ბიზნეს ეთიკა და მისი მნიშვნელობა XXI საუკუნეში

სალომე კახიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი, IV კურსი
1s.kakhidze@gmail.com

რეზიუმე

დღევანდელ სამყაროში, როდესაც ინფორმაციული ნაკადები ყოველი მხრიდან მოედინება, ამასთანავე მკვეთრად იზრდება მეწარმე სტრუქტურების რაოდენობა, დღის წესრიგში დადგა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხის ამაღლების აუცილებლობა. იმ პირობებში, რომ საზოგადოება ( მისი მოთხოვნა) ბიზნესის მაცოცხლებელი ძალაა და თავის მხრივ, ბიზნესი საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პირდაპირ საფუძვლებს ქმნის, არსებული ორმხრივი ურთიერთკავშირი ( ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე) ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიანი თანამშრომლობის მიღწევაზე, რაც მხოლოდ ჯანსაღ გარემო პირობებში მიიღწევა. გარემო პირობების სიჯანსაღეს კი სწორედ ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თითოეული სახელმწიფო ინდივიდუალურია თავისი ტრადიციებით, ცხოვრების წესითა და მიდგომებით. აქედან გამომდინარე, ის რაც ერთ სახელმწიფოში ეთიკურად მიიჩნევა, შესაძლოა მეორე სახელმწიფოში არაეთიკურად აღიქვან.

Abstract

In the world today, where information flows from each side, where the amount of entrepreneurial structures is growing, it’s a time to improve the quality of social responsibility of business. Today the society (demand) is a life-giving force for business, in his turn, business creates conditions to satisfy society’s demands. This existing of bilateral relationship (due to the interdependence) should be oriented towards long-term cooperation, which can only be achieved in a healthy environment. The health of business environment is defined exactly by business ethics and social responsibility. It should be taken into the consideration the fact, that each country has its unique traditions, lifestyle and approaches. Hence, what is ethical for one country, could be unethical for another.

ბიზნესის მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, მაგრამ დასახული მიზანი არ უნდა უგულებელყოფდეს მის ქმედებებს ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. „ბიზნესმენი მაკიაველი არ უნდა იყოს!“ (მაკიაველის აზრით სახელმწიფო ძლიერების განმტკიცებისთვის ნებისმიერი საშუალების გამოყენებაა დასაშვები : ძალადობა, მკვლელობა, სიცრუე, გამყიდველობა და ა.შ. აქედან გამომდინარე შეიქმნა ტერმინი მაკიაველიზმი). ბიზნესის მოგების მაქსიმიზაცია არ უნდა მიმდინარეობდეს სოციალურ-ეთიკური ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე.

თითოეულ სახელმწიფოში, ბიზნესის წარმოების დროს, გასათვალისწინებელია ეროვნული ტრადიციები, ადათ-წესები, არსებული გარემო პირობები, რადგანაც ბიზნესი ერთდროულად ითავსებს როგორც მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. მოქალაქეს იმიტომ, რომ სწორედ მათდამია მიმართული ( ნაწარმოები პროდუქტი ან გაწეული მომსახურეობა), ხოლო სახელმწიფო საზრდოობს ბიზნესის დაბეგვრის შედეგად ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებით, რაც მისი ეკონომიკური წინსვლის საწინდარია. იმ შემთხვევაში, როცა მეწარმე მხოლოდ საკუთარი მოგების მაქსიმიზაციაზე ზრუნავს და ბიზნესის სხვა მონაწილეების (აქციონერების, დაქირავებული მუშაკების) და საზოგადოების წინაშე არავითარ პასუხისმგებლობას არ კისრულობს, სახეზეა ეგოისტური, ინტუიტური ქცევა (ბიზნესმენის პირად გამოცდილებაზე და ინტუიციაზე დამყარებული). ამგვარ ქცევას შეესაბამება ბიზნესის შესახებ კრიტიკული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის საბოლოო მიზანია მეწარმეთათვის მოგების მიღება ნებისმიერი გზითა და მეთოდით. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მეწარმე საკუთარ ინტერესებს ივიწყებს და უანგაროდ ზრუნავს სხვებზე, სახეზეა ალტრუისტული ქცევა, ანუ მეორე უკიდურესობა. ამგვარ ქცევას შეესაბამება ბიზნესის შესახებ პოზიტიური კონცეფცია, რომლის მიხედვით, ბიზნესი არის საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების წარმოების პროცესი. აუცილებელია ამ ორ უკიდურესობას შორის შეირჩეს ოქროს შუალედი ანუ ალტრუისტულ-ეგოისტური ქცევა, რომელიც ბიზნესის სხვა მონაწილეების (მომხმარებლები, პარტნიორები, დაქირავებული მუშაკები, სახელმწიფო) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და საბაზრო თამაშის წესების დაცვის საფუძველზე მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. სწორედ ამგვარი, ეთიკური, პრაგმატული და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ხედვა დომინირებს თანამედროვე ბიზნესში და სწორედ ამ შემთხვევაში თანამშრომლობენ ბიზნესთან ხელისუფლების ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოები.

არისტოტელეს თქმით, ეთიკა გვეხმარება იმის შემეცნებაში, თუ რა უნდა ვაკეთოთ და რისგან შევიკავოთ თავი. „ეთიკის“ ცნებაში იგულისხმება ადამიანის სხვა ადამიანებთან ზნეობრივი (წესიერი) ურთიერთობა. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ბიზნესის ეთიკა საბაზრო თამაშის წესების მიხედვით (ეკონომიკური კანონები, სამართლებრივი, ეთიკური ნორმები და პროგრესული ეროვნული წეს-ჩვეულებანი) განხორციელებული საქმიანობაა. მისი საფუძველი კი პატიოსნება, გულწრფელობა, სიტყვის ერთგულებაა. ბიზნესის ეთიკა და ზნეობა შეიძლება დახასიათდეს ლოზუნგით, რომლითაც ძველ რუსეთში „ბირჟის მოამბე“ გამოდიოდა: „მოგება ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ სინდისი მოგებაზე მაღლა“. ეთიკის ნორმების დაცვა ყოველმხრივ მომგებიანია. ამას გარდა, იგი გვანიჭებს რწმენას, თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის პატივისცემას.

ბიზნესში დაუშვებელია: უწესრიგობა; ძალადობა; სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა; კონკურენტის დისკრედიტაცია და ა.შ. ბიზნესი ცოცხლობს რთულ ეთიკურ სამყაროში, სადაც მთავარია, გაექცე არაეთიკურ ნაბიჯებს. საინტერესოა სხვადასხვა ქვეყანაში პიროვნების გამდიდრების სიჩქარე, მაგალითად, აშშ-ში- 10 მილიონ დოლარს საშუალოდ 17 წელი სჭირდება; სამხრეთ კორეაში – 13 წელი; რუსეთში – 4 წელი. მთელ მსოფლიოში გავრცელებულია საქმიანი ეთიკისა და პასუხისმგებლობის კონკრეტული გაგება. საქმინი სამყარო ვრცელია. თითოეულ ბიზნესმენს ჰყავს მეგობრები, ნაცნობები. აქედან გამომდინარე, პოტენციური მომხმარებელიც, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა კომპანიების ქცევის მიმართ. სისტემატიურად უნდა ვიზრუნოთ მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე და სანაცვლოდ, ბაზარიც იზრუნებს ჩვენზე – ეს ბიზნესის კანონია.

XX საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი ამერიკელი ბიზნესმენი უკვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფირმებს თავიანთი რესურსები უნდა გამოეყენებინათ არამხოლოდ შემდგომი ინვესტირებისათვის, არამედ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეშიც. მაგალითად, ენდრიუ კარნეგიმ (ფოლადის ბიზნესი) 350 მლნ დოლარი დააბანდა სოციალურ პროგრამებში და ააშენა 2000-ზე მეტი საჯარო ბიბლიოთეკა. ე. კარნეგის ნაშრომში „აყვავების სახარება“ (1900 წ.) განხილულ იქნა ქველმოქმედების დოქტრინა, რომლის თანახმად რენტაბელურმა (მომგებიანმა) ორგანიზაციებმა თავიანთი სახსრების ნაწილი უნდა შეწირონ საზოგადოების საკეთილდღეოდ. ბიზნესის სოციალური როლის კონცეფცია იწყებს თანდათანობით შეცვლას, რაც განპირობებული იყო ბიზნესმენებსა და მთავრობას შორის თანამშრომლობის განვითარებით მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ „ცივი ომის“ პერიოდში. ამ პერიოდში შეიქმნა ეკონომიკური განვითარების კომიტეტი, რომელშიც შევიდნენ აშშ საქმიანი სამყაროს ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მართალია კომიტეტის მიზანი იყო მთავრობის კონსულტირება ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე, მაგრამ კომიტეტის მნიშვნელობა აღმოჩნდა უფრო არსებითი, ვინაიდან ამ გზით ფართოვდებოდა საქმიანი სამყაროს მონაწილეთა როლი სოციალური და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პრობლემების გადაწყვეტაში.

ბიზნეს ეთიკაში ცენტრალური ადგილი უკავია სოციალური პასუხისმგებლობის ცნებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR – corporate social responsibility) ეს არის კონცეფცია, რომლის მიხედვით, კომპანია საკუთარ ბიზნეს ოპერაციებში, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას საკუთარი ინიციატივით ითვალისწინებს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულარული აქტივობების შედეგად კომპანიები ნებაყოფლობით ზრუნავენ იმ საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც თავად არიან, რადგან ძლიერი მომხმარებელი თავის მხრივ კომპანიის წარმატების გარანტიაა (გადახდისუნარიანი მომხმარებელი და მეტი გაყიდული პროდუქტი). 1996 წელს ევროკომისიის ძალისხმევით შეიქმნა „CSR ევროპა“. CSR ევროპა“ არის ევროპის წამყვანი ბიზნეს ქსელების გაერთიანება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განსავითარებლად. დღეისათვის იგი მოიცავს 45 კორპორაციულ წევრს და 41 ეროვნულ CSR ორგანიზაციას (Coca-Cola, Hitachi, Microsoft, Canon, Honda, Huawei, Hyundai, IBM, L’oreal, Lucoil, Samsung, Toyota, Vlokswagen, The Walt Disney და სხვა) . მისი მიზანია ისეთი ბიზნეს სივრცის შექმნა, სადაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის გაუმჯობესების მსურველთათვის შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება, პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავება და ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განმარტება აშშ-ში ჯორჯიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროფესორმა, არჩი ქეროლმა დაყო 4 ნაწილად „საზოგადოების ეკონომიკური, სამართლებრივი, ეთიკური და ფილანთროპიული (საქველმოქმედო) მოლოდინები ორგანიზაციის მიმართ დროის მოცემულ მომენტში“ (Carroll 1979, 1991). ქეროლის პირამიდის მიხედვით, კომპანიამ თავისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა მიიღოს მაქსიმალური მოგება, რომ იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი. „წარმატებული კომპანია მუდმივად მომგებიანია“. პირველ დონეზე წარმოდგენილია საზოგადოების მოლოდინი და მოთხოვნა .წარმატებული კომპანია უნდა იყოს კანონმორჩილი „კორპორაციული მოქალაქე“, რომელიც შეძლებს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შექმნილი(წარმოებული) საქონლის და მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის (მეორე დონე). მესამე დონეზე საზოგადოება მოელის, რომ კომპანიები საზოგადოებაში მიღებული ნორმების დაცვით იმოქმედებენ და არ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც აკრძალულია საზოგადოებაში, ან მოგების მაქსიმიზაციისთვის არ დაარღვევენ ეთიკის ნორმებს. მეოთხე დონე მოიცავს ქველმოქმედებას, რაც გულისხმობს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას, საჯარო და კერძო საგანმანათლებო დაწესებულების მხარდაჭერას და ა.შ

რაც შეეხება საქართველოს, „ასოცირების ხელშეკრულების“ 352-ე მუხლის მიხედვით საქართველო ვალდებულია ხელი შეუწყოს „კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას“ და „ბიზნეს პასუხისმგებლობის პრაქტიკას, როგორიცაა მთელი რიგი საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკა და განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო რეკომენდაციები მრავალეროვანი კომპანიებისთვის“, ასევე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლება და დიალოგის ხელშეწყობა“ (მუხლი 349). ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმების მეშვეობით ინვესტირებისა თუ ექსპორტის დროს ევროპელი პარტნიორები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ქართული კომპანიების სოციალურ პრაქტიკას, და ბევრი მათგანი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა თუ შესაბამისი სისტემების მეშვეობით ნაწარმოები პროდუქტის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

ქართული კომპანიები ნებაყოფლობით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური გარემოს განსავითარებლად. ამისი მაგალითებია:
• „საქართველოს ბანკის“ პროდუქტი „მწვანე ანაბარი“. „მწვანე ანაბრის“ ფარგლებში ყველა პიროვნების სახელით, ვინც “საქართველოს ბანკში” გახსნა ვადიანი ან საბავშვო ანაბარი, ბანკმა დარგო ხე წაღვერის რაიონში. „მწვანე ანაბრის“ აქციის შედეგად ბანკმა გააშენა 45,000 ნერგი და უზრუნველყო ნერგების საჭირო მოვლა. 2009 წლიდან 2011 წლამდე „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა“ 150,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოყო ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.
• „ელიტ ელექტრონიქსში” ყველა თანამშრომელი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით, რისთვისაც კომპანიას ყოველწლიურად საშუალოდ 48 000 ლარი აქვს გამოყოფილი. თანამშრომლების გარკვეული ნაწილის საწვავის ლიმიტით სარგებლობს, რომლისთვისაც 2012 წელს გამოყოფილ იქნა 30 000 ლარი.
• „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა“ და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში თეუსუ-ს სტუდენტები გაივლიან სამუშაო პრაქტიკას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სხვადასხვა შვილობილ კომპანიებში, საქართველოს მასშტაბით
• „საშინაო სკოლის“ ფარგლებში Silk TV-ის ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ უყუროს სრული სასკოლო პროგრამის ვიდეო-გაკვეთილებს. საშინაო სკოლა – სოციალურ შემეცნებითი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის – Silk TV-ის საშუალებით.
• „ვისოლ ჯგუფს” 2012 წელს განხორციელებული აქვს მთელი რიგი პროექტები ქართული სპორტის განვითარებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიმართულებით. კომპანიამ ჯამურად 30 მილიონამდე ლარი გაიღო საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის”, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ავაზას”, თბილისში შექმნილი ოთხი სპორტული კომპლექსის, ფიტნეს-ცენტრ „ლაგუნა ქუთაისის”, „ტორპედო ქუთაისის” საწვრთნელი ბაზისა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისათვის. ამას გარდა, 2012 წელს საქველმოქმედო პროექტებისათვის „ვისოლ ჯგუფმა” ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო. დაარსების დღიდან ფონდმა „იავნანამ” „ვისოლ ჯგუფთან” ერთად 72 ოჯახს შეუძინა ბინა და 1 500-მდე ბავშვს მისცა საშუალება ოჯახურ თბილ გარემოში, უკეთეს პირობებში იცხოვროს.
• 2012 წელს სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის „გუდვილმა” დაახლოებით 50 000 ლარის ინვესტირება განახორციელა. კომპანია აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მხარდაჭერაში. მათ შორის: მძიმედ დაავადებულთა მკურნალობისთვის გამართული ღონისძიებების მხარდაჭერა; იძულებით გადაადგილებული პირების საკვები პროდუქტებით დახმარება; მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება; სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვების ფინანსური და საკვები პროდუქტებით დახმარება; სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვები პროდუქტებით დახმარება; ჯანსაღი კვების პროპაგანდისტული კამპანიების მხარდაჭერა და ორგანიზება; სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება; უსინათლო ბავშვების ფინანსური მხარდაჭერა.

აღსანიშნავია კონსიუმერიზმის (მოძრაობა მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად) როლი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაში. ამჟამად კონსიუმერიზმით მოცულია მთელი ამერიკის კონტინენტი. იგი მეწარმეთაგან მოითხოვს სამ უფლებას: 1. მომხმარებელთა ინფორმირებულობის უფლებას; 2. მომხმარებელთა უსაფრთხოების უფლებას; 3. მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხის დაცვის უფლებას. ყოველი მეწარმე იძულებულია ანგარიში გაუწიოს მას. გარკვეულწილად, სწორედ კონსიუმერიზმმა განაპირობა სოციალურ-ეთიკური მარკეტინგის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებელთა მოთხოვნის მაქსიმალური გათვალისწინება როგორც ბიზნესის, ისე მისი უმთავრესი ფუნქციის – მარკეტინგის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.

მსოფლიო კომპანიების ეთიკურობის დონეს აფასებს ორგანიზაცია The Ethisphere Institute. რომელიც არის ლიდერი ბიზნესის ეთიკურობის სტანდარტების შემუშავებისა და დადგენის სფეროში. აღნიშნული სტანდარტების მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, მთელს მსოფლიოში მხოლოდ 135-მა კომპანიამ შეძლო მათი დაკმაყოფილება. ისინი აერთიანებენ 23 ქვეყანასა და 57 დარგს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდებში განვითარებულ ქვეყნებში შეიმჩნევა საქმის წარმოების არაეთიკური პრაქტიკის გაფართოების შემთხევები. მენეჯერები ამის მიზეზად ასახელებენ: კონკურენტული ბრძოლის გამწვავებას; ეთიკური ქცევისათვის მენეჯერთა არასათანადო გასამრჯელოთი უზრუნველყოფას; ეთიკის მნიშვნელობის შემცირებას საზოგადოებაში და სხვა. მენეჯერების და რიგითი მუშაკების ეთიკურობის ამაღლება ბევრად დამოკიდებულია თანამედროვე მენეჯმენტზე. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ეთიკური ნორმატივების დამუშავებას, ეთიკის კომისიის შექმნას, სოციალური რევიზიების ჩატარებას, და ეთიკური ქცევის სწავლებას.
ეთიკური ნორმატივები წარმოადგენენ ზოგად ფასეულობათა სისტემას და ეთიკის წესებს, რომლებიც ორგანიზაციის ხელმძღვანელობის აზრით უნდა დაიცვან მისმა მუშაკებმა. ეთიკური ნორმატივები მუშავდება ორგანიზაციის მიზნების აღწერის, ნორმალური ეთიკური ატმოსფეროს შექმნისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ეთიკური რეკომენდაციების განსაზღვრისათვის. ქცევის ვარიანტებს, რომლებიც ჩვეულებრივად იკრძალება ეთიკური ნორმატივებით, მიეკუთვნება: ქრთამი, გამოძალვა, საჩუქრები, კონფლიქტი ინტერესთა შეჯახების ნიადაგზე, კანონების დარღვევა, ფირმის საიდუმლოებათა გაცემა და ა.შ. ბიზნესთან მიმართებაში მრავალეროვნულ ორგანიზაციაში კომპანია-ინიციატორმა უნდა გაითვალისწინოს სხვა კულტურებში ქრთამისა და საჩუქრებისადმი.
ორგანიზაციები ქმნიან ეთიკის თვალსაზრისით მუდმივმოქმედ კომიტეტებს (კომისიებს) ყოველდღიური პრაქტიკის შეფასებისათვის. ასეთი კომიტეტების თითქმის ყველა წევრი უმაღლესი დონის მენეჯერია. ზოგიერთი ორგანიზაცია არ ქმნის ასეთ კომიტეტს, მაგრამ ქირაობს ბიზნესის ეთიკის სპეციალისტს, რომელსაც ეწოდება ეთიკის ადვოკატი. ეთიკის ადვოკატის ფუნქციაა ეთიკურ საკითხებზე დასკვნის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის მოქმედებებთან, აგრეთვე ორგანიზაციის „სოციალური სინდისის“ ფუნქციის შესრულება.

სოციალური რევიზიების ამოცანაა ორგანიზაციის მოქმედებების და პროგრამების სოციალური გავლენის შესახებ ანგარიშგების შედგენა და შეფასება.

სოციალური რევიზიის მომხრეები ვარაუდობენ, რომ ასეთი ტიპის ანგარიშგება იძლევა სრულ წარმოდგენას ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის დონის შესახებ.

მენეჯერებისა და რიგითი მუშაკების ეთიკური ქცევის წესების სწავლება კიდევ ერთი მიდგომაა, რომელსაც იყენებენ ორგანიზაციები ქცევის ეთიკურობის მაჩვენებელთა ამაღლებისათვის. მუშაკებს აცნობენ ბიზნესის ეთიკას და ამაღლებენ მათ ცოდნას იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შეიძლება მათ წინაშე წარმოიშვას. ეთიკის, როგორც საგნის, შემოტანა ბიზნესის სწავლების კურსებში უნივერსიტეტს დონეზე, ეთიკური ქცევის სწავლების კიდევ ერთი ფორმაა.

ამგვარად, ერთი მხრივ, ორგანიზაცია ასრულებს პროდუქციისა და მომსახურების წარმოების ეკონომიკურ ფუნქციას (რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში საზოგადოებრივ აუცილებლობასაც წარმოადგენს), მეორე მხრივ ხდება მოქალაქეთა უზრუნველყოფა სამუშაოთი, ხოლო ბიზნესმენების – მაქსიმალური მოგებითა და სათანადო გასამრჯელოთი. ამ შეხედულების თანახმად ბიზნესის ჭეშმარიტი როლია მისი რესურსების გამოყენება მოგების მისაღებად ღია კონკურენტულ ბრძოლაში პატიოსანი ბიზნესის „თამაშის წესების“ სრული დაცვით.

საბოლოო ჯამში, ყველანი ვთანხმდებით იმ საკითხზე რომ მდგრადი ბიზნესის განსავითარებლად, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა, შრომითი ურთიერთობების კანონმდებლობით დარეგულირება, გარემოზე ზრუნვა და ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება.

პასუხისმგებლიანი ბიზნესი წარმოქმნის იმავე ღირებულებებს და პრინციპებს თავისი საქმიანობის სფეროში, რა პრინციპებითა და ღირებულებებით თავად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ბიზნეს პროცედურებთან შეერთებით და კულტურული მთლიანობის დამყარებით, კომპანიები არა მხოლოდ იცავენ მათ ძირითად ვალდებულებებს ხალხისა და პლანეტის წინაშე არამედ, საფუძველს უყრიან საკუთარ გრძელვადიან ეკონომიკურ წარმატებას.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. უ. სამადაშვილი – „ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“, თბილისი, 2015 წ
2. თ. შენგელია – „ მენეჯმენტის საფუძვლები“, თბილისი, 2014 წ
3. Ana Claudia Campos, “Business Ethics”, 2014 წ
4. გ. შუბლაძე, ბ. მღებრიშვილი, ფ. წოწკოლაური – „მენეჯმენტის საფუძვლები“, 2008 წ
5. ეთერ სახოკია, სტატია – „ქართული კომპანიები აგრძელებენ CSR-ის ევროპულ ტრადიციებს საქართველოში“, 15 მარტი, 2017 წ eugeorgia.info
6. www.worldsmostethicalcompanies.com