პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის მიმდინარეობა საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ენრიკო კიკნაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
enriko.kiknadze650@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

თითქმის ერთი თაობა გავიდა მას შემდეგ, რაც დაეცა კომუნიზმი და დაიწყო კაპიტალიზმსა  და დემოკრატიაზე გადასვლის (ტრანსფორმაციის) ისტორიული პროცესი. კომუნისტურმა პერიოდმა ქვეყნებს დაუტოვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური დისბალანსები და სტრუქტურული პრობლემები. ნაშრომში განხილულია ტრანსფორმაციის არსი, ელემენტები და სტრატეგიები. ასევე ვისაუბრებთ პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ეტაპებზე და თავისებურებებზე საქართველოში, შევეცდებით გავაანალიზოთ საქართველოში მბრძანებლურ-ადმინისტრაციულიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი და ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ამ გადასვლას განაპირობებენ. შევადარებთ საქართველოსა და პოლონეთში განხორციელებულ პროცესებს ერთმანეთს და განვიხილავთ „ბალცეროვიჩის გეგმის“ თერთმეტ პუნქტს.

Annotation

Almost a generation has passed since the fall of Communism and the beginning of the historical process of transition (transformation) to capitalism and democracy. The communist period left countries with significant macroeconomic imbalances and structural problems. The article discusses the essence of transformation, elements and strategies. I will also talk about the stages and peculiarities of the post- communist transformation in Georgia, I will try to analyze the process of transition from the dictatorial-administrative to the market economy in Georgia and the economic reforms that are leading to this transition. Finally, I will compare the processes in Georgia and Poland and discuss the eleven points of the Balcerowicz Plan.

1.    პოსტკომუნისტური ტრასფორმაციის არსი

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია სახელმწიფო საკუთრების – კერძო საკუთრებით, გეგმიური ეკონომიკის – მეწარმეობისა და არჩევანის თავისუფლებით შეცვლას, პირადი ინტერესის წახალისებას, კონკურენციის ელემენტების შემოტანასა და განმტკიცებას და რაც მთავარია სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში უშუალო ჩარევის ”ბაზრის ფიასკოს” განეიტრალებით შეცვლას გულისხმობს.

მთავარი “ვეშაპი”, რომელზეც საბაზრო ეკონომიკა დგას კერძო საკუთრებაა, ანალოგიურად სახელმწიფო საკუთრებაზეა დაყრდნობილი მრძანებლური ეკონომიკა. ამდენად უმთავრესი პრობლემა, რომელიც ტრანსფორმაციის პროცესში ჩნდება არის სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაზე გადასვლა. მიუხედავად ამისა, ანალოგიური პროცესები საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში და არსით ისიც სახელმწიფო ქონების გაყიდვაა და თითქოს ერთი შეხედვით პრივატიზაციის იდენტურია, სინამდვილეში პრივატიზება პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში გარდა წმინდა ტექნიკური, საინჟინრო პროცესისა, როდესაც ამა-თუ იმ ობიექტს ეცვლება მესაკუთრე, არის ფსიქოლოგიური და ინსტიტუციონალური პროცესი. ამ დროს, გარდა იმისა, რომ ობიექტი იცვლის მეპატრონეს, საზოგადოებაში ჩნდება სრულიად ახალი ფენა – მესაკუთრეები, რომლებზეც დიდადაა დამოკიდებული როგორც ეკონომიკის განვითარება, ასევე სოციალური ფონი.

პრივატიზაციის რამოდენიმე გზა არსებობს: სახელმწიფო საწარმოების ახალ, კერძო მესაკუთრეებზე მიყიდვა ან აუქციონზე გატანა; სახელმწიფო საწარმოების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნა და საწარმოში დასაქმებულთათვის აქციების გადაცემა ან მიყიდვა; სახელმწიფო საწარმოების აქციების შესაძენად მთელი მოსახლეობისათვის ვაუჩერების გაცემა.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც პოსტკომუნისტურმა ტრანსფორმაციამ დააყენა დღის წესრიგში იყო გეგმიური ეკონომიკის – მეწარმეობისა და არჩევანის თავისუფლებით შეცვლის აუცილებლობა. საჭირო გახდა მოსახლეობას მიეღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც ადრე ვერ იღებდნენ და გაეწიათ რისკი, რომელიც ადრე არ ჰქონდათ. ძირითადად ფსიქოლოგიურია პირადი ინტერესის წახალისება, თუმცა მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რამეთუ სწორედ ეს პროცესი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა შეიძლება გახდეს. კონკურენციის ელემენტების შემოტანა და განმტკიცება – ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამეთუ კონკურენცია უნდა გახდეს ტრანსფორმირებადი ეკონომიკური სისტემის სტრუქტურის და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში მისი ადგილის დამამკვიდრებელი უმთავრესი მექანიზმი. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესში ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, არის სახელმწიფოს მიერ მისთვის ჩვეული ფუნქციების შესრულების დაწყება და უშუალო სამეურნეო ფუნქციების ჩამოცილება.

1.1ტრანსფორმაციის პოლიტიკის ელემენტები

კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის ძირითად ინსტიტუციებს წარმოადგენს ბაზრები, ფული და ეფექტური სახელმწიფო. შესაბამისად, სოციალისტური გეგმური ეკონომიკის ტრანსფორმაციისათვის საჭირო რეფორმები შემდეგ სამ სფეროს უნდა მოიცავდეს:

  • რეალური სექტორის რეფორმა ქმედითუნარიანი ბაზრების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მონეტარული სექტორის რეფორმა ქმედითუნარიანი ეკომონომიკური ციკლის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის რეფორმა ქმედითუნარიანი სახელმწიფო წესრიგის ჩარჩო პირობების უზრუნველყოფის მიზნით;

თავად პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში სახელმწიფოს დამატებით უხდება გარკვეული პროცესების მართვაში მონაწილეობის მიღება და ექვსი ტიპის ღონისძიებათა კომპლექსის გატარება.

  • მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია;
  • ფასების ლიბერალიზაცია;
  • საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია და ეროვნული ვალუტის მიმდინარე ოპერაციების მიხედვით კონვერტირების უზრუნველყოფა;
  • საწარმოთა რეფორმა (პრივატიზების გზით);
  • სოციალური უზრუნველყოფის ქსელის შექმნა;
  • საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუციონალური სამართლებრივი სტრუქტურის (მ.შ. საბაზრო საფინანსო სისტემის) ფორმირება;

ამდენად ტრანსფორმაციის პროცესი, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი და სახელმწიფო საკუთრების – კერძო საკუთრებით, გეგმიური ეკონომიკის – მეწარმეობისა და არჩევანის თავისუფლებით შეცვლას, პირადი ინტერესის წახალისებას, კონკურენციის ელემენტების შემოტანასა და განმტკიცებას და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში უშუალო ჩარევის ”ბაზრის ფიასკოს” განეიტრალებით შეცვლას მოიცავს, თვითდინებით ვერ განხორციელდება და სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ზემოთდასახელებული ექვსი ტიპის ღონისძიებათა გატარებას საჭიროებს.

აღნიშნული ღონისძიებები ტრანსფორმაციის კონკრეტული მიმართულებების განხორციელების გზაა, რამეთუ ვინ თუ არა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთრებითი ურთიერთობების შეცვლაზე, კონკურენციის დაცვაზე, ადამიანის კერძო ინტერესის წახალისებაზე და ა.შ.

1.2ტრანსფორმაციის სტრატეგიები

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მისი შედეგების კლასიფიკაცია სამი ცვლადის – გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის, დროში განაწილებისა და რეალიზაციის ტემპების მეშვეობით შეგვიძლია ორ ძირითად ჯგუფად:

  • რადიკალური და კომპლექსური ეკონომიკური პროგრამა – რომლის თანახმადაც სტაბილიზაცია, ლიბერალიზაცია და ინსტიტუციონალური გარდაქმნა მეტნაკლებად ერთდროულად იწყება და მაქსიმალურთან მიახლოებული ტემპებით მიმდინარეობს;
  • არარადიკალური ეკონომიკური პროგრამები – როცა სტაბილიზაცია და ინსტიტუციონალური გარდაქმნები არ მიმდინარეობს სინქრონულად, ან ისინი ხორციელდება შესაძლებელზე უფრო ნელი ტემპებით ან წყდება;

შესაბამისად, ჩვენ „შოკურ თერაპიასა“ და „გრადუალიზმზე“ შეგვიძლია ვისაუბროთ.

„შოკური თერაპია“, ანუ „დიდი დარტყმა“ გულისხმობს მოკლე დროში რადიკალურ გარდაქმნათა რაოდენობის მაქსიმიზებას, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ან მინიმიზებას და მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას. ”შოკური თერაპიის” განხორციელების მაგალითებია მეორე მსოფ- ლიო ომის შემდგომი დასავლეთ გერმანია და პოსტკომუნისტური პოლონეთი.

შოკური თერაპიის ინსტრუმენტები ემთხვევა ნეოკლასიკურ ვალრასის პარადიგმას, რომელიც გულისხმობს ხისტ მონეტარულ პოლიტიკას, კონტროლს ხელფასებზე და სუბსიდიების შემცირებას და ზოგადად მთლიანი ეკონომიკის ფუნქციონირების სტაბილიზაციას.[1] ეს მეთოდი იქნა გამოყენებული საქართველოშიც, მაგრამ გააჩნდა თავისი სპეციფიკა ჩვენს ქვეყანაში და შეიძლება ითქვას, რომ ამ მეთოდმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ გაამართლა.

რაც შეეხება გრადუალიზმს, ეს თეორია შოკური თერაპიისგან განსხვავებით გულისხმობს რეფორმები გატარების ნელ, მაგრამ მტკიცე ეტაპს. გრადუალისტური თეორიის წარმატებას სჭირდება მოსახლეობის მიერ მთავრობის სათავეში მყოფთა მხარდაჭერა და პოლიტიკური გარანტია და ასევე გარდაქმნისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობები. გრადუალისტური სტრატეგიის დროს პირველ რიგში საჭიროა, შეიქმნას საბაზრო ეკონომიკის ზოგადი ჩარჩო პირობები მანამ, სანამ საქმე ბაზრების ლიბერალიზაციამდე მივა. გრადუალიზმის განხორციელების მაგალითია ჩინეთი.

2.    პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ეტაპები და თავისებურებები საქართველოში

მეოცე საუკუნის მიწურულს საქართველომ მეორედ საუკუნეში დამოუკიდებლობის მიღება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საშუალება შესძლო. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა როგორც ეკონომიკური, ისე უპირველეს ყოვლისა ზოგადად პოლიტიკური აღმშენებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის დაწყება. დამოუკიდებლობის პირველი წლები უდიდეს გამოცდად იქცა ქვეყნისათვის, რაც სამოქალაქო თუ სამამულო ომების, ეთნოკონფლიქტებისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ბლოკადების სახით მოევლინა ახალგაზრდა სახელმწიფოს. ერთ დროს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი აყვავებული რესპუბლიკა ყველაზე მეტად დაზარალდა და მეოცე საუკუნე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა გააცილა.

რესპუბლიკაში ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონე იყო მიღწეული, რაც საქართველოს თბილი კლიმატური პირობებით, სოფლის მეურნეობის განვითარებული სპეციფიკური, მხოლოდ საქართველოსათვის დამახასიათებელი დარგების მაღალი შედეგებითა და ტურიზმით იყო განპირობებული. გეგმიური ეკონომიკის დროს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში.

საქართველოში ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ერთმანეთისადმი სასიცოცხლოდ განმსაზღვრელი ამოცანის გადაჭრა დაიწყო: დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების განხორციელება, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებას.

1988-89 წლებში საქართველოში განხორციელებულმა მოვლენებმა დღის წესრიგში საქართველოსათვის განვითარების განსხვავებული გზის არსებობა დააყენა, რასაც შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და აღმავლობისათვის უნდა შეეწყო ხელი. თუმცა უკვე იმ დროს პრესით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ისმოდა მოწოდებები, რომ ”ველოსიპედის ხელახლა გამოგონება” საჭირო არ არის და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან ესტონეთში შემუშავებული მოდელი, რომელიც ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევას ემსახურება, ყველაზე უფრო მისაღები იყო საქართველოსათვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ რესპუბლიკას შორის უკვე იმ დროს საკმაოდ დიდი იყო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის სხვაობა.

1970-იან და 80-იან წლებში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმები ჩვენ პოსტკომუნისტური ეკონომიკური რეფორმებისათვის მოსამზადებელ ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ. რეალურად ეკონომიკურ რეფორმებზე საუბარი მხოლოდ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს იწყება. ეკონომიკური რეფორმების ეტაპი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დაიწყო და პირველ მრავალპარტიულ არჩევნებამდე გაგრძელდა, ვლადიმერ პაპავას კლასიფიკაციით ეკონომიკური რეფორმების გულუბრყვილო გააზრების ეტაპადაა ცნობილი (პაპავა, 1995ბ, გვ. 2). ამ ეტაპის უმთავრეს დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გავრცელება და შესაბამისი ეკონომიკური კონცეფციების შექმნა.

1990 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ იწყებოდა ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლებაში მოსული ძალა არ აღმოჩნდა მზად რადიკალური რეფორმების ჩასატარებლად და თანაც, ძველი სისტემით მართვა უფრო მარტივი ჩანდა ვიდრე ახლებურად რეგულირება, რის გამოც ეკონომიკური რეფორმები პრაქტიკულად არ განხორციელებულა. ეს ეტაპი ცნობილია, როგორც უძრაობის ტოლფასი მოძრაობის ეტაპი (პაპავა, 1995ბ, გვ. 2). იმის გამო, რომ 1991 წლის დეკემბრიდან საქართველო სამოქალაქო ომმა მოიცვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელისუფლებისათვის არც მანამდე და მით უმეტეს არც დაპირისპირების დღეებში ეკონომიკაზე ფიქრი არ ყოფილა ყოვედღიური ზრუნვის საგანი. დროებითმა მთავრობამ თავისი მოღვაწეობა ეკონომიკის სფეროში პოპულისტური ნაბიჯების გადადგმით დაიწყო, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ერთი ხელის მოსმით, უსასყიდლოდ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საცხოვრებელი ბინების კერძო საკუთრებაში გადაცემა. ეს ეტაპი ეკონომიკური რეფორმის პოპულისტურ ეტაპადაა (პაპავა, 1995ბ, გვ. 2-3) ცნობილი. რამაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც სოფლის მეურნეობას, რადგან მოუფიქრებლად, ყოველგვარი საკანონმდებლო მომზადების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის გარეშე დაქუცმაცდა დიდი მეურნეობები, გლეხობა პრაქტიკულად შიშველი ხელების ამარა აღმოჩნდა მიწის პირისპირ, ასევე საბინაო ფონდს, რითაც პრაქტიკულად შეწყდა შემდგომი ბინათმშენებლობისათვის საჭირო თანხების აკუმულირება.

ამ ეტაპზე საქართველოში რუსეთის ანალოგიურად და პარალელურად იწყება „შოკური თერაპიის“ გამოყენება, რაც გულისხმობდა ფინანსურ სტაბილიზაციას, ფასების ლიბერალიზაციას, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, მკაცრი საკრედიტო პოლიტიკის გატარებას, ზომიერი საგადასახადო სისტემის დანერგვას და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, მაგრამ ქართველმა რეფორმატორებმა არ გაითვალისწინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას იმ ეტაპზე არ ჰქონდა არც ერთი რეალური მაკროეკონო-მიკური ინსტრუმენტი, მათ შორის არ გააჩნდა არც საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემა და არც საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის გატარების რეალური ბერკეტები. ამდენად ნაცვლად ამ ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაზე ზრუნვისა, ხელისუფლება მოუმზადებლად იწყებს „შოკური თერაპიის“ განხორციელებას.

„შოკური თერაპიის“ ქრესტომათიულ მაგალითად იქცა პოლონეთში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, პოლონეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრისა და დღეს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ლეშეკ ბალცეროვიჩის სახელთანაა დაკავშირებული და „ბალცეროვიჩის გეგმის“ სახელითაა ცნობილი. „ბალცეროვიჩის გეგმის“ თანახმად პოლონეთში გატარდა უმკაცრესი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რაც ფასების ლიბერალიზაციაში, საბიუჯეტო დოტაციებსა და სუბსიდიებზე უარის თქმის მეშვეობით ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვნად შემცირებაში, მოსახლეობის შემოსავლებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის შეზღუდვაში გამოიხატებოდა. პოლონეთში ჩატარებული „შოკური თერაპია“ ითვალისწინებდა 11 სხვადასხვა სახის ღონისძიების სინქრონულად ჩატარებას, კერძოდ:

  1. ბაზარზე წონასწორობის დამყარების მიზნით ინფლაციის ხელოვნური წახალისება, ფასების მრავალჯერადი მატება;
  2. მოსახლეობის შემოსავლების მკაცრი შეზღუდვა;
  3. საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა და ბრუნვაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა;
  4. ანაბრებსა და სხვა დეპოზიტებზე პროცენტის გაზრდა, მოსახლეობის მიერ ფულის დაზოგვის სტიმულირების მიზნით;
  5. ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, კაპიტალდაბანდებებისა და დოტაციების ხარჯზე;
  6. სახელმწიფო სესხის ობლიგაციის გამოშვება, ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მიზნით;
  7. საგადასახადო სისტემის მოწესრიგება და უნიფიცირება;
  8. აშშ დოლარის მიმართ ზლოტის ერთიანი გაცვლითი კურსის შემოღება და შიდა ბაზარზე ზლოტის კონვერტირების უზრუნველყოფა;
  9. ერთიანი საბაჟო ტარიფების შემოღება იმპორტის შეზღუდვისა და ექსპორტის სტიმულირების მიზნით;
  10. მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებების აღმოჩენა რეალური შესაძლებლობების ფარგლებში;
  11. მონოპოლიური სტრუქტურების ლიკვიდაცია და საწარმოთა საქმიანობაში სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ჩარევაზე უარის თქმა;

სამწუხაროდ, საქართველოში „შოკური თერაპიის“ განხორციელება რუსული რეფორმების კალკით, რუსეთში დაწყებული პროცესებიდან ერთი თვის დაგვიანებით, 1992 წლის თებერვლიდან დაიწყო. იმის გამო, რომ საქართველოს არ გააჩნდა საკუთარი ვალუტა და შესაბამისად არ ჰყავდა ემიტენტი, იგი ვერ განახორციელებდა რეფორმისათვის აუცილებელ ღონისძიებებს, რომლებიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. ეს შეეხება როგორც მიმოქცევაში ნაღდი ფულის რაოდენობის შეზღუდვას, ასევე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. არ შესრულდა „შოკური თერაპიის“ თანამედროვე ქრესტომათიული „ბალცეროვიჩის გეგმის“ თერთმეტი პუნქტიდან რვა. ამდენად პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი გზა, რომელიც „შოკური თარაპიის“ სახელითაა ცნობილი, პრაქტიკულად საქართველოში ვერ განხორციელდა.

რეფორმების გზაზე საქართველოში ერთმანეთს ენაცვლებოდა წარმატებები და წარუმატებლობები. უნდა ითქვას, რომ, ობიექტურ ხელის შემშლელ პირობებთან ერთად შეცდომებიც ბევრი იქნა დაშვებული. მომავალში საქართველოს ეკონომიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და სწორ გზაზე გასვლა ვერ მოხერხდება უბრალოდ ინერციით სვლის შედეგად. მთავარი ყურადღება ეკონომიკურ განვითარებაზე, ანუ ეკონომიკის თვისებრივ სრულყოფაზე უნდა იქნეს გადატანილი, რათა აღმოიფხვრას ეკონომიკის დეფორმირებულობა. ეს კი განხორციელდება ქვეყანაში ახალი ანუ ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის მეშვეობით.

2.1 ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოში

ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოს პირველად 1995 წლის შემოდგომაზე, შოკური თერაპიის ბოლო ეტაპის – ლარის ახალ ვალუტად შემოღებისას ეწვია. პირველი ვიზიტი მოიცავდა რეფორმების პროგრესის შესახებ სამთავრობო ორგანოებთან და სამინისტროებთან შეხვედრებს. 2000 წელს ბალცეროვიჩი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი იყო.

2020 წლის 25 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საზეიმო ცერემონიალის შემდგომ ბალცეროვიჩმა წაიკითხა საჯარო ლექცია – „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“ („The Institutional Systems and the Quality of Life“).  ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.

დასკვნა

ნაშრომში განვიხილეთ პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია და მისი ორი სტრატეგია შოკური თერაპია და გრადუალიზმი. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში განხორციელებულ შოკურ თერაპიაზე. მიუხედავად ნაკლოვანებებისა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა. თვით ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი (1992-1994) ადგილი ჰქონდა შესაბამის ინსტიტუციურ ცვლილებებს, რასაც ძალაუნებურად თვით ეკონომიკის ფუნქციონირების ელემენტარული მოთხოვნებიც განაპირობებდა და აიძულებდა მთავრობას, გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. მაგალითად, რეფორმების პირველ ეტაპზე განხორციელდა ფასების ლიბერალიზაცია, მიწისა და საბინაო სექტორის რეფორმა, შეიქმნა საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემა, განხორციელდა მცირე პრივატიზაციის პირველი ეტაპი. საქართველოს აქვს განვითარების მაღალი პოტენციალი, რადგან მას უწყობს ხელს როგორც გეოპოლიტიკური მდებარეობა, ისე ტრადიციები და ისტორია.

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ქვეყნების დიდ ნაწილს ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი პრობლემის: დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება პარალელურად უწევდა. ამდენად არც გამოცდილება და არც ფინანსური საშუალება არ იძლეოდა ამ პროცესების დამოუკიდებლად წარმართვის საშუალებას და თითქმის ყველა პოსტკომუნისტურმა ქვეყანამ დახმარებისათვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, უპირველეს ყოვლისა კი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს მიმართა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. „ეკონომიკური პოლიტიკა“  (რ.კლუმპი, 2015, თბილისი)
  2. „მაკროეკონომიკური პოლიტიკა“ (ნ.ხადური, ლექციების კურსი, თსუ, 2016)
  3. „ეკონომიკური განვითარება“ (რ.აბესაძე)
  4. Papava, V 1996, The Georgian Economy: ‘From ‘Shock Therapy’ to ‘Social Promotion’’, Communist Economies & Economic Transformation
  5. Papava, V 2012, Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After, Nova Science Publishers Inc., New York
  6. Papava, V 2002, Leszek Balcerowicz and Georgia, Georgian Foundation for Strategic and International Studies, Tbilisi
  7. http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/101/4/gardamavali.pdf
  8. https://www.investopedia.com/terms/s/shock-therapy.asp
  9. ბერიძე, თ. (1997) „შოკური თერაპია“ და ევოლუციონისტური ტრანსფორმაცია (გვ:42-43)