რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

აქა ამბავი ქართველთა ბზიკისა და ეკონომიკური სივრცისა, ანუ, იყიდება საქართველო

აგაშენა ღმერთმა, დაცხა!
ამ ცოტა ხნის წინ, ქალაქგარეთ ნაძვის ძირას მხარ-თეძოზე მოვკალათდი და ცაში მზირალი მსოფლიო კაცობრიობის ნათელ მომავალზე საფიქრელად მოვემზადე. აბა, ამ იშვიათ ამინდს ხომ არ გავაფუჭებდი? ვინ გაცალა კეთილშობილური საქმე, უცებ ჩემს საჰაერო სივრცეში ბზიკი შემოიჭრა და უხეირო სიდედრივით (ან ზოგიერთი ტელეარხის წამყვანივით) ჩემი სიმყუდროვის დაბომბვა უმოწყალოდ დაიწყო, თანაც მასიურად და გულის გამაწვრილებელად.

ყველასგან, მაგრამ ბზიკისაგან არ ველოდი ასეთ აგრესიას, არადა მის მოდგმაზე ერთი საპარლამენტო საერთაშორისო სკანდალის შემდგომ დიდი წარმოდგენის გახლავართ. რომლის? ამ რამდენიმე წლის წინ იტალიელებმა გადაწყვიტეს ჩვენი სიამაყე, ერის სტრატეგიული თაფლის ქარხანა, მსოფლიოში სახელგანთქმული და აღიარებული ულამაზესი ქართული ფუტკარი შეეძინათ. იმდენად, რამდენადაც საქმე ეხებოდა სტრატეგიულ ობიექტს, საქმე რატიფიკაციისთვის მაშინდელ პარლამენტს გადაეცა და კაი მამა-პაპური სჯა-ბაასი გაჩაღდა (მაშინ ჩვენი პარლამენტი მთელი ფორუმით ყიდვა-გაყიდვის და დანიშვნის შემთხვევებში იკრიბებოდა, სხვა დროს, მაგალითად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვისას დარბაზი იმდენად ცარიელი იყო, რომ დამლაგებელს გამოსასვლელი დღე ეგონა და დაგვა და დალაგება დაიწყო. რას იზამ, რა მაგათი ბრალი იყო, თუკი საქმე მათთვის მძიმე და რთულ საგანს შეეხებოდა. დიდაქტიკის თვალსაზრისით, ასეთ დაბალ კლასში მსგავსი თემების განხილვა მიუღებელია). ხო, ბზიკი არ დაგვავიწყდეს, იტალიელები მზად იყვნენ ქართული ფუტკრის სტრატეგიულობიდან გამომდინარე, თითოეულში 3 დოლარი გადაეხადათ, მაგრამ ქართველი დეპუტატები 5-ზე ნაკლებს არ თანხმდებოდნენ (არადა, ეს საწყალი ფუტკარი იტალიელებამდე არავის ახსოვდა და უპატრონობის და დაუფასებლობის გამო გადაშენების გზაზე იდგა), მაგრამ რადგან იტალიელებმა მათ ფასი დაადეს და იმიტომაც, რომ საერთოდ ქართველებს გაყიდვა არ უყვართ (ოღონ გაყიდვა არა და სხვა ყველაფერი, შეგვიძლია ადვილად გავაჩუქოთ, გავანიავოთ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერივით ქეიფში დაგროვილ ვალებში გავცვალოთ, უყურადღებობით დავაქციოთ, ან სულაც კაი ბიჭებში დავარიგოთ, მაგრამ არავითარი გაყიდვა), კამათს მექსიკური წიწაკა და მეგრული აჯიკა მოეყარა და ბასიანის ომს არ ექნებოდა ისეთი სიცხარე, საპარლამენტო დისკუსიებს რომ ჰქონდა. დეპუტატები ამტკიცებდნენ, ჩვენი ფუტკარი 5 დოლარი ღირსო, ჰოდა, იტალიელებსაც კახური სიჯიუტე დაემართათ, მომწიფდა და გაბარბარდა საერთაშორისო სკანდალი – ვახ, ჩვენი ფუტკარი, კაცო, ჩვენი ერის სიამაყე, მხარბეჭიანი, თვალ-წარბა, მერე რა გულმკერდი, რა ფეხები, რა მიხვრა-მოხვრა, რა შრომის მოყვარეობა და გენი, ნახეთ ბატონო! – ყვიროდა დეპუტატთა ნაწილი, იყიდება საქართველო! – მოთქვამდნენ მეორენი. არადა, დეპუტატების გაცხარება, ეკონომიკის თვალსაზრისით, მაშინ ფრიად გასაგები იყო, რადგან ფუტკარს, როგორც ძირითად საწარმოო ძალას, გაყიდი, ის ფრთიანია, გაფრიდება აპენინის ნახევარკუნძულზე, იაღლუჯებში წამოკოტრიალდება და ფრიი, წავიდა შენი ეკონომიკური სივრციდან. მის მიერ შექმნილი სიუხვით – თაფლით ვიღაც იტალიელი ჩაიკოკლოზინებს ყელს, მერე ჩვენ? არა, ქვეყანას ვერ გავანიავებდით. გამოსავალი ბრძენმა დეპუტატმა, ხუტა მამალაძემ იპოვა, არც ქართველებს აწყენინა და არც იტალიელები გაუშვა ხელცარიელი, ფუტკარი არაო, მაგრამ სამ დოლარად იტალიელებს აგერ, ასევე მშვენიერი და არანაკლებ სტრატეგიული ქართული ბზიკი მივყიდოთო. არადა, ხომ იცით მაგარია ჩვენი ბზიკი, დიდი ნაძირალა და მსოფლიოში ყველაზე შხამიანი. თაფლი ტკბილია და იტალიელებს დიაბეტს გაუჩენს, შხამი კი მარგებელია ასე გაგვიგონია და თუ იტალიელების ჯამრთელობაზე არ ვიზრუნეთ, რეიზა ვართ ამხელა ყაზილარები ამ პარლამენტშიო.

აი, ასე გაიყიდა ქართული სიამაყე ეროვნული სტრატეგიული ბზიკი იტალიელებზე. ეს გაყიდვა ეკონომიკური მეცნიერების თვალსაზრისით, მეტად თავისებური და მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ბზიკი გადის, მიფრინავს ჩვენი ეკონომიკურის სივრციდან, ხოდა, მე, პრინციპში, მას ახლა აქ არ ველოდი. იმიტომ გამიკვირდა ამ ზაფხულს, ნაძვნარში, ჩემს მყუდრო, ქართული სტრატეგიული ჰაერით გაჟღენთილ სივრცეში მისი გამოჩენა და აგრესიულობა. ისე… არა მარტო ბზიკის, იმ ქართველების აგრესიულობამ გამაკვირვა, რომლებმაც რუსულ ეკონომიკურ დესანტზე დაიწყეს ლაპარაკი და იმაზეც, როგორ ვაპირებთ ჩვენი სტრატეგიული ობიექტების, პორტების და რკინიგზის, თუ ელექტროსადგურების და რეზიდენციების მათზე მიყიდვას. რუსები აპირებენ თავიანთ ნავთობში ნაშოვნი სიმდიდრე საქართველოში შემოიტანონ, დააბანდონ და ჩვენს სამსახურში ჩააყენონ. თვითონაც იშოვონ ფული და საქართველოს სიუხვე შეუქმნან, რადგან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უფლება და საკუთრება აქვს ნებისმიერი ბიზნეს-საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (სიუხვე) საქართველოს და ქართველთა სასარგებლოდ გადმოანაწილოს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ქართველებს, რომელთაც ამ ობიექტების ყიდვა უნდოდათ? ყიდვა თუ უნდოდათ, მყიდველები კანონით ვაიძულოთ ეს ობიექტები სააქციო საზოგადოებად დაარეგისტრირონ, აქციების კოტირება კი, ბაზარზე ხდებოდეს. მივა ნებისმიერი ქართველი, მათი შთამომავლები, აქციებს იყიდის და მფლობელი გახდება. იყიდის იმდენს, რამდენი ფულიც ექნება. მაშ, რა ბზიკმა უკბინათ? უნდათ თვითონ იჩუქონ, ან დააკონსერვონ და ჯართად გაყიდონ. ვალში, ან კაი ბიჭებში გაანიავონ, როგორც ადრე.

ამასთან დაკავშირებით, ქართველ მეცნიერთა სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სწავლობს, ხომ არ არის მოსალოდნელი ფოთის ან ბათუმის პორტები, ან სულაც საქართველოს რკინიგზა გავიდეს საქართველოს ეკონომიკური სივრციდან? ჰიპოთეტიურად არის ერთი შანსი – როგორც შერეკილებმა თავის ურემს, რუსებმაც პორტებს და რკინიგზას ფრთები გამოასხან, ძრავი დაუყენონ და თავიანთ სამშობლოში, ქერჩში ან მურმანსკში გადააფრინონ (ვისაც ფოთელი სიდედრები გყავთ, მოემზადეთ ვიზების ასაღებად). ჰო, მაგრამ ამ ბზიკის არ იყოს, უკან რომ მოფრინდნენ ეს პორტები და პირდაპირ ჩემს ნაძვნარში რომ მოადინონ, ან სულაც კახეთში ზღართანი? ფუი, ეშმაკს! უცებ წარმოვიდგინე ჩემს თავზე ქართული ეკონომიკური სივრციდან გასული თუ გაფრენილი და მერე ამ ბზიკივით უკან მოფრენილი პორტი და შევშფოთდი მეც – დაიწყება მერე, საიდან შენს ეზოში პორტი, ვიზა თუ აქვს, რა უფლებით მოფრინდა.

ამასობაში, ფიქრებში გართულს, გაჯიუტებულმა ბზიკმა მიკბინა და გონს მოვეგე. ოო… რა შორს წავუღივარ ფიქრებს, ვერ აღგიწერთ, როგორ გამიხარდა ბზიკის კბენა და, რომ ჩემს თავზე ბზიკი ფრინავდა და არა პორტი.

ფულს და კაპიტალს სამშობლო არა ჰყავსო და რაღა რუსულ ფულს გამოუჩნდა დედულეთი? არც აპოლო ვარ და მით უმეტეს, არც რუსეთის აპოლოგეტი. ერთი ბუთხუზა ეკონომისტი ვარ, მაგრამ რა ბზიკმა გვიკბინა ამ ქართველებს? თუ ვინმე რეალურ ფასში იყიდის ჩვენს ქონებას, დააბანდებს ფულს, ინვესტირების შედეგად ბიუჯეტში თანხები, ჩვენთვის მშვიდობა, ტერიტორიული ერთიანობა და სამუშაო ადგილები გაჩნდება, აბა, მეტი რა გვინდა? ოპონენტები მეტყვიან, ეს, პრაქტიკულად, მაგრამ ჰიპოთეტიურად ხომ შეიძლება გაფრინდნენ და დატოვონ ჩვენი ეკონომიკური სივრცე?! ჰოდა, ჰიპოთეტიურად და ვირტუალურად თუ გნებავთ, მოდით აგერ, ჩემთან, უსაქმურად, ამ ბუღში, მხარ-თეძოზე წამოკოტრიალებულებმა, მშიერ-მწყურვალებმა და გამათხოვრებულებმა მსოფლიო კაცობრიობის ნათელ მომავალზე ვიფიქროთ.

არა, ბზიკი ჯიგარია, მაინც მოფრინდა!