ეკონომიკური უსაფრთხოება საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
ზაირა კუნდუხაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
Zairakundukhashvili28@gmail.com
ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მისი წარმოშობის ისტორია და USAID-ის ეკონომიკურ პროგრამა საქართველოში. ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოადგენს ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, ეკონომიკის დაცვას შიგა და გარე საფრთხეებისაგან, ეკოლოგიური პრობლემებისაგან. ეკონომიკურ უსაფრთხოებას ვერ განვიხილავთ იზოლირებულად, იგი დაკავშირებულია ეროვნულ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტაბილურობასთან. ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკის სტაბილური ზრდის შესანარჩუნებლად. სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური უსაფრთხოების მაღალი ხარისხი განაპირობებს ეკონომიკის მიერ თავისი შეზღუდული რესურსების რაციონალურად გამოყენებას, ინვესტორების დაინტერესებას მოცემული ქვეყნით და შესაბამისად, კაპიტალის მარაგის გაზრდასა და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას.
Annotation
This article discusses the essence of economic security, its history and USAID economic program in Georgia. Economic security is the provision of economic independence, protection of the economy from internal and external threats, environmental problems. Economic security cannot be considered in isolation, it is related to national security and political stability. Economic security is important for the economic development of the country, for the maintenance of stable economic growth. Stable economic situation and high degree of economic security lead to rational use of its limited resources by the economy, investor interest in the country and, consequently, increase in capital stock and creation of new jobs.
ეკონომიკური უსაფრთხოების არსი და წარმოშობის ისტორია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ეკონომიკური უსაფრთხოების ორი სხვადასხვა ავტორის განმარტებას გვთავაზობს:
- წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ძალისმიერ და ა.შ (სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ.) ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესების მუდმივ დაცვას და ქვეყნის ეკონომიკის დინამიურ განვითარებას, როგორც მშვიდობიან პირობებში, ასევე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუაციების და პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების დინამიკის გათვალისწინებით. (ალადაშვილი, 2004)
- მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოების მთლიან სისტემასთან. მისი ცალკე გამოყოფა შეუძლებელია. წარმოუდგენელია, ქვეყნის ძლიერი სამხედრო უსაფრთხოების არსებობა არაეფექტური და სუსტი ეკონომიკის პირობებში და პირიქით. ფუნქციური თვალსაზრისით ეკონომიკური უსაფრთხოება არის სახელმწიფოს ეროვნული ეკონომიკის უნარი უზრუნველყოს საზოგადოებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობა, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა შიდა და გარე საფრთხეების პირობებში, რესურსების ეფექტური გამოყენება და განაწილება, ასევე სახელმწიფოს ეროვნული პრიორიტეტების დაცვა და რეალიზება. სტრუქტურული თვალსაზრისით, ეკონომიკური უსაფრთხოება არის იმ პირობებისა და ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობას, სტაბილურობას და მუდმივი განახლების უნარს. (ნატროშვილი) (ბიბლიოთეკა, 2008)
მკვლევრები ნუნუ ქისტაური, მედეა მელაშვილი და ქეთევან ქველაძე მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება შედგება სხვადასხვა კომპონენტისაგან: ბუნებრივი რესურსების ტიპი და რაოდენობა; ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ტერიტორიების თავისებურება; სახელმწიფო მართვის თავისებურება; საწარმოო სფეროს პოტენციალი; სასოფლო-სამეურნეო კომპლექსის განვითარება; სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობა და სხვ.
იმ ქვეყნებს, რომლებიც ლიდერობენ ეკონომიკური განვითარების მხრივ, თითქმის ყველა ეს კომპონენტი გააჩნიათ, რაც მათი ეკონომიკური უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა უნდა ითქვას, რომ უსაფრთხოების მაღალი დონის მისაღწევად სულაც არ არის აუცილებელი ყველა ჩამოთვლილი კომპონენტის არსებობა. ზოგიერთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ გააჩნია სახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობა ანდა მდიდარი ბუნებრივი რესურები, მაგრამ ეს მათი „ნაკლი“ სხვა ფაქტორებით კომპენსირდება: წარმოების მაღალი დონე, ინოვაციურობა და ა.შ.
ეკონომიკური უსაფრთხოების ობიექტებია როგორც ეკონომიკური სისტემა კომპლექსში, ასევე მისი ცალკეული ელემენტი: ბუნებრივი სიმდიდრე, საწარმოო და არასაწარმოო ფონდები, უძრავი ქონება, ფინანსური რესურსები, სამეურნეო სტრუქტურები და სხვ., ხოლო მისი სუბიექტებია: საკანონმდებლო სტრუქტურები, სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები (სამინისტროები, უწყებები, სამსახურები და სხვ.), სახელმწიფო და კერძო სექტორის დაწესებულებები.
გამოყოფენ ეკონომიკური უსაფრთხოების სამ ძირითად შემადგენელს:
– სამეურნეო დამოუკიდებლობა, რაც ძირითადად ნიშნავს ეროვნული რესურსების სახელმწიფო კონტროლს;
– სახელმწიფო ეკონომიკის მდგრადობა და სტაბილურობა, რაც ძირითადად ნიშნავს ქონების (მის ყველა ფორმებში) დაცვას, გარანტიების და საიმედო პირობების შექმნას სამეწარმეო აქტიურობისათვის, ბრძოლას კრიმინალთან და სხვ.;
– თვითგანვითარების და პროგრესის შესაძლებლობა. ეს მეტად მნიშვნელოვანია
დღევანდელი განვითარებადი საზოგადოებისათვის და ნიშნავს ინვესტიციების ჩადებისათვის კლიმატის შექმნას წარმოების მუდმივი სრულყოფისათვის.
ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დონე მრავალი ფაქტორით განისაზღვრება: ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოგრაფიულ-ეკონომიკური მდებარეობა და, ამასთან, ადგილობრივი და უცხოური რესურსების ხელმისაწვდომობა; ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერე და მისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში; სტრატეგიული მნიშვნელობის მატერიალურ სიმდიდრეთა არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია: ქვეყნის ინსტიტუციური სისტემის ორიენტაცია ინდუსტრიული ინოვაციური ეკონომიკის შექმნის ხელშეწყობაზე, რომელზეც ეროვნული უსაფრთხოების ხარისხია დამოკიდებული; სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართვა იმ დარგებისა და საწარმოებისაკენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის კონკურენტულობის ზრდას. (ნუნუ ქისტაური, 2018)
ეკონომიკური უსაფრთხოება საქართველოში
ზაურ თეთრუაშვილი და მაია თეთრუაშვილი-ქარდავა თავიანთ ნაშრომში წერენ, რომ საქართველოში XX ს-ის უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა მუშაობა ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების შესასწავლად. ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებისადმი კვლევის ინტერესის გაძლიერებას საფუძვლად უდევს ქვეყანაში და მის გარეთ მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და მოვლენები.
უარი ვთქვით XX ს-ის დასაწყისში სამხედრო ძალით თავსმოხვეულ სისტემაზე, რომლის საფუძველს წარმოადგენდა წარმოების საშუალებებზე საზოგადოებრივი, სახელმწიფო საკუთრება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ცენტრალური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვა.
მის ნაცვლად ჩამოყალიბება იწყო საბაზრო ეკონომიკურმა ურთიერთობებმა. შეიქმნა კერძო მესაკუთრეთა ფენა როგორც ქალაქად, ისე სოფლად. უკვე 1996 წლისათვის კერძო სექტორის ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგინა 70-75%.
სასოფლო-სამეურნეო მიწებზე კერძო საკუთრების დაკანონების პარალელურად ჩამოყალიბებულია სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ მიწებზე კერძო მოიჯარეთა ფენა. დაშვებული შეცდომების მიუხედავად სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ მოახდინა ეკონომიკის ცენტრალიზირებული მართვის მექანიზმის დემონტაჟი, განხორციელებულია ფასების ლიბერალიზაცია ეკონომიკაში, თანდათანობით გადავდივართ ეკონომიკური დემოკრატიზაციის პრინციპებზე, შექმნილია სრულიად ახალი საფინანსო-საგადასახადო სისტემა, შემოღებულია ეროვნული ვალუტა და ქართული ლარი თავისუფლად კონვერტირდება მრავალ უცხოურ ვალუტაზე.
ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე საშინაო და საგარეო ფაქტორების ზემოქმედების ძალა შეიძლება იყოს სუსტი ან ძლიერი. ამის მიხედვით უნდა განვასხვაოთ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი სუსტი, საშუალო, საშუალოზე უფრო მაღალი და მაღალი ხარისხის საშიშროებები და მათი შესაბამისი საშიშროების (საფრთხის) ქვეშ მყოფი ეკონომიკა. რამდენადაც სუსტია, ანუ ნაკლებად ხელის შემშლელია ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მოქმედი ხელისშემშლელი ფაქტორები, მით მაღალია ქვეყნის, რეგიონის, ფირმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე და პირიქით. ეკონომიკური უსაფრთხოება თავისი არსით მეტად შეფარდებითი, შედარებითი კატეგორიაა და ამიტომ შეუძლებებლია ეკონომიკურად აბსოლუტურად უსაფრთხო ქვეყანა ან სხვა სუბიექტი არსებობდეს.
ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმებისა და მაჩვენებლების შეფასება მეტად რთული თეორიული და პრაქტიკული ხასიათის პრობლემაა.
ქართველი მეცნიერები საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაქტორებად ასევე საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობას მიიჩნევენ. თ. ბასილია, ა. სილაგაძე და თ. ჩიკვაიძე 2001 წ. მიუთითებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა განსაზღვრული იყოს მისი სტრატეგია, რაც გულისხმობს:
– ეკონომიკური უსაფრთხოების შინაგანი და გარეგანი მახასიათებლების დახასიათებას;
– ეკონომიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი კრიტერიუმებისა და პარამეტრების განსაზღვრას;
– ეკონომიკური პოლიტიკის, ინსტიტუციური გარდაქმნებისა და ყველა იმ მექანიზმის განსაზღვრას, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის მდგრადობის დარღვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. (ზაურ თეთრუაშვილი, 2006)
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში
(აპრილი 2019 – აპრილი 2024, DAI Global)
USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ზრდისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ტექნიკურ დახმარებას უწევს ოთხ მნიშვნელოვან სექტორს. ეს დახმარება მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, სამუშაო უნარებში დახელოვნებას და საჯარო და კერძო სექტორების პარტნორობას. პროგრამა იყენებს ადგილობრივ რესურსებს და ხელს უწყობს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ქვეყანას დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების დაძლევა. პროგრამის გეგმით, ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება დაახლოებით 4 000 ახალი სამუშაო ადგილი; პროგრამის მიერ მხარდაჭერილი საწამოების პროდუქციის გაყიდვა გაიზრდება 50 მილიონი დოლარით, ხოლო ახალი პარტნიორობების საშუალებით მოიზიდავს 15 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას. (USAID, 2020)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს პიტერ ვიბლერს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო სიახლეებზე. მათ შორის, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ისეთი სექტორებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს როგორც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების – ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის პროგრესის შესახებ პროდუქტების განვითარების, მარკეტინგის, სტრატეგიისა და ახალ კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლისას მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევა მიმართულია ეკონიმიკური ზრდისა და განვითარებისთვის ისეთ ღირებულებათა ჯაჭვებსა და სექტორებში, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, კრეატიული ინდუსტრია, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები და მყარი ნარჩენების მართვა. ითქვა, რომ პროგრამა მუშაობს სახელმწიფო სააგენტოებთან ინვესტიციების მოზიდვის, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნისა და გაყიდვების გაზრდის მიმართულებით.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, გააფართოვოს თავისი დახმარება, თანადგომა და დაფინანსება იმ პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რომელთაც სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად ახორციელებს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში, ესაა ტურიზმი და მისი მხარდაჭერა რთულ პოსტპანდემიურ ვითარებაში, ასევე საინვესტიციო პოლიტიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით ისეთ დარგებში, სადაც მაღალი ღირებულება იქმნება. მათ შორის საუბარია მხარდაჭერაზე ტრენინგების, გადამზადების, ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რომლის ფარგლებში ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სახელმწიფოს პოტენციური ინვესტორების მოზიდვაში მხარდაჭერას აღმოუჩენს.
„ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწევა ელექტრონულ კომერციას და სხვა მაღალტექნოლოგიურ დარგებს. დიგიტალიზაციის ხარისხის ზრდა სწორედ ის ტენდენციაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა, რეალურად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროგრამის გაგრძელება, შემდეგია: ის ხელს უწყობს ეკონომიკის აღდგენას კორონავირუსის შემდეგ და მოიცავს ისეთ პროგრამებს, რომლებიც მანამდე არ შედიოდა ამ პროგრამის ფარგლებში. საუბარია მსუბუქი მრეწველობაზე, ელექტრონული კომერციაზე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და სხვა.“ – განაცხადა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა (სამინისტრო, 2020)
დასკვნა
მგვარად, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა სახელმწიფოთა არსებობის თანმდევი პროცესია, რაც განაპირობებს სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს ქვეყნის შიგნით და ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს. საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნისათვის, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია. პანდემიის ჟამს, ეკონომიკურ უსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავია მთავრობისთვის. გაზაფხულზე, როდესაც COVID-19-ის გავრცელების პირველი ტალღის დროს პირბადეების დეფიციტი იყო ქვეყანაში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, რომელიც 5 წლიან პერიოდზეა გაწერილი, ‘’აწარმოე საქართველოში’’ პროგრამასთან ითანამშრომლა, რათა ხელი შეეწყო პირბადეების ადგილობრივი წარმოებისთვის. გარდა ჯანდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისა, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს განავითაროს სოფლის მეურნეობის, ერეგეტიკისა და ეკონომიკის სხვა სექტორები, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და დასაქმების გაზრდას.
გამოყენებულილიტერატურა
USAID. (2020, სექტემბერი 1). ეკონომიკური ზრდა. Retrieved from https://www.usaid.gov/ka/georgia/economic-growth-and-trade
ალადაშვილი, ბ. (2004). ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსთვის.
ბიბლიოთეკა, ს. პ. (2008). Retrieved from http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=972
ზაურ თეთრუაშვილი, მ. თ.-ქ. (2006). საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები და მისი რეგულირების მექანიზმები საბაზრო ურთიერთობის ფორმირების პირობებში. Retrieved from https://www.tsu.ge/data/file_db/library/ek.usafrTxoeba.pdf
ნატროშვილი, გ. (n.d.). ეროვნული უსაფრთხოების მიზნები, ფაქტები და მაჩვენებლები. ახალი აზრი.
ნუნუ ქისტაური, მ. მ. (2018, ნოემბერი). ეკონომიკური უსაფრთხოება და მასზე მოქმედი ფაქტორები. Retrieved from file:///C:/Users/User/Downloads/n.q.m.m.k.k.int.comf2018.pdf
სამინისტრო, ს. ე. (2020). Retrieved from http://www.economy.ge/?page=news&nw=1559