საშინაო ბაზრის სამამულო წარმოების პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი პირობაა

ნიკალა ჯუღელი

საშინაო ბაზრის ადგილობრივი წარმოების პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერების პრობლემა მრავალასპექტიანი პრობლემაა. პირველ რიგში უნდა გაირკვეს, რას ნიშნავს საშინაო ბაზრის სამამულო წარმოების პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერება და რამდენად აუცილებელია იგი.

მარტივი ლოგიკის მიხედვით, ნებისმიერი ბაზრის (საშინაო იქნება საგარეო თუ რეგიონული) პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერება იქ მოთხოვნა-მიწოდების სრულ შესაბამისობას გულისხმობს. მაშასადამე, თუ პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნა როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად სრულად არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამომხმარებლო თვისებების მქონე პროდუქციითა და მომსახურებით შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი გაჯერებულია. ამგვარი შესაბამისობის მიღწევა არც თუ ადვილი საქმეა (მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ამ მხრივ, დროის გარკვეულ მონაკვეთში პრობლემები შეიძლება ნებისმიერ ქვეყანას შეექმნას), მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ცივილიზებულ სამყაროში პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა ძირითადად გადაწყვეტილია.

თითქმის იგივე მდგომარეობაა იმ საბაზრო ქვეყნებში, სადაც მეტ-ნაკლებად მაინც არსებობს კონკურენტული ბაზარი და სადაც ნორმალური პროტექციონისტული პოლიტიკა ხორციელდება. მაშინ რატომ დგას საშინაო ბაზრის სამამულო წარმოების პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერების საკითხი?

სანამ აღნიშნულ საკითხზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებდეთ, საჭიროა დავაკონკრეტოთ ზემოაღნიშნული გაჯერება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საშინაო ბაზრები გაჯერებულია მხოლოდ ადგილობრივი (სამამულო) წარმოების პროდუქციით (მომსახურებით), რა თქმა უნდა, არა. კონკურენტულ ბაზარზე, როცა იქ შეღწევა პრობლემა არ არის, შეუძლებელია მხოლოდ ერთ, თუნდაც მაღალგანვითარებულ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია (მომსახურება) დომინირებდეს.

ადგილობრივი (სამამულო) წარმოების პროდუქციით (მომსახურებით) საშინაო ბაზრის აბსოლუტურ გაჯერებაზე ფიქრიც კი არ შეიძლება (თუნდაც უამრავი დასახელების პროდუქციისა და მომსახურების სახის გამო), რადგან მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს შეიძლება მოხდეს. ამდენად, მისი აუცილებლობის საკითხი არ დგას და არც მომავალში შეიძლება დადგეს, რადგან ეს არა თუ შეუძლებელი, არამედ ეკონომიკურად გაუმართლებელიც არის. სხვა საკითხია ქვეყანამ მიზნად დაისახოს იმ დასახელების მაღალხარისხოვანი პროდუქციით (მომსახურებით) საშინაო ბაზრის მოთხოვნის (თუ მთლიანად არა მისი ძირითადი ნაწილის მაინც) უზრუნველყოფა, რომელიც მის ეკონომიკურ პროფილს1 წარმოადგენს, ამ ქვეყნის ბუნებრივ-ეკონომიკური, საწარმოო-ტექნიკური, ეროვნული და ტრადიციული პირობებიდან გამომდინარე. ეს, ძალზე დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის ამოცანაა.

ახლა შეიძლება ვუპასუხოთ ზემოთ დასმულ კითხვას, თუ რატომ არის მიზანშეწონილი საშინაო ბაზრის მოთხოვნის (იმ ნაწილში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პროფილს წარმოადგენს) სამამულო წარმოების პროდუქციით (მომსახურებით) მაქსიმალურად გაჯერება-დაბალანსება. ამის პირველი და უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და მისი უმთავრესი შემადგენელი ნაწილის – ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვთვლით, რომ საშინაო ბაზრის ზემოაღნიშნული მოთხოვნის გაჯერება-დაბალანსება არის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრესი პირობაა და აქედან გამომდინარე, მას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.

აღნიშნული საკითხის ამგვარად დაყენება და მისი გადაწყვეტისათვის ყველა სახის რესურსის მობილიზება და ამოქმედება, გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს: გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტებისა (როგორც ცენტრალურის ისე ადგილობრივის) და, რაც მთავარია, მოსახლეობის შემოსავლები, გაფართოვდება დასაქმების შესაძლებლობები, შემცირდება უმუშევრობის დონე და ა.შ.

სამამულო წარმოების პროდუქციით (მომსახურებით) საშინაო ბაზრის გაჯერების საკითხის სახელმწიფო რანგში აყვანა და გადაჭრა საბოლოო ანგარიშით ქვეყნის მთელი ეკონომიკის განვითარებისათვის ზრუნვას ნიშნავს, რითაც არა მხოლოდ საშინაო ბაზრის მოთხოვნის უზრუნველყოფის პრობლემა გადაწყდება (რაშიც იმპორტული პროდუქციის საკუთარი წარმოების პროდუქციით ჩანაცვლებასაც ვგულისხმობთ), არამედ ექსპორტის მოცულობის გაზრდისა და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში Q მონაწილეობის გააქტიურების მნიშვნელოვანი წინაპირობაც შეიქმნება.

მაშასადამე, საშინაო ბაზრის მოთხოვნის სამამულო წარმოების პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერების პრობლემის ძალზე დიდი სახელმწიფოებრივი და აგრეთვე მაკროეკონომიკური მნიშვნელობის გამო აუცილებელია იგი სახელმწიფო მართვის უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს. მხედველობაში გვაქვს ქვეყნის მთელი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე სამეცნიერო პოტენციალის (როგორც თეორეტიკოსების, ისე პრაქტიკოსების) გაერთიანებული ძალისხმევით იმ მოქნილი მექანიზმის შექმნა და ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას.

ცნობილია, რომ საბაზრო ეკონომიკის დროს ეკონომიკური სუბიექტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მათ სრული უფლება აქვთ თვითონვე გადაწყვიტონ, რა აწარმოონ, რა რაოდენობით და ვისთვის. მიუხედავად ამისა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მით უფრო რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის დროს სახელმწიფოს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

საბაზრო ეკონომიკის მართვაში სახელმწიფოს როლის ზოგად-თეორიული ასპექტის შესახებ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია – რომ ვეთანხმებით საერთოდ აღიარებულ მოსაზრებას, როგორც მაღალგანვითარებულ ისე განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის სახელმწიფო მართვა-რეგულირების მეტ-ნაკლები ზომით აუცილებლობის შესახებ. ისიც ფაქტია, რომ აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც), სადაც სახელმწიფოს როლი ეკონომიკის მართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მაშასადამე, საკამათო და პრობლემატური საკითხია არა ის, რომ საბაზრო სისტემის დროს სახელმწიფომ ეკონომიკა უნდა მართოს თუ არა, არამედ ის, თუ როგორი მექანიზმი შეიქმნას იმისათვის, რომ ერთი მხრივ, არ შეიზღუდოს საბაზრო სუბიექტების დამოუკიდებლობა და განვითარების შესაძლებლობები, მეორე მხრივ კი, ქვეყანამ საგრძნობ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს და ამით სოციალური განვითარების პირობები შექმნას.

ეკონომიკისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო მართვის სამი ძირითადი მიმართულება შეიძლება გამოიყოს:

პირველია სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებასა და მისი თანამდევი სოციალური პროცესების მართვაში. სახელმწიფო მუდმივად უნდა ხელმძღვანელობდეს პრინციპით, რომ ეკონომიკისა და სოციალური სფეროს რეფორმირების პროცესში თავიდან იქნება აცილებული წარმოების მნიშვნელოვანი დაცემა, საწარმოთა ფართომასშტაბიანი გაკოტრება და კონკურენტუნარიანობის შესუსტება, უმუშევრობის ზრდა და ა.შ.

მეორე, სახელმწიფო მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ზოგადეკონომიკურ პროცესებს, როგორიცაა დაბეგვრა, მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობა და ა.შ.

მესამე, ეკონომიკის სახელმწიფო მართვამ უნდა უზრუნველყოს ყველა სახის რესურსის (მატერიალური, ფინანსური, შრომითი, ინფორმაციული) მაღალეფექტიანი გამოყენება. აქედან გამომდინარე, ბაზრის პირობებში ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ მიწოდების (წარმოებული საქონლისა და მომსახურების) ზრდაში უნდა გამოიხატებოდეს, არამედ სახელმწიფო მართვის უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ერთობლივ მოთხოვნასა და ერთობლივ მიწოდებას შორის დაბალანსებულობის უზრუნველყოფა როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონული და მუნიციპალური დონეების მიხედვით.

დაბოლოს, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის მართვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ მან ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება უზრუნველყოს. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირების უმთავრესი მიზანიც და შედეგიც.

იმის გამო, რომ როგორც ეკონომიკის სახელმწიფო მართვის, ისე საშინაო ბაზრის მოთხოვნის სამამულო (ადგილობრივი) პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერების უმთავრესი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საჭიროდ მიგვაჩნია მოკლედ მიმოვიხილოთ ამ უკანასკნელის ფორმირებისა და რეალიზაციის ზოგიერთი ასპექტი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება (რომლის ძირითად ობიექტებს წარმოადგენენ: პიროვნება, საზოგადოება, სახელმწიფო, ეკონომიკური სისტემა) საერთო ეროვნული უსაფრთხოების ნაწილს წარმოადგენს, შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ ის ამოცანები, რომლებიც ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება წინაშე დგას, რათა დაძლეულ იქნეს ეკონომიკური უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ მოქმედი როგორც საშინაო, ისე საგარეო საფრთხეები (მუქარები).

სახელმწიფომ, ეკონომიკური უსაფრთხოების მართვის სფეროში იმგვარი სტრატეგია უნდა შეარჩიოს, რომ მან, ერთი მხრივ, ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური მომენტებისა და პროცესების განმტკიცება და განვითარება უზრუნველყოს, მეორე მხრივ კი, ნეგატიური ფაქტორების გავლენის ნეიტრალიზება შეძლოს.

ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური რეფორმების გატარების პერიოდში იძენს, რადგან ამ დროს მიმდინარეობს სახელმწიფოს სამეურნეო საქმიანობის ძირეული გარდაქმნა, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით ხასიათდება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის სუსტად მართვა; ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის დაბალი დონე; გადასახადების სუსტი ადმინისტრირება; საგარეო და საშინაო ვალების ზრდა; ყველა

სახის რესურსის (მატერიალური, ფინანსური, შრომითი, ინფორმაციული) არასაკმარისი ეფექტიანობით გამოყენება; ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების ზრდა; ექსპორტისა და იმპორტის არაეფექტიანი სტრუქტურა და ტენდენციები; მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა და სიღატაკის დაძლევის არც თუ ნათელი პერსპექტივები; უმუშევრობის მაღალი დონე; შრომის ანაზღაურების, პენსიებისა და დახმარებების სიმცირე; საბიუჯეტო კრიზისი და ბიუჯეტებსშორისი ურთიერთობების დაურეგულირებლობა; ეკონომიკის კრიმინალიზაციის მასშტაბების ზრდა და ა.შ.

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების წინა პლანზე წამოწევა დღის წესრიგში აყენებს ამ სფეროში სახელმწიფო კონცეფციის დაზუსტებასა და შესაბამისი პროგრამის შემუშავების აუცილებლობას. მასში უნდა აისახოს ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხები. კერძოდ, წარმოდგენილი უნდა იყოს ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, საგანი, შინაარსი და სუბიექტები, ეკონომიკური უსაფრთხოების საშინაო და საგარეო მუქარების ინდიკატორები, კრიზისულ სიტუაციაში ეკონომიკური უსაფრთხოების თავისებურებანი და ეკონომიკური უსაფრთხოების სახეები (მაკროეკონომიკური უსაფრთხოება, საბიუჯეტო-საგადასახადო უსაფრთხოება, ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა და საბანკო სისტემის უსაფრთხოება, ინვესტიციური უსაფრთხოება, სადაზღვევო უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, მეწარმეობრივი უსაფრთხოება, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა უსაფრთხოება და ა.შ.), რომლებიც მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული არიან, ერთმანეთს განაპირობებენ და, გარკვეულწილად, მოიცავენ კიდეც.

უახლოეს პერსპექტივაში უნდა დამუშავდეს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კონკრეტული პროგრამები, კერძოდ კი სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა, დასაქმების პროგრამა, სადაზღვევო უზრუნველყოფის პროგრამა და ა.შ.

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში მყოფმა ქვეყნებმა (მათ შორის საქართველომაც) კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი ადგილი მსოფლიო ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესში, შეიმუშაონ და განახორციელონ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში არსებული საგარეო და საშინაო საფრთხეების დაძლევის ღონისძიებები. ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია ორგანულად უნდა “ჩაჯდეს” ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომლის მთავარი ამოცანა, როგორც აღვნიშნეთ, ყველა სახის საგარეო და საშინაო მუქარებისაგან პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაა.

საშინაო ბაზრის მოთხოვნის სამამულო პროდუქციით გაჯერებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პირველ რიგში, როგორც აღინიშნა, უნდა გადაწყდეს ეკონომიკის სახელმწიფო მართვა-რეგულირების საკითხი. ამისათვის საჭიროა: ქვეყანაში არსებობდეს, სრულფასოვან საკანონმდებლო ბაზაზე დაფუძნებული საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებისა და განმტკიცების მასტიმულირებელი, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების იმგვარი მექანიზმი, რომელიც რაციონალური ორგანიზაციული სტრუქტურის მეშვეობით საბაზრო ეკონომიკისათვის შესაფერისი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარების, ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის შეფასებისა და ეფექტიანად გამოყენების, საშინაო ბაზრის მარკეტინგული გამოკვლევისა და მისი მოთხოვნის დაბალანსების, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ პირობას უზრუნველყოფს.

გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკის სახელმწიფო მართვის ამგვარი მექანიზმის შექმნა სხვადასხვაგვარი ბარიერების გამო ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია. ვინც ამას მოახერხებს წარმატებასაც მიაღწევს, ვინც ვერ შეძლებს, ეკონომიკის დაცემას ან უკეთეს შემთხვევაში ხანგრძლივ სტაგნაციას თავიდან ვერ აიცილებს.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკის სახელმწიფო მართვისა და საერთოდ ეკონომიკის განვითარებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ამგვარი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა ან არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა საბაზრო ეკონომიკის დანერგვა-დამკვიდრების პროცესის დამამუხრუჭებელი ფაქტორი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი საბაზრო სისტემის ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი ხდება.

საბაზრო პირობებში ეკონომიკის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზაში, პირველ რიგში, იგულისხმება:

საკუთრების ყველა ფორმის, განსაკუთრებით კი კერძო საკუთრების, რეალურად დაშვება-დაკანონება;

სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვანი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების არსებობა;

უცხოური ინვესტიციების დაცვისა და მისი მოზიდვის მასტიმულირებელი მექანიზმის არსებობა;

დასაბუთებული საგადასახადო და საბაჟო კოდექსების მიღება და საერთოდ დაბეგვრის მოქნილი სისტემის შექმნა;

შრომის სრულყოფილი კანონმდებლობისა და სოციალური გარანტიების არსებობა;

საგარეო-ეკონომიკური კავშირებისა და საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა;

საკუთრების დაცვისა და პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა;

სასამართლოსა და Mმთელი სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების პროცესის საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ა.შ.

ზემოჩამოთვლილი და მრავალი სხვა მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და, რაც მთავარია, მიღებული კანონების, დადგენილებების, დებულებებისა და ა.შ. სრულად ამოქმედება საბაზრო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

როგორც აღვნიშნეთ, საშინაო ბაზრის მოთხოვნის სამამულო პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ერთი მხრივ ქვეყნის მთელი ეკონომიკის განვითარების მდგომარეობაზე და მეორე მხრივ, ზემოაღნიშნული გაჯერების პროცესის სახელმწიფოებრივ მართვაზე. ისევე, როგორც მთელი ეკონომიკის, საშინაო ბაზრის მოთხოვნის სამამულო პროდუქციით (მომსახურებით) გაჯერების პროცესის მართვაშიც ძალზე დიდია სახელმწიფოს (როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული სტრუქტურების) როლი, რომელიც ასახული უნდა იყოს ეკონომიკის მართვის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და ფუნქციებში. ამიტომ, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავია მათი მუდმივი, დროის შესაფერისად, სრულყოფა.

საშინაო ბაზრის მოთხოვნისა და მისი უზრუნველყოფის პროცესის მართვა სახელმწიფოს მხრიდან მრავალი და საკმაოდ რთული ფუნქციების შესრულებას გულისხმობს. კერძოდ, როგორიცაა:

1. საშინაო ბაზრის მოთხოვნისა და მისი უზრუნველყოფის ფაქტიური მდგომარეობის ანალიზი და შეფასება.

საანალიზო ინფორმაციის მოპოვება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე, სრულ გამოკვლევასთან ერთად შეიძლება შერჩევითი გამოკვლევებიც ჩატარდეს.

ინფორმაციის ანალიზმა საშუალება უნდა მოგვცეს დავადგინოთ: პროდუქციასა და მომსახურებაზე საშინაო ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების რაოდენობრივი მახასიათებლები, მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა პროდუქციისა და მომსახურების სახეების მიხედვით, საშინაო ბაზრის მოთხოვნის გაჯერების საერთო დონე, აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის წყაროები (საშინაო, საგარეო), მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზები, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებული მდგომარეობა (როგორია ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა, მისი ინვესტირების დონე, რამდენად ოპტიმალურია საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების მობილიზების მაჩვენებლები, როგორია მოსახლეობის ცხოვრების დონე, ფულადი შემოსავლები, საწარმოებისა და ორგანიზაციების ეფექტიანობის მაჩვენებლები, როგორ შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მიერ გატარებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და რა გავლენას ახდენს იგი მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაზე, როგორია იმპორტის სტრუქტურა და მისი ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების შესაძლებლობები და ა.შ), საშინაო ბაზრის მოთხოვნის გაჯერების ფაქტიური მდგომარეობის მოსალოდნელი ცვლილებები და ა.შ.

2. საშინაო ბაზრის მოთხოვნისა და მისი უზრუნველყოფის მდგომარეობის პროგნოზირება.

მიზანშეწონილია დამუშავდეს პროგნოზების როგორც ინერციული (მხოლოდ საანალიზო პერიოდში მოქმედი საშინაო და საგარეო ფაქტორების ტენდენციების გათვალისწინებით), ისე ოპტიმალური (როგორც საანალიზო პერიოდში ჩამოყალიბებული ტენდენციების, ისე პერსპექტივაში ზემოაღნიშნული ფაქტორების გავლენის ცვლილებების გათვალისწინებითაც) ვარიანტები;

3. აღნიშნული პროგნოზების საფუძველზე საშინაო ბაზრის მოთხოვნისა და მისი უზრუნველყოფის ინდიკატური გეგმის (ერთწლიანი, 5-წლიანი, ან უფრო ხანგრძლივი პერიოდისათვის), ან სახელმწიფო პროგრამის შემუშავება.

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე პირველხარისხოვანი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს აღნიშნული გეგმის (პროგრამის) პრიორიტეტების განსაზღვრას. კერძოდ, პირველ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის მაპროფილებელი დარგებიდან აუცილებელია განისაზღვროს, რომელ დარგს (დარგებს) მიენიჭოს უპირატესი განვითარების სტატუსი, რათა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვით, შეიქმნას მათი დაჩქარებული განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემო პირობები (იგულისხმება კონკურსის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთებისა და შეღავათიანი კრედიტების მიღების შესაძლებლობების გაფართოება, დროებით, დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება და ა.შ.).

აღნიშნული გეგმის შედგენა გაძნელდება და იგი ნაკლებად კონკრეტული და მისამართიანი იქნება, თუ სახელმწიფომ არ დაამუშავა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმა (მისი დამუშავების მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის სირთულის მიუხედავად, მისი დამუშავების რამდენიმეწლიანი გამოცდილება საქართველოსაც აქვს.) საშინაო ბაზრის მოთხოვნისა და მისი უზრუნველყოფის ინდიკატური გეგმა (პროგრამა) განხილულ უნდა იქნეს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმის ორგანული შემადგენელი ნაწილი.

საშინაო ბაზრის მოთხოვნისა და მისი უზრუნველყოფის ინდიკატური გეგმის (პროგრამის) შემუშავებისა თუ რეალიზაციის ყველა ეტაპზე ქვეყნის მთავრობა ზემოაღნიშნულ ფუნქციების სრულად რეალიზების მიზნით, მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. აქ, პირველ რიგში იგულისხმება გაერთიანებული ძალისხმევა ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა: ქვეყანაში სწორი ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავება და გატარება;? კორუფციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა; კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესება; საბაჟო და საგადასახადო სისტემების მოწესრიგება; დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა; ყველა სახის რესურსული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება და ა.შ.

ზემოაღნიშნულთან ერთად სამამულო მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია ქვეყანაში გატარდეს დასაბუთებული პროტექციონისტული პოლიტიკა (იგულისხმება ტარიფების, ფისკალური ტარიფების, პროტექციონისტული ტარიფების, კვოტების, არასატარიფო ბარიერებისა და ა.შ. მოხერხებულად და ეფექტიანად გამოყენება), რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობის მატებასა და მათი სამეურნეო აქტიურობის ზრდას განაპირობებს.