საბანკო სისტემის წარმოშობის ისტორია

ნინო გოგუაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
Goguadze3105@gmail.com

ანოტაცია

დღევანდელ ეპოქაში საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, ამიტომ მისი არსის, ფუნქციონირების, დაკრედიტების პრინციპების, საკრედიტო ურთიერთობების განვითარების და მათზე მოქმედი ფაქტორების კვლევა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. დღეს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართელოშიც, საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებულია და თანდათანობით კიდევ უფრო სრულყოფილ, მოქნილ სახეს იძენს. თუმცა ამ სტატიის მიზანია არა აწ განვითარებული ბანკის დახასიათება, არამედ მისი წარმოშობის დროის, არსის, მიზეზის და მიზნის სინთეზის გადმოცემა. მე-19 საუკუნეში დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობს: „ჩვენთვის მარტო ბანკია ის მოედანი, რომელზეც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობრივმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფხიზლით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“. თუმცა მსოფლიოში პირველი საბანკო ურთიერთობები პრიმიტიული ფორმით ჯერ კიდევ მე-12 საუკუნიდან იღებს სათავეს.

Annotation

In the present era, the banking sector is one of the most important preconditions for the economic development of the country, so researching its essence, functioning, principles of lending, development of credit relations and factors affecting them is an important task for the state. Today, as in the rest of the world, as well as in Georgia, the banking sector is quite developed and is gradually becoming more complete, flexible. The purpose of this article, however, is not to characterize a developed bank, but to convey the synthesis of the time, essence, cause and purpose of its origin. However, the world’s first primitive banking relationship dates back to the 12th century.

საბანკო საქმის განვითარების რეტროსპექტივა

საბანკო საქმის წარმოშობა-განვითარება დაკავშირებულია პროცენტის (მოგების) მომტან კაპიტალთან, რომელსაც ისტორიულად წინ უსწრებდა სავახშო კაპიტალი, რომელიც უკვე არსებობდა პირველყოფილი წყობის პერიოდში. პროცენტის მომტანი კაპიტალის მთავარ ფორმად სასესხო კაპიტალი ითვლება. როგორც კი კერძო საკუთრება წარმოიქმნა, საქონელგაცვლიდან განვითარდა საქონლური ფულადი ურთიერთობანიც. სათავეში მდგომმა მდიდარმა ფენამ შესაძლებლობა მიიღო ფული სესხად მიეცა მათთვის, ვისაც იგი სჭირდებოდა. ასეთი სესხები, როგორც წესი, დაკავშირებული იყო მიწის საწინდართან. თუ მოვალე ვერ შეძლებდა სესხის დაბრუნებას, მაშინ საწინდარი მიწა სესხის მიმცემის საკუთრებაში გადადიოდა. თუ მსესხებელს მიწა არ ჰქონდა, მაშინ იგი თვითონ ხდებოდა დამოკიდებული. სავახშო კაპიტალის წარმოქმნასა და განვითარებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული საბანკო საქმის წარმოშობა.

ბანკების საწყისი და ძირითადი ფუნქცია გადასახადებში შუამავლობა იყო. ასეთი შუამავლობის შედეგად ბანკებმა თავისუფალი ფულადი კაპიტალი პროცენტის (შემოსავლის) მომტანად აქცია. ისინი ფულად საშუალებებს ყველა შესაძლო წყაროდან აგროვებდნენ და კრედიტით აძლევდნენ მოთხოვნის შესაბამისად, პირველ ყოვლისა გაბატონებულ კლასს.
ბანკების მსგავსი ინსტიტუტები, ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში არსებობდა. ეგვიპტეში საბანკო ოპერაციები ხორციელდებოდა ძვ. წთ. აღ. 2700 წელს. ბაბილონისა და ასურეთის დოკუმენტები (მაგ; ხამურაბის კანონების კრებული, ძვ. წთ. აღ. 1704-1662 წწ.) მოწმობენ, რომ მაშინაც იყო ვექსილი და ჩეკი, ხოლო სახსრების შენახვისა და სასესხო ოპერაციების ფორმები კანონით რეგულირდებოდა. მაგ. სახსრების შენახვისათვის კანონი ითვალისწინებდა გადასახადს. იმ დროს სესხები გაიცემოდა არა მხოლოდ ფულადი ფორმით, არამედ ცალკეული საქონლის სახით (მაგ: ხორბლით, ფინიკით, შალით, ზეთით და ა. შ.), აქაც აგრეთვე ადგილი ჰქონდა პროცენტის დარიცხვას. ამასთან, საქონლის შესანახად გამოიყენებოდა საკულტო-რელიგიური შენობები, რადგან იქ უზრუნველი იყო უმაღლესი უსაფრთხოება.

მონათმფლობელურ საბერძნეთში მონასტრები, როგორც ფულის შენახვის ადგილები, წამყვან როლს ასრულებდნენ და კულტის მსახურებიც არსებითად თავისებურ ბანკირებად ითვლებოდნენ. ერნსტ კურტიუსი წიგნში „საბერძნეთის ისტორია“ წერს: ყველა წამყვან მონასტერთან დაკავშირებული იყო ფინანსების მართვა. ქურუმები ესწრაფოდნენ მონასტრის წლიური შემოსავლის გაზრდას მათი უნარიანი მართვით, მიწის არენდით, სესხის მომგებიანი გაცემის საშუალებით, განძის წარმოქმნას, რომელიც საკმარისი იქნებოდა არა მარტო წეს-ჩვეულებების შესასრულებლად, არამედ მონასტრის ძლიერების განმტკიცებისათვის. ძვ. წთ. აღ. მეხუთე ასწლეულში რომში გაიცემოდა პროცენტიანი სესხები გირავნობით ან მის გარეშე, ხოლო 100 წლის შემდეგ გამოჩნდნენ „ბანკირები”. მეორე პუნიკური ომის დროს (დაახლოებით 200 წ. ძვ. წთ. აღ.) რომი ხმელთაშუა ზღვის წამყვან საფინანსო ცენტერად ითვლებოდა. სავახშო კაპიტალმა თავის სრულ განვითარებას მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებაში მიაღწია. იგი ორი ძირითადი ფორმით არსებობდა: ფულადი სესხის სახით გაბატონებული კლასებისათვის (მონათმფლობელებისა და ფეოდალებისათვის) და ნატურალური ფორმით საქონლის მარტივი მწარმოებლებისათვის. ამ დროისათვის მევახშეებად უმთავრესად ვაჭრები, ფეოდალი-მიწათმოქმედნი, აგრეთვე მონასტრები გამოდიოდნენ. საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი იყო. იგი 40-დან 100%-მდე მერყეობდა, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება მეტიც ყოფილიყო, მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეწინააღმდეგებოდა საწარმოო ძალების განვითარებას. ძირს უთხრიდა მონათმფლობელური და ფეოდალური წარმოების წესს.

ფეოდალიზმის დროს მეფეები, ომისა და კრიზისის დროს, მიმართავდნენ მიმოქცევაში არსებული ლითონური ფულის გაფუჭებას. ამის შემდეგ გაჩნდა ზარაფების პროფესია, რომლებიც ამოწმებდნენ მონეტების ხარისხს და გაცვეთილის შეცვლის აუცილებლობისას, ახდნენ ახლის გაჭედვას. ფულის ასეთმა გაცვლამ საბოლოოდ გამოიწვია დეპოზიტური ოპერაციების განვითარება თანამედროვე გაგებით. პირველად ფული საბანკო დაწესებულებებში თავსდებოდა დეპოზიტის სახით იმ პირობით, რომ შემდგომ პატრონებს იგივე მონეტები დაუბრუნდებოდათ. შემდეგ დაიწყეს დეპოზიტების გამოყენება სესხისათვის, რამდენადაც მევახშეს უნდა დაებრუნებინა იგივე თანხა და არა იგივე ფული, როგორც ასეთი, ამიტომ ე.წ. შენახვის დეპოზიტები თანდათან გარდაიქმნა ბანკის დეპოზიტებად. კლიენტს შეჰქონდა ბანკში ფულადი თანხა იმისათვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ გადაეტანა იგი თავისი სავაჭრო პარტნიორის ანგარიშზე. იმავდროულად მის საბანკო ანგარიშზე შედიოდა გადასახადები კლიენტებისაგან. ანგარიშებში დებეტური და კრედიტული ჩაწერების საშუალებით ხორციელდებოდა ფულის ბრუნვა. წარმოიქმნა სპეციალური ინსტიტუტები ჟირობანკები (,,ჟირო» ბერძნული სიტყვაა და წრეს ნიშნავს), რომლებიც ამ ოპერაციებს ახორციელებდნენ.

პირველი ბანკი თანამედროვე გაგებით იტალიაში, ქ. გენუაში წარმოიქმნა 1407 წ. ამ დროისათვის, როცა იტალიაში გამოჩნდა საბანკო საქმიანობის ახალი ინსტიტუტები. წარმოიქმნა და განვითარდა ბუღალტრული აღრიცხვის ორმაგი სისტემა, რომელმაც თავისი მნიშვნელობა აქამდე შეინარჩუნა. XII საუკუნეში იტალიაში პირველი ვექსილი გაჩნდა. XIV ს-ში ჩვეულებრივი გახდა ვექსილის წარმოდგენა არამარტო მეანაბრის, არამედ მესამე პირის სასარგებლოდ. XVII ს-ის ბოლოს შემოიღეს გადაცემითი მინაწერი (ინდოსამენტი) ვექსილებზე, რაც აბსტრაქტულ საგადასახადო ვალდებულებად იქცა. იტალიაშივე დეპოზიტების ბაზარზე გაჩნდა ბანკნოტები. ეს განპირობებული იყო ეკონომიკური აუცილებლობით, საწარმოო ძალებისა და ვაჭრობის სწრაფი განვითარებით. ოქრო ფულის სახით არ იყო საკმარისი და წარმოიქმნა მოთხოვნილება ,,სავაჭრო ფულზე“. საწყის ეტაპზე ეს ბანკნოტები სრულყოფილად უზრუნველყიფილი იყო დეპოზიტებით. როგორც კი ზარაფებმა შეამჩნიეს, რომ ყოველდღიურად ყველა ანაბარი არ გამოიყენებოდა თავისი მფლობელების მიერ და რომ ყოველდღიური მოთხოვნილება ყველა დეპოზიტის მხოლოდ განსაზღვრულ პროცენტს შეადგენდა, მათ დაიწყეს საგირაო ბილეთების მიცემა ვაჭრებზე დეპოზიტური დაფარვის გარეშე და ამით თვითონ აძლევდნენ მათ კრედიტებს. ასეთი ბანკნოტები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამედროვე ბანკნოტის წინამორბედი. XVII ს-ში, ინგლისში, კაპიტალიზმის განვითარების ადრეულ სტადიაზე, ბანკნოტებმა ფართო გავრცელება პოვა მას შემდეგ, რაც ინგლისის ბანკმა დაიწყო მათი მიმოქცევაში გაშვება.

მევახშეების მონოპოლური პოზიციები დაირღვა სამრეწველო და სავაჭრო კაპიტალისტების მიერ, რომელთაც შემოიღეს ერთმანეთისათვის კრედიტების მიცემა ზომიერი პროცენტებით. მათ ბრძოლას მევახშეების წინააღმდეგ მრავალ ქვეყანაში მხარს უჭერდა სახელმწიფო. 1624 წელს ინგლისში მიღებული იქნა კანონი, რომლითაც შეიზღუდა განაკვეთი რვა პროცენტით. 1651 წელს პროცენტის ზედა ზღვარი განისაზღვრა ექვსით, 1714 წელს კი ხუთით. არსებობდა სპეციალური წესები იმ მევახშეთა დაჯარიმებისათვის, რომლებიც ეცდებოდნენ ასეთი შეზღუდვების გვერდის ავლას.

თანამედროვე საბანკო საქმის სათავეები უნდა ვეძებოთ, პირველ ყოვლისა, იტალიის, უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ იტალიის შუა საუკუნეების ზარაფების საქმიანობაში. ცნება „ბანკ“, მომდინარეობს იტალიური სიტყვისაგან „BANKO“ (ზარაფების სკამი, ფულის მაგიდა). ყველაზე გავლენიანი იყო კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ბანკები – კურიები. საყოველთაოდ ცნობილია მედიჩის სახელოვანი კლასიკური ლიტერატურის ბანკი ფლორენციაში. ფლორენციაში არსებულ ბანკის მთავარ კანტორას 16 ფილიალი ჰქონდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ლონდონი ბრიუგე, ლიონი, ვენეცია, გენუა, რომი, ნეაპოლი. მთავარი კანტორა იძლეოდა ფულად გზავნილებს, რომლებსაც ყველა ფილიალი ანაზღაურებდა და აღნიშნავდნენ, რომ მედიჩის სავაჭრო სახხლი ანაზღაურებს თანხას დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ნამდვილი გზავნილების წარდგენისას. გერმანიაში აუგსბერგის და საბანკო სახლის ფიუგერებმა 1508 წ. შეძლეს მთელი თავისი რომის აგენტურის გაერთიანება პაპ იოანე მეორის ბანკში. მაგრამ ფიუგერები ახორციელებდნენ ოპერაციებს არა მარტო პაპთან, არამედ ევროპის მეფეებთან და კაიზერებთანაც.

ბანკების საწყის ფუნქციებს – ფულით ვაჭრობას, ახალი ფუნქცია – კაპიტალის მართვის ფუნქციაც დაემატა, რომელსაც პროცენტული შემოსავლები მოჰქონდა. ბანკებმა, როგორც კაპიტალის შემგროვებლებმა, წარმოების მთლიანი პროცესების მომსახურება დააწესეს და მასზე უშუალო ზემოქმედევბის შესაძლებლობა მიიღეს. კაპიტალისტური საკრედიტო სისტემა აღმოცენდა და განვითარდა, როგორც რეაქცია მევახშეობის წინააღმდეგ.

სარგებლის მომტანი კაპიტალი, რომელიც მანმადე მხოლოდ წვრილ მეწარმეებზე და დიდგვაროვნებზე მხოლოდ ფუფუნებით ცხოვრებისათვის გაიცემოდა, კაპიტალისტური წარმოების წესის პირობებს და მოთხოვნებს დაექვემდებარა. კაპიტალისტი მსესხებელი გახდა, რომელიც კრედიტს არა ფუფუნებით ცხოვრებისათვის, არამედ მწარმოებლური განვითარების მიზნებით იღებდა. კრედიტებზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ ბანკები აიძულა საკრედიტო რესურსების გაზრდისათვის ეზრუნა. ბანკები არამერტო თავისუფალი ფულადი კაპიტალის ცენტრალიზაციას ახდენდნენ და მის გამოყენებას სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდნენ, არამედ მოსახლეობის წვრილ დანაზოგებსაც კაპიტალად აქცევდნენ.

საბანკო საქმიანობის წარმოშობა და განვითარება საქართველოში

როგორც მსოფლიოს უმეტეს ძველ ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოშიც ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებების ანუ ბანკების არსებობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნებს – იბერიასა და კოლხეთს, სხვადასხვა სახის საკრედიტო დაწესებულებები – ზარაფებისა და მევახშეობის ინსტიტუტების სახით გააჩნდათ, რომლებიც დღევანდელი საბანკო სისტემის წინამორბედებს წარმოადგენდნენ. მსგავსი ტიპის სტრუქტურული ერთეუილები საქართველოში ჯერ კიდევ კოლხეთისა და იბერიის სამეფოში ძვ.წთ.აღ-ით VI ს-ში გამოჩნდნენ. შემდგომ პერიოდში ეს პროცსი პერმანენტულად გრძელდებოდა და ჩქარდებოდა, VIII ს-ის საქართველოში უკვე არსებობდნენ ფართო საკრედიტო ორგანიზაციები – დღევანდელი გაგებით ბანკები, რომელთაც ორტაღი ეწოდებოდა, რომელნიც კრედიტებს სხვადასხვა ქონების გირავნობის ქვეშ ან მის გარეშე იძლეოდნენ. ე.წ. „ოქროს ხანის” საქართველოში (XII-ს) ნიშანდობლივი თავისებურება მისი ფულად სისტემა იყო. კერძოდ ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოს ტერიტორიაზე ვერცხლისა და სპილენძის ფულს ერთი და იგივე მსყიდველობითი უნარი გააჩნდათ – უპრეცენდენტო მოვლენა იყო ომ დროს მსოფლიოში, რადგან შუა საუკუნეების სახელმწიფოებში თვით სპილენძის ფულს, ნომინალის მიუხედავად, ლითონის ღირებულება ჰქონდა. როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, დავით აღმაშენებელს ფრიად ორიგინალური გადაწყვეტილება მიუღია: საქართველოს მიწაწყალზე რვალს ,,თეთრი” ვერცხლად მიიღებოდესო (რვალი-სპილენძისა და თუთიის შენარევი ლითონი, რომლისგანაც იბეჭდებოდა ფული). თანამედროვე ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, დავით აღმაშენებელმა სავალუტო რეფორმა – ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოახდინა და მკაცრი სავალუტო კონტროლის დამყარებით ქვეყანაში უცხოელების მიერ ქართული დიზაინის მქონე სპილენძის ყალბი მონეტების შემოტანა აღკვეთა. ამ სავალუტო რეფორმამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა – საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეეწყო ხელი. XI – XIII სს. საქართველო ჩაბმული იყო მსოფლიო ვაჭრობაში, რის შედეგადაც ვითარდებოდა საკრედიტო დაწესებულებებიც, თუმცა XIII ს-ის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო განუწყვეტელი ბრძოლების არენად იქცა, რაიმე სახის საკრედიტო დაწესებულებების არსებობის შესახებ მასალები ისტორიულ წყაროებში აღარ მოიპოვება. მოგვიანებით XVII–XVIII სს. საქართველოში უკვე საზარაფო დაწესებულებები არსებობდა (განსაკუთრებით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის დროს), რომლებიც საკრედიტო – საანგარიშსწორებო ოპერაციაბს ასრულებდნენ და ჭრიდნენ ფულს არამარტო საქართველოში, არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც.

მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო (1801 წ), საქართველოში მოქმედი ეროვნული საკრედიტო სტრუქტურები გაუქმდა და მათ ად- გილზე დაიწყო რუსეთის სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებათა დაარსება. საქართველოში, პირველი ასეთი საკრედიტო დაწესებულება დაარსდა 1810 წელს თბილისში ,,საქართველოს საზოგადოებრივი მზრუნველობის საგანგიოს” სახელწოდებით, რომელიც იღებდა ანაბრებს და იძლეოდა კრედიტებს. თბილისში 1866 წლიდან ფუნქციონირებდა რუსეთის ბანკის (შეიქმნა 1860 წ.) თბილისის სამმართველო. 1871 წლიდან თბილისის კომერციულმა ბანკმა დაიწყო მუშაობა ფილიალებით ბაქოში, ბათუმში და ერევანში. ამავე წლიდან საქართველოსი შეიქმნა „შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა“, ანუ „სასოფლო ბანკი“ (დაფუძნდა დუშეთის მაზრაში). XIX ს-ის 80-იან წლებში საქართველოში სულ 85 საკრედიტო დაწესებულება ფუნქციონირებდა, 15 თბილისში. 1875 წლის 28 ივნისს თბილისში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაფუძნდა თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკი, ხოლო ქუთაისში – 1876 წელს ნიკო ღოღობერიძის თაოსნობით.

1917 წელს თბილისში ფუნქციონირებდა „ცენტრობანკი“, ფილიალებით ლანჩხუთში, ბორჯომში, ქუთაისში და ზესტაფონში. საქართველოს საფინანსო საქმიანობას რუსეთის ბანკების კანტორებიც ეწეოდნენ: ვოლგა-კამსკის კომერციული ბანკი, სანკტ- პეტრერბურგის საერთაშორისო ბანკი, სახალხო ბანკი, საერთაშორისო ნდობის საზოგადოების სტატუსით ა. პრიდანოვის ბანკი.

1917 წლის ცნობილი რევოლუციების შემდეგ, კარდინალურად შეიცვალა, როგორც ბანკის საქმიანობის მიმართულებები, ასევე საბანკო სისტემა მთლიანობაში. 1919 წელს მრეწველობის დაკრედიტება შეწყდა, საწარმოების ყველა შემოსავალი, ფულადი ურთიერთობების შენარჩუნებით, ხაზინას გადაეცა. ბიუჯეტი კი დგებოდა, მაგრამ მას თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. რუსეთის ხელისუფლება ისეთ ღონისძიებებს ატარებდა, რომელიც სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების ლიკვიდაციისაკენ იყო მიმართული, რადგან, კომუნისტური იდეოლოგიის შესაბამისად, სოციალისტური საზოგადოება ფულის გამოყების გარეშე უნდა განვითარებულიყო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საბანკო სისტემის ლიკვიდაციის შესახებ. 1920 წლის 19 ივნისს სახალხო კომისარიატის საბჭოს დეკრეტით სახალხო ბანკი გაუქმდა და მისი აქტივები და პასივები ფინანსების სახალხო კომისარიატს გადაეცა, რომელმაც ემისიის უფლებაც შეინარჩუნა. ამ პერიოდისათვიოს ქვეყანაში არცერთი საკრედიტო დაწესებულება არ ფუნქციონირებდა. საბანკო საქმიანობამ, როგორც სოციალურმა ფენომენმა არსებობა შეწყვიტა, რამაც მაშინვე იმოქმედა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„სამხედრო კომუნისმის“ პოლიტიკის ჩავარდნის შემდეგ ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე (ნეპი) გადასულიყო, რასაც სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები უნდა აეღორძინებინა. 1921 წლის 3 მაისს დაფუძნდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბანკის (იგი 1921 წლის დასაწყისიდა შეიქმნა) საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური ბანკი, რომელიც 1924 წლის დასაწყისიდან სსრკ-ს სახელმწიფო ბანკის (იგი 1923 წლის ივლისიდან ფუნქციონირებდა) საქართველოს სახელმწოფო ცენტრალურ ბანკად გარდაიქმნა.

რუსეთში და შესაბამისად საქართველოშიც სახელმწიფო ბანკის დაწესებულებათა ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა 1922 წლისათვის. თავისუფალი მეწარმეობა და ქვეყნის დინამიური განვითარება ახალი საკრედიტო დაწესებულებების შექმნას მოითხოვდა. 1922- 1925 წწ. ქვეყანაში ცალკეული მეურნეობების მომსახურე ბანკების ფართო ქსელი შეიქმნა, როგორებიცაა: „მრეწვბანკი“, „ელექტროკრედიტი“, „ცეკავშირის ბამნკი“, „სასოფლო- სამეურნეო ბანკი“, „კოპერატიული ბანკი“ და სხვ. 1923 წელს თბილისში დაარსდა „საქართველოს კომერციული ბანკი“ განყოფილებებით აჭარაში, აფხაზეთში, ქუთაისსა და ფოთში. 1923 წლის ოქტომბერში ფუნქციონირება დაიწყო თბილისის ოლქის „შემნახველმა სალარომ”, რომელსაც ფილიალები ოთხ რაიონში ჰქონდა გახსნილი, ხოლო 1929 წლისათვის შემნახველი სალაროების რიცხვმა საქართველოში 270-ს მიაღწია.

1927 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ „საკრედიტო სისტემის აღორძინების პრინციპების შესახებ“ მიიღო დადგენილება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ბანკის მუშაობაში (განსაკუთრებით სპეციალიზირებული ბანკების) პარალელიზმი შეინიშნებოდა და ისინი უნივერსალუირ ბანკებად ყალიბდებოდნენ. დაკრედიტების განმხორციელებელმა ბანკების სიმრავლემ მათ შორის კონკურენცია წარმოშვა. ბანკების ფუნქციები მკაცრად დაკონკრეტდა და სახბანკის, როგორც მოკლევადიანი დაკრედიტების ორგანოში და დარგობრივი ბანკების, როგორც გრძელვადიანი დაკრედიტების ორგანოს როლები შესაბამისად გაძლიერდა. ბანკები დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობისაკენ მიისწრაფვოდნენ, მთავრობა კი მათი ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვის ინსტრუმენტად გარდაქმნას ცდილობდა.

1930 წლის ბოლოსათვის „ნეპი“ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო საბანკო სისტემამ 1930-1932 წ.წ. საკრედიტო რეფორმის განხორციელებისას ღრმა ცვლილებები განიცადა, რის შედეგად სპეციალიზირებული სახელმწიფო ბანკის ქსელი შეიქმნა, რომლებიც მათზე „მიმაგრებული“ სახალხო მეურნეობის დარგების დაფინანსებაზე იყვნენ ორიენტირებულები. დაიწყო ნახევარსაუკუნოვანზე მეტი პერიოდი, რომელიც იმით ხასიათდებოდა, რომ ბანკების არსებობის მიუხედავად ფაქტობრივად საბანკო საქმიანობა არ არსებობდა, რადგანაც ბანკები საშემნახველო სალაროებად გადაიქცნენ იმის გამო, რომ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დირექტიულად სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებზე იქნა განპირობებული.

XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბანკო სისტემის რეფორმის დაწყების პროცესში სახელმწიფო ბანკების სამმართველოები და განყოფილებები თვითანაზღაურებაზე გადაიყვანეს ბანკების მართვის ცენტრალიზებული სისტემის შენარჩუნებით. მაგრამ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელი გახდა უპირველეს ყოვლისა იმ რესურსების მკაფიო გამოყოფის შეუძლებლობის გამო, რომელთა განკარგვის შესაძლებლობა ექნებოდათ მათ. სპეციალიზებული ბანკების სისტემის ბანკების საქმიანობა წინააღმდეგოვბაში მოვიდა საბაზრო ურთიერთობებთან.

ეკონომიკის ტრანსფორმაციას თან ცენტრალიზებული მატერიალური მარაგის სიტემის ლიკვიდაცია მოჰყვა. ამან საშუამავლო და სავაჭრო ორგანიზაციების ფართო ქსელი წარმოშვა და საბანკო მომსახურებაზე მოთხოვნილება მკვეთრად გაზარდა. ქვეყნის ეკონომიკას ეფექტიანი და საკრედიტო საანგარიშსწორებო მოსახურების საჭიროება გაუჩნდა. სახელმწიფო სპეციალიზირებული ბანკების ცენტრალიზებულმა სისტემამ, კონსერვატიულობისა და ინერტიულობის გამო, ამ ამოცანის გადაწყვეტა ვერ შეძლო. საბანკო დაწესებულებებმა საკუთარი კაპიტალი ვერ მიიღეს. ისინი ცენტრალიზებული ინსტრუქციებით აგრძელებდნენ მუშაობას და ქვეყნის რეგიონებში საბაზრო ეკონომიკის ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად თავიანთი საქმიანობის ადაპტაცია ვერ მოახერხეს.

სპეციალიზებული ბანკების დაწესებულებათა უმეტესობამ ერთპიროვნულად დაიწყო კომერციულ ბანკებად გარდაქმნა. კლიენტურის სახელმწიფო სპეციალიზირებული ბანკებიდან კომერციულ ბანკებში მასობრივი გადასვლა დაიწყო. 1994 წლის ბოლოსათვის, ქვეყანაში უკვე 200-ზე მეტი კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა და საბანკო სფეროში სახელმწიფო მონოპოლია იქნა ლიკვიდირებული.

რაც შეეხება ცენტრალური ბანკის ტიპის საბანკო დაწესებულებათა ფუნქციონირებას საქართველოში, იგი რიგი თავისებურებებით ხასიათდებოდა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ გააჩნდა საკრედიტო სისტემის მართვისა და რეგულირების საკუთარი სათაო რგოლი – საქართველოს ეროვნული ბანკი. მის მოვალეობას ასრულებდა რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილისის განყოფილება, რომესაც 1917 წლის ნოემბრიდან არავითარი კავშირი არ ჰქონდა საიმპერიო ბანკთან. რუსეთის ყოფილი საიმპერიო ბანკის თბილსის განყოფილებამ 1917 წლის ნოემბრიდან ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატის ფინანსთა კომისრის ქრიტეფრე კარჩიკიანის უშუალო დაქვემდებარებაში, ხოლო შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის გიორგი ჟურულის და კონსტანტინე კანდელაკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნული ბანკის თბილისის განყოფილების ფუნქცია ზარაფხანიდან შეტანილი ფულადი ნიშნების ფინანსთა მინისტრის დირექტივებისამებრ განკარგვა იყო. მის მუშაობას აკონტროლებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დანიშნილი საგანგებო კომისარი. დამოუკიდებელი სახელმწიფო საკრედიტო აპარატის არარსებობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ფულის მიმოქცევის და სხვა სასიცოცხლო ეკონომიკური მნიშვნელობის საქმეთა რეგულირების პრეროგატივას, ერთობ უარყოფით როლს თამაშობდა და შეუძლებელი იყო, დიდხანს გაგრძელებულიყო.

1919 წლის 13 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა „კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს თან ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, წყობის სტრუქტურა, საწესდებო კაპიტალი და უფლებამოვალეობანი იყო განმარტებული.

საქართველოს სახელმწიფო ბანკმა ფუნქციონიება 1920 წლის ივლისიდან დაიწყო. კანონის თანახმად, აღნიშნული სტრუქტურის დაარსების პირველივე დღიდან „საქართველოს სახელმწიფო ბანკი” ეწოდა. მისი ძირითადი ფუნქცია იყო ფულის მიმოქცევისა და რესპუბლიკის ფულადი ნიშნების სტაბილურობა, აგრეთვე ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მოკლევადიანი სესხის გაცემა. საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ქართველი ფინანსისტი იასონ ლორთქიფანიძე.

მიუხედავად თავისი არსებობის მცირე ხნისა, ბანკმა საქართველოსთვის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწრო: განახორციელა ფულის რე- ფორმა, შეიქმნა მნიშვნელოვანი უცხოური სავალუტო რეზერვები, მიმოქცევიდან ამოიღო ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები. ამ უკანასკნელის თავისუფალი მიმოქცევა აშკარად ზღუდავდა სუვერენული საქართველოს ფულად-საკრედიტო სფეროს და ამდენად, ხანგრძლივად ვერ გაგრძელდებოდა. შედეგად, საქართველოს ეროვნულ საბჭოში ქართული ფულის, თუნდაც ბონების სახით გამოშვების მომხრეთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა.

1918 წლის ივნისში დაარსდა „ქართული ფულის ფონდი“, რომელიც მომავალი ქართული ვალუტის სტაბილური კურსის ერთ-ერთი მყარი გარანტი უნდა გამხდარიყო. 918 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი ქართული ფულის ნიშნების კონკრეტული მხატვრული სახის შესარჩევად და დასადგენად. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, რომელმაც ერთხმად მოიწონა მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ შესრულებული ესკიზი. სწორედ ეს ესკიზი დაედო საფუძვლად ქართული ბონების გარეგნულ სახეს. ამ პერიოდისთვის ქართული ბონების გამოსაშვებად უკვე მომზადებული იყო ნიადაგი _ საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო და ყვლა ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ უკვე იყო დრო, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დასმოდა საქართველოს ფინანსურ დამოკიდებულებას სომხეთსა და აზერბაიჯანში.
1921 წლის 21 თებარვალის შემდეგ, როდესაც საქართველოში დამყარდა საბჭოთა წყობილება, ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და „საქართველოს სახელმწიფო ბანკს“ სახელმწიფოებრივი საფუძველი გამოაცალა და მან არსებობა შეწყვიტა. ამ პერიოდიდან გენერალური ბანკის ფუნქციებს „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ბანკი“ ასრულებდა.

საბანკო სისტემის განვითარების ისტორიაში საქართველოსთვის ახალი ეტაპი 1991 წლიდან იწყება. პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში ფეხს იკიდებს საბანკო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკა. ქვეყნის წინაშე მდგარ უამრავ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი და უმნიშვნელოვანესია მძლავრი, კონკურენტუნარიანი, მოქნილი და საიმედო საბანკო სისტემის შექმნა, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საბანკო სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობაზე. საბანკო სფერო მოითხოვს სერიოზულ ყურადღებასა და მხარდაჭერას, რომ მან არ შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკიური კრიზისიდან გამოსვლის პროცესი და ეროვნული მეურნეობის დინამიური განვითარება.

1991 წლის აგვისტოსში ოპერატიულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ახალი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას და განსაზღვრა, თუ ვის და როგორ უნდა გენეხორციელებინა ფულად–საკრედიტო ურთიერთობათა რეგულირება და რა როლი უნდა ეთამაშა ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნულ ბანკს. ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შექმნის პირველივე დღეებიდან ეწოდა „საქართველოს ეროვნული ბანკი“, რომელიც მძლავრ სახელმწიფოებრივ-ეკონომიკურ ინსტიტუტს წარმოადგენს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სისტემის წარმოშობა კაცობრიობისათვის დიდი წარმატებაა. როგორც ვხედავთ, იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობად იქცა ქვეყნის განვითარებისთვის. მთელ მსოფლიოში ბანკების როლი წარმოებისა და მიმოქცევის მოცულობების განვითარების შესაბამისად ეტაპობრივად გაიზარდა. თანდათან გაჩნდა თავისუფალი ფულადი რესურსები, რომელთა აკუმულირებაც პერიოდულად ხორციელდებოდა, მაგრამ უკვე თანამედროვრე სესხის პირველადი სახით მრეწველ და მოვაჭრე კაპიტალისტებისაკენ მიიმართებოდა. მეურნეობის ყველა დარგში სასაქონლო-ფულადი მიმოქცევის განვითარებამ საბნკო კაპიტალის განვითარებაც განაპირობა. დღეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც საბანკო სისტემა საკმაოდ განვითარებულია. საბანკო სექტორის ამ ფორმით ჩამოყალიბების წინაპირობა მისი წარსულის შედეგია, ინტეგრაციისა და პერიოდული ფორმირებისა, რამაც იგი დღევანდელ სახემდე მიიყვანა.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ქართული კომერციული ბანკები – qartulibanki.blogspot.com
2. ჟურნალი „ფორბსი“ – forbes.ge
3. ბიზნეს პორტალი www.lari.ge
4. ვ. მოსიაშვილი ფ. ლომიძე ფ. ქოქოსაძე – „საბანკო საქმე“
5. ბანკები და საკრედიტო სისტემები – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial