ითხოვეთ ფული და მოგეცმათ
სოფიკო სიჭინავა
საქართველოში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამოჩენის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სულ რამდენიმე წელია, რაც ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებასა თუ ცნობიერებაში შემოვიდა მიკრო სესხის ცნება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დატოვა. სიღარიბე არა თუ გაღრმავდა, არამედ ბევრი ოჯახი მის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამ პერიოდში საქართველოში უამრავი ფულადი ინექცია შემოვიდა გრანტებისა თუ სხვა დახმარებების სახით, მაგრამ მიზნობრივად არ დახარჯულა. ანუ, სახსრები არ მივიდა იმ ადამიანებამდე, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებდნენ. ამის გამო მიზნობრივი ჯგუფები შეიქმნა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან მათი დაფინანსება დაიწყო. ასე შეიქმნა მიკროფინანსირების ინსტიტუტი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსით ყალიბდებიან, რომელთაც, როგორც აღვნიშნეთ, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. ნელ-ნელა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ თვითდაფინანსების რეჟიმზე გადავიდნენ. მსოფლიოში მსგავსი ორგანიზაციები სხვადასხვა ფორმით არსებობენ: საკრედიტო გაერთიანებები – მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ეს არის კოლექტიური გაწევრიანება და ფინანსდება წევრი პირების მიერ, ასე ვთქვათ, ხდება ურთიერთდაფინანსება; სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო კოოპერატივები – პრინციპი იგივეა, შესაძლებელია იურიდიული პირი გაერთიანდეს და საქმიანობდეს ამ სექტორში; და მეწარმეობის დახმარების სახელმწიფო ფონდები: ფედერალური, რეგიონალური, მუნიციპალური და ა.შ., რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
დღეს, მოსახლეობისაგან მცირედი საარსებო შემოსავლის გასაჩენად, განსაკუთრებით სოფლად, ხშირად მოისმენთ იდეას – მიმართონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. მაინც რას წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები, რას ნიშნავს მიკროფინანსირება, ვინ არიან მათი კლიენტები და როგორ ხდება მიკრო სესხის აღება.
მიკროდაფინანსება ახალი ტიპის ეკონომიკურ-ფინანსური მომსახურებაა, რომლითაც სარგებლობენ მცირე მეწარმეები, რათა მიიღონ მოკლევადიანი მცირე ოდენობის სესხები და ინვესტიციები, შემდგომში კი უფრო დიდი სესხის აღების საშუალება ჰქონდეთ. მიკროდაფინანსება ბოლო 25 წლის განმავლობაში განვითარდა, რადგან ტრადიციული საბანკო დაწესებულებები ნაკლებად, ან საერთოდ არ აფინანსებდნენ მცირე და მიკრო საწარმოებს. არადა, ამ საწარმოებს მილიონობით მცირე შემოსავლის მქონე ადამიანი ამუშავებს. თუმცა, სადღეისოდ სიტუაცია შეიცვალა და საქართველოში მიკროდაფინანსებას არაერთი ბანკი აწარმოებს.
მარტივად თუ ვიტყვით, მიკროსაფინანსო ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურ მომსახურებას ძალიან დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას სთავაზობს.
ყველაზე გავრცელებული წარმოდგენა არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ არის ფინანსური არასამთავრობო დაწესებულება, ანუ ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად ფინანსურ მომსახურებასთანაა დაკავშირებული. როგორც ვთქვით, არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობას წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან მცირე შემოსავლების მქონე მოსახლეობის გარკვეულ სექტორს. ისინი თავიანთ კლიენტებს სესხების გაცემის გზით სთავაზობენ მიზანმიმართულ, ანუ საჭიროებებზე დაფუძნებულ მომსახურებას.
მიკროდაფინანსება, რომლის მეშვეობითაც ფინანსური მომსახურება მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში (მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წესდებაში პირდაპირ უწერიათ: დაიძლიოს სიღარიბე, 2005 წელი გაეროს მიკროფინანსირების წლად აქვს გამოცხადებული), განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სტადიაში არიან. მაგალითად, რაიმე ბიზნესიდან მიღებული უკუგება ზრდის შემოსავლის წყაროს, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ოჯახის მდგომარეობაზე, იქნება ეს კვების გაუმჯობესება, თუ შვილებისთვის უკეთესი განათლების მიცემის საშუალება. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ასეთი ორგანიზაციების კლიენტები, უმეტეს შემთხვევაში, ქალები არიან, რომლებიც ბოლო დრომდე მოწყვეტილნი იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ახალგაზრდები, რომლებთაც მიიღესLუმაღლესი განათლება და თვითრეალიზაციას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახმარებით გეგმავენ.
მიკროდაფინანსება ეხმარება ღარიბ ან დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, რომელთაც სურთ წამოიწყონ მეწარმეობა და აქვთ ამის გარკვეული რესურსი, ან სურთ გააფართოვონ უკვე დაწყებული საქმიანობა, მაგრამ არ აქვთ რაიმე შანსი, რათა მიმართონ ტრადიციული ტიპის კომერციულ ბანკებს, რადგანაც ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, არ გასცემენ კრედიტებს გირაოს გარეშე. უმეტესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინდივიდუალური სესხები არის 100 დოლარიდან 10 ათას დოლარამდე, რაც გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული (არსებობენ ქვეყნები, სადაც მიკროსესხის მოცულობა 100 ათასი დოლარიც კი არის). იგი ითვალისწინებს რეალურად არსებული გირაოს შემოწმებას. ჯგუფური სესხები არის 50 დოლარიდან 600 დოლარამდე და გაიცემა სოლიდარულ ჯგუფებზე ოთხიდან შვიდ კაცამდე, რომელთაც არ სჭირდებათ გირაო, მაგრამ თანახმანი არიან სესხის დაფარვაზე ერთმანეთს თავმდებად დაუდგნენ. საკრედიტო ოფიცრები მსესხებლებს უტარებენ შესაბამის ტრენინგს.
ბიზნესი, რომელიც შექმნილია მიკროდაფინანსების ხელშეწყობით, მოსახლეობას იაფ პროდუქციას თავაზობს, ასაქმებს სხვა ადამიანებსაც და საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფს იმ რაიონებს, სადაც ამ ყველაფერის ნაკლებობაა. მიკროდაფინანსება არ არის ქველმოქმედება, ეს არის დაბანდება. თქვენ იღებთ დაფინანსებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის სახით, რათა შემდგომ აღებული სესხი გარკვეული საპროცენტო განაკვეთით გადაიხადოთ. მიკროდაფინანსების პრინციპები სტიმულს აძლევენ კლიენტებს, გამოიმუშაონ პასუხისმგებლობის გრძნობა, გადახდის კულტურა და დროულად დაფარონ სესხი. ამიტომაც, მიკრო სესხი, რომელსაც თქვენ იღებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, ნიშნავს ვალდებულებას, რომ სესხი შესაძლოა გადახდილ იქნას წინასწარ განსაზღვრული განრიგით, ისევე, როგორც წინასწარ დარიცხული საპროცენტო განაკვეთით.
რაც უფრო მწირია ოჯახის ფინანსური შესაძლებლობა, მით უფრო მცირეა ბანკის ტიპის ფინანსური დაწესებულებიდან ოფციალური სესხის აღების შანსი. ამ თვალსაზრისით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო მოქნილნი არიან და შეიძლება ითქვას, უფრო მეგობრულები ზემოხსენებული კატეგორიების კლიენტების მიმართ. მეორე მხრივ, რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მით უფრო ძვირი, სარისკო და რთულია სესხის აღება არაოფიციალურ ბაზარზე. გარდა ამისა, არაოფიციალური ფინანსური გარიგებები ვერ აკმაყოფილებს გარკვეული ფინანსური მომსახურების მოთხოვნილებებს, ან შესაძლოა ვერც გახდეთ მისი მომხმარებელი.
მიკრო სესხის საშუალო მოცულობა 100 დან 300 დოლარამდეა. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან უფრო მცირე ან მეტი ოდენობის სესხი, თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მცირე შემოსავლის მქონე მცირე მეწარმისთვის 50 დოლარიც კი მნიშვნელოვანი თანხაა, რომელსაც შეუძლია ეს თანხა დააბანდოს რაიმე საქმიანობაში და შრომით შემოსავლები მიიღოს. ისინი ამის არაერთ მაგალითს ასახელებენ.
არსებობს ასეთი გამოთქმა: ღარიბი რჩება ღარიბად არა იმიტომ, რომ ის ზარმაცია, არამედ, იმიტომ, რომ მისთვის ფინანსური კაპიტალი აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტებს სიღარიბის დასაძლევად ამგვარ კაპიტალს თავაზობენ.
როგორც წესი, მიკროფინანსირების მომხმარებლები არიან ჩვეულებრივი, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებიც უკვე ეწევიან საკუთარ სამეწარმეო საქმიანობას სოფლად. ძირითადად, მცირე ფერმერები და ისინიც, ვინც ჩაბმულნი არიან მცირე უკუგების საქმიანობაში, როგორიც არის საკვების გადამუშავება და მცირე ვაჭრობა. ქალაქში მიკროსაფინანსო საქმიანობა უფრო მრავალფეროვანია და აქ იგულისხმებიან მაღაზიის მფლობელები, ისინი, ვინც სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს. მცირე მოვაჭრეები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მსესხებლები არიან საშუალო ფენის ის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ მცირე, მაგრამ შედარებით სტაბილური შემოსავლის წყარო.
როგორც ვთქვით, კლიენტს შეუძლია აიღოს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სესხი.
ინდივიდუალური სესხი არის სესხის ტიპი, რომელსაც გასცემს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთ ადამიანზე და გარანტიად იღებს გირაოს ან თავდებობას, ან სულაც გირაოს გარეშე.
ჯგუფური მიკროსესხი არის ისეთი ტიპი, რომელიც გირაოს გარეშე გაიცემა ფიზიკურ პირთა ჯგუფზე, რომელთაც სოლიდარული პრინციპით განსაზღვრული ვალდებულება აერთიანებთ.
მიკროსესხები საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც განსაზღვრული აქვს ეკონომიკური შესაძლებლობა და ვისაც ძალუძს მცირე ოდენობით სესხის აღების შემთხვევაში ამ ნაღდი ფულით შესაძლებლობის განვრცობა. ჯგუფურ სესხებზე გადახდა ხდება ყოველ კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ. ასეთ სიტუაციაში გარანტიები საჭირო არ არის, 5-7 კაციანი ჯგუფები, ფაქტიურად, ერთმანეთის გარანტებად გამოდიან, ამუშავებულია სოლიდარული პასუხისმგებლობა, თუ რომელიმე ან რამდენიმე მათგანმა ვერ გადაიხადა სესხი, მას იხდის ჯგუფიდან ერთ-ერთი.
ინდივიდუალური სესხის შემთხვევაში, გარანტია საჭიროა, თანხა და დარიცხული პროცენტები ყოველთვე – 2%-დან 4%-მდე იფარება, შესაძლოა დაფარვის სხვა, კლებადი მეთოდიც: ძირითადი თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილს ერიცხება 2%. ვადა 4-დან 24 თვემდეა, ანუ ორწლიანი. სესხი იფარება ლარებში.
დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ის წარმოამდგენლები, რომლებიც უკვე ჩაბმულნი არიან სტაბილურ ბიზნესში, ან ისეთ საქმიანობაში, რომელსაც გარკვეული ეკონომიკური პერსპექტივა გააჩნია და ვინც უკვე საქმით დაამტკიცა სამეწარმეო უნარი და პასუხისმგებლობა სესხის დაფარვის ვალდებულებაზე (ნაცვლად იმისა, რომ სესხი აღიქვან, როგორც სოციალური დახმარება), მიკრო კრედიტებისათვის საუკეთესო კანდიდატები არიან.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტები არ შეიძლება გახდნენ უკიდურესად გაღარიბებული ადამიანები, რომლებთაც არ გააჩნიათ არანაირი სტაბილური შემოსავლის წყარო და შესაბამისად, არიან აბსოლუტურად გადახდისუუნარონი (მაგ., უსახლკაროები). სესხების აღებამ და მათმა გადაუხდელობამ, ამ ადამიანებს შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები ვერ გახდებიან არასაიმედო, არასტაბილური შემოსავლების მქონე ხალხი. მაგალითად, ოჯახს შეიძლება ჰქონდეს შემოსავალი გარკვეული პერიოდის მანძილზე, მაგრამ შემდგომ თვეებში არანაირი შემოსავალი აღარ მიიღოს. შესაბამისად, მათ მიერ სესხის დაფარვა სათუო ხდება. ეს კი ეწინააღმდეგება თვით მიკროფინანსირების პროგრამის არსს, რომელიც კლიენტთა საკრედიტო დისციპლინაზეა დამყარებული და გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს პატიოსან და დიციპლინირებულ გადამხდელს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებობს ე.წ. სესხების დანაზოგი. იგი ანგარიშზე აკუმულირდება, როდესაც კლიენტი სესხის გასტუმრებისას დამატებით ფულს იხდის და იქმნება, ასე ვთქვათ, სარეზერვო ფონდი, კლიენტს უფლება აქვს ეს თანხა უკან გაიტანოს. თუ საკრედიტო რისკი მაღალია, ასეთ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დანაზოგი გააკეთოს. გარდა ამისა, შემდგომში სესხის ზრდის განსაზღვრა დანაზოგის საშუალებით საფეხურებრივი პრინციპითაა შესაძლებელი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობის ანალოგიას მოსახლეობაში ფულის ერთბაშად მიღების ფართოდ გავრცელებულ მეთოდში ე.წ. ლატარეაში ხედავენ. ლატარეის პრინციპით, თანხის დაფარვის გარანტი მის მონაწილეთა რეპუტაცია, და ხელფასია. მიკროსესხი ერთჯერადი არ არის, მისი გაცემა ერთგვარად საფეხურებრივად მიმდინარეობს, თუ მეწარმემ ერთხელ სესხი დაფარა, მას შესაძლებლობა მიეცემა, ისევ მიმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფრო დიდი ოდენობის სესხის მისაღებად და, შესაძლოა, უკეთესი პირობებით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დიდი ხნის თანამშრომლობაზე. ამიტომ, ყველა მსესხებელი თავის საკრედიტო ისტორიას უფრთხილდება და ეს არის თითქმის ყველა კლიენტის დამახასიათებელი თვისება.
ადამიანი, რომელსაც თავისი ბიზნესის გასაფართოებლად და გასავითარებლად სესხი სჭირდება, ორი არჩევანის წინაშე დგება: მივიდეს ბანკში და მყარი გარანტიით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში მას არ გააჩნია, კრედიტი გამოიტანოს, ან მიმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, მაგრამ აქაც მას სესხის დაფარვის მაღალი პროცენტი აკავებს.
რატომ ერიცხება პროცენტი მიკროსესხს და არის თუ არა იგი მაღალი?
დღეს ეს ბაზარი ძალზე კონკურენტული გახდა, ძირითადად იმის გამო, რომ ბანკები ძალიან დაბალ სეგმენტზე ჩავიდნენ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კონკურენცია გაუწიეს. მიკრო კრედიტების გაცემით ბანკმა შეიძლება დიდი მოგება ვერ ნახოს, მაგრამ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, იმის გამო, რომ ბევრმა ქართულმა ბანკმა ინვესტიცია მიიღო, ხოლო ინვესტორების პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მხარი დაეჭირათ, ბანკები ამ სეგმენტს ვერ გაექცნენ. გარდა ამისა, მათთვის მიკროკრედიტები შესანიშნავი Pღ-ია. თუმცა, ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ეს უკანასკნელნი ემსახურებიან ისეთ კლიენტებს, რომლებთაც, თუნდაც მხოლოდ ჩაცმულობის გამო ბანკებში არც შეუშვებენ. გარდა ამისა, მიკროსესხი ხელსაყრელია იმის გათვალისწინებითაც, რომ სესხის აღების პროცედურა გამარტივებულია – საჭიროა შეზღუდული რაოდენობის დოკუმენტაციაა, გაიცემა სწრაფად, 1 დღიდან 3-4 დღემდე. ეს დამოკიდებულია სესხის ზომაზე, არის არატრადიციული უზრუნველყოფის ფორმები: ჯგუფური გარანტია და მესამე პირთა თავდებობა.
პროცენტები კლიენტებს სამი ძირითადი მიზეზის გამო ერიცხებათ: იმისათვის, რომ დახმარებამ საბოლოოდ ადგილი განვითარებას დაუთმოს; სტიმული მიეცეს პასუხისმგებლობლობას, ანგარიშვალდებულებას და საკუთრებას იმ გზით, რომ კლიენტებმა დააბრუნონ აღებული სესხი, გახდნენ თავიათი ბიზნესის სრული მესაკუთრენი და აკონტროლონ იგი; შეიქმნას ისეთი სიცოცხლისუნარიანი მსესხებელი ორგანიზაცია, რომელიც იქნება ფუნქციონალურად მდგრადი და სესხებზე დარიცხულ პროცენტს მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დასაფარავად გამოიყენებს, რაც საბოლოო ჯამში, ნიშნავს იმას, რომ ათასობით ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა სარგებელი პოვონ მცირე საწარმოების განვითარებაში და არ იყვნენ დამოკიდებულნი დონორთა ფულზე.
ის ფინანსური მომსახურება, რომელსაც დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოსახლეობას თავაზობენ, იაფი არ არის. 100 დოლარის ოდენობის სესხი მოითხოვს პერსონალისა და რესურსების თითქმის იგივე რაოდენობას, რასაც 2 ათასი დოლარის სესხი, სწორედ აქედან მომდინარეობს ერთ ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
საკრედიტო ოფიცრები უნდა ეწვიონ კლიენტებს სახლში ან ბიზნესის ადგილას, შეაფასონ მათი გადახდისუნარიანობა და უმეტეს შემთხვევაში, სისტემატურად მოინახულონ კლიენტები, რათა ამით გაამყარონ მათი სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და დაამკვიდრონ სესხის დროულად დაფარვის კულტურა. ის ხარჯები, რომელიც ერთ მიკრო სესხთან არის დაკავშირებული, თავისუფლად შეიძლება 25 დოლარი დაჯდეს და ეს, შესაძლოა, სესხის ოდენობის ღირებულების 25%-ს უდრიდეს. სწორედ ეს აიძულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომ დააწესონ, ერთი შეხედვით, მაღალი საპროცენტო განაკვეთი, თუმცა სინამდვილეში, როგორც მიკროდაფინანსების გამოცდილებამ აჩვენა, კლიენტები სესხზე დაწესებულ პროცენტს საკუთარი სურვილით იხდიან, რათა სესხი ხანგრძლივად იყოს მათთვის ხელმისაწვდომი. მათ კარგად ესმით, რომ ალტერნატივა არის უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი მეტად სარისკო არაოფიციალურ სექტოში, ანუ კერძო მევახშეებთან. მათ არც ის პერსპექტივა ხიბლავთ, რომ ოფიციალური კრედიტი მათთვის საერთოდ არ იყოს ხელმისაწვდომი.
როგორც საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 85-90%-ს ხელი არ მიუწვდებათ ტრადიციულ ფინანსურ მომსახურებაზე და დაბალშემოსავლიან, მაგრამ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას შეუძლია დაფაროს მიკროსესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთი.
ეკონომიკური საქმიანობის უმრავლესობა, რომელშიც ღარიბი მოსახლეობაა ჩართული, შედარებით ნაკლებ უკუგებას იძლევა, ხოლო რაც უფრო მეტია სესხზე ხემისაწვდომობა ამ კატეგორიის ხალხისთვის, მით მეტი იქნება უკუგება და ეკონომიკური შესაძლებლობები. სესხით აღებული თანხის დაბანდებიდან მიღებული შემოსავლები, შესაძლოა, ბევრად აღემატებოდეს სესხზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს და მისი გასტუმრება პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.
ფინანსური მომსახურების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის შესახებ კონსულტაციაც მიიღოთ, ანუ გაიგოთ, შეძლებთ თუ არა თქვენი საქმიანობიდან ამონაგებით იმ ფულის დაფარვას, რასაც სესხის სახით გაიტანთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. ამით რასაკვირველია, ორგანიზაცია ცდილობს თავისი რისკი შეამციროს, მაგრამ, როგორც ისინი აცხადებენ, ხალხს თევზის ჭერას ასწავლიან და რისკს კლიენტებსაც უმცირებენ.
უხეში გათვლებით, საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მთლიანად მიღებული აქვთ დაახლოებით 20 მლრდ დოლარი. სარგებლის დარიცხვის შედეგად მიღებული მოგება არ ნაწილდება, ასეთი ტიპის ორგანიზაციებს, სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად, ბანკებისაგან ესეც განასხვავებს. მიღებული მოგება, ასე ვთქვათ, რეინვესტირებას ხმარდება, ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმდინარე ხარჯებს და გეოგრაფიული, თუ ფინანსური თვალსაზრისით გაფართოებას. ფინანსურ მაჩვენებლებს კი, დონორი ორგანიზაცია ამოწმებს, მუდმივ მონიტორინგს და ხარჯების სტრუქტურის კონტროლს ახორციელებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქვეყნის რეგიონებში თავიანთ საქმიანობის გაფართოებას მათი საფუძვლიანი დაკვირვებისა და შესწავლის საფუძველზე აწარმოებენ, ანუ მას შემდეგ, რაც გამოკვლევით დადგინდება, რომ ესა თუ ის რეგიონი ეკონომიკურად აქტიურია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას იღებს, თავისი წარმომადგენლობა გახსნას. შესაბამისად, თუკი რეგიონში ოფისი გახსნილი არ არის, იქაური მოსახლეობისთვის მიკროსესხები ხელმიუწვდომელია, მაგრამ, თუკი რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქე თავის საქმიანობას დედაქალაქში, ან იქ აწარმოებს, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავისი წარმომადგენლობა ჰყავს, მეწარმის საქმიანობის შესწავლის შემდეგ ეს ბარიერი იხსნება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ყველა საქმიანობის შედეგს თავისი საზომი აქვს. სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით, ჩატარებულია გამოკითხვები და თუ მათ მონაცემებს დავეყრდნობით, მიკროსესხისგან მიღებული სარგებელი შეიძლება გამოიხატოს შემდეგში: გაზრდილი შემოსავლები; დანაზოგის შესაძლებლობა; შრომის ნაოფიერება; უკეთესი, ხარისხიანი კვება; უკეთესი სამედიცინო მომსახურება და ოჯახის ჯანმრთელობა; ოჯახის წევრთა უკეთესი განათლება; ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; მეტი პროდუქცია და მომსახურება ხელმისაწვდომ ფასებში; მეტი სამუშაო ადგილი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ თავის მხრიდან მიკროდაფინანსებას ხელი უნდა შეუწყოს იმით, რომ შექმნას ისეთ მარეგულირებელი და საკანონმდებლო გარემო, რომელიც უზრუნველყოფს არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მდგრად და ხანგრძლივმოქმედ სტრუქტურებად ჩამოყალიბებას, ნაკლებად იყვენენ დამოკიდებულნი გარეშე დონორთა დახმარებაზე და დაბალშემოსავლიან ფენებს ფინანსური მომსახურების უფრო ფართო სპექტრი შესთავაზონ.
დღეს ისინი თავიანთ საქმიანობაში მთელ რიგ სიძნელეებს აწყდებიან. ეს სიძნელეები უპირველს ყოველისა, არსებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოდან გამომდინარეობს, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ჩამოყალიბდნენ ფინანსურად და ფუნქციონალურად მდგრად და სტაბილურ სტრუქტურად და გააფართოვონ კლიენტებისთვის ფინანსური მომსახურების ასორტიმენტი. სადღეისოდ არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური მომსახურება შემოიფარგლება მხოლოდ სასესხო ოპერაციებით, ან მცირე და მიკრო სესხების გაცემით.
არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე სადღეისოდ არსებული შეზღუდვებია: სადეპოზიტო და საანაბრო ოპერაციების დაუშვებლობა; სავალუტო ოპერაციების აკრძალვა; მოგების განაწილების აკრძალვა; არსებითად სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლის შეზღუდვა.
გიორგი ოთარიძე (თსუ მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე) – მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კაპიტალი, როგორც მოგახსენეთ, დონორებისგან მიღებული გრანტებისაგან შედგება. კომერციული იურიდიული პირები გრანტს ვერ მიიღებენ, რადგან ფონდების ან საზოგადოებების სტატუსში უნდა ჯდებოდნენ. თანხა კი გრანტად არ ჩაითვლება, თუ იგი სამეწარმეო საქმიანობისთვის არის განკუთვნილი.
სპეციალური კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ 2005 წლამდე მომზადდება, წინააღმდეგობები უნდა დაიძლიოს, საუბარი არ არის საგადასახადო შეღავათებზე, ქართულ საკანონმდებლო ბაზასთან მიმართებში, მთლიანობაში აღმოჩენილია 48 წინააღმდეგობა და ამ ეტაპზე მომზადებულია 5 პრიორიტეტული ცვლილება, რომელიც მისკროსაფინანსო ორგანიზაციებს განვითარებაში უშლის ხელს.
შთამბეჭდავია საერთაშორიოს გამოცდილების სტატისტიკიდან რამდენიმე ციფრი:
მსოფლიოს 135 წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰყავდა 8 მილიონზე მეტი აქტიური მსესხებელი (მსესხებელი, რომელსაც ჯერ სესხი არ დაუფარავს), ჰქონდა 1,8 მილიარდზე მეტი მთლიანი სასესხო პორტფელი. მსოფლიოს მასშტაბით მიკროსესხებით 13 მლნ მეტი მცირე მეწარმე სარგებლობს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა გარკვეული სიფრთხილით ეკიდება მსგავს ორგანიზაციებს, მათ სესხზე დარიცხული მაღალი საპროცენტო განაკვეთი აკავებთ, თუმცა, საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამოცდილებით, კლიენტების მხრიდან სესხის გადაუხდელობის მოცულობა მხოლოდ 2%-ია – ესეც შთამბეჭდავი ციფრია.