რა ეღირება გაზი

მომამზადა ნინო არველაძემ
მსოფლიო ეკონომიკის მთავარ განსამზღვრელ ფაქტორებად 2006 წლის ბოლო კვარტალში წარმოჩნდა:
– შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება აშშ-ში და დოლარის კურსის დაცემა ძირითადი ვალუტების მიმართ. ექსპერტთა დასკვნები იმის შესახებ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა კრედიტზე სააღრიცხვო პროცენტ შეამცირებს და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გზით შეუწყობს ეკონომიკის ზრდას ხელს;
– პიკში შესული ერაყის სამხედრო ოპერაციის ბედი;
– დაძაბული სიტუაცის შენარჩუნება ირანთან, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს და ნოემბრის ბოლოს მას ახალი რაკეტები მიაწოდა, ასევე აგრძელებს ენერგო-ობიექტების მშენებლობას;
– ევროპის ეკონომიკური ზრდის დამაიმედებელი მაჩვენებელი;
– ჩინეთის და აზიური ქვეყნების ეკონომიკის განუხრელი ზრდა;
– ევროპა-რუსეთის ურთიერთობების გამალებული დარეგულირების მცდელობა და რუსეთის აშკარად იმპერიული ზრახვები მთელი ევროპის მიმართ. რუსეთის მიერ გაზის კარტელის შექმნის მცდელობა მის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე მონოპოლიის განხორციელების მიზნით;
– აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური სამიტი და რუსეთის გაძლიერებული ენერგოექსპანსიის ფონზე მისთვის WTO-ში შესასვლელად მწვანე შუქის ანთება აშშ-ის მხრიდან;
– საერთაშორისო ბირჟებისა და ზეკორპორაციების შერწყმის ბუმი მსოფლიო ბაზარზე.
მთავარი მაინც, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმისა და თვის ბოლოს თურქეთში გამართული ფორუმის მნიშვნელობის მიუხედავად, რუსეთ-ევროგაერთიანების ურთიერთობებია. ამ პერიოდში ევროგაერთიანება გამალებულად ცდილობს რუსეთის მზარდი ენერგოაგრესია შეაჩეროს და რუსეთი დაიყოლიოს ენერგეტიკული ქარტიის ხელის მოწერაზე . ეს მცდელობა თვის ბოლოს ჰელსინკში მარცხით დამთავრდა, რასაც პოლონეთის მეტად პრინციპულმა პოზიციამაც დიდად შეუწყო ხელი. მაგრამ რუსეთს არ სურს ასე ადვილად დაეთანხმოს ევროპას და ხელშეკრულებებით შეიკრას ხელფეხი ანექსიის გზაზე. მას პირიქით უნდა მუდმივ შიშში ყავდეს ევროპა ენერგოუსაფრთხოებით . ამისათვის ცდილობს შექმნას კარტელი შუა აზიის რესპუბლიკებთან და გაზის მოპოვების ტრანსპორტირების და ფასის საქმეში ერთიანი მიდგომებით გამოიყენოს ეს კარტერი ევროპის წინააღმდეგ.
ის გამალებით აშენებს იტალიის მიმართულებით ახალ გაზსადენს “ლურჯი ნაკადი”, რომელიც გვერდს აუვლის ბოსფორს და გაივლის საბერძნეთს – ამ გზით ჩავა იტალიასა და ევროპაში. მან ნორვეგიული ტექნოლოგიებით დაიწყო მსხვილი 1200-დიამეტრიანი სპეციალური მილების გამოშვება თავის მეტალურგიულ კომბინატებში და მთელს მშენებლობას ზღვის ქვეშ თვითონ აწარმოებს როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის ზემოთხსენებულ გაზსადენზე. მისი უმთავრესი მიზანია გაზსადენებმა რაც შეიძლება ნაკლები ქვეყნები გაიაროს, მათ შორის საქართველოზე გამავალი და პოლონეთზე თუ უკრაინაზე მილსადენები არ გახდეს მიმზიდველები.
რუსეთი, რომელსაც სერიოზული კაპიტალი დაუგროვდა ნავთობზე გაზრდილი ფასის გამო, ცდილობს ევროპის გაზმომარაგების წილი 25%-დან 45%-მდე გაზარდოს და თვითონ იყოს არა მარტო თავის საბადოებში მოპოვებული გაზის, არამედ მთელ შუა აზიურ აუზებში მოპოვებულის მონოპოლისტი.
ევროპა და დასავლეთი ცდილობს ალტერნატიული ტრანსპორტირების გზის აშენებას რუსეთის გარეშე, მაგრამ ეს პროექტები უფრო ნელი ტემპებით ვითარდება, ვიდრე რუსეთის მიერ ინიცირებული პროექტები და ამასთან ევროპის ცალკეული ქვეყნები ცდილობენ ერთიანობის გარეშე ცალ-ცალკე მოელაპარაკონ რუსეთს, ეს სერიოზულად ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს და საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს და პოლონეთს, ასევე უკრაინის და ბალტიისპირეთის ენერგოუსაფრთხოებას, არამედ, პირველ რიგში, ევროპისას. რუსეთი, რომელიც ნამდვილად არადემოკრატიული ქვეყანაა, ამარაგებს ირანის რეჟიმს რაკეტებით, მხარს უჭერს კორეას და ეკეკლუცება დასავლეთს ამ საკითხებში, კლავს დისიდენტებს ინგლისში და დევნის თავისუფალ აზრს და მედიას. რუსეტის ძირითადი იარაღი არის ძალა როგორც პიროვნებების, ასევე ქვეყნების წინაშე და ის დღეს ხდება ერთ-ერთი პირველი მოთამაშე ენერგეტიკულ ბაზარზე და ამასთან ცდილობს ევროპა პარტნიორად გაიხადოს.
რუსეთი არ ერიდება ცალკეული ქვეყნების ეკონომიკურ ბლოკადას, ყველა მეთოდით კანონიერად, თუ უკანონოდ ლობირებს თავის იმპერიულ ინტერესებს და მისი ბრძოლა მსოფლიო ჰეგემონიისათვის გადამწყვეტ ფაზაში შედის – მან ნათლად დაანახა ყველას, რომ რუსეთი მარტო საქართველოს არ ემუქრება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების გასაღები ევროპაში დევს – შეძლებს ევროპა რუსული დათვის ამბიციების მოთოკვას და რუსეთს არ მისცემს საშუალებას მსოფლიოს ზესახელმწიფო გახდეს ენერგომატარებლების მონოპოლიის ხარჯზე, მაშინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც დაემგვანება ორ მეზობელ ქვეყნებს შორის ცივილურ ურთიერთობას, თუ არადა, მარტო საქართველოს გაუჭირდება ამ იმპერიული მანქანის გაჩერება.
დროა ევროპამ პოლონეთს დაუჭიროს მხარი და რუსეთთან დამოკიდებულებაში უფრო მკაცრი და ქმედითი იყოს. ეს საკითხი იქნება 2007 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკის და პოლიტიკის ქვაკუთხედი.

ნატო-ს რუსეთის გეგმები აშინებს –
რუსეთი ბუნებრივი აირის კარტელს ქმნის!
ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების მრჩეველები სამხედრო კავშირს აფრთხილებენ, რომ რუსეთის ნებისმიერ მცდელობაზე – შექმნას “ბუნებრივი აირის OPEC-ი” – საწინააღმდეგო ზომები უნდა მიიღონ, რათა რუსეთმა ევროპაზე გავლენის გაძლიერება ვერ შეძლოს.
ნატო-ს ექსპერტების კონფიდენციალური შესწავლები ნოემბრის დასაწყისში 26 წევრი ქვეყნის ელჩებს დაეგზავნა, რითაც მათ რუსეთის მიერ ალჟირთან, კატართან, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ირანთან ერთად გაზის კარტელის შექმნის თაობაზე აფრთხილებდა.
ნატო-ს ეკონომისტთა საბჭოს განცხადების თანახმად, რუსეთი ენერგოპოლიტიკას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად იყენებს, განსაკუთრებით, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში.
კრემლის სპიკერის მოადგილე დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთი გაზის კარტელის შექმნას არ ცდილობს და ამ აზრის ავტორებს მცდარად ესმით რუსეთის ენერგოუსაფრთხოების თეზისი. “ჩვენი მთავარი თეზისი მწარმოებელთა და მომხმარებელთა დამოუკიდებლობაა. მხოლოდ გიჟი თუ იფიქრებს, რომ რუსეთი გაზით ევროპის დაშანტაჟებას ცდილობს, რადგან ჩვენ ევროპელ მომხმარებელზე ვართ დამოკიდებულნი” – დასძენს პესკოვი.
დაძაბულობა ევროპასა და რუსეთს შორის მოსკოვის ენერგოუსაფრთხოების თაობაზე გრძელდება.
ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები საუბრობენ, რომ ბუნებრივი აირის ფასის მთავარი მუქარა რუსეთის ინვესტიციების ნაკლებობაა, ასევე მოსკოვის მოსალოდნელი გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვა მწარმოებლებს, მაგალითად, ალჟირს, არწმუნებენ შეზღუდონ ინვესტიციები.
რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირის 24%-ს აწვდის.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია გაზის მთავარმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა საკუთარი ინვესტიციების და წარმოების კოორდინაცია ჭარბწარმოების თავიდან ასაცილებლად ბუნებრივ აირზე მაღალი ფასის შენარჩუნების მიზნით გააკეთონ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის გაზსადენზე. პოლონეთთან, მოსკოვთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უფრო მყარი პოზიციის ძებნა გრძელდება. გასულ თვეში ევროკავშირის სამიტზე ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ რუსეთისა და ალჟირის გარიგების გამო, ალჟირმა უცხოელ ინვესტორებს კაპიტალის წილის შესყიდვის შესაძლებლობა არ მისცა.
ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები – კატარი, ნორვეგია და ნიგერია რომელიმე კარტელში გაერთიანებას არ ემხრობიან.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გაზპრომი ძლიერაა ევროპაზე დამოკიდებული, რადგან რუსეთის გაზის შიდა ფასი მაღალია, ხოლო სხვა ბაზარი კი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

პოლონეთმა ევროკავშირის რუსეთთან შეთანხმება დაბლოკა
პოლონეთმა ევროკავშირის მცდელობას რუსეთთან პარტნიორობის თაობაზე ვეტო დაადო.
ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სურდათ შეეთანხმებინათ ენერგეტიკასთან, ვაჭრობასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები 24 ნოემბერს დაგეგმილ სამიტამდე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა.
ჯერ კიდევ მოლაპარაკებებამდე გახდა ცნობილი, რომ რუსეთის მიერ პოლონურ ხორცსა და ბოსტნეულზე ემბარგოს გაგრძელების შემთხვევაში პოლონეთი ამ დოკუმენტს დაბლოკვით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ვარშავას სურს მოსკოვი ენერგეტიკულ ქარტიაში გაერთიანდეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პოლონეთი არ დათმობს, სანამ რუსეთისგან ნათელ პოლიტიკურ სიგნალს არ მიიღებს. თუმცა მინისტრს არ აუხსნია, თუ რას მიიჩნევს პოლონეთი “ნათელ პოლიტიკურ სიგნალად”, მაგრამ მან განაცხადა, რომ ჩიხიდან გამოსვლის შანსებთან დაკავშირებით “ფრთხილი ოპტიმიზმით” არის განმსჭვალული. “ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირ-რუსეთის სამიტამდე ჩვენ საერთო პოზიციის შემუშავებას შევძლებთ”, – აცხადებენ ევროკავშირში.
მოცემულ დროში ევროპის მიერ მოხმარებული ნავთობისა და გაზის მეოთხედი რუსეთზე მოდის, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს მაჩვენებელი გაიზრდება.
ევროკავშირი უკვე დიდიხანია ცდილობს რუსეთის საერთაშორისო ენერგეტიკულ ქარტიაში გაერთიანებას, თუმცა მოსკოვი უარზეა. საბოლოოდ კი, მოსკოვის უარი იმ მოლაპარაკებებზე აისახება, რომლებიც უცხოური კომპანიების ენერგობაზარზე შესვლას ეხება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ენერგეტიკულ ქარტიაში პარტნიორობისათვის ბევრი ისეთი პრინციპი შეიტანეს, რომელიც რუსეთისთვისაა გათვალისწინებული. მასში ხაზგასმულია მოსკოვის მხრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში დიკრიმინაციის უარყოფა, ძირითადი კი მხარეებს შორის გრძელვადიანი ეკონომიკური პარტნიორობაა.
ბოლო დროს რუსეთის წარმომადგენლები ცალსახად აცხადებდნენ, რომ მზად არიან აზიაში ნავთობისა და გაზის ექსპორტის გასაზრდელად, შედეგად კი, ევროპა რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლებით მომარაგების სტაბილურობაზე ალაპარაკდა.
საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა Control Risks-ის პროგნოზების გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 2007 წელს რუსეთი ბუნებრივი რესურსების მიმართ აღებულ კურსს არ შეცვლის და მათზე სახელმწიფო კონტროლს კვლავ გააგრძელებს, რაც რუსულ ენერგომატარებლებს “ეფექტურ პოლიტიკურ იარაღად” გარდაქმნის.
რაც შეეხება პოლონეთს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რუსეთში აცხადებენ, რომ მათ იმპორტს მხოლოდ მას შემდეგ დაუშვებენ, როდესაც პოლონეთის ვეტსამსახურებში პროდუქციაზე კონტროლის სისტემაში წესრიგი დამყარდება.

გაზპრომი – რუსეთის ეკონომიკის ვიოლინო და მახვილი მსოფლიო ჰეგემონიისათვის
დიდ რვიანში რუსეთის მთავარ თემას ენერგეტიკული უსაფრთხოება წარმოადგენს. რუსეთი ცდილობს ენერგეტიკის ხარჯზე “ველიკაია დერჟავას” პოზიცია დაიბრუნოს.
რუსეთის ყველაზე მსხვილი და ნამდვილი მონოპოლია გაზპრომია, რომელიც ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ მარაგებს ფლობს მსოფლიოში. მონაცემების მიხედვით, მსოფლიო ბუნებრივი აირის მარაგზე გაზპრონის წილი 16%-ია, რუსეთში კი თითქმის – 60%. რუსეთის მონოპოლისტის მიმდინარე მარაგის ღირებულება 84 მლრდ დოლარად ფასდება.
გაზპრომს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ იმპერია რუსეთში, ის რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების მეხუთედს უზრუნველყოფს. გაზპრომი კრემლის ხორცშესხმული ამბიციაა.
კომპანია “ატონის” პოლიტიკური ანალიტიკოსი მაიკლ ჰიტი აცხადებს, რომ მსოფლიოში რუსეთის ადგილის დამკვიდრება და რუსეთის ეკონომიკური აღმასვლა ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული, ამასთან, რუსეთის შესაძლებლობა გავლენა იქონიოს დღევანდელ მსოფლიოზე და დაანახოს მას საკუთარი პოლიტიკური ძალა, ესეც ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული.
არაპროფილური სტრუქტურები
დასახელებული ამოცანების შესრულებაში გაზპრომს პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რა მიზნები არ დამდგარა კონცერნის წინაშე, ამიტომ კრემლს ის კარგ სპორტულ ფორმაში სჭირდება. სწორედ ამიტომ ხორციელდება აქციების ლიბერალიზაცია, იდება უცხოური კაპიტალი და იზრდება კომპანიის გამჭვირვალობის ხარისხი. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გაზპრომის ტონუსის გასაუმჯობესებელი გადაწყვეტილებების უმრავლესობა დეკლარაციების დონეზე რჩება. ამ გოლიათს ჯერ კიდევ არ ძალუძს საკუთარი არაპროფილური აქტივებიდან განთავისუფლება, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მისი მედია-იმპერია.
რუსეთის დუმის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი დრაგანოვი აცხადებს, რომ მონოპოლისტს ბუნებრივი აირის გარდა პრაქტიკულად ყველაფერი აქვს. იგი ათეული წლის მანძილზე ცდილობდა ყველაფრის შეძენას, ახორციელებდა ინვესტიციებს ევროპაში. გაზპრომს აქტივები სხვა სფეროებშიც აქვს, რომლებიც არაფრით არიან დაკავშირებულნი მის ძირითად საქმიანობასთან. კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავსი შვილობილი კომპანიებისა და არაპროფილური წილების რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს. გაზპრომის არაპროფილური აქტივებისგან საფეხურეობრივი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2003 წელს მიიღეს.
თუ გსურთ საკუთარი თვალით ნახოთ, თუ როგორ ცხოვრობს ეს გიგანტი კომპანია, საკმარისია მის ვებგვერდზე განცხადებების დაფას გადაავლოთ თვალი, სადაც წააწყდებით ვერტმფრენებისა და რამდენიმე თვითმფრინავის ყიდვის შესახებ განცხადებებს.
პოლიტიკური ფაქტორი
გაზპრომი სახელმწიფოსთვის ეფექტური ინსტრუმენტია, მაგრამ საკითხავია ამ ინსტრუმენტს ეკონომიკური დატვირთვა აქვს, თუ პოლიტიკური?
ვალერი დრაგანოვი დარწმუნებულია, რომ ეს ინსტრუმენტი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისთვისაა მნიშვნელოვანი. მას მიაჩნია, რომ რუსეთის მიმართ მსოფლიოს ნდობა და რუსეთის იმიჯი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ვიოლინო იქნება გაზპრომი – პოლიტიკური თუ ეკონომიკური. ვალერი დრაგანოვის განცხადებების თანახმად, გაზპრომი ეკონომიკური ვიოლინო იქნება.
გოლიათი კომპანია სახელმწიფო მმართველობის კონტროლის გავლენას გრძნობს. მის დირექტორთა საბჭოში რუსი მინისტრები არიან, ხოლო საბჭოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი მედვედევი თავმჯდომარეობს. კომპანია 2008 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის მომავალ სამუშაო ადგილად მოიაზრება, თუმცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიზნესში არ გადაინაცვლებს.
სხვათა შორის, ენერგეტიკის სფეროს ცნობილი ექსპერტის მიხეილ კრუტიხინის განცხადებით, გაზპრომი წმინდა მნიშვნელობით ბიზნეს-ორგანიზაციას არ წარმოადგენს და იგი ძლიერ პოლიტიზებულია. კომპანიაში გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლებსაც მუდამ აძლევენ კომერციულ გამართლებას.
აღნიშნულ მოსაზრებას ანალიტიკოსი მაიკლ ჰიტიც იზიარებს და აცხადებს, რომ დასავლეთი სულ უფრო და უფრო ხდება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებული, პუტინს კი რუსეთის ევროპაში ინტეგრაცია სურს, მაგრამ ამასთანავე არ სურს ევროპა აშშ-სგან დამოუკიდებელი იხილოს. სწორედ ამისთვის იყენებს ის ენერგომატარებლებს, რათა ევროპის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
“ენერგოიარაღი”
რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების თაობაზე საუბარი ახალი ძალით მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთმა უკრაინას ბუნებრივი აირი გაუძვირა, რუსეთს იგივე ბრალდებას საქართველოს ხელისუფლებაც უყენებს. რუსეთი კი ყველაფერს უარყოფს.
დასავლეთში უკვე ბევრი ადარებს სსსრ-ის ბირთვულ იარაღსა და ბუნებრივ რესურსებს. ვლადიმერ პუტინს პრეს-კონფერენციაზე ფრანგმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, რომელიც რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღად გამოყენებას ეხებოდა. რუსი პრეზიდენტის პასუხი პირდაპირი და თავდაჯერებული იყო: “პირველ რიგში, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკმარისი რაკეტები. რაც შეეხება ენერგომატარებლებს, ჩვენ არ ვლახავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ინტერესებს – ჩვენ მათ ყველას თანასწორ პირობებში ვაყენებთ და მივიჩნევთ, რომ ეს სამართლიანია, ამრიგად მივიჩნევ, რომ ახალ ენერგოიარაღზე ყოველგვარი საუბარი უადგილო და საფუძველსმოკლებულია.”
ამ დროს კი, დასავლეთში რუსულ გაზზე და მასზე დამოკიდებულებაზე საუბარი გრძელდება. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპისთვის მოკლევადიანი, მაგრამ ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი გაზის შეწყვეტა დიდ რვიანში განსჯის საგანი გახდა, რომელსაც არ შორდება ლოზუნგი – “ენერგეტიკული უსაფრთხოება”.
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გარჩევა რთული ამოცანაა, გაზპრომის სლოგანი რუსეთის გამარჯვებების სიმრავლის თაობაზე ზოგიერთს ტკბილ მუსიკად ჩაესმის, ზოგს კი – მრისხანე გაფრთხილებად.
ერთი რამე ცხადია, 2007 წლიდან გაზზე ფასი 230-300$ დიაპაზონში იქნება, ხოლო 2008 წლიდან ექსპერტული გათვლებით 20%-ით მოიმატებს ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაზის ფასი იქნება 42-47 თეთრი მ3-ზე.

ენერგეტიკა და ახალი
მსოფლიო წესრიგი
რუსეთი და აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შესახებ მოლაპარაკებებს ასრულებენ
ნოემბრის შუა რიცხვებში აშშ-მ ხელი მოაწერა ორმხრივ პროტოკოლს, რომლშიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებელი პირობებია ჩადებული. მომდევნო ეტაპი მრავალმხრივი მოლაპარაკებები იქნება, გერმან გრეფი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების დასრულებას რუსეთი მომავალი წლის ივლისში ელის. როგორც ვხედავთ, რუსეთის WTO-ში გაერთიანება ახლო მომავალში არ მოხდება, მაგრამ ეს ფაქტი სახელმწიფოს ეკონომიკაზე არაერთგვაროვან და ძლიერ გავლენას მოახდენს.
ამ ეტაპისთვის რუსეთმა მსო-ის ყველა წევრთან დაასრულა ორმხრივი მოლაპარაკებები, მას მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვეთის დასტური სჭირდება. შემდეგ დაიწყება მრავალმხრივი მოლაპარაკებები, რომლის დასრულებასაც რუსეთი 2007 წლის ზაფხულში ელის. გერმან გრეფის გათვლებით, აშშ-ის კონგრესი ჯექსონ-ქუინზის შესწორებებს არ გაითვალისწინებს და WTO-ის წესების თანახმად, რუსეთს სტანდარტულ სავაჭრო სტატუსს მიანიჭებს. ამ საკითხით დაინტერესებულნი, კი პირველ რიგში თვით ამერიკული კომპანიები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ გამოიყენებენ იმ უპირატესობებს, რომლებსაც რუსეთს სხვა წევრი ქვეყნები მიანიჭებენ. მსო-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთი ტარიფებს მთელ რიგ საქონელზე შეამცირებს. ტარიფები საშუალოდ 3%-ით შემცირდება წარმოების სექტორისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციებზე. ამას გარდა, რუსეთმა 2009 წლამდე ხორცზე კვოტები შეინარჩუნა, ხოლო რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სუბსიდიებს, გერმან გრეფი აცხადებს, რომ მათზე მრავალმხრივი მოლაპარაკებების დროს ისაუბრებენ. რუსეთი მოლაპარაკებებისას აქტიურად აფიქსირებდა, რომ ინარჩუნებდა სოფლის მეურნეობისა და ვეტერინალური კონტროლის პოზიციებს. რუსეთის ფინანსთა მინისტრი კუდრინი აცხადებს, რომ რუსეთს ევროკავშირისგან დაწესებული დოტაციების გაღება სოფლის მეურნეობის სექტორში არ შეუძლია, ამიტომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
აშშ-სთან მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთი მსო-ში გაწევრიანებიდან 7 წლის მონაკვეთში უცხოურ ავტომობილებზე ბაჟს 20%-დან 15%-მდე შეამცირებს, ვერტმფრენებზე კი – 20%-დან 10%-მდე. გერმან გრეფმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებისას რუსეთმა საკუთარ თავზე არ აიღო ვალდებულებები, რომლებიც საერთო მოთხოვნების ჩარჩოებს სცდებოდა, მაგალითად, აშშ-ის სურვილის მიუხედავად, რუსეთი ავიატექნიკაზე ბაჟს არ გააუქმებს.
ფინანსური ბაზრის უცხოელების მხრიდან ხელმისაწვდომლად რუსეთი დათმობებზე წავიდა, იქ უკვე შესაძლებელია უცხოური სადაზღვევო კომპანიების ფილიალების გახსნა (მაგრამ მხოლოდ 9 წლის შემდეგ). მოულოდნელია რუსეთის ბანკებში უცხოური კაპიტალის წილის კვოტა- 50%, თუმცა რუსეთი დაჟინებით ცდილობდა მის 25%-მდე დაყვანას. მოცემული მომენტისათვის უცხოური კაპიტალის წილი რუსულ საბანკო სექტორში არ არის, რეალურად კი ის 12%-ზე ნაკლებია. ამრიგად, მომავალ წლებში რუსულ საბანკო სექტორში უცხოური კაპიტალის წილის ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა უნდა ითქვას, რომ დასავლეთის ფინანსური ინსტიტუტების ბაზარზე შესვლა მომხმარებლისთვის პოზიტიური იქნება, რადგან გაიზრდება ხარისხის მაჩვენებელი და საბანკო პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ სახელმწიფოს ეროვნული საბანკო სისტემის კონტროლის მხრივ საფრთხე ემუქრება. ამიტომ მირეს კანონი რომლის თანახმადაც 10% აქციის პატრონზე ცენტრალურ ბანკს სრული ინფორმაცია ექნება, ცდილობენ მონიტორინგი გაუწიონ უცხოელებს და აკონტროლონ საბანკო ცვლილება.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის წყალობით პოტენციურ ბენეფიციანტებად ის ექსპორტიორი კომპანიები მიიჩნევა, რომლებიც მუდამ დგებოდნენ რთულ მდგომარეობაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან ანტიდემპინგის ზომების განხორციელებისას (ეს პირველ რიგში მეტალურგიულ კომპანიებს ეხება). გარდა ამისა, მსო-ში გაერთიანების შედეგად თეორიულად უნდა მოიხსნას სავაჭრო ბარიერები და უცხოური საქონელი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შიდა ბაზრისთვის, რისგან სარგებელიც მომხმარებელმა უნდა მიიღოს.
მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება მხოლოდ დადებით ასპექტებს არ შეიცავს, რადგან უცხოური საქონლის რუსულ ბაზარზე შესვლას ადგილობრივი წარმოებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, რისკ – ჯგუფებში ხვდება მანქანათმშენებლობა, ავიამშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვებისა და მსუბუქი მრეწველობა და ფარმაცევტია.

საქართველო რუსეთს WTO-ში
არ შეუშვებს?
საქართველოს საგარეო და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველო ხელს შეუშლის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას. ქართველები ორი არაკანონიერი – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბაჟოს ლეგალიზაციას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ქართველები 2004 წელს რუსეთთან WTO-ს შესახებ მოლაპარაკებების პერიოდში გამოდიოდნენ, მაგრამ საგარეო საქმეთა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა ოფიციალურად ამის შესახებ პირველად განაცხადეს. რუსეთისთვის ეს სიახლე არ იყო, რადგან ჰანოეში აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებისას, ქართველებმა რუსებს თავის პოზიცია არაოფიციალურად დაუფიქსირეს.
მსო-ის კანონების თანახმად, ორგანიზაციის ყოველმა ახალმა წევრმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი, რომლის შემდეგაც შესაძლებელი ხდება მრავალმხრივი მოლაპარაკებების დაწყება. საქართველო WTO-ის წევრი ქვეყანა 2000 წლის 14 ივნისს გახდა, ორგანიზაციაში სულ 149 ქვეყანაა გაერთიანებული. რუსეთი ორგანიზაციაში გაერთიანებას 1994 წლიდან ცდილობს.
თუმცა საქართველო აცხადებს, რომ რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებით დაინტერესებულია, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთის სავაჭრო პოლიტიკა საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს მიუახლოვდება.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს რუსეთის WTO-ში პირობების გარეშე გაწევრიანებას და საქართველო დათმობებზე არ წავა, პრეზიდენტს ეთანხმება საქართველოს პარლამენტიც, ამრიგად, რუსეთისთვის საქართველოს პრობლემამ “ოფიციალური სტატუსი” მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი ორგანიზაციის სხვა წევრებისგან მხარდაჭერას მიიღებს. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას საქართველოსა და მოლდოვეთთან გამოუცხადებელი სავაჭრო ომის ფონზე ცდილობს.
ყურადსაღებია პოლონეთის მაგალითი, მას რუსეთთან სავაჭრო ომი აქვს და მიმდინარე წლის ოქტომბერში დაუბრკოლებლად დაბლოკა რუსეთისა და ევროკავშირის შეთანხმება.
ახალი მსოფლიო
უკრაინა “ეჭვს” გამოთქვამს, რომ ის “ფორთოხლისფერი რევოლუციისა” და პროდასავლური პოლიტიკის გამო ისჯება.
წლევანდელი კონფლიქტი ახალი მსოფლიო წესრიგის აჩრდილის დემონსტრირებას რეალური მიზეზებისგან დამოუკიდებლად აკეთებს, ენერგორესურსების მარაგები კი პოტენციური კონფლიქტების წყარო ხდება.
არც ისაა უცნაური, რომ ენერგომატარებლები მსოფლიო კონფლიქტების, პოლიტიკისა და ომის საბაბიც კი ხდება. 1941 წელს აშშ-მ იაპონიის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა ტოკიოს ჩინეთისადმი აგრესიის მიზეზით გადაწყვიტა, რასაც პერლ ჰარბორზე თავდასხმა მოჰყვა. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ორგანიზებული 1953 წლის ირანის გადატრიალებაც გარკვეულ დონეზე ნავთობს უკავშირდებოდა. არც დასავლეთს გამოუჩენია არაბული სამყაროს მიმართ ინტერესი განსაკუთრებული გრძნობების გამო – საქმე ნავთობმომარაგების სტაბილურობას ეხებოდა.
ბრიტანეთის არქივში მოძიებული გასაიდუმლოებული მასალებიდან ჩანს, რომ 1973 წელს აშშ-მ საუდის არაბეთში, კუვეიტსა და აბუ-დაბიში, არაბეთის ქვეყნებში ნავთობზე ემბარგოს დაწესების საპასუხოდ ნავთობსაბადოების ხელში ჩაგდების გეგმა შეიმუშავა. ენერგომომწოდებლების სტაბილურობა მნიშვნელოვან საკითხად ათეული წლის წინ იქცა.
თუმცა ნავთობის მარაგი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის დარჩა და შესაბამისად ახალმა პრობლემებმაც არ დააყოვნა.
ჩინეთის ეკონომიკის ზრდა
ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების ეკონომიკის აქტიური ზრდა ნავთობის დარჩენილი მარაგების მიმართ ინტერესს აღვივებს. ჩინეთის ნავთობზე მოთხოვნა უკვე მის საგარეო პოლიტიკაზე აისახება. ვთქვათ, ჩინეთი ნავთობს სუდანიდან იღებს, მაშინ ნებისმიერმა, რომელიც სუდანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლამობს, პეკინის პოზიციაც უნდა გაითვალისწინოს, იგივე ეხება ირანსაც.
ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, 2020 წლისთვის ევროკავშირის ენერგორესურსებზე მოთხოვნის 2/3 და ბუნებრივი აირის 75% იმპორტზე მოვა.
გასაკვირი აღარ არის, თუ რატომ მიაჩნია ევროკავშირს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა საგანგაშოდ. სწორედ ამ მიზეზით იპყრობს ყურადღებას დედამიწის შეუსწავლელი ადგილები. არქტიკაში აქტიურად მიმდინარეობს ყინულის ლღობა, შესაბამისად ხელმისაწვდომი ხდება “შავი ოქრო” და სხვა სასარგებლო წიაღისეულები.
ჩნდება პრეტენზიები ტერიტორიებზე, დგინდება საზღვრები და იძაბება ურთიერთობები.

ენერგეტიკული დიპლომატია
1996 წელს ბრიტანეთის ხელმძღვანელობის მოთხოვნის გამო პრინცი ჩარლზი ცენტრალური აზიის იმ ქვეყნებს ესტუმრა, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ (თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი). თითოეული მათგანი ენერგორესურსებით: ნავთობით ან გაზითაა მდიდარი.
პრინცმა ყირგიზეთიც მოინახულა, რომელიც რაიმე განსაკუთრებულობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ბრიტანელმა მოხუცი ომის ვეტერანების სახლს მაინც მიაგნო. მას ეს მოგზაურობა არ მოეწონა (მართალია, დიდი აბრეშუმის გზის ნარჩენებმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მაინც), მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. დიპლომატია და ენერგეტიკა – აი, რა იყო მთავარი.
ამჟამად ბრიტანეთის ნავთობის მოპოვება ჩრდილოეთის ზღვაში ის აღარ არის, რაც ადრე იყო. ბრიტანეთის პორტში მალე ალჟირისა და ვენესუელის ბუნებრივი აირით დატვირთული გემები გამოჩნდებიან, ამას ბრიტანული დიპლომატიის კურსის მიხედვით ადვილად მიხვდებით.
სხვა თვალით უყურებენ ატომურ ენერგიასაც. ავსტრალიასა და ყაზახეთში დიდი რაოდენობით ურანი მოიპოვება, თუ ისინი ენერგეტიკის ამ დარგს განავითარებენ, მათ მრავალი მეგობრის შეძენა შეეძლებათ. აღნიშნულ საკითხზე დისკუსია დიდ ბრიტანეთში ახალ ფაზაში შედის, საფრანგეთში იგი 30 წლის წინ დასრულდა, საფრანგეთის მიერ მოხმარებული ენერგომატარებლების 80% ატომურ ენერგიაზე მოდის, ამ ნაბიჯით პარიზმა ნავთობის ემბარგოს საფრთხე შეამცირა.

ენერგეტიკული შავი ხვრელი: ემუქრება თუ არა პლანეტას ახალი კრიზისი?
(შეიძლება ნაადრევია ენერგეტიკულ კრიზისზე საუბარი)
თუ ენერგეტიკის დარგში ექსპერტთა ლექსიკას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ისინი ხშირად იყენებენ ფრაზებს: “სერიოზული შეშფოთება” და “მნიშვნელოვანი საკითხი”. ამის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ენერგეტიკის საკითხი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელი მსოფლიოსთვის.
ექსპერტები შეშფოთებისთვის შემდეგ მიზეზებს ასახელებენ:
იზრდება ნებისმიერი სახის ენერგოწყაროების მოხმარების დონე;
მცირდება მთავარი ენერგომატარებლების – ნავთობისა და გაზის მარაგები;
კლიმატის შესწავლის შემდეგ ნათელი ხდება, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა უმჯობესია მომავალი 20 წლის განმავლობაში შეამციროს ატმოსფეროს მავნე აირით დანაგვიანება;
პლანეტის მოსახლეობა იზრდება და მასთან ერთად იზრდება ენერგორესურსების გამოყენების დონეც.
აღელვების ერთ-ერთ მიზეზად კი ეკონომიკის ზრდის ტემპები სახელდება, რაც ისე უკავშირდება ენერგომოხმარებას, როგორც ცხენი – ოთხთვალას. ხოლო ამ ოთხთვალას, მუდმივად წინსვლა არ შეუძლია, რომელიმე მომენტში ის ჩიხში აღმოჩნდება – საწვავი ან გამოილევა, ან წარმოუდგენლად გაძვირდება, ან კლიმატი ძლიერ შეიცვლება. წამსვე ჩნდება კითხვა – როდის მოხდება ეს და აქვს თუ არა ადამიანს საკმარისი დრო ამ გზიდან გადასახვევად?
ამ შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი პოვნა არც ადვილია და არც იაფი. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგიის თითოეულ წყაროს უარყოფითი მხარეც აქვს, პანაცეის იმედად ყოფნა კი არ ღირს.

განსხვავებული მიმართულებები
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2030 წლისთვის მსოფლიოში ენერგეტიკის მოხმარება 50-60%-ით გაიზრდება. სხვა ფაქტორების უცვლელობის შემთხვევაში, ეს მოხმარება ძირითადად ორგანული სახის საწვავზე მოვა, რაც ჯერ-ჯერობით ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია.
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხანს ნავთობის მარაგი გაზრდილი მოთხოვნისა და მომპოვებელ ქვეყნებში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო კლებას იწყებს, რის გამოც ნავთობის ფასი მუდმივად იზრდება.
რა თქმა უნდა, დედამიწაზე საკმარისი ნავთობია და საწვავის მარაგების შეფასებაც სიზუსტით არ გამოირჩევა.
მცირდება ბუნებრივი აირის მარაგიც, რომელიც ელექტროსადგურებისთვის საუკეთესო საწვავად არის მიჩნეული, დამატებით კი დასავლეთში უფრთხიან რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ დაძაბულობას.
ინდუსტრიული რევოლუციის საწვავის – ქვანახშირის მარაგი ჯერ კიდევ ბევრია და ამ მხრივ დედამიწა მდიდარია, მაგრამ პრობლემა აქაც ჩნდება. ქვანახშირის წვისას სხვა საწვავებთან შედარებით მეტი მავნე აირები გამოიყოფა. გამომდინარე იქედან, რომ იაფფასიანი და ადვილად ხელმისაწვდომი ქვანახშირის მარაგი დედამიწაზე საკმარისადაა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო 2030 წლისთვის მავნე აირების 50%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო კლიმატის შემსწავლელი მეცნიერები კი აცხადებენ, რომ კლიმატის სახიფათო ცვლილებების თავიდან ასაცილებლად მათი 50%-იანი შეზღუდვაა საჭირო.
სავსებით ცხადია, რომ ეკონომიკური და გარემოს დაცვის “ცხენები” კაცობრიობის ოთხთვალას სრულიად განსხვავებული მიმართულებებით მიაჭენებენ.

მოახლოებული საშიშროება
იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც ცივილიზაციის თანამედროვე მიღწევებზე უარს იტყვის. უფრო მეტიც, კლიმატის შეცვლის პრობლემის გადაწყვეტისას, გვეჩვენება, რომ მას ამის გაკეთების სურვილი არ აქვს. მსოფლიოს ქვეყნების განვითარებისთვის შვიდ წელზე მეტი დაიხარჯა, რათა მოქმედება დაეწყო 1997 წელს დადეულ კიოტოს პროტოკოლს. გამოჩნდა მისი ალტერნატივაც – აზია-წყნარი ოკეანის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, გლობალური პრობლემის გადაჭრა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი.
ახლო წარსულში ამ შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები 2050 წლისთვის გაკეთებულ პროგნოზსაც დაეთანხმნენ – ამ დროისთვის ეკონომიკის ზრდა გაორმაგდება და შესაბამისად გაორმაგდება ქვანახშირისა და სხვა საწვავების მოხმარებაც.

ფასიანი ბარიერები
საწვავის მარაგების შემცირების გარდა, ის ძვირდება, ამიტომ აქტუალური ხდება სხვა სახის საწვავი, რიგში პირველი ბირთვული ენერგიაა.
მსოფლიო ბირთვული ასოციაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 440 კომერციული ატომური რეაქტორი მუშაობს, მათი 16% კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. ბირთვულ ენერგიას სხვა ქვეყნებიც ირჩევენ, მაგალითად, გერმანია.
ანალიტიკოსების დავის საგანი კი ურანია – როდის დადგება დედამიწაზე მისი დეფიციტის ხანა. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს თემა აქტუალურად ათეული წლების მანძილზე არ დადგება, მაგრამ აღნიშნული ვადა გადაჭარბებული იქნება, თუ საქმეში სხვა ტიპის რეაქტორები ჩაებმებიან, თუმცა მათი ამუშავებაც პრობლემებს უკავშირდება.
არსებობს კიდევ ერთი ტექნოლოგია – თერმობირთვული რეაქცია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა მისი თავგადადებული მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ ის ხელმისაწვდომი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გახდება.

ქარი, ტალღები და მზის შუქი
დედამიწაზე მოხმარებული ენერგიის დიდი ნაწილი მზეზე მოდის. მზე ქარისა და წყლის ციკლს მართავს, მთებს წვიმით რწყავს და ჰიდროელექტროსადგურების შექმნის შესაძლებლობას იძლვა. მზის გარეშე არ წარმოიქმნებოდა ქვანახშირი და ნავთობი, რომლებსაც ჩვენ საკუთარი საჭიროებისამებრ მთელი მონდომებით ვიყენებთ.
იქნებ დადგა დრო პირდაპირ გამოვიყენოთ მზის ენერგია? რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ამ პროექტის განხორციელება ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ხუთჯერ უფრო ძვირია. ცხადია, ახლო მომავალში იდეის განხორციელების ცდა არ ღირს.
კაცობრიობას ენერგიის მიღება სხვა წყაროებიდანაც შეუძლია, ესენია ქარი, მოქცევა და ტალღა, მაგრამ ამ ტექნოლოგიების პოტენციალი შეზღუდულია, რადგან აღნიშნულ წყაროებს მუდმივად ენერგიის გამომუშავება არ შეუძლია. ასევე დიდი იმედები მყარდება წყალბადზე, მაგრამ ის მხოლოდ ენერგიის გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.

მსოფლიო და ატომური ენერგია
წლის დასაწყისში მომხდარმა ორმა მოვლენამ მსოფლიოს ინტერესი ატომური ენერგიის მიმართ კიდევ ერთხელ გაამძაფრა. რუსეთ-უკრაინას შორის გაზის საკითხზე დავის გამო მომხმარებელი ქვეყნები სასწრაფოდ საწვავის ალტერნატივის მოძიებაზე ჩაფიქრდნენ, მაგრამ ატომური ენერგიის საკითხი უმაღლეს მწვერვალზე ირანმა აიყვანა.
ჩვენ მივეჩვიეთ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მერყევ ფასებს, ამიტომ უმრავლესობისთვის ერთგვარი აღმოჩენა იქნება, რომ ეს ორი სახის საწვავი მსოფლიოს ენერგიის წყაროებს შორის რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე არ არის. მათზე უკვე დიდი ხანია მოხმარების 10-15% მოდის, ატომური ენერგიის წარმოების წილი 16%-ით მესამე ადგილზეა, ქვანახშირის (39%) და ჰიდროწარმოების (19%) შემდეგ.

ძალის გადანაწილება მსოფლიო ბაზარზე
ამჟამად მსოფლიოს 31 ქვეყანაში 440 ატომური რეაქტორი დაახლოებით 370 გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს რუსეთში გამომუშავებულ ელექტრო და თბურ ენერგიას თითქმის ორჯერ აღემატება. გამოკვლეული რეაქტორები მსოფლიოს 56 ქვეყანაშია და ოფიციალურად მიიჩნევა, რომ მხოლოდ რვა ქვეყანა (აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და სამხრეთ კორეა) ბირთვულ იარაღს ფლობს.
ატომურ იარაღს ფლობს ისრაელიც, მაგრამ ამის შესახებ ებრაელთა სახელმწიფო არაფერს აცხადებს. თავის დროზე ბირთვული იარაღის შექმნას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც აპირებდა, მაგრამ პრეტორიამ ბირთვულ პროგრამაზე უარი ნებაყოფლობით განაცხადა.
დღესდღეობით ყველაზე “ბირთვულ” ქვეყანას ლიტვა წარმოადგენს: მისი წარმოებული ენერგიის 80% ატომურ ენერგიაზე მოდის, ინდუსტრიის აღიარებულ ლიდერად კი საფრანგეთი მიიჩნევა, რომელიც ატომური ენერგიის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანაა.
ბუნებრივი ურანის ბაზრის მთავარი მოთამაშეები კანადა, ავსტრალია, აღმოსავლეთ აფრიკა და ყაზახეთი არიან. რუსეთი ურანს პრაქტიკულად არ მოიპოვებს, მაგრამ ურანის გამდიდრების ლიდერები რუსეთი (“ტეხნაბექსპორტი”), აშშ-ის USEC-ი, ფრანგული AREVA და ინლისურ-გერმანული Urenco არიან. რუსეთი რეაქტორებისთვის სითბოგამომყოფი ელემენტების ბაზარზე მეხუთე ადგილს იკავებს.

ატომისთვის ხომ არ მიგვეხედა?
ნავთობისა და ბუნებრივი აირის ალტერნატივების შესახებ, მხოლოდ მათი მაღალი ფასებისა და მიწოდების შეფერხების შემთხვევაში ახსენდებათ.
როცა უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდება შეიზღუდა, ატომურ ენერგიაზე ისე ალაპარაკდნენ, როგორც რუსეთისგან დამოუკიდებლობის მიღების წამალზე. უკრაინასაც არ სურს უბრალოდ დაამატოს 4-5 ენერგობლოკი თავის ტერიტორიას, მასაც ბირთვული ენერგიის მიღების სურვილი კლავს. ატომური სადგურის მშენებლობის აუცილებლობაზე ბელორუსიაც კი ალაპარაკდა. დიდი ბრიტანეთი ატომური ენერგიის განვითარებას რუსეთის დემარშამდეც აპირებდა, მაგრამ “გაზპრომის” ბოლო განცხადების ფონზე, რომ 2015 წლისთვის ის ინგლისის გაზის ბაზრის 20% დაკავებას აპირებს, შესაძლოა ჩინოვნიკებმა ეს საკითხი უფრო დააჩქარონ. გერმანიაც კი, რომელიც რუსული გაზის ძირითადი მყიდველია, ჯერ-ჯერობით ურყევ პოზიციას აფიქსირებს. რამდენიმე წლის წინ ქვეყანამ პროგრამისთვის გვერდის ავლა კომპანიების მოთხოვნის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა. ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა შვეიცარიაში. 1997 წელს ქვეყანამ მიიღო აქტი, რომელიც მსგავსი სადგურის დახურვას მისი მფლობელებისთვის ანაზღაურებით ითვალისწინებდა. იმ დროიდან სახელმწიფო და კომპანიები ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, 2005 წელს ხელისუფლებამ ერთ-ერთი რეაქტორი დახურა.
ატომური ენერგიის ერთ-ერთ საწინააღმდეგო მიზეზად მისი საეჭვო უსაფრთხოება და ატომური იარაღის გავრცელება სახელდება.

აურზაური ატომის გარშემო
სამაგიეროდ ფინეთი ამ მხრივ შესაძლებლობების გაფართოებას აპირებს, მსგავსი გეგმები შვეიცარიას, ესპანეთსა და აშშ-საც აქვთ.
რუსეთი ახალი რეაქტორების რეკონსტრუქციებისა და მშენებლობის ხარჯზე 2020 წლისთვის სიმძლავრეების ორნახევარჯერ, ანუ 50 გიგავატამდე ზრდას გეგმავს. სამხრეთ კორეა და ჩინეთი რვა ახალი რეაქტორის აშენებას აპირებენ, იაპონია კი 12 რეაქტორს ააშენებს. ვიეტნამი პირველი ასეთი რეაქტორის მშენებლობას გეგმავს. ეგვიპტემ და თურქეთმა სადგურის ასაშენებელი ადგილი უკვე შეარჩიეს, მაგრამ თურქეთმა პროექტი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, განვითარებადი აზია ატომური ენერგიის ბაზარზე თავის წილს 5-დან 8%-მდე 10 წელიწადში გაზრდის.

საკითხის ღირებულება
ატომური სადგურების ეკონომიკური ღირებულება ამა თუ იმ ქვეყანაში მოპოვებული საწვავის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ავსტრიაში ატომური სადგური არ არსებობს, რადგან ქვანახშირით მდიდარ ამ ქვეყანას ის არაფერში სჭირდება. მაგრამ საკითხი სხვაგვარად მაშინვე დგება, როგორც კი საქმე ქვანახშირის წვის შედეგად ატმოსფეროს დაბინძურებას შეეხება, ეს თემა კი ატომური ენერგიის მომხრეთათვის პირველი კოზირია. ტრადიციული გზით ელექტროენერგიის დანახარჯები ბირთვული ენერგიის გამომუშავებისას გაწეულ ხარჯებს აღემატება. საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, ატომური საწვავისგან 1 მეგავატი ელექტროენერგია 21-31 დოლარი ღირს, ქვანახშირისგან – 25-30 დოლარი, ბუნებრივი აირისგან კი – 37-60 დოლარი. მაგრამ ატომური სადგურების მშენებლობა დიდ ხარჯებს უკავშირდება, თუმცა საერთაშორისო ატომური ასოციაცია ამტკიცებს, რომ ბოლო დროს მსგავსი სადგურების ასაშენებელი ხარჯები დიზაინის სტანდარტიზაციის, ახალი ტექნოლოგიებისა და მშენებლობის ვადის შეკვეცის წყალობით მკვეთრად შემცირდა.

რას უნდა ველოდოთ ატომისგან?
ჩერნობილის ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, როგორც სჩანს, ენერგეტიკის მომავალი ატომური წარმოების განვითარებას უკავშირდება.
კომპანია Deloitte&Touche-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ჩანს, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 62% იმედებს ატომური ენერგიის განვითარებაზე ამყარებს, იგივე მოსაზრებას იზიარებს შვეციის მოსახლეობის 80%. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს გათვლების თანახმად, 2030 წლამდე მსოფლიოს ქვეყნები ატომური ენერგეტიკის გასავითარებლად 200 მლრდ დოლარს დახარჯავენ, მაგრამ კომპანია “მაგატე” მიიჩნევს, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოში მოხმარებული ენერგეტიკის 17% ატომურ ენერგიაზე მოვა. გასულ წელს ამ კომპანიამ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ითქვა, რომ ჩერნობილის ცნობილი ტრაგედიის შედეგები გადაჭარბებული იყო, ხოლო სპეციალისტთა აზრით, ამ შემთხვევის გამო დაღუპულთა რაოდენობას შეიძლებოდა 4 000 ადამიანისთვის გადაეჭარბებინა, ასევე უნდა შემცირდეს რადიოაქტიური ზონის კონტროლის სივრცე. მოხსენებაში ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კორუფცია და უსაფრთხოების პრობლემა რადიაციაზე უფრო უსაფრთხოდ იყო მოხსენიებული.
თუმცა ეკოლოგები და ორგანიზაციები, რომლებიც ჩერნობილის აფეთქების შედეგად დაზარალებულთა ინტერესებს იცავენ, ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.