მასკის განცხადება და ჯაჭვური რეაქცია – მიაღწევს თუ არა ბიტკოინის ფასი 100 000 დოლარს

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

მას შემდეგ რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla აპირებს 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ბიტკოინში და უახლოეს მომავალში კომპანია ელექტრო ავტომობილების გაყიდვის დროს მას, როგორც გადახდის საშუალებად დაუშვებს, კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა და 24 საათის განმავლობაში 39400 აშშ დოლარიდან 48 000 აშშ დოლარს მიაღწია. 2021 წლის პირველი 6 კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი თითქმის 50%-ით გაიზრდა.

გრაფიკი #1. ბიტკოინის ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში

წყარო: https://www.tradingview.com/symbols/BTCUSD/

Tesla-ს ინიციატივას სხვა მსხვილი კომპანიების მხრიდანაც მოჰყვა სიგნალები. მაგალითად, Twitter-ის ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ისინიც განიხილავენ ბიტკოინს, როგორც ინვესტირების კარგ საშუალებას; კანადის სამეფო ბანკმა კი გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმაზე თუ რატომ იქნება კრიპტოვალუტების ბაზარზე ინვესტირება მომგებიანი კომპანია Apple-თვის.

Tesla-ს წარმომადგენლებმა ეს ნაბიჯი შემდეგი სიტყვებით ახსნეს: „ბიტკოინში ინვესტირება საშუალებას მოგვცემს უფრო მოქნილები ვიყოთ მომავალში დივერსიფიკაციის დროს და, ამასთანავე, მოვახდინოთ ჩვენი ამონაგების მაქსიმიზაცია“. მსხვილი კორპორაციები წარსულში უკვე მიმართავდნენ ფულად ბაზრებს მსხვილი ინვესტირებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფინანსურ ბაზარზე დაბალი საპროცენტო განაკვეთების ტრენდი და, შესაბამისად, ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირების უკუგების განაკვეთი დაბალი იყო. ამიტომ დღეს, გლობალური ეკონომიკური შოკებისა და დაბალ-იელდიანი საპროცენტო განაკვეთების გრძელვადიან ეპოქაში მსხვილი კომპანიების მხრიდან ალტერნატივების ძიება, თუნდაც არცთუ მყარ აქტივებში, ლოგიკურია.

ფაქტია, რომ ბიტკოინში ინვესტირება უმსხვილესი გლობალური კორპორაციების ფულის სტანდარტული მენეჯმენტის ჩარჩოში არ ჯდება. ჯერ კიდევ  ერთი წლის წინ, მერყეობის მაღალი მაჩვენებლის გამო, კრიპტოვალუტა რთულად თუ გვესახებოდა იმ აქტივად, რომელსაც ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების კომპანია თანხის რეზერვირებისთვის გამოიყენებდა. 2020 წლის მარტისათვის ბიტკოინის ფასი 4000 აშშ დოლარამდე იყო შემცირებული. 2021 წლის დასაწყისიდანაც კი, მიუხედავად მოკლე პერიოდისა, მისმა ღირებულებამ 35%-იანი ვარდნაც განიცადა და 50%-იანი ზრდაც, რაც მისი არასტაბილურობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.  

გრაფიკი #2. ბიტკოინის ფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში

წყარო: https://www.tradingview.com/symbols/BTCUSD/

ჯერჯერობით კი Tesla-სა და სხვა უმსხვილესი კომპანიების „შეჭრამ“ კრიპტოსამყაროში, კრიპტოვალუტის ინვესტორებს შორის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. Tesla-მ საკუთარი რეზერვების დაახოებით 8% განათავსა კრიპტოვალუტაში. თუ Apple, Microsoft, Facebook, Twitter და Google იგივეს გააკეთებენ ეს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია იქნება. მართალია, ეს ბიტკოინის ბაზრის ახლანდელი ღირებულების 1%-ზე ნაკლებია, მაგრამ ის სიგნალი, რომელსაც უმსხვილესი კომპანიების ქმედება გამოიწვევს სხვა კომპანიებსა და ინვესტორებში, მინიმუმ გაასამმაგებს ხარის ტრენდს კრიპტობაზარზე. ეს თავის მხრივ, კრიპტოვალუტების ბაზარს შედარებით სტაბილურს გახდის. კრიპტოვალუტების ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც პროგნოზირებს, რომ ბიტკოინის ფასი 2021 წლის ბოლომდე 100 000 ან სულაც 200 000 აშშ დოლარს მიაღწევს. ბიტკოინის ფასის ზრდა, თავის მხრივ, გამოიწვევს კომპანიების საბალანსო უწყისების ზრდას. Tesla-ს 8%-იანმა ინვესტიციამ ამ დროისთვის უკვე მისი რეზერვების მოცულობის 12%-ს მიაღწია.  და თუ კომპანია მიჰყვება გეგმას და ელქტრო ავტომობილების რეალიზაციისათვის ბიტკოინით გადახდას დაუშვებს, მისი კაპიტალიზაციის კიდევ ურო მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.

თუმცა ეს ყველაფერი საკითხის ერთი მხარეა. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მსხვილი კორპორაციების აქტიურმა ჩართვამ კრიპტოვალუტების ბაზარზე მომავალში ფინანსური ბაზრების სტაბილურობაზე? აისახება თუ არა კრიპტოვალუტების ფასების მერყეობა კომპანიების აქციების ფასზე? მაგალითისათვის, ამ განცხადების შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზრდა, მაგრამ მალე 5%-ით შემცირდა.

გრაფიკი #3. კომპანია Tesla-ს აქციების ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში

წყარო: https://www.tradingview.com/symbols/NASDAQ-TSLA/

ცხადია, რომ რაც უფრო მეტი კომპანია იქნება მომავალში ინტეგრირებული კრიპტოვალუტების ბაზარზე, მით უფრო მგრძნობიარე იქნება აქციების ბაზარი ბიტკოინის ფასისა და მისი მერყეობის მიმართ.  მარტივი წარმოსადგენია, თუ გაყიდვების რა მასშტაბი შეიძლება მოჰყვეს ინვესტორების მხრიდან დიდ რყევებს კრიპტოვალუტების ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში, უდიდესი რისკი შეიძლება გახდეს მთლიანად ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის.

გლობალური მარეგულირებლები უყურადღებოდ ვერ დატოვებენ პოტენციურ ტალღას, რომელიც ციფრული ვალუტის ფასების მკვეთრმა მერყეობებმა შეიძლება გამოიწვიოს კაპიტალის ტრადიციულ ბაზრებზე. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე გააჟღერეს წინადადებები ბიტკოინის რეგულირების გამკაცრების აუცილებლობის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ქრისტიან ლაგარდიმ და აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა. მაგალითისათვის, განიხილება ვარიანტი რომლის მიხედვითაც ლისტინგში მყოფ მსხვილ კომპანიებს დაუწესდებათ შეზღუდვები კრიპტოვალუტების ფლობასა და სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით ნათელია მხოლოდ ის, რომ ილონ მასკისა და მისი კომპანიის გრანდიოზული ნაბიჯი უკვე ხდება დასაბამი დიდი ცვლილებების ფინანსურ სამყაროში. რა მიმართულებით განვითარდება ეს ცვლილებები და რა გავლენას მოახდენს, ერთი მხრივ, კრიპტოვალუტების ბაზარი აქციების ბაზარზე, ხოლო მეორე მხრივ, მსხვილი კორპორაციების აქტიურობა კრიპტოვალუტებზე, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.