ნაყინის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ფაქტორები და ასორტიმენტის სრულყოფის გზები

ლია ბერიკაშვილი, გივი მიქელაძე, ტექ. მეც. დოქტორი, პროფესორი

XX საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკური კურსის ცვლილებამ, ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. მოხდა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, რამაც მრეწველობის ყველა დარგში ჰპოვა ასახვა. ნაყინის წარმოება და რეალიზაცია ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. დადგენილია, რომ ნაყინის საამქროს ერთი სამუშაო ადგილი, უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის სახალხო მეურნეობის არანაკლებ 30 დარგში. მიუხედავად იმისა, რომ ნაყინის მოხმარება ზაფხულობით მეტია ვიდრე წელიწადის სხვა დროს, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მაინც შეიმჩნევა ნაყინის მოხმარების გათანაბრების ტენდენცია წელიწადის ცივ დროს.

საუკუნის მსოფლიო და სამამულო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სამაცივრო ინდუსტრია და მისი უმნიშვნელოვანესი დარგი – ნაყინის წარმოება მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დიდი ეკონომიკური სისტემების კრიზისული სიტუაციებიდან სწრაფ გამოსვლას (ეს თავისებურება აღინიშნება გერმანიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში), ასტიმულირებს სახალხო მეურნეობის მრავალ დარგს. ამ დარგთა შორის საქართველოსთვის მთავარია: სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელშიც შედის ნაყინის ნედლეულის და ნახევარფაბრიკატების წარმოება; წარმოებული ნაყინის რეალიზაცია მოიცავს ყველა სავაჭრო რგოლებსა და მომსახურების ობიექტების ინფრასტუქტურას.

ნაყინის ბაზარი, ბაზართა უმრავლესობის მსგავსად მაღალკონკურენტუნარიანია. დღევანდელ პირობებში, მსოფლიო გლობალიზაციის და ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, როდესაც ბაზარზე კონკურენტული ბრძოლაა გამძაფრებული, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მარკეტინგული კვლევის სწორად წარმართვას. მარკეტინგული კვლევის უმნიშვნელოვანეს ამოცანას კი, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საბჭოთა კავშირში, გეგმიური ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობას, როგორც ობიექტურ ეკონომიკურ კატეგორიას არც თეორიაში და მით უფრო პრაქტიკაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა კონკურენტუნარიანობა კი საბაზრო სისტემაში ერთ-ერთ ძირითად კატეგორიას წარმოადგენს. დღეისათვის, ყველა საქმიან წრეებში ყურადღების ცენტრში უცვლელად დგას საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხი. გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კონკურენტუნარიანობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მაგალითად, აშშ-ში შექმნილია პრეზიდენტთან არსებული მრჩეველთა სპეციალური საბჭო, ხოლო კონგრესის მიერ მიღებულია კანონი “ვაჭრობასა და საქონლის კონკურენტუნარიანობაზე”.

ნებისმიერი საქონელი, ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნილების ცვლილებასთან ერთად, ადგილს უთმობს უფრო ახალ და სრულყოფილ საქონელს. ბაზარზე საქონელი რომ კონკურენტუნარიანი იყოს, თავისი საერთო (ფუნქციონალური, საგნობრივი, ვიზუალური) თვისებებით წარმატებულად უნდა უძლებდეს ანალოგიური საქონლის კონკურენციას:
– ფუნქციონალურად – უფრო მისაღები ხერხებით აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მოთხოვნილებას და ახალი მოთხოვნილებების ფორმირებას უწყობდეს ხელს.
– საგნობრივად – გამოირჩეოდეს მომხმარებლური თვისებების მნიშვნელოვანი პარამეტრებით;
– ვიზუალურად – სარეალიზაციო სახე და დიზაინი ჰქონდეს უკეთესი.

ე. ი. კონკურენტუნარიანობაში იგულისხმება ბაზარზე საქონლის წარმატების განმსაზღვრელი სამომხმარებლო და ეკონომიკური თვისებების, ნიშნების ერთობლიობა და ყველაფერი ის, რაც კონკურენციის პირობებში საქონლის გასაღებას უწყობს ხელს. საქონლის წარმატებული რეალიზაცია, საწარმოს საქმიანობის საბოლოო და ძირითადი მიზანია. საბოლოო ანგარიშით, ფირმის საქმიანობა მომხმარებლის განწყობილებით კონცენტრირდება. ფირმებისათვის, მომხმარებელი საბოლოო ინსტანციაა, მასზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება, იყიდოს თუ არა გარკვეული ფირმის საქონელი.

ადამიანის ორგანიზმი ისეა აგებული, რომ მას ბავშვობიდანვე აქვს მიდრეკილება ტკბილისაკენ. თავდაპირველად ნაყინი მიღებული იყო, როგორც დელიკატესი, სიტკბოსა და გამაგრილებელი თვისებების გამო, მაგრამ მისი ქიმიური შემადგენლობიდან (შეიცავს: ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს) და ფიზიოლოგიური ზემოქმედებიდან გამომდინარე, იგი მასიური მოხმარების პროდუქტი გახდა. ნაყინი უყვარს ყველას, დაწყებული პატარებიდან მოხუცების ჩათვლით, სწორედ ამიტომ, ის უკვე დიდი ხანია წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, როგორც ადგილობრივი ისე საზღვარგარეთის კომპანიებისათვის.

1993-94 წლებში საქართველოში მრეწველობის თითქმის ყველა დარგი – მათ შორის ნაყინის წარმოებაც, თითქმის მთლიანად შეწყდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ იმპორტული საქონლით იყო გაჯერებული.

1996 წლიდან, ადგილობრივმა მეწარმეებმა გადადგეს პირველი ნაბიჯები და ინტენსიურად დაიწყეს კერძო, მცირე და საშუალო სიმძლავრის საწარმოების ჩამოყალიბება. ნაყინის წარმოება, გახდა პირველი დარგი, რომელმაც შესძლო მოზღვავებული იმპორტული ნაყინისათვის კონკურენცია გაეწია და თითქმის გაეძევებინა ბაზრიდან.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულია ნაყინის მწარმოებელი 22 საწარმო. თუმცა, თბილისის ბაზარზე ათამდე საწარმოს პროდუქცია ფიგურირებს. ესენია: “თოლია”, “სამგორი”, “გურჯაანი”, “სანტე”, და ა.შ.

ნაყინის მწარმოებელი ფირმა თითოეულ მომხმარებელს ფართო ასორტიმენტის ნაყინს სთავაზობს. მაგალითად, ფირმა “თოლიას” ასორტიმენტშია: თოლია მომგებიანი, თოლია ჯემით, ლოლოს მომგებიანი, მინი ესკიმო, ესკიმო, ესკიმოსი თხილით, ჭიქა, პატარა ჭიქა, ჩიორა, სენდვიჩი, საოჯახო 500-200 გრამიანი და ა.შ. ფირმა “სანტეს” ასორტიმენტშია – კორნეტო შოკოლადი, კორნეტო ვანილი, კორნეტო ყავა, კორნეტო მარწყვი, ესკიმო შოკოლადი, ესკიმო ვანილი, ესკიმო ყავა, ჭიქა შოკოლადი, ჭიქა ვანილი, ჭიქა ყავა, ასაწონი 1500 მგ და ა.შ. როგორც ვხედავთ, თითოეულ საწარმოს სულ სხვადასხვა სახის ნაყინს გვთავაზობს, თუმცა ყოველი მათგანი განეკუთვნება ერთი სახეობის – რძის საფუძველზე დამზადებულ ნაყინს. გარდა ამისა, საწარმოები ნედლეულად, ძირითადად, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ნახევარფაბრიკატებსა და დანამატებს იყენებენ, რაც შეეხება სხვა სახეობის ნაყინს, როგორიცაა ხილის ნაყინი, მიუხედავად ადგილობრივი სანედლეულო რესურსების არსებობისა, იგი, ფაქტიურად, არ იწარმოება.

ყოველი საქონელი, ბაზარზე გარკვეული დროით იმყოფება. ნაყინის წარმოებას ერთ-ერთი მაგნატი, სანკტ-პეტერბურგის “პეტროხოლოდის” დირექტორი, ბადრი კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ყოველ ზაფხულს აუცილებელია რაღაც ახალი მოიგონო, ეს ხომ პურის ცხობა არ არის, რაც საუკუნების მანძილზე უცვლელი რჩება. ნაყინის წარმოებას თავისი მოდა გააჩნია, ისე როგორც ტანსაცმელს.

კონკურენტუნარიანი საკვები პროდუქტების განვითარებაში დიდი როლი აქვს მეცნიერებას, ვინაიდან ტექნოლოგიური პროგრესი კვების და გადამამუშავებელ მრეწველობასთანაა კავშირში. ასევე:
– ამ სფეროში მეცნიერულ მიღწევებთან;
– ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებთან, რომელიც გამოწვეულია მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების შედეგად;
– ეკოლოგიური პირობების ცვლილებებთან;
– ბაზარზე მკაცრ კონკურენციასთან.

ყოველივე ეს მოითხოვს არამარტო ტრადიციულ ნედლეულზე დამზადებული ტექნოლოგიების ძირეულ დახვეწას, არამედ “ახალი თაობის” პროდუქტების შექმნას. ესაა ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ნედლეულით დამზადებული პროდუქტები – ბალანსირებული შემადგენლობით, დაბალი კოლორიულობის – შაქრისა და ცხიმების შემცირებული შემადგენლობით, დიეტური და სამკურნალო თვისებების მქონე და ა. შ.

დღეს მსოფლიოში ძნელად მოიძებნება საქართველოს შესაძლებლობის მქონე სხვა ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა ხილ-კენკრის ნედლეულის წარმოების ასეთი მაღალი პოტენციური შესაძლებლობა. ეს ნედლეული სამრეწველო მასშტაბით თითქმის გამოუყენებელია. მისი გამოყენება ხილის ნაყინის წარმოებაში – დიეტური და სამკურნალო თვისებების თვალსაზრისით, სრულიად რეალურია, რაც თვალნათლივ ჩანს, ჩვენს მიერ შემუშავებული ხილის პექტინოვანი ნაყინის ტექნოლოგიის მიხედვით (რომელიც დაპანენტებულია, “საქპატენტი” #70 A 23 G9/02 9/04).

ხილის ნაყინის ახალი ტექნოლოგიით წარმოებაში, პექტინური ნივთიერებებით მდიდარი ხილის გამოყენებისას პროდუქტს ემატება სამკურნალო – პროფილაქტიკური დატვირთვა, პექტინს ახასიათებს კოლოდიური თვისებები: პექტინის წყალხსნარის გაცხელებით შაქართან და მჟავასთან წარმოიშობა ლაბი. ყველაზე მეტი ლაბის წარმოქმნის უნარი აქვს ვაშლის, ციტრუსების, შავი მოცხარის, კომშის პექტინს. პექტინური ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელების პროცესს, ნაწლავების პერისტალტიკას, ორგანიზმიდან მძიმე მეტალების, შხამქიმიკატების და რადიონუკლეიდების გამოტანას, მაღალი ადსორბენტული უნარის გამო. მათი ეს თვისება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებელია მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომლებიც ეკოლოგიურად არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ.

გარდა ამისა, ხილის პექტინოვანი ნაყინი ხასიათდება მაღალ კონკურენტუნარიანობით, თავისი მდიდარი გემოვანი, არომატული და კარგი სასაქონლო თვისებებით. მასში წყლის უმეტესი რაოდენობა შეკავშირებულ მდგომარეობაშია და გათბობისას დიდხანს ინარჩუნებს სტრუქტურას. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ რძეს საფუძველზე დამზადებული ნაყინის ტემპერატურა ორჯერ უფრო დაბალია ვიდრე პექტინოვან ველზე დამზადებული ნაყინის, ამიტომ ბავშვის კვებაში ხილის პექტინოვანი ნაყინის გამოყენება ჭამის დროს ყელის გაცივების თვალსაზრისით ნაკლებად საშიშია. ხილის პექტინოვან ნაყინის ლაბის კონსისტენცია უნარჩუნდება -20 – -30 -ის პირობებშიც, როდესაც რძის პროდუქტებზე დამზადებული ნაყინი ამ ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობაშია.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში მნიშვნელოვანია ნაყინის კონკურენტუნარიანობა სტაბილურად იყოს უზრუნველყოფილი. მის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია:
– გარეგანი სახე და გემოვანი თვისებები;
– ბუნებრივი ნედლეული;
– არატრადიციული ტექნოლოგიის გამოყენება და მისგან სამკურნალო – პროფილაქტიკური დანიშნულების ასორტიმენტის წარმოება;
– შენახვის ვადების გახანგრძლივება ისეთი ნედლეულისა და დამატების გამოყენებით, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ანტიოქსიდანტებს.

ხილის პექტინოვანი ნაყინის ახალ ტექნოლოგიაში, გათვალისწინებულია კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ყველა ეს ფაქტორები. ხილის, პექტინოვანი ნაყინის წარმოებისათვის, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ტექნოლოგიური ინსტრუქცია და შემუშავებულია ტექნიკური პირობები. სიახლე დაპატენტებულია, ნაყინმა გაიარა აპრობაცია, ჩატარდა გამოკითხვა სპეციალური ანკეტების მიხედვით. ნაყინმა მომხმარებელთა და სპეციალისტთა მხრიდან მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურა.