საბანკო საქმიანობის როლი, მისი წარმოშობა და განვითარება საქართველოში

გიორგი კვიტატიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
kvitatiani.g@gmail.com

რეზიუმე

ბანკები თანამედროვე ეკონომიკისა და საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი იმყოფებიან ეკონომიკის „შუაგულში“ და როგორც სისხლძარღვოვანი სისტემა, უზრუნველყოფენ კავშირს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის. ბანკები არიან არა რომელიმე ეკონომიკური რეგიონის ან ქვეყნის მახასიათებელნი, მათ საქამიანობის სფეროს არ გააჩნია გეოგრაფიული ან ეროვნული საზღვრები, ბანკები — ესაა უმნიშვნელოვანესი რესურსებისა დაფინანსური ძალის მქონე ყოვლისმომცველი მოვლენა. ძირითადად სწორედ ბანკების მეშვეობით ხორციელდება რესურსების გადანაწილება დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების მქონე სუბიექტებიდან იმ სუბიექტებისაკენ, რომლებიც მათ საჭიროებენ მოცემულ მომენტში.

Abstract

Banks are an integral part of modern economics and society. They are in the middle of the economy and as a vascular system, provide links between economic subjects. The banks are not the characteristics of any economic region or country, their sphere does not have geographical or national borders, banks – is a comprehensive event with the most important resources of funding. It is mainly through banks that distribution of resources from subjects with temporary free cash withdrawals to those subjects who need them at a given point.

თანამედროვე საბანკო სისტემა ესაა მრავალფეროვანი მომსახურების ფართო სპექტრი, დაწყებული ტრადიციული საშემნახველო-სასესხო და საანგარიშსწორებო-საკასო ოპერაციებიდან, დამთავრებული თანამედროვე ფულად-საკრედიტო და ფინანსური ინსტრუმენტებით თუ ტექნოლოგიური მიღწევებით. თანამედროვე საზოგადოებაში კომერციული ბანკები დაკავებულნი არიან მეტად მრავალფეროვანი ოპერაციებით. ისინი არამარტო ორგანიზებას უწევენ ფულად მიმოქცევას, არამედ მათი მეშვეობით ხდება ეკონომიკისა და მისი სუბიექტების დაკრედიტება, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, ნდობით ოპერაციები, საკონსულტაციო მომსახურება, სადაზღვევო მომსახურება და ა.შ.

ფართო გადმოსახედიდან საბანკო სისტემის პრაქტიკული როლი განისაზღვრება იმით, რომ იგი წარმართავს ქვეყნის გადახდებისა და ანგარიშსწორებათა სისტემას და (სხვა ფინანსურ შუამავლებთან ერთად) ახდენს მოსახლეობის დანაზოგების, როგორც დროებითი თავისუფალი კაპიტალის, გადანაწილებას სხვა ეკონომიკურ სუბიექტებზე. საბანკო სისტემა თამაშობს წამყვან როლს ქვეყნის სტაბილურ და ეფექტიან განვითარებაში.

კომერციულ ბანკების საქმიანობას გააჩნია თავისებურებანი, რომელთა შორის აღსანიშნავია:

1. ბანკი, როგორც ორგანიზაცია. რა თქმა უნდა ბანკი არის ორგანიზაცია (დაწესებულება) თავისი სამართლებრივი სტატუსით, ორგანიზაციული სტრუქტურით, თანამშრომლებით, იერარქიით, ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განაწილებით და ა.შ. ამიტომაც ხშირად ბანკი მოიხსენიება, როგორც „საბანკო ორგანიზაცია“, „საბანკო დაწესებულება“.
2. ბანკი, როგორც კომერციული საწარმო. ბანკის საქმიანობის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა. ამით იგი ანგარიშვალდებულია აქციონერების წინაშე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დივიდენდების მიღებით. ამასთან, როგორც ეკონომიკური ცხოვრების სრულფასოვანი სუბიექტი, ბანკი ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს წინაშეც. ბანკი დამოუკიდებელი სამეურნეო სუბიექტია, იურიდიული პირის ყველა უფლებითა და მოვალეობით.
3. ბანკი, როგორც ფინანსური სისტემის ღერძი. საბანკო სისტემა ზოგადად წარმოადგენს ქვეყნის ფინანსური სისტემის ხერხემალს, რომელშიც კონცენტრირდება საკრედიტო და საფინანსო ოპერაციების ძირითადი ნაწილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბანკებს უკავით ცენტრალური ადგილი ქვეყნის საგადამხდელო სისტემაში.
4. ბანკი, როგორც შუამავალი. ბანკი არის ის შუამავალი რგოლი, რომელიც ახდენს ეკონომიკის სუბიექტების დროებით თავისუფალი რესურსების (ფულადი სახსრები) მოზიდვას და მათ მიწოდებას ეკონომიკის იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ამ რესურსების დროებით დეფიციტს განიცდიან. ეკონომიკის აღნიშნული სუბიექტების, კრედიტორებისა და მსესხებლების შეხვედრა და შეთანხმება ბაზარზე მეტად რთული საქმეა ბევრი მიზეზის გამო. დროებით თავისუფალი სახსრების თავმოყრით ბანკს შესაძლებლობა ეძლევა, დააკმაყოფილოს ნებისმიერი ტიპის მსესხებლების ნებისმიერი მოთხოვნა რესურსების მიღებაზე. გარდა იმისა, რომ ბანკი უზრუნველყოფს ფულის სესხად აღების რეალური მსურველის პოვნას, იგი ახდენს ამ რესურსების დროულად დაბრუნების შესაძლებლობის შესწავლას, ანუ ბანკი რესურსების დაუბრუნებლობის რისკს საკუთარ თავზე იღებს.
5. ბანკი, როგორც საკრედიტო დაწესებულება. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები მეტად მრავალფეროვანი მომსახურებით არიან წარმოდგენილნი, მათი მთავარი საქმიანობა მაინც კრედიტების გაცემაა. როგორც წესი, ბანკების აქტივების დაახლოებით ორი მესამედი გაცემულ კრედიტებზე, ხოლო შემოსავლების უდიდესი ნაწილი კრედიტებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.
6. ბანკი,როგორც საბირჟო ოპერაციების მონაწილე. ბანკები ბირჟაზე საქმიანობით XX საუკუნის 20-ანი წლებიდან დაკავდნენ, რაც განპირობებული იყო ახალი, პერსპექტიული ბაზრის ათვისებისა და დამატებითი შემოსავლების მიღების სურვილით. თანამედროვე ბანკებს შესაძლებლობა აქვთ, დამოუკიდებლად გაუწიონ ორგანიზება საბირჟო საქმიანობას და ჩაატარონ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციები. თუმცა, არც თავისი მასშტაბებით და არც მნიშვნელობით ბანკები არ არიან საბირჟო ორგანიზაციები, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მათი საქმიანობის მხოლოდ ნაწილია.

როგორც ვხედავთ, კომერციული ბანკის საქმიანობის არსისა და თავისებურებების თუნდაც მოკლე დახასიათება წარმოაჩენს მას, როგორც მეტად რთულ მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის ეკონომიკაში.

ზოგადად, საბანკო საქმის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ფულად-საკრედიტო სისტემის როლი ქვეყანაში იცვლება და სულ უფრო სრულყოფილ სახეს იღებს. აღნიშნულ ვითარებას განაპირობებს მთელი რიგი გარემოებები: კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მოწყობის წესი და ტრადიციები, ეროვნული და სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები, სამართლებრივი ბაზა, მეურნეობის სისტემა, მომხმარებელთა პრიორიტეტები და სხვა.

როგორც მსოფლიოს უმეტეს ძველ ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოშიც ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებების, მათ შორის ბანკების არსებობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნებს — იბერიასა და კოლხეთს, სხვადასხვა სახის საკრედიტო დაწესებულებები — ზარაფრებისა და მევახშეობის ინსტიტუტების სახით გააჩნდათ, რომლებიც დღევანდელი საბანკო სისტემის წინამორბედებს წარმოადგენდნენ. მსგავსი ტიპის სტრუქტურული ერთეულები საქართველოში ჯერ კიდევ კოლხეთისა და იბერიის სამეფოში ძვ.წთ.აღ-ით VI საუკუნეში გამოჩნდნენ. შემდგომ პერიოდში ეს პროცესი პერმანენტულად გრძელდებოდა და ჩქარდებოდა. VIII საუკუნის საქართველოში უკვე არსებობდნენ ფართო საკრედიტო ორგანიზაციები — დღევანდელი გაგებით ბანკები, რომელთაც ორტაღი ეწოდებოდა, რომელნიც კრედიტებს სხვადასხვა ქონების გირავნობის ქვეშ ან მის გარეშე იძლეოდნენ. ეგრეთწოდებული „ოქროს ხანის“ საქართველოში ნიშანდობლივი თავისებურება მისი ფულადი სისტემა იყო. კერძოდ ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოს ტერიტორიაზე ვერცხლისა და სპილენძის ფულს ერთიდაიგივე მსყიდველობითი უნარი გააჩნდათ — უპრეცენდენტო მოვლენა იყო იმ დროის მსოფლიოში, რადგან შუა საუკუნეების სახელმწიფოებში თვით სპილენძის ფულს, ნომინალის მიუხედავად, ლითონის ღირებულება ქონდა.

როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, დავით აღმაშენებელს ფრიად ორიგინალური გადაწყვეტილება მიუღია: საქართველოს მიწაწყალზე რვალს „თეთრი“ ვერცხლად მიიღებოდესო. თანამედროვე ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, დავით აღმაშენებელმა სავალუტო რეფორმა — ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოახდინა და მკაცრი სავალუტო კონტროლის დამყარებით ქვეყანაში უცხოელების მიერ ქართული დიზაინის მქონე სპილენძის ყალბი მონეტების შემოტანა აღკვეთა. ამ სავალუტო რეფორმამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა — საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეეწყო ხელი. XI-XIII საუკუნეების საქართველო ჩაბმული იყო მსოფლიო ვაჭრობაში, რის გამოც ვითარდებოდა საკრედიტო დაწესებულებებიც, თუმცა XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო განუწყვეტელი ბრძოლების არენად იქცა, რაიმე სახის საკრედიტო დაწესებულებების არსებობის შესახებ მასალები ისტორიულ წყაროებში აღარ მოიპოვება. მოგვიანებით XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში უკვე საზარაფო დაწესებულებები არსებობდა, რომლებიც საკრედიტო — საანგარიშსწორებო ოპერაციებს ასრულებდნენ და ჭრიდნენ ფულს არამარტო საქართველოში, არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, საქართველოში მოქმედი ეროვნული საკრედიტო სტრუქტურები გაუქმდა და მათ ადგილზე დაიწყო რუსეთის სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებათა დაარსება. საქართველოში პირველი ასეთი საკრედიტო დაწესებულება დაარსდა 1810 წელს თბილისში „საქართველოს საზოგადოებრივი მზრუნველობის საგანგიოს“ სახელწოდებით, რომელიც იღებდა ანაბრებს და იძლეოდა კრედიტებს. თბილისში 1866 წლიდან ფუნქციონირებდა რუსეთის ბანკის თბილისის სამმართველო. XIX საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში სულ 85 საკრედიტო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 15 თბილისში. 1919 წლის 13 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა „კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს თან ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, წყობის სტრუქტურა, საწესდებო კაპიტალი და უფლებამოვალეობანი იყო განმარტებული. საქართველოს სახელმწიფო ბანკმა ფუნქციონირება 1920 წლის ივლისიდან დაიწყო. კანონის თანახმად, აღნიშნული სტრუქტურის დაარსების პირველივე დღიდან „საქართველოს სახელმწიფო ბანკი“ ეწოდა. მისი ძირითადი ფუნქცია იყო ფულის მიმოქცევისა და რესპუბლიკის ფულადი ნიშნების სტაბილურობა, აგრეთვე ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მოკლევადიანი სესხის გაცემა. საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ქართველი ფინანსისტი იასონ ლორთქიფანიძე. 1921 წლის 21 თებერვლის შემდეგ, როდესაც საქართველოში დამყარდა საბჭოთა წყობილება, ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფო ბანკს სახელმწიფოებრივი საფუძველი გამოაცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საბანკო სისტემის განვითარების ისტორიაში საქართველოსთვის ახალი ეტაპი 1991 წლიდან იწყება. პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში ფეხს იკიდებს საბანკო პრინციპებზე დდაფუძნებული ეკონომიკა. ქვეყნის წინაშე მდგარ უამრავ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მძლავრი, კონკურენტუნარიანი, მოქნილი და საიმედო საბანკო სისტემის შექმნაა, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საბანკო სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობაზე. საბანკო სფერო მოითხოვს სერიოზულ ყურადღებასა და მხარდაჭერას, რომ მან არ შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესი და ეროვნული მეურნეობის დინამიური განვითარება.

1991 წლის აგვისტოში ოპერატიულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ორ იარუსიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებასა და განსაზღვრას, თუ ვის და როგორ უნდა განეხორციელებინა ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა რეგულირება და რა როლი უნდა ეთამაშა ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნულ ბანკს. ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შექმნის პირველივე დღეებიდან ეწოდა „საქართველოს ეროვნული ბანკი“, რომელიც მძლავრ სახელმწიფოებრივ-ეკონომიკურ ინსტიტუტს წარმოადგენს.

ბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ოდითგანვე იყო ჩამოყალიბებული და ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოწყობის წესის მიხედვით განიცდიდა განვითარებას. მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე წარმოშობილი არაერთი წინააღმდეგობისა, დღესდღეობით საქართველოში ეროვნული ბანკის სახით წარმოდგენილია მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტრუქტურა, რომელიც უდიდეს ზეგავლენას ახდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ვ. მოსიაშვილი ფ. ლომიძე ფ. ქოქოსაძე – საბანკო საქმე
2. ირაკლი კოვზანაძე, გოგი კონტრიძე – საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა
3. გოგოხია მ. საბანკო საქმე: ლექციების კურსი, თბ. 2008.
4. კაკულია მ. სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში, თბ. 2001.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial