მსოფლიო ეკონომიკის უსაფრთხოება და ახალი თამაშის წესები

მოამზადა ლინა ეპიშევამ

შვეიცარულ ქალაქ დავოსში გაიმართა ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი (21 იანვრიდან 25 იანვრამდე), სადაც “უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აყვავების” დევიზით გლობალური ეკონომიკის განვითარების საკვანძო საკითხები განიხილებოდა.

ფორუმის პროგრამა კონცენტრირებული იყო შვიდ საკვანძო ასპექტზე: გლობალურ უსაფრთხოებაზე, გლობალური ზრდის სტიმულირებაზე, ახალი რისკების მართვაზე, კორპორატიულ სიმტკიცეზე, ინოვაციების იმპულსების უზრუნველყოფაზე, ღირებულებების დივერსიფიკაციასა და უთანასწორობის არიდებაზე. ინტერფაქსის ცნობით, ფორუმის განმავლობაში აქტიური დისკუსიის და პლენარული სხდომების სახით 250 სესია ჩატარდა.

მსოფლიო არაეკონომიკური პრობლემების გარდა (მდგომარეობა ერაყში, ტერორიზმთან ბრძოლა), განიხილება აგრეთვე მსოფლიო ეკონომიკის რისკების საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, აშშ-ის სავაჭრო ბალანსის უზარმაზარი დეფიციტი, ამერიკული ეკონომიკისაგან მსოფლიოს მზარდი დამოკიდებულება, აშშ-სთან შედარებით ევროპაში შრომის ნაყოფიერების ვარდნა და ევროკავშირის მოსახლეობის დაბერება.

ფორუმის ოფიციალურ საიტზე განლაგებული ინფორმაციის თანახმად, დავოსში მორიგ ყოველწლიურ ფორუმს ესწრებოდა 94 სახელმწიფოდან ჩამოსული 2280 მონაწილე, მათ შორის 530 მონაწილე განვითარებადი ქვეყნებიდან. მონაწილეთა 50% მსოფლიოს მოწინავე კომპანიების წარმომადგენლებისგან (პრაქტიკულად, წარდგენილი იყო ეკონომიკის ყველა სექტორი) შედგებოდა. ფორუმის მონაწილეთა შორის იყვნენ გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი, კოფი ანანი, ნატოს ახალი გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოპი სხეფერი, ევრო კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჰავიერ სოლანა და სხვ.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა 6500 ჯარისკაცს ევალებდა. “რია ნოვოსტის” ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება უსაფრთხოების სპეციალური კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ეროვნულმა საბჭომ (შვეიცარიის პარლამენტის ქვემო პალატა) მიიღო, რაც გამოწვეული იყო ევიანაში ივნისის სამიტის მწარე გამოცდილებით. მაშინ ანტიგლობლისტებმა ჟენევის ქუჩებზე უწესრიგობა მოაწყვეს.

შვეიცარიის შემოსავალმა ფორუმის ჩატარებიდან დაახლოებით 40 მილიონი შვეიცარული ფრანკი შეადგინა, ამიტომ უსაფრთხოებაზე დიდი ხარჯის გაწევა (13,4 მილიონი შვეიცარული ფრანკი) გამართლებული აღმოჩნდა.

ხუთი შვეიცარული ფრანკით აჯარიმებდნენ მათ, ვინც შეეცდებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონგრეს-ცენტრში ჰალსტუხით შეღწევას. ასეთი ჯარიმა პრესტიჟული ფორუმის მონაწილეებისათვის დიდ არაფერს ნიშნავს, მაგრამ რამდენიმე საათით ვილის არენდაზე 80 ათასის გადახდა ყველასთვის მისაწვდომი არ არის. სწორედ ამ მიზეზით არ ჩამოვიდა დავოსში ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი – ახლო-აღმოსავლური პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.

თუმცა, საერთაშორისო კონფლიქტის #1 გამოუვალი მდგომარეობის განხილვა შესაძლებელი იყო ეგვიპტის ლიდერის გარეშეც. ასე თუ ისე, არაბეთის და ისრაელის პრობლემა დავოსის ფორუმის ბევრ სტუმარს აინტერესებდა. დისკუსიის პიკანტურობა არიელ შარონის გარშემო მომხდარი კორუფციული სკანდალით იყო გამოწვეული, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებდა გადადგომას მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა წაუყენა მას ბრალდება ქრთამის აღების გამო.

როგორც ვიცით, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ვიწრო კაბინეტებში არ წყვეტენ. თუ დავოსის კლიმატი ხელს არ უწყობდა შერიგებას (დამკვირვებლები იხსენებენ, თუ რა დაძაბული იყო ატმოსფერო წინა წლის ფორუმზე – ერაყის ომის წინ), ყოველ შემთხვევაში ის საშუალებას აძლევდა საკვანძო პრობლემების ფართო განხილვას და ხელს უწყობდა გადაწყვეტილების მიღებას მსოფლიო ელიტის წარმომადგენლების პირისპირ საუბრის დროს.

ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა იყო ევროზონაში საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ჩინეთში ინვესტიციების გაზრდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ევროპაში ინფლაციის დაძლევის მიზნით ევროს ზრდის შეჩერებისათვის აუცილებელია.

ამ წელს არაეკონომიკური თემებიდან ცენტრალურ ადგილს იკავებდა ერაყი. ამერიკელები მოუწოდებენ კოფი ანანის ქვეშევრდომებს, რომ ერაყში არჩევნების ორგანიზება და ხალხისთვის სუვერენიტეტის გადაცემა მოეხდინათ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაური, ჯეკ სტრო გაერთიანებული ერების პრომოუტერის როლში გამოვიდა. ლონდონის წარმომადგენელმა განაცხადა: “განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 2004-2005 წლებში გაერთიანებული ერების მონაწილეობა ერაყის მარეგულირებელ პროცესში, კერძოდ, არჩევნების ჩატარებასა და კონსტიტუციის მიღებაში. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ კოფი ანანი მხარს დაუჭერს აშშ-ისა და ერაყის თხოვნას ქვეყანაში გაერთიანებული ერების ექსპერტების გაგზავნის შესახებ”.

ფორუმს ესწრებოდა აგრეთვე საქართველოს ახლახან არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მოუწოდა მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, დააბანდონ ფული საქართველოს ეკონომიკაში. მან ფორუმზე მიმდინარე პროცესებზე, კორუფციასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. მ. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალში ქართულ-რუსულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს ექნება ადგილი. საქართველოს პრეზიდენტი დავოსში შეხვდა რუსეთის ფედერაციის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში, დიდ შვიდეულში რუსეთის წარმომადგენელს, ანდრეი ილარიონოვს და “რაო აესის” ხელმძღვანელს, ანატოლი ჩუბაისს. დაოსში ჩატარდა აგრეთვე ჯორჯ სოროსის და მიხეილ სააკაშვილის პრეს-კონფერენცია. მთავარი თემა იყო საქართველოს დახმარების პროგრამის დეტალები და ჯორჯ სოროსმა საქართველოს 100 მილიონი დოლარი აჩუქა. მან განაცხადა, რომ კმაყოფილია საქართველოში ხელისუფლების შეცვლით. ფინანსისტის თქმით, მისი ფონდი საქართველოში დაეხმარება სააკაშვილს და ჟვანიას “კორუფციასთან ბრძოლაში”. ამასთან, ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ მისი ჩარევა ჩვენი ქვეყნის მოვლენებში შემთხვევითი არ იყო. საქართველოში მის ფონდს ქართველები ხელმძღვანელობენ და მათ უნდა აიღონ მთელი პასუხისმგებლობა ფონდის საქმიანობაზე”, – განაცხადა ფინანსისტმა და დაამატა, რომ აპირებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის მაღალი ხელფასის გასაცემად 1 მლნ დოლარის გამოყოფას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კორუფციის დონის შემცირებას. “თუ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, მაშინ შესაძლებელი იქნება ამ გამოცდილების აფრიკის ქვეყნებში გამოყენებაც”, – დასძინა მან.

დავოსში ყურადღება რუსეთსაც მიაქციეს. ჯერ კიდევ ხუთი წლის უკან შვეიცარიაში წყდებოდა რუსეთის არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემები, არამედ ქვეყნის ბედიც. 1996 წლის დავოსის ფორუმმა საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ელცინის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა – მაშინ შვეიცარიაში ოლიგარქებს დაავიწყდათ უთანხმოება და ისინი გაერთიანდნენ ელცინის მოწინააღმდეგის, კომუნისტი გენადი ზიუგანოვის წინააღმდეგ. 1998 წლის აგვისტოს კრიზისის შემდეგ ამ ფორუმზე რუსეთი ცენტრალურ ადგილს უკვე არ იკავებდა.

პარასკევს სპეციალურ სემინარზე განხილული იყო რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა. საუბარი მიდიოდა, ძირითადად, მის ვალებზე და ურთიერთობაზე პარიზის კლუბის კრედიტორებთან. დასავლეთის ბიზნესმენები აპირებენ გაუზიარონ რუსეთის ბიზნესმენებს კომპანიებში კაპიტალის კორპორატიული მართვის გამოცდილება. ფორუმის მონაწილეებმა რუსეთის ჩინოვნიკებს მისცეს რჩევა, თუ როგორ შეუძლიათ მათ მიაღწიონ რუსეთის საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად წარდგენას. ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან ყველა შეხვედრაზე მოსკოვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აპირებდნენ უცხოური ინვესტიციებისათვის უფრო ხელსაყრელი კლიმატის შექმნას.

ამ წელს რუსეთის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსეი კუდრინი, მცირერიცხოვანი იყო. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: კავშირგაბმულობის მინისტრი, ლეონიდ რეიმანი, პრეზიდენტის მრჩეველი, ანდრეი ილარიონოვი, “რაო აესის” ხელმძღვანელი ანატოლი, ჩუბაისი, სენატორი მიხაილ მარგელოვი და რუსეთის მეწარმეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, იგორ იურგენსი.

თუ 90-იან წლებში რუსეთის მონაწილეობა დავოსის ფორუმში მიღწევად ითვლებოდა, ახლა ეს მოვლენა უბრალო სამუშაო შეხვედრაში გადაიზარდა.

ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში შემცირდა დავოსის ფორუმის მნიშვნელობაც. მათი აზრით, დისკუსიების თემები მონაწილეებს უფრო ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე შესაძლებლობა, შეხვდნენ საჭირო ხალხს და სადღაც დერეფანში ერთობლივ პროექტზე მოილაპარაკონ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial