უმუშევრობა პანდემიის ფონზე

ავტორის სტილი დაცულია
ზაურ კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
II კურსის სტუდენტი
zauri.kakhniashvili841@eab.tsu.ge

ანოტაცია

საზოგადოება ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური მდგომარეობის განხილვისას იყენებს ისეთ მაკროეკონომიკურ ცნებებს, როგორიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, უმუშევრობის დონე და ასე შემდეგ. მათ შორის, უმუშევრობის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელიც ქვეყნაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ბევრს მეტყველებს. უმუშევრობის საკითხი არის პოლიტიკოსების ერთ-ერთი უძლიერესი სამოქმედო ბერკეტი, რომლის საშუალებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას, მათი სიმპათიის მოპოვებას და საკუთარი ინტერესების გატარებას. ზოგადად, როგორც ცნობილია, განვითარებული ქვეყნები უმუშევრობის დაბალი დონით ხასიათდებიან, ხოლო განვითარებადი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, – უმუშევრობის მაღალი დონით. ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებულმა პანდემიურმა მდგომარეობამ გავლენა მოახდინა როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში არსებულ უმუშევრობაზე. მოცემული სტატია განიხილავს უმუშევრობის საკითხს საქართველოს ფარგლებში და შედარების მიზნით მოიცავს უცხო ქვეყნის, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც. სტატიის მიზანია გააცნოს მკითხველს პანდემიის გავლენა უმუშევრობის დონეზე დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით.

Annotation

When society talks over living standard and economic climate of a country, they use macroeconomic terms such as: Gross Domestic Product (GDP), Gross Domestic Product Per Capital, Consumer Price Index (CPI), Unemployment Rate and so on. Among them, unemployment problem is one of the most important topics, which tells us a lot of about the condition of an economic in any country. Unemployment topic is on of the strongest leverages for politicians to catch people’s attention, draw sympathy and show and defend their own interests. In general, as usual, developed countries are characterized by low unemployment rate, when developing countries (for example, Georgia) experience high unemployment rate. During the last two years Pandemic situation lead both developed and developing countries to serious problems and caused growth of unemployment rate. Given article discuss unemployment topic in the scale of Georgia under Pandemic situation and in order to highlight differences and similarities there are also given information about foreign developed country such as United States of America. The goal of given article is to let reader know information about the pandemic influence on unemployment using the current data.

შესავალი

პირველ რიგში, როდესაც უმუშევრობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, რომ განვსაზღვროთ თვითონ ტერმინის არსი და გავერკვიოთ მის მნიშვნელობაში. უმუშევარი არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იმყოფება სამუშაო ასაკში და არ მუშაობს სეზონური დასაქმების და სამუშაოს შეცვლასთან დაკავშირებით ან საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ სწავლობს სამუშაოდან მოწყვეტით. სხვა სიტყვებით საზოგადოების ამ ჯგუფს ეკონომიკურად აქტიური დაუსაქმებელი მოსახლეობა ჰქვია. უმუშევრობა, ისევე როგორც დასაქმება, ისეთი მაკროეკონომიკური მოვლენაა, რომელიც გამოხატავს ქვეყანაში არსებული განვითარების კონკრეტულ დონეს. შრომის ბაზარზე უმუშევრობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შრომის ერთობლივი მიწოდების სიჭარბეს ერთობლივ მოთხოვნასთან შედარებით. (1)

საბაზრო ეკონომიკაში უმუშევრობის რამდენიმე ტიპი არსებობს. ესენია: ფრიქციული, სტრუქტურული, სეზონური, ციკლური და ფარული უმუშევრობა.  ფრიქციული უმუშევრობა არის ყველაზე გავრცელებული უმუშევრობის ტიპი. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სამუშაო ადგილს იცვლის ახალი გამოწვევისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის და სხვა მიზეზების გამო. ამას ეწოდება ფრიქციული უმუშევრობა, რომელიც გარკვეულწილად ხსნის იმ ფაქტს, რომ უმუშევრობის დონე ნულამდე არასდროს მცირდება და ბუნებრივი დონის სიახლოვეშია თითქმის ყოველთვის. სტრუქტურული უმუშევრობა წარმოიშვება საწარმოო მოთხოვნისა და ტექნოლოგიური სტრუქტურის ცვლილებისას. ამ დროს სამუშაო ძალა აღარ შეესაბამება წარმოების მიმდინარე მოთხოვნებს. აღნიშნულ შემთხვევაში ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში იზრდება დასაქმება, ხოლო ზოგიერთში – მცირდება. უმუშევრობის ეს ტიპი ობიექტურად ასახავს ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ მასთან ბრძოლა არ არის მიზანშეწონილი. სეზონური უმუშევრობა უკავშირდება ეკონომიკაში არსებული წარმოების ზოგიერთი სფეროს სეზონურ ხასიათთან. მაგალითად, ასეთი წარმოების სფერო არის სოფლის მეურნეობა. ციკლური უმუშევრობა არის ისეთი უმუშევრობის ტიპი, რომელიც გამოწვეული არის წარმოების დაცემასთან. ფარული უმუშევრობა გულისხმობს ეკონომიკაში წარმოების დაცემის ან ტექნოლოგიური ცვლილებების დროს გამოწვეულ მოთხოვნის შემცირებას გარკვეულ ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც ფორმალურად ირიცხება თანამშრომლად, მაგრამ გამოთავისუფლდება და შეავსებს უმუშევართა რიგებს.

ზემოთ მოყვანილი უმუშევრობის ტიპები ნათლად ხსნის უმუშევრობის არსსა და მისი დონის ცვლილებას. უმუშევრობის ნულამდე შემცირება შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია, თუმცა ქვეყნის ცხოვრების დონის ასამაღლებლად და ეკონომიკური კეთილდღეობის გასაზრდელად საჭიროა მისი რაც შეიძლება დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნება. (2)

პანდემიის გავლენა უმუშევრობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში

მას შემდეგ რაც მკითხველი დეტალურად გაერკვა უმუშევრობის არსსა და მნიშვნელობაში, დროა სტატისტიკური მონაცემების განხილვა, რომელსაც დავიწყებთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე. მსოფლიო აშშ-ს იცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და უძლიერეს სახელმწიფოს მსოფლიოში, თუმცა პანდემიის გავლენა ამ ქვეყანაზეც მძიმე არის, სამწუხაროდ. პირველ სქემაზე მოცემული არის უმუშევრობის დონე 1990 წლიდან 2020 წლის ჩათვლით. როგორც ჩანს, ვირუსის გავრცელებამ 2020 წელს დროის მოკლე პერიოდში რადიკალურად გაზარდა უმუშევრობის დონე და 8.1%-ს გაუტოლა, რაც თითქმის 2008 წელს დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროინდელ მაჩვენებლამდე აღწევს. (3;4)

გრაფიკი 1. უმუშევრობის დონე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წლიდან 2020 წლის ჩათვლით

წყარო: https://www.statista.com/statistics/193290/unemployment-rate-in-the-usa-since-1990/

რაც შეეხება უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვდასხვა რეფორმის ხარჯზე ეს მაჩვენებელი 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით 4.2%-მდე შემცირდა, რაც სოლიდური შედეგია და რაც ამ ქვეყნის სიძლიერეზე მიუთითებს. სქემაზე მოცემულია ცამეტი თვის მონაცემები 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით.

გრაფიკი 2. უმუშევრობის დონე ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით

წყარო: https://www.statista.com/statistics/273909/seasonally-adjusted-monthly-unemployment-rate-in-the-us/

გარდა ზემოთ თქმულისა, სასარგებლო იქნება უმუშევრობის დონის პროცენტულ მაჩვენებელთან ერთად უმუშევრად ყოფნის ხანგრძლივობის საშუალო სტატისტიკური ინფორმაციის განხილვა 1990 წლიდან 2020 წლის ჩათვლით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პანდემიის გავრცელებამ 2020 წელს უმუშევრად ყოფნის ხანგრძლივობის საშუალო დონის გაზრდა არ გამოიწვია, არამედ იგი შემცირდა 2019 წელთან შედარებით 21.6%-დან 16.5%-მდე. ამის გამომწვევი უპირველესი მიზეზი არის ის, რომ ტექნოლოგიური განვითარებისა და სხვა ხელისშემწყობი ფაქტორების ხარჯზე ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ სწრაფად აუწყო ფეხი ახალ რეალობას და დაიწყო ახალი სამსახურების მოძებნა, რომლებიც არ ითხოვს სახლიდან გასვლას და სოციალურ აქტივობას. გრაფიკზე ასახული ციფრები გამოხატავს უმუშევრობის ხანგრძლივობას კვირების რაოდენობის მიხედვით. (6)

შემდეგი გრაფიკი გვიჩვენებს უმუშევრობის დონის ცვლილებას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. როგორც ჩანს, პანდემიის დროს ყველა ასაკობრივი ჯგუფის უმუშევრობის დონე ერთი და იგივე რაოდენობით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემიამ სოციალური და ეკონომიკური სფეროების ყველა დონეზე ერთი და იგივე გავლენა მოახდინა.

გრაფიკი 3. უმუშევრობის დონე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ასაკობრივ ჭრილში

წყარო: https://www.statista.com/statistics/217882/us-unemployment-rate-by-age/

პანდემიის გავლენა უმუშევრობაზე საქართველოში

რა საკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი პანდემიის გავლენის განხილვა უმუშევრობის დონეზე არის საქართველოს მაგალითზე, რაც თითოეულ საქართველოს მოსახლეს უშუალოდ ეხება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველთვის ბევრად მაღალი იყო უმუშევრობის დონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით, რაც ყველა განვითარებად ქვეყანას ახასიათებს. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, უმუშევრობის დონე პანდემიამდე 17.6% იყო 2019 წლის ბოლო მონაცემების მიხედვით. პანდემიის გავლენის შედეგად კი ეს მაჩვენებელი 2020 წლის ბოლოს 18.5%-ს გაუტოლდა. უმუშევრობის დონის პროცენტული მაჩვენებელი 2020 წლის ჩათვლით ნაჩვენებია შემდეგ გრაფიკზე. (5)

გრაფიკი 4. უმუშევრობის დონე საქართველოში 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba#

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე დიდი ცვლილება უმუშევრობის დონის ზრდაში არა 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც დაიწყო პანდემია, არამედ 2021 წელს, როდესაც როგორც მთლიანად მსოფლიო, ისე საქართველო მეტ-ნაკლებად იცნობდა პანდემიისგან გამოწვეულ მდგომარეობას და ჰქონდა დრო სპეციალური ღონისძიებების გასატარებლად. 2020 წლიდან ორი კვარტალის გასვლის შემდეგ უმუშევრობა 3.6%-ით გაიზარდა და 22.1%-ს გაუტოლდა, რაც ნამდვილად შემაშფოთებელი ცვლილებაა. თუმცა უახლესი ინფორმაციის მიხედვით აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი შემცირდა და 19.5%-ს გაუტოლდა, რაც სასიამოვნო ფაქტია.

სქემა 5. უმუშევრობის დონე საქართველოში 2020-2021 წლებში კვარტალების მიხედვით

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/31569120.html

დასკვნა

საბოლოო ჯამში, როგორც ზემოთ დავინახეთ, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც განვითარებული ქვეყნის, ისე – განვითარებადის უმუშევრობის დონეზე. ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონის პროცენტული მაჩვენებელი ვირუსის გავრცელებისთანავე სწრაფად და რადიკალურად გაიზარდა 4.4%-ით, რაც ნიშნავს მაჩვენებლის 2.2-ჯერ გაზრდას. მეორე მხრივ, საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო, გაიზარდა 0.9%-ით წინა წელთან შედარებით, რაც, რა თქმა უნდა, იმაზე ბევრად უკეთესი სტატისტიკური შედეგია, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების იგივე მაჩვენებელმა მიაღწია.

თუმცა, როგორც ზემოთ მოცემულმა გრაფიკებმა აჩვენა, საქმე გვაქვს ერთგვარ პარადოქსთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემიის გავრცელების მეორე 2021 წელს უმუშევრობის დონე შემცირდა 3.9%-ით (4.2%-მდე) და თითქმის უმუშევრობის ბუნებრივ დონეს გაუტოლდა, რომელიც ვირუსის გავრცელებამდე იყო. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს მაგალითს, როგორც ერთხელ უკვე ვახსენე, ვირუსის გავრცელების მეორე წელს ეს მაჩვენებელი არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 1.0%-ით (19.5%-მდე). ამ სტატისტიკურ მონაცემებს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ პირველ ეტაპზე პანდემიამ განვითარებული ქვეყნის, როგორიც არის აშშ, უმუშევრობის დონეზე უფრო სწრაფად და რადიკალურად იმოქმედა, ვიდრე განვითარებადი ქვეყნისა, როგორც არის საქართველო. თუმცა მეორე ეტაპზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პანდემიით მიღებული უკუსვლა თითქმის მთლიანად აღმოფხვრა, ხოლო ეს უკუსვლა საქართველოში კიდევ გრძელდება.

ამდენად, საქართველო სუსტი ქვეყანა აღმოჩნდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები –  ძლიერი იმისათვის, რომ აღმოეფხვრა პანდემიით მიყენებული დარტყმის უარყოფითი შედეგი უმუშევრობის დონეზე. საბოლოო ჯამში, ვირუსის გავრცელების თითქმის ორი წლის თავზე ერთი ქვეყანა ისევ რთულ მდგომარეობაში იბრძვის ძველი ცხოვრების დასაბრუნებლად, ხოლო მეორე ქვეყანა ამაყია მიღწეული შედეგით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გრეგორი მენქიუს „ეკონომიკის პრინციპები“ (“Principles of Economics” N. Gregory Mankiw)
  2. https://old.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/ad.res.martva.pdf
  1. https://www.statista.com/topics/6139/covid-19-impact-on-the-global-economy/#dossierKeyfigures
  2. https://sgp.fas.org/crs/misc/R46554.pdf
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba#
  4. https://www.statista.com/statistics/217837/average-duration-of-unemployment-in-the-in-the-us/
  5. https://www.radiotavisupleba.ge/a/31569120.html