ბიზნესმენებს თავიანთი ნიღბიანები ეყოლებათრესაგან

სოფიკო სიჭინავა

ახალმა ხელისუფლებამ მკაცრად გადაწყვიტა ქვეყანაში საბიუჯეტო წესრიგის დამყარება და ამისთვის პარლამენტს ფინანსური პოლიციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა, რომლის განხილვაც პრეზიდენტმა რიგგარეშედ მოითხოვა და, როგორც ჩანს, ხელისუფლება მზად არის ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული თანხები მიმართოს.

ალბათ, მარტიდან ყველა სახის ეკონომიკურ დანაშაულს მხოლოდ ფინანსური პოლიცია გამოიძიებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში სახელმწიფო საქვეუწყებო სტატუსით შევა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება ეკონომიკურ დანაშაულთა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, წინასწარი გამოძიება, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში კორუმპირებულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, აღკვეთა და გამოვლენა. ველა მაკორნტროლებელი ორგანო, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო სამსახურები თავიანთი მუშაობის არაეფექტურობას, არც თუ უსაფუძვლოდ, იმას აბრალებდა, რომ მათ მიერ გადაცემული საქმეები პროკურატურასა თუ შსს-ში ბოლომდე არ მიდიოდა.

აქედან გამომდინარე, ფინანსური პოლიციის შექმნის საკითხი არ დაბადებს კითხვას, რატომ დადგა დღის წესრიგში მისი შექმნა, მაგრამ ოპონენტები შეშფოთებას გამოთვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სახით მსგავსი სტრუქტურა საქართველოში ამ ეტაპზე არაეფექტური იქნება და ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის საშიშროებას ხედავენ. გარდა ამისა, ახალი ხელისუფლება ბიზნესმენებს გვედში დგომას დაჰპირდა, გასაგებია, რომ ამ კანონით მეწარმეებთან უამრავი მაკონტროლებელი ორგანო ვეღარ შევა, მაგრამ ვიდრე მთავრობა დაპირებულ საგადასახადო ლიბერალიზაციას განახორციელებს, ფინანსური პოლიცია ბიზნესს ჩიხში მოაქცევს, რომელსაც ამის გარეშეც არ ულხინს.

ფინანსური პოლიციის შესახებ გვესაუბრება, ფინანსთა მინისტრის მადგილე, ნოდარ ხადური.
საფინანსო პოლიციის იდეა ახალი ნამდვილად არ არის. მისი ჩანასახი ჯერ კიდევ საგანგებო ლეგიონის სახით არსებობდა, შემდეგ დღის წესრიგში დასვა საკითხი, რომ ლეგიონს არ ჰქონდა უმთავრესი, გამოძიების ფუნქცია და ამიტომ საქმე არ კეთდებოდა. ამის გამო, შარშან ზაფხულს საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონი ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ, რომელიც ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი საფუძველი უნდა ყოფილიყო. მას უნდა ჰქონოდა ყველა ის ფუნქცია, რომელიც პოლიციას აქვს, მაგრამ შემდეგ პარლამენტში განხილვისას ეს კანონი რატომღაც შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტროში გაჩნდა საგამოძიებო სტრუქტურა, მაგრამ მას აღარ ჰქონდა ოპერატიული უზრუნველყოფა. ეს ფუნქციები გადაეცა საბაჟო-საგადასახადოს. სამწუხაროდ, ვერც ამან გაამართლა, რადგან ისევ გადაბრალების პროცესი დაიწყო. ამის გამო, გადაწყდა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ვერავის ვერაფერს გადააბრალებს და ყველაფერს თვითონ გააკეთებს და იგი იქნება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლაში ერთადერთი სტრუქტურა. ანუ, სხვა საგამოძიებო სტრუქტურები, ცხადია, პროკურატურას არ ვგულისხმობ, ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთან შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში პოლიციური ქვედანაყოფის შექმნას. რაც შეეხება მის ფუნქციებს, უმთავრეს ფუნქციაზე უკვე ვისაუბრე, რომ ეს არის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა და იქნება ექსკლუზიური უფლებებით აღჭურვილი ორგანიზაცია? ამიერიდან მასში ვერავინ ჩაერევა. არ შეიძლება, რომ მეწარმეს ყველა აწუხებდეს, ვისაც არ დაეზარება, მასთან მხოლოდ საგადასახადო ინსპექტორი უნდა მიდიოდეს, მაგრამ როცა საგადასახადოს გარდა იქ შედის პოლიცია და უშიშროება, ქვეყანაში ბიზნეს-გარემო მძიმდება. ამ კანონით ეს ფაქტორიც გვინდა გამოვასწოროთ, მეწარმესთან მხოლოდ საგადასახადო შევა და თუ იგი ვერ შეძლებს თავისი ფუნქციების შესრულებას დანაშაულის შემთხვევაში, მერე ფინანსური პოლიციის სახით მხოლოდ ერთი სტრუქტურა შევა.

შემდეგი ფუნქცია არის ოპერატიული, ანუ მასალების მოკვლევა. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ნიშანი აღმოჩნდება, ჩვეულებრივ, საგამოძიებო ფუნქციები განხორციელდება. გარდა ამისა, ფინანსურ პოლიციას ეყოლება ასე ვთქვათ, საიდუმლო სამსახური, აგენტურა…

როგორც ჩანს, მინი სახელმწიფო იქმნება სახელმწიფოში…
ვფიქრობ, დანაშაულის თავიდან აცილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გამოვლენა და გამოძიება. იქნება ასევე ანალიზის სამსახური, რომელიც მიღებულ ინფომაციას ანალიზს გაუკეთებს, ანუ გაანალიზებს, თუ რომელი მიმართულებით უნდა იმუშავოს სამსახურმა. დაბოლოს, სპეციალური დანიშნულების რაზმი, – ნიღბიანი ხალხი ჩვენც გვეყოლება. ასეთი იქნება ფინანსური პოლიცია, რომელიც მარტისთვის დაიწყებს აქტურ მუშაობას.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის გარემოება, რომ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობის მოტივით, ყველა ეს ფუნქცია, რაზედაც ისაუბრეთ, ფინანსთა სამინისტროს ხელში გადავიდეს? ანუ ფინანსთა სამინისტროში თუ დანაშაული მოხდება, ის თვითონვე გამოიძიებს. თქვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი?
ძალიან ბევრი მიზეზის გამო ვერ დაგეთანხმებით. სწორედ იმიტომაც არის ყველაფერი ერთი უწყების ხელში, რომ სწორედ იგია ბიუჯეტზე პასუხისმგებელი. ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაწეროს ბიუჯეტი, შეიმუშაოს, მაგრამ რითი უნდა აღასრულოს? სამინისტროს სჭირდება ისეთი უზრუნველყოფა, რითაც ყველა ნორმალური ქვეყნის საგადასახადო თუ საფინანსო სამსახური უზრუნველყოფილია. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ისე, რომ ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკურ დანაშაულს შიშველი ხელებით ებრძოდეს. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, გადასახადის გადახდა არსად ეხალისებათ. ყველა მეწარმე ერთნაირად ფიქრობს – რატომ გადავიხადო გადასახადი, თუკი შეიძლება, რომ არ გადავიხადო. ამას საგადასახადო განაკვეთის შემცირება ვერ უშველის. რაღაც იძულების მექანიზმი უნდა არსებობდეს, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ აუცილებლად ნიღბიანები შევარდებიან მეწარმეებთან, მაგრამ მათ უნდა იგრძნონ, რომ ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო სამსახური ძლიერია. ამაში ვერანაირად ვერ ვხედავ ინტერესთა კონფლიქტს, პირიქით, ეს არის ფინანსთა სამინისტროს უმთავრესი ფუნქციის განხორციელების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტის შექმნა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი – საუბრები იმის შესახებ, რომ რადგან პროკურატურა ჩვენს საქმიანობას გაუწევს კონტროლს და ამის გამო იგი, ვინაიდან ბიუჯეტის მომხმარებელია, ყველაზე კარგად დაფინანსდება, აბსურდულია. პროკურატურა დღესაც ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურების ზედამხედველია. პროკურატურა, მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო, საგადასახადო სამსახურები არსებობს და მასში ოპერატიული სამსახურებიც იყო, ყოველთვის ზედამხედველობას უწევდა მათ. მეორეც, თუკი დღეს კონტროლის პალატა, რომლიც ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი, რატომ არის ინტერესთა კონფლიქტი ის, რომ პროკურატურა, რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, ზედამხედველობას გაუწევს საფინანსო პოლიციას?

იმ პირობებში, როცა პასუხს აგებ ბიუჯეტზე, ინტერესთა კონფლიქტი კი არა, ერთი ინტერესია, რომ ფინანსურმა პოლიციამ გამართულად და კარგად იმუშაოს.

როგორია ფინანსური პოლიციის არსებობის და მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება, რომელ ქვეყნებში ექვემდებარება იგი ჩვენს მსგავსად ფინანსთა სამინისტროს და თვითონ კანონის მოდელი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, იგი კოპირებულია, შერეულია, თუ თავიდან ბოლომდე ქართულია?
ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები, იქ არის ხაზინა, ჩვენებურად ფინანსთა სამინიტრო, მის შემადგენლობაში გარდა საბაჟო-საგადასახადო სამსახურისა და პოლიციისა, შედის დაცვის სამსახური, ხაზინა იცავს პრეზიდენტს, ასევე შედის საიდუმლო სამსახური, ანუ ხაზინა არის ცალკე სახელმწიფო, კარგად აწყობილი ერთიანი სისტემა. ავიღოთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, იქ ვხვდებით ან საგადასახადო პოლიციას, ან ფინანსურ პოლიციას, ანუ მოდელი აპრობირებულია და ყველა სახელმწიფოში ძალისმიერი სტრუქტურა არსებობს. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, პრაქტიკულად, ანალოგიურია. რაც შეეხება კანონს, იგი არ არის კოპირებული, ქართულია, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ მსოფლიო გამოცდილებას გადავხედეთ, ჩვენი პოლიციის სტრუქტურაც შევისწავლეთ, თუ როგორ არის აგებული, ვნახეთ, რას ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კანონმდებლობა და რის საშუალებას გვაძლევდა იგი. იდეა, რასაკვირველია, ჩვენი არ არის, ველოსიპედის თავიდან გამოგონება საჭირო არ იყო. კარგი გამოცდილება არსებობს და რატომ არ შეიძლება იგი გამოვიყენოთ. თან, ფინანსური პოლიცია არ იქმნება ცარიელ ადგილზე, ფინანსთა სამინისტროს დღეს აქვს საგამოძიებო დეპარტამენტი და ოპერატიული სამსახური, რითაც იქმნება პოლიცია. ერთადერთი, რაც ახალია, ის არის, რომ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს აღარ ექნებათ იგივე ფუნქციები.

საინტერესოა, საიდან მოვა კადრები, რომელითაც დაკომპლექტდება ეს სამსახური, ამას პროფესიონალი თუ არა, ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელსაც მონაწილეობა მიუღია ასეთ პროცესებში. თუ ეს კადრები მოვა საბაჟო-საგადასახადო სამსახურებიდან ან პოლიციიდან, რომლებთაც აქამდე მივიჩნევდით, რომ ვერ, ან არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, ან ბოროტად იყენებდნენ, დღეს სად არის გარანტია, რომ შეასრულებენ?
თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინც ამ სისტემებში მუშაობდა, ყველა კორუმპირებული იყო და თავის ფუნქციას არავინ ასრულებდა?

რასაკვირველია, არა, მაგრამ ასე რომ არ ყოფილიყო, არც ამ კანონის მიღება გახდებოდა აუცილებელი. ადამიანი დამნაშავედ არ იბადება, სისტემა აქცევს მას ასეთად, რა დევს ამ კანონში ისეთი, რაც ამას აგვაცილებს თავიდან?
ამ კანონში დევს პასუხისმგებლობა, რომ ერთი კონკრეტული პოიროვნება არის პასუხისმგებელი და მან ეს სამსახური არსებული წესებით, ატესტაციის, კონკურსის გზით უნდა დააკომპლექტოს. მერწმუნეთ, მართალია, ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ დიდი ორგანიზმია, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის, ვისი სახელი უკავშირდება არც თუ სასიამოვნო ფაქტებს და ვისი – არა. დღეს უკვე ფინანსთა სამინისტროს სისტემიდან ხალხმა წასვლა დაიწყო, იგივე საბაჟო-საგადასახადო სამსახურებიდან. მოვიდა დრო, როცა ადამიანი მხოლოდ იმიტომ იქნება სახელმწიფო სამსახურში, რომ ქვეყანას ემსახუროს, ფულის გაკეთების იმედით, ეჭვი მეპარება ვინმე მოვიდეს, თუ ვინმე ასე ფიქრობს, ის უბრალოდ ბრიყვია და ძალიან მალე წაიმტვრევს კისერს.

რამდენად ეფექტური იქნება ეს სამსახური ქართულ სინამდვილეში, გასაგებია, რომ სადღაც ამან გაამართლა და აუცილებლად გაამართლებდა ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის, აზროვნების, სახელმწიფო ფინასების მართვის ძალიან დიდი ხნის გამოცდილება და ტრადიცია არსებობს, ჩვენთან კი, დამოუკიდებლობის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს, ბიუჯეტი, პრაქტიკულად, არ შეუსრულებია.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტი რომ შესრულებულიყო, პოლიციის შექმნა დაგვჭირდებოდა? რა საჭიროა მაშინ პოლიცია, ხელკეტები, სამსახურებრივი ძაღლები, სპეციალური საღებავები, მოსასმენი აპარატურა, აგენტი, ამაში ხომ ძალიან დიდი ფული უნდა გადავიხადოთ? უბრალოდ, გარემო და საქმისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, ამისთვის ნიღბიანი და ხელკეტიანი ადამიანებიც გვჭირდება. ასე თუ არ მოხდა, ბიუჯეტი რა დონეზეც სრულდებოდა, ისიც აღარ შესრულდება.

როგორ მოხდება ფინანსური პოლიციის დაფინანსება, რამდენად მაღალანაზღურბადი სამსახური იქნება. როგორც ვიცი, ჩეხეთში მსგავსი სამსახურის შექმნაზე სახელმწიფომ 2 მლნ 700 ათასი ევრო გამოყო. გვაქვს იმის საშუალება, რომ ამხელა ფინანსები ამ კუთხით მივმართოთ?
უბრალო გამომძიებელს ან ოპერატიულ მუშაკს იმაზე 4-ჯერ მეტი ხელფასი ექნება, ვიდრე მინისტრს, ანუ დახლოებით, 500 ლარამდე. ეს არ არის ძალიან მაღალი ხელფასი, მაგრამ არც 30 ლარია. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ თანხას, მინდა გითხრათ, რომ ქართულ სახელმწიფოს და ფინანსთა სამინისტროს იმის საშუალება აქვს, რომ სპეციალური სამსახური შექმნას, რომელიც დაფინანსებული იქნება. მით უმეტეს, სამინისტროში ახლა შემცირება მიდის და განთავისუფლებული სახსრები ამ კუთხით იქნება მიმართული. მაღალი ანაზღაურება საგანგებო ლეგიონშიც იყო, ასევე საბაჟო-საგადასახადო სამსახურებში, უბრალოდ არ იყო სისტემა. ამ კანონით მაღალ ანაზღურებას სისტემაც დაემატება.

ახალმა ხელისუფლებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საკმაოდ ხაზგასმით გააკეთა, რომ ერთიანი გუნდი მოვიდა, ამ კანონით კი, პრაქტიკულად, ხელისუფლება უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა ამ ერთიან გუნდში თუნდაც შსს-მ მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულოს?
არ გეთანხმებით და არგუმენტად ძალიან ტრივიალურ მაგალითს მოგიყვანთ. ფეხბურთს თამაშობს გუნდი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი, რომელშიც თამაშობს მარადონა, იგივენაირად თამაშობს უმისოდ.

ანუ, ამ გუნდში მარადონა ნოღაიდელია?
არა, მე არ ვამბობ, რომ ნოღაიდელი მარადონაა, ან პელე, მაგრამ იმ გუნდშიც ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, ამ გუნდში კი, ბიუჯეტის შესრულება არის ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა და ამიტომ, მოდით, ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხი მხოლოდ ფინანსთა სამინისტრომ აგოს, თუ ვინმე ხელს შეუშლის, მანაც აგოს, ვინც ხელს შეუწყობს, ყველას დიდი მადლობა, მაგრამ ეს ყველამ თავის კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს.

ნოდარ ჯავახიშვილი – პარლამენტარი:
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ ფასების სტაბილუროობაზე ერთადერთი და მთავარი პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი. ამის გამო მან არა მარტო პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო, არამედ კონტროლი უნდა მოითხოვოს ყველა იმ საწარმოზე, რომელიც პროდუქციას უშვებს და საერთოდ, ვაჭრობაზე, მაგრამ ასე არსად ხდება. ეროვნული ბანკი გარდა იმისა, რომ მას შეუძლია ფულადი მასისა და სხვა ფულადი აგრეგატების საშუალებით მოახდინოს ისეთი რეგულირება, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს და არ დაუშვას ინფლაციური პროცესები, ასევე, იგი ხელისუფლებაში ავტორიტეტი უნდა იყოს, რომელიც ძალიან ბევრ დარგს მიაწვდის თავის რეკომენდაციას და იგი გაზიარებულიც იქნება. თუ ფინანსთა სამინისტროსთან პარალელს გავავლებთ, სრულებითაც არ არის აუცილებელი ყველაფერი, რაც შეეხება ეკონომიკას, მათ ხელში იყოს.

თუკი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი დანაშაულს ჩადის, ამაზე ხელმძღვანელი აგებს პასუხს და უპირველესი დანიშნულება მისი დაჭერა კი არა, არამედ მისივე თანამშრომლის დანაშაულზე პასუხისმგებლობაა, ანუ კადრების შერჩევა და სამუშაო პროცესის ორგანიზება ისე უნდა წარიმართოს, რომ დანაშაული არ ხდებოდეს.