რედაქტორისაგანრესაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

ამინ-ისტი-ა
ყველაფერი გამიგონია ჩემი ორმოცი წლის მანძილზე: კომუნ-ისტი, მარქს-ისტი, ტროცკ-ისტი, ოპორტუნ-ისტი სტალინ-ისტი, ზვიად-ისტი (ეს ერთი პერიოდი ისჯებოდა კიდეც, ახლა პირიქით), შევარდნაძ-ისტი (ეს, ჯერჯერობით, ისჯება), რევანშ-ისტი, ეკონომ-ისტი, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი – ამინ-ისტია, ანუ კაცი, რომელიც ამინ-ისტი-ა. ესა თუ ის კაცი, პიროვნება არის ამინ-ის მიმდევარი. აქედან წამოვიდა დღეს ყველაზე პოპულარული სიტყვა ამინისტი-ა.

ყველა ქრისტიანისათვის “ამინი” მაგიური სიტყვაა. მას ჩვენ ლოცვის შემდგომ ვხმარობთ, ან თუკი სხვა, ღმერთს რამეს შესთხოვს, თანხმობის და აღსრულების სურვილთან მიერთების ნიშნად მოვიშველიებთ. ასე, მაგალითად, ვიღაც ღმერთს შესთხოვს – ღმერთო, მაპატიე ყველა შეცოდებანი საგადასახადო ინსპექციის მიმართ და გადასახადის დამალვა, რადგან შენ თქვი, კეისარს კეისრისაო, ახლა მომიტევე და მეტს აღარ ვიზამ. გვერდში მყოფი მეორე მეგობარი შეაწევს: – ამინ, გისმინოს ღმერთმაო. აი, ის კაცი ამინ-ისტი-ა, რადგან სრულად ეთანხმება მეგობრის თხოვნას და თვითონ შუამდგომლობს ღმერთის წინაშე – უპირობოდ აპატიეო. არა, არ გეგონოთ საგადასახადო ამინისტიაზე ვლაპარაკობდე, უბრალოდ, ამინისტია კარგი რამეა. აგერ, ჩემმა შვილიშვილმა ლუკამ, 6 მარტს მიიღო სრული ამინისტია და თანაც, უპირობო. ძალიან გამიხარდა ამინისტია გაზაფხულის ამ სუსხიან დღეებში.

ამ გაზაფხულს, ნუშის ყვავილების აფეთქებასთან და მინდვრის ვარდების ფერთა გამის ულამაზეს პალიტრად გადაქცევასთან ერთად, იმედებიც მოაქვს. რაღაც ახალს ელოდები, ჯერ არ განცდილს, არნახულს, რაღაცას, ან ვიღაცას. ბუნება ხელახლა ცოცხლდება და შენც ფიქრობ, იქნებ მეც დავიწყო, ან დამაწყებინონ თავიდან, ისე, როგორც ლუკას მიეცა შანსი თავიდან დაეწყო. თავიდან იმიტომ უნდა დაიწყო, რომ უზარმაზარი, 15-წლიანი სუსხიანი ზამთარი გამოვიარეთ და მუდამ ისეთი საბანი გვეხურა, რომელიც კოჭებს კი არა, გენიტალიებს ვერ გვიფარავდა, გვშიოდა, ვწყუროდა, მეზობელი ქვებს გვესროდა, ბნელოდა და სადაც რას მივასწრებდით, იმას ვჭამდით. სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით.

თუ ბიზნესში ვსაქმიანობდით, რა თქმა უნდა, ვცოდავდით. განსაკუთრებით, 1998 წლიდან, თორემ, მანამდე ლეგალური ბიზნესის წარმოება შეიძლებოდა და ბევრი იყო ასეთი. მაგალითად, 1992-93 წლებში ვიცე-პრემიერის ბრძანებით, საქართველოში იმპორტი გადასახადისაგან განთავისუფლებული იყო, ექსპორტი და ბარტერი იბეგრებოდა. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში კონტრაბანდის ცნება არ არსებობდა და იმპორტი სრულიად ლეგალური იყო. აი, თუნდაც ჩვენი ვალუტის კურსების ცვალებადობის ეპოქა – 1991-1993-1995-1996-1998 წლებში დილინგის ოპერაციები ანალოგიურად ვითარდებოდა და ფულს ლეგალურად შოულობდნენ. ან, როცა საქართველოში რეგისტრირებულ ფირმებს რეექსპორტის რეჟიმით რუსეთიდან ევროპაში გაჰქონდათ ფერადი ლითონი, რკინა, ნავთობი და ა.შ., მაგრამ 1997-98 წლებიდან მონასტერი აირია და ზამთარი სუსხიანი კი არა, აუტანელი გახდა. თან მეზობელმა რუსეთმა, რომელიც შეშით გვათბობდა და გვაპურებდა კიდეც, 1998 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ, მეტ-ნაკლებად შეგვიწყვიტა და ჩვენი საგადასახადო კოდექსის ხახაში, ბედის ანაბარა დავრჩით. გადასახადებისაგან მოიქსოვა აბლაბუდა:
დღგ:
აქციზი:
მოგების:
ქონების:
სამეწარმეო:
საგზაო:
უმუშევრობის:
ჯანდაცვის:
სოცფონდებში გადასახადი:
საშემოსავლო:
რეკლამის:
მიწის:
საბაჟო:
ქონების გადაცემის:
ეკოლოგიის:
ვაჭრობის ნებართვის.

გარდა ამისა, თითოეულის გაანგარიშების წესი და მეთოდიკა 3000-ჯერ შეიცვალა და სულ რეფორმებს განიცდიდა. თვეში ორჯერ ახალ-ახალი კოდექსი გამოდიოდა. ადამიანი ფიზიკურად და გონებრივად ვერ მიჰყვებოდა ამ ცვლილებებს და ნურავინ მოიკლავს თავს იმის მტკიცებით, რომ 1999-2004 წლებში სრულიად ლეგალური ბიზნესი ვაწარმოეო. ამიტომ, ამ ქვეყნის შვილები ყველანი ცოდვილები ვართ. ამ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება წინ, უკეთესი მომავლისკენ სვლა. ჩვენ არ უნდა გვამძიმებდეს წარსული, შური, ბოღმა, განკითხვის სურვილი. ქრისტეს ცნებებმა, მიტევებამ და მოყვასის სიყვარულმა უნდა იმარჯვოს.

ამ გაზაფხულზე, დიდი მარხვის ბოლოს და აღდგომის წინა დღეებში საკუთარ თავზე და პირად ემოციებზე უნდა ავმაღლდეთ. ახალი თამაშის წესების ჩამოყალიბებაზე უნდა ვიფიქროთ, სადაც ადამიანი არ იქნება ბინძური სისტემის მონა და დანამატი. ეკონომიკას თავისუფალი ხედვა, აზროვნება და ინიციატივა სჭირდება. მაშინ ყველა, დასავლეთი, თუ აღმოსავლეთი ჩვენს სურვილს, ღვთისადმი თხოვნას აყვავებული ეკონომიკის, უმუშევრობის მოსპობის და სოციალური, ყოფითი პირობების გაუმჯობესების თუ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ეტყვის – ამინ! მაგრამ, სანამ სხვა გვეტყვის, “ამინ!-ს” თვითონ უნდა ვიყოთ ამინი-სტები, ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვთქვათ, რომ ეს ქართველი ამინ-ისტია, საქართველოზე უნდა თქვან – საქართველო ამინ-ისტია. ბოღმით ქვეყანას ვერ ავაშენებთ, მიტევებით და ერთად დგომით, ლოცვით – აუცილებლად.

ილოცეთ აღდგომის წინ და იყავით ამინისტები. აბა, დაფიქრდით, რა კარგია, როცა თქვენზე იტყვიან ამინისტია-ო. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ პატარა ლუკას, ის პირველად ხვდება აღდგომას და მან უპირობო ამინისტია მიიღო. ამ ქვეყნად უცოდველი ისაა მხოლოდ.

საოცარია მარტის კვირტაფეთქებული დილა, ასე მგონია, თითქოს ბუნება კი არა, ჩემი ქვეყანა, მისი ეკონომიკაც აპირებს აყვავებას.

პატარა ლუკას თვალებს რომ ვუყურებ, მჯერა, რომ ის ნამდვილად ამინისტია.
თქვენ?

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial