სვამს.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რუსეთის საბანკო სექტოში 2003 წლის პირველი თვეები წარმატებული იყო. საბანკო სფეროში განვითარების პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა. მიმდინარე წლის ოთხი თვის მანძილზე გაიზარდა: საბანკო სექტორის აქტივები – 8%-ით, კაპიტალი – 12%-ით, არასაფინანსო საწარმოებში კრედიტები – 5%-ით, მოსახლეობის ანაბრები – 12%-ით.

მკვეთრად იზრდება პირადი საბანკო სეიფების დაქირავების მსურველთა რაოდენობა, ზოგიერთი ბანკის შეფასებით, მასზე მოთხოვნის ზრდა წელიწადში 40-60%-ს აღწევს. ამიტომ დედაქალაქის მთელმა რიგმა ბანკებმა ამ მიმართულებით თავიანთი ბიზნესის მნიშვნელოვან გაფართოებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. დღეს მოსკოვში ბანკების უმრავლესობაში ინდივიდუალური სეიფების დაქირავება შესაძლებელია. ისინი ბაზარზე პოზიცირდებიან, როგორც უნივერსალურები, ე.ი. კლიენტებს მომსახურების ყველა სტანდარტს სთავაზობენ, რაშიც, ბუნებრივია, სეიფების არენდირებაც შედის, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ბანკს სეიფები თავისუფალი არ აქვს და ყველა მსურველის დაკმაყოფილება შეუძლებელია. საბანკო სეიფებზე მოთხოვნილების ზრდას მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდით ხსნიან, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ძვირფასი ნივთების შესაძენად ფულის ხარჯვა, მათ შორის, უძრავ ქონებაზეც.

დიდი მოთხოვნილებაა პატარა სეიფებზე (სიმაღლე 5-8სმ), რომელშიც თავისუფლად შეიძლება დოკუმენტებისა და ფულის მოთავსება. მისი დაქირავება ერთი კვირით საშუალოდ, 10 დოლარი ღირს.

თავისი კლიენტურა ჰყავს დიდ სეიფებს (სიმაღლე 50-100სმ). მეტრიან სეიფებში შესაძლებელია, ვთქვათ, ხელოვნების ნიმუშების შენახვაც. ტემპერატურისა და ტენიანობის მკაცრი რეგულირების პირობებში აქ შეიძლება ფერწერული ნამუშევრების შენახვაც. ასეთი სეიფები შედარებით ძვირი ღირს, თვეში საშუალოდ 25-დან 100 დოლარამდე.

ყველა ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით, რუსული ბანკების 90% მომგებიანად ითვლება. საბანკო ბაზარზე სიტუაცია შეიძლება სტაბილურად ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებული ტესტირების ოპტიმისტურ შედეგებს, შესაძლოა ჰქონდეს მეორე მხარეც. ტესტირების რეზულტატის მიხედვით, (შემოწმებულია 200 უმსხვილესი ბანკი) პოტენციური დანაკარგის 70% მოდის საკრედიტო რისკებზე, 25% – ლიკვიდურობის რისკზე, ხოლო 5% – საბაზრო რისკზე. საბანკო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაკრედიტების სფეროში ასეთი მაღალი გადახრა რუსეთის საბანკო სისტემაში შესაძლებელია ახალი აქილევსის ქუსლი გახდეს. პოლიტიკამ, რომელიც დაფუძნებულია საკრედიტო პორტფელის გაზრდაზე, თავისი შედეგები უკვე გამოიღო. თუკი ადრე ბანკების საკრედიტო აქტიურობის ზრდა ყოველწლიურად 30-50%-ს აღწევდა, გასულ წელს 20-30%-მდე დაეცა, წელს კი, პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით გაკეთებული პროგნოზით, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალი იქნება.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების წილი საბანკო სექტორის აქტივებში წლის დასაწყისის დონეზე დარჩა (38,7%). ამ პროცესის გაგრძელება უფრო და უფრო რისკის შემცველი ხდება. მთავრობის მონაცემების მიხედვით, რეალური სექტორის დაკრედიტების დავალიანება მიმდინარე წლის პირველ ნახევრში 26,1%-ით გაიზარდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახალ საბაზრო პირობებში საბანკო ბიზნესი მათ კაპიტალში რისკების კონცენტრაციის სწრაფი ზრდით ხასიათდება. ახლანდელ პირობებში საფინანსო ინსტიტუტებს მომგებიანი ბიზნესის წარმოება საინვესტიციო საქმიანობისა და ბიზნესის დივერსიფიკაციის გარეშე უკვე აღარ შეუძლიათ. ბანკების საქმიანობის სახეების დაყოფა რამდენიმე მიმართულებით ხდება. ბანკები ცდილობენ უნივერსალური ფინანსური სტრუქტურის შექმნის ხარჯზე მომსახურების სპექტრი რაც შეიძლება გააფართოვონ. ბანკების და სხვა სფეროში მომუშავე კომპანიების (სადაზღვევო, საპენსიო, კონსალტინგური) გაერთიანება მთელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელი ტენდენციაა და რუსული ბანკირები მსოფლიო ტენდენციების მიღმა ვერ დარჩებიან. კლიენტთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ბანკებს საფინანსო ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ჩართვის აუცილებლობას კარნახობენ. გარდა ამისა, კლიენტთა ფინანსური ნაკადების მომსახურების ჩაკეტილ სისტემას შეუძლია დამატებითი შემოსავლების გენერირება და ხარჯების გაკონტროლება.

დივერსიფიკაციის პროცესი საბანკო სექტორის შიგნით მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ბაზრის თანამედროვე მოთხოვნილებებს პასუხობდნენ, საბანკო სტრუქტურები საქმიანობის ახალ სახეებს აქტიურად ავითარებენ. თუმცა, მსხვილ სტრუქტურებს თავიანთი ბიზნესის დივერსიფიცირება არა ახალი ქვეგანყოფილებების შექმნის, არამედ შეთანხმებისა და შერწყმის ხარჯზე ურჩევნიათ.

დივერსიფიკაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საინვესტიციო საქმნიანობაში ჩართვა. ზოგიერთი ბანკი თავის თავს საინვესტიციოს უწოდებს (“იმპექსბანკი”, IAI, ბანკი “ზენიტი”), ისინი საფონდო ბაზარზე აქტიურ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ საფინანსო ინსტიტუტების დიდი ნაწილი ინვესტიციური მოღვაწეობის ქვეშ გულისხმობს გრძელვადიანი დაკრედიტების პროგრამებს ან არამაპროფილებელი ბიზნესის საწარმოების შესყიდვას.

მიხეილ ალექსეევი (“როსბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე): “საბანკო სისტემის რენტაბელობა ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ ბევრმა ბანკმა შემოსავლიანობის საერთო დონის ასამაღლებლად სხვადასხვა სახის ბანკებისთვის არამაპროფილებელი პროექტებისთვის ინვესტიციები გააქტიურა, მათ შორის, სხვადასხვა სახის სპეციალიზირებული შვილობილი კომპანიების ან არსებული საწარმოების აქციათა პაკეტის შესაძენად”.

რუსული ბანკებისთვის პრინციპული საკითხია, რუსეთის ბაზარზე უცხოურ საკრედიტო ინსტიტუტებთან მიმართებაში კონკურენტუნარიანობის შეინარჩუნება. როგორც საბანკო ექსპერტები მიიჩნევენ, ამისთვის აუცილებელია, რომ რუსულ ბანკებს რეფინანსირების საშუალება უმაგრებდეთ ზურგს. რისი საშუალებაც მათ დღეს არ აქვთ. ასევე, ქალაქის ხელისუფლებისა და საგადასახადო სამსახურების მხრიდან ბანკები სოციალური სიძულვილის ობიექტები არ უნდა იყვნენ, რაც დღეს, სამწუხაროდ, ასეა. ხოლო სამუშაო პირობები ზუსტად ისეთივე უნდა ჰქონდეთ, როგორიც აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთის მთლიანი კანონმდებლობა ბანკების წინააღმდეგაა მიმართული. საითაც გაიხედავთ, ნახავთ, რომ ბანკები ნებისმიერ ეკონომიკურ სუბიექტებთან შედარებით, დისკრიმინირებულ მდგომარეობაში არიან. რუსეთში ბანკები, როგორც ასეთი, არ უყვართ.

ჯერ კიდევ 1998 წელს, რუსეთის ბანკმა გამოსცა განკარგულება, რომელიც შეიცავდა რეკომენდაციებს, ბანკების მიერ მოგება-ზარალის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ბრუნვის უწყისის მონაცემთა გახსნის შესახებ. 2003 წლისთვის 198 ბანკმა ამ რეკომენდაციაზე თანხმობა განაცხადა, მიმართვის განმეორების შემდეგ რუსეთის ბანკმა თანხმობა კიდევ 169 ბანკისგან მიიღო.

ტენდენცია ბანკების უფრო და უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მიდის. აუცილებელია ბანკების რეალური მფლობელების ვინაობის ცოდნა, რათა შეიქმნას იმ პირთა კონსოლიდირებული ჯგუფის პასუხისმგებლობა, ვისაც ბანკი ეკუთვნის, რადგან მხარეთა გარიგებების მნიშვნელობაზე სწორი მსჯელობა მიმდინარეობდეს. საჭიროა შესაბამისი რისკების ცოდნაც.

დადგა დრო საკრედიტო ორგანიზაციებში გაუმჯობესდეს საკუთრების სტრუქტურისა და კონტროლის შესახებ ინფორმაციის გახსნა. ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა საბანკო სექტორის საიმედოობის ასამაღლებლად. საბანკო ბიზნესი, როგორც საფინანსო შუამავლებისა, დაფუძნებულია მეანაბრეთა, კრედიტორთა და ინვესტორთა ნდობაზე. ბანკი თავის საქმეს წარმატებულად გაუძღვება, როცა მისი ფაქტიური და პოტენციური კონტრაგენტები საქმის კურსში იქნებიან იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის ბანკი, რა კაპიტალი აქვთ მესაკუთრეებს შეტანილი და ბანკის მენეჯმენტს რა გზებით აკონტროლებენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეანაბრეები, კრედიტორები და ინვესტორები გადაწყვეტენ, შეიძლება თუ არა ბანკების მესაკუთრეთა და მმართველთა მხრიდან პატიოსან, სოლიდურ და ეფექტურ პოლიტიკას ელოდონ.

ცნობილია, რომ საკუთრებასა და კონტროლზე ინფორმაციის გახსნა, ბანკისადმი ნდობის გაზრდა მას ფულის ბაზარზე გზას უხსნის და ორგანიზაციის აღმასვლის პროცესს ხელს უწყობს.

საბანკო სისტემის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ში გაერთიანების შემთხვევაში, საბანკო სექტორს “პროტექციონისტული ქოლგა” არ შეხვდება. თუმცა, საქმე, ალბათ, პროტექციონალიზმში ნაკლებადაა, უბრალოდ, ვიდრე რუსეთი ყველა “ფანჯარას” გახსნის, კონკურენტებთან თანასწორობას უნდა მიაღწიონ. არადა, ბანკებს დღედაღამ ჩასჩიჩინებენ, რომ მათი კონკურენტუნარიანობა ეჭვქვეშ დგას. რისი მიზეზიც, ბანკების აგრესიულ გარემოში მუშაობაა. რუსულმა ბანკებმა არა მარტო გადარჩენა, არამედ კონკურენციის გაწევა უნდა შეძლონ. თუმცა, დღეს ბანკების კაპიტალიზაციის გაზრდის სტიმული არ არსებობს. როგორც ვახსენეთ, ბანკებს არ აქვთ რეფინანსირების სისტემა, ისინი არენდაში ძალიან მაღალ გადასახადებს იხდიან. თანაც, იხდიან უფრო ბევრ გადასახადს და უწევთ ბევრად მეტი ხარჯის გაღება, ვიდრე ყველა ეს ერთად აღებული საზღვარგარეთ. ოქროს გასაღები, რომელიც რუსულ ბანკებს უკეთესი მერმისისიკენ გზას გაუხსნის, ძალიან ბევრ ორგანიზაციას უპყრია ხელთ. ეს არის გადასახადების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი (თუმცა, ამ უკანასკნელს კერძო საბანკო სექტორი თავის უმთავრეს კონკურენტად მოიაზრებს და მიიჩნევს, რომ ის საბანკო ბაზარზე მონოპოლისტია). რუსეთში თვლიან, რომ ამ პრობლემის გათავისებაა საჭირო, მაგრამ როგორც კი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან ბევრ წარმომადგენელს არათუ მისი განხილვა, ამ საკითხის დაყენებაც კი გაუკვირდა.

მეორე მხრივ, რუსულ საბანკო სექტორს გადარჩენის რეზერვი გააჩნია, ხაზს უსვამენ იმას, რომ 1998 წლის კრიზისისას ის ბოლომდე განადგურდა, მაგრამ შემდეგ ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგა და თვისობრივად ახალ დონეზე ავიდა. ამიტომაც ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, თითქოს მოვლენ დასავლური ბანკები და რუსულ ბანკებს გაქრობა ან ახალ წესრიგთან შეგუება მოუწევთ. ამისთვის აუცილებელია ფუნქცოიონირების პირობები ყველასთვის თანაბარი იყოს, მით უფრო, რომ არსებობს ამის მაგალითები, როგორც ეს ჩინეთში მოხდა, რომელმაც WTO-სგან ყველა მისთვის ხელსაყრელი პოზიცია “გამოივაჭრა”, თავისი საბანკო სისტემა გარდამავალ პერიოდში დამცავი მექანიზმებით აღჭურვა, საერთაშორისო ორგანიზაციაში შევიდა და ამ შეზღუდვებს ახლა თანდათანობით ხსნის. რუსეთში კი პირიქით მოხდა, ჯერ ყველა შეზღუდვა მოხსნეს უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ხოლო რაც შეეხება რუსულს, მიიჩნიეს, რომ ისინი როგორმე “გამოძვრებოდნენ”…

რუსული ბანკების შემდგომი კაპიტალიზაცია ბაზარზე არსებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული, რადგან რეალურ პირობებში ბანკები კაპიტალიზაციის მხოლოდ ერთ წყაროს – შემოსავლებს უნდა დაეყრდნონ. ინფლაციის კლებისას კერძო ბანკების შემოსავლიანობა, შესაბამისად მცირდება. ამიტომ ერთი გამოსავალია, შემოსავლები გაიზარდოს და შემცირდეს ხარჯები, სხვათა შორის, უფრო ინტენსიურად, ვიდრე ეს ადრე კეთდებოდა. არის მეორე წყაროც:

ცენტრალურ ბანკს ყოველთვის იმას აყვედრიან, რომ მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ფილიალი აქვს. რა უშლით ხელს კერძო ბანკებს გახსნან ფილიალები? იმისთვის, რომ პატარა ქალაქში ფილიალი გაიხსნას, საჭიროა იმდენივე ფულის დახარჯვა, რამდენიც დედაქალაქში. კერძოOბანკები გამოდიან წინადადებით, რომ მათ მცირეფორმატიანი ფილიალების გახსნის საშუალება მისცენ, რომლებიც უნივერსალურები იქნებიან, რაც მცირე დანახარჯებს მოითხოვს. ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კონცეფცია ერთია: ბანკის ფილიალი ციხესიმაგრესავით უნდა იყოს, ბრონირებული შუშებით და ა.შ. ამისთვის საჭიროა დიდი კაპიტალის დაბანდება, რომელიც არავინ იცის, უკუგებას მოიტანს თუ არა. ალბათ, უფრო არა. ამიტომ, თუკი, სახელმწიფოს სურვილი აქვს, რომ საბანკო ფილიალების ქსელი გაიზარდოს, ბანკების ეს ხარჯები დაბეგვრისაგან უნდა გათავისუფლდეს. კაპიტალი სხვა დარგებიდან დაიწყებს საბანკო სისტემაში აქტიურ შემოდინებას, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ წინადადებას ეჭვის თვალითა და ერთგვარი შიშითაც კი უყურებენ.

საბანკო სისტემა ჯერ კიდევ რეფორმირების სტადიაშია. რამდენიმე სტრუქტურული ღონისძიება, რომელსაც საბანკო სექტორის რეფორმა ითვალისწინებდა და 2003 წელს იგეგმებოდა, ჯერ კიდევ ბოლომდე მიყვანილი არ არის. მაგალითად, შენატანების დაზღვევის შესახებ კანონის პირველი მოსმენის ვადა გადატანილია, გადაუწყვეტელია რუსეთის ფედერაციაში განვითარებული ინფრასტრუქტურის საკრედიტო ბიუროს შექმნის პრობლემა. ეს საკითხი რუსეთის დუმაში, ჯერჯერობით, განიხილება, მაგრამ მის განხორციელებამდე დიდი დროა, რუსეთში კი მიიჩნევენ, რომ დრო არ იცდის. რეფორმის ერთ-ერთ მნიშვენლოვან მიმართულებას წარმოადგენს საბანკო ბიზნესში კონკურენციის განსავითარებლად პირობების უზრუნველყოფა, ამისთვის საჭიროა ტერიტორიათშორისი ბარიერების, დაბრკოლებების მოხსნა, რომელიც დაკავშირებულია ზედმეტ ადმინისტრაციულ დოკუმენტებთან.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ ბოლო ხანებში აქტიურად განიხილება და საბანკო სექტორის რეფორმის შემადგენელი ნაწილია, ერთიან საფინანსო ანგარიშგების საერთაშირისო სტანდარტებზე გადასვლაა, რომელიც 2004 წლისთვის უნდა დასრულდეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ერთიანი გლობალური სტანდარტი, არამედ ორი – ამერიკული და ევროპული. ჩასატარებელია ძალიან დიდი თანამიმდევრული სამუშაო, რომელიც შეუძლებელია ერთ წელიწადში დასრულდეს. საოცარი ის არის, რომ თვითონ ევროპა ამ სისტემაზე ერთი წლით გვიან, 2005 წელს გადავა.

მიუხედავად ამისა, 120 რუსული ბანკი დღეს უკვე ანგარიშს ერთიან საფინანსო ანგარიშგების საერთაშირისო სტანდარტების მიხედვით აკეთებს. ეს არ არის მუდმივი ფიქსირებული ნორმა, იგი ყოველთვის იცვლება, ბევრი სტანდარტი ათი წლის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ამას განაპირობებს ის, რომ ბიზნესი რთულდება, გლობალიზაციასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა იჩენს თავს. INერთიან საფინანსო ანგარიშგების საერთაშირისო სტანდარტები მოწოდებულია იმისთვის, რომ ბიზნესი, მისი კაპიტალი და აქტივები რეალურად იყოს შეფასებული, ახალი სტანდარტით იცვლება არა მარტო აღრიცხვა და ანგარიშგება, ასევე ბანკის ხელმძღვანელების მიდგომა თავისი ბიზნესის მიმართაც. ვთქვათ, დღეს, რაც მას მოგება ჰგონია, ერთიან საფინანსო ანგარიშგების საერთაშირისო სტანდარტების მიხედვით, შეიძლება მოგება სულაც არ იყოს, მაგრამ ბანკირმა უნდა იცოდეს, რატომ ხდება ასე და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რეალური მოგება მიიღოს. ექსპერიმენტი 6 ბანკზე ჩატარდა. მათი დასახელებები ცნობილი არ არის და არც ის, რომელ მათგანს ჰქონდა რუსული სტანდარტების მიხედვით დიდი კაპიტალი, ახალი სტანდარტით კი, ბევრად ნაკლები აღმოაჩნდა და, წარმოიდგინეთ, მოხდა პირიქითაც – ასეთები, ძირითადად, რეგიონალური ბანკები აღმოჩნდნენ, რომლებთაც ფინანსური ინსტრუმენტი ბევრი არ აქვთ, მაგრამ აქვთ უძრავი ქონება, რომლის სათანადო შეფასების შემთხვევაში, კაპიტალი იზრდება. ასე რომ, როგორც ამბობენ, ეს სტანდარტები სხვადასხვა ბანკებში სხვადასხვა შედეგს გამოიღებს.

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და ბუნებრივია რეგისტრირებული 1273 ბანკი ამ ქვეყნის მასშტაბისთვის, ჯერჯერობით, ბევრი არ არის. საბანკო სექტორის ამ მცირე მიმოხილვის რეზიუმირება რამდენიმე წინადადებაში ასე შეიძლება: ათი წლის შემდეგ რუსეთში, ალბათ, 5-6 ძალიან მსხვილი ბანკი “გაიზრდება”, ისინი საერთაშორისო ექსპანსიისას უმსხვილეს, კონკურენტუნარიან ბიზნესს გაუძღვებიან. ამ ბანკებს და კიდევ 2-3 ათეულს შეეძლებათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საფინანსო ბაზარზე ხარისხიანი მომსახურება შესთავაზონ ისეთ კლიენტებს, რომელთა ეკონომიკური ინტერესები რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებთანაა გადაჯაჭვული. მათთან ერთად, რუსეთის მასშტაბებით მსხვილი 2-3 ათეული ბანკი, რომლებთაც ფილიალების საკმაოდ ფართო ქსელი აქვთ, შეძლებენ შიდა ბაზარზე რუს კლიენტებს მოემსახურონ. რამდენიმე ათეულ სპეციალიზირებულ საშუალო ბანკს კი, უნარი ექნება მიზანმიმართულად იმუშავოს კერძო პირებთან, ძირითადად, იპოთეკურ დაკრედიტებაზე დაბოლოს, რამდენიმე ასეული პატარა ბანკი იმუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში. ალბათ, ეს ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაში….