ქალების როლი ეკონომიკურ განვითარებაში

ავტორის სტილი დაცულია
ნინო ბიგვავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Nino.bigvava77@gmail.com

ანოტაცია

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნეს საქმიანობაში გასული და მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გლობალური პრიორიტეტია, რადგანაც ქალ მეწარმეებს შეუძლიათ შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. გაერთიანებული ერების ეკონომიკური და სოციალური საბჭოს და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ რეალური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდება, სანამ ქალი და კაცი თანაბრად არ იქნებიან ჩართულნი ეკონომიკურ პროცესებში. რაც შეეხება უმუშვერობას, იგი კვლავაც რჩება ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ სოციალურ გამოწვევად. ამასთან, ქალთა უმუშევრობა ხასიათდება დამატებითი ბარიერებითა და ფაქტორებით, როგორებიცაა კულტურული დამოკიდებულებები, ბავშვის მოვლა-პატრონობის ტრადიციული   ვალდებულება, განსხვავება ხელფასებში და ა.შ. აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო ართულებს ქალთა დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოში.

ქალთა ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში

აღსანიშნავია რომ, ბოლო პერიოდში ქალები უფრო ძლიერ როლს თამაშობენ ზოგიერთ ეკონომიკაში, თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გლობალური გენდერული დისბალანსის 2020 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, ეკონომიკაში მონაწილეობისა და შესაძლებლობების ნაწილში ქალების ბიზნეს საქმიანობა მრავალი პარამეტრით ჩამორჩება მამაკაცების მონაცემებს. როგორც ცნობილია, ყველა საზოგადოებისთვის დამახასიათებელია განსხვავება იმასთან დაკავშივრებით, თუ როგორა განაწილებული შემოსავლები ქალსა და მამაკაცს შორის. სამწუხაროდ არსებობს ტენდენცია, რომ ქალები გამოიმუშავებენ ნაკლებ თანხას მამაკაცებთან შედარებით მსგავსი სამუშაოს შესრულებაში. იგივეა დამახასიათებელი თვითდასაქმების დროსაც.

2019 წლის მონაცემებით საქართველოში კაცების ანაზღაურება ბიზნეს სექტორში საშუალოდ 515 ლარით მეტია ქალების შემოსავალზე და 1380.5 ლარს შეადგენს. ყველაზე დიდი განსხვავება (613 ლარი) ანაზღაურებას შორის ფიქსირდება საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულებს შორის. ასევე ქვეყანაში მკვეთრად არის გამოხატული სექტორული ვერტიკალური გენდერული სეგრეგაცია ბიზნეს საქმიანობაში – ქალების მიერ დაფუძნებული ბიზნესი ჭარბობს ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობებისა და განათლების სფეროში, დანარჩენ ყველა სექტორში ისინი დიდი სხვაობით ჩამორჩებიან კაცებს. ამას გარდა, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი მენეჯერულ პოზიციებზე. შესაბამისად, მათი ანაზღაურება კვლავ დაბალი რჩება. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასმა 837,7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების 1394,2 ლარი. საინტერესო ფაქტია,  რომ Cuberes და Teignier (2016) ის კვლევის მიხედვით, საქართველოში 64 პროცენტი მშპ-ს დანაკარგისა მოდის პროფესიის არჩევას შორის არსებულ  სხვაობაზე (იგულისხმება ე.წ. ქალური და მამაკაცური პროფესიები). ხოლო 36 პროცენტი მოდის შრომის ბაზარზე ჩართულობასთან ასოცირებულ სხვაობაზე. ქვეყანა შემოსავალს კარგავს რადგანაც პირველ რიგში, მეწარმეობის უნარების არასწორი გამოყენება ხდება და ასევე ქალების ნაკლები ჩართულობა იწვევს არსებული ადამიანური რესურსების არასაკმარის გამოყენებას.[1]

როგორც ავღნიშნეთ, ხელფასებში განსხვავება გენდერული მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ჩვენს ქვეყანაში, რადგან, როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამა #1-ზე ვხედავთ ქალები იღებენ მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს. 2020 წელს ქალების ხელფასის თანაფარდობა მამაკაცების ხელფასთან 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 3.8 პროცენტული პუნქტით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

დიაგრამა#1

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/

 რაც შეეხება, შრომის ბაზარში ჩართულობა, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ პირი არის დასაქმებული ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, წარმოადგენს გენდერული                                  თანასწორობის ხელშეწყობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. შესაბამისი სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის სტატისტიკური მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მამაკაცებისთვის შეადგენდა დაახლოებით 62-67 პროცენტს და ქალებისთვის 40-46 პროცენტს, რაც მიუთითებს შრომის ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებაზე გენდერული მიმართულებით. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში ქალების უმუშევრობის ტრადიციულად დაბალი დონე, მამაკაცებთან შედარებით, შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს (როგორც დიაგრამა #2-ზე ჩანს 2020 წლის მიხედვით ქალთა 6.6% უმუშევარი, ხოლო მამაკაცთა-12.5%). თუმცა ამის ახსნა მარტივია: უმუშევრად ითვლება ის, ვინც აქტიურად ეძებს სამუშაოს და მზად არის თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ ქალები შრომის ბაზარზე ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან, უმუშევარი ქალების წილიც შესაბამისად, დაბალი გამოდის.[3]

2020 წლის მონაცემების მიხედვით ეკონომიკურად არააქტიური 15 წელს ზემოთ ქალების წილი მეტია ვიდრე კაცების და როგორც დიაგრამა #2-ზე ჩანს 59,6 პროცენტს შეადგენს, რაც ნამდვილად საკმაოდ დიდი ციფრია. ეს თავისთავად დაკარგულ სამუშაო ძალასა და დოვლათზე მიანიშნებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, შრომის ბაზარზე გენდერული სხვაობის შედეგად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (ერთ სულ მოსახლეზე) 11 პროცენტი იკარგება. ეს ნიშნავს, რომ თუ ის შრომისუნარიანი ქალები, რომლებიც შრომის ბაზარში არ არიან ჩართული მიიღებენ მონაწილეობას მსგავს დონეზე როგორც მამაკაცების შემთხვევაში ხდება, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 11 პროცენტით გაიზრდება.[1]

დიაგრამა #2

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/

ბიზნეს სექტორის ანალიზი გენდერულ ჭრილში მოიცავს წარმოების პროცესის ორ ძირითად ფაქტორს: შრომას (დაქირავებით დასაქმებულები) და კაპიტალს (მეწარმეები/ბიზნესის მფლობელები). როგორც შრომის ბაზრის განხილვისას იყო წარმოდგენილი, ქალები ნაკლებად არიან დასაქმებულები და მათი ხელფასიც დაბალია, თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში. კერძოდ, ბიზნეს სექტორში მომუშავე ქალთა და კაცთა რიცხვი, შესაბამისად, 292 ათასი და 412 ათასი იყო, ხოლო ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასის 67 პროცენტს შეადგენდა.

უახლესი მონაცემებით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცები თითქმის ორჯერ აღემატება ამავე კატეგორიის ქალების რიცხოვნობას. თუ განვიხილავთ ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროში და სოფლის მეურნეობაში. მეორეს მხრივ, მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია, კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები.[3]

განვიხილოთ საქართველოში რეგისტრირებულ ახალ საწარმოთა რაოდენობა მფლობელის სქესის მიხედვით, რომელიც მოცემულია დიაგრამა #3-ზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 29 პროცენტი იყო ქალის მფლობელობაში, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ორი პროცენტით ნაკლებია მაშინ, როდესაც კაცის მფლობელობაში მყოფი საწარმოების წილი 2019 წელს 2017 წელთან შედარებით 4 პროცენტით გაიზარდა და 56 პროცენტი შეადგინა. გენდერული სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და ზუსტი მონაცემების არ არსებობა ხელს უშლის უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას – მაგალითად, 2019 წელს ახლად რეგისტრირებული საწარმოების მფლობელთა 15 პროცენტის სქესის შესახებ ინფორმაცია ჩაშლილი არ არის, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ანალიზზე. რაც შეეხება, 2020 წელს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით არაა გასაკვირი რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის  მკვეთრი შემცირება 2019 წელსთან შედარებით. მათ შორის ქალის მფლობელობაშია 30% ხოლო კაცის დაახლოებით 60%. განსხვავება კვლავაც დიდი თითქმის ორჯერ მეტია.

დიაგრამა #3. რეგისტრირებულ ახალ საწარმოთა რაოდენობა მფლობელის სქესის მიხედვით(ერთეული)

წელიქალიკაციარაიდენტიფიცირებულისულ
20131296026191565244803
20141433526593453445462
20151401924655531043984
20161381324611699945423
20171571525378900050093
20181464426043969650383
20191445127490757449521
20201200023600440040000

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა

როგორც ვნახეთ, ტრადიციულად  უფრო სავარაუდოა, რომ კაცები იწყებენ ახალ ბიზნესს ვიდრე ქალები, მიუხედავად ამისა მრავალი ქვეყნისთვის პოლიტიკის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს გაზარდონ ქალების მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში. მაგალითად კანადაში და გერმანიაში ხდება მხარდაჭერა ქალი მეწარმეების. ასევე ჩრთილოეთ მაკედონიის მთავრობამ შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ქალი მეწარმეების სტიმულირებისთვის  2019-2023 წლებისათვის. ასევე მადაგასკარსაც აქვს გენდერზე დაფუძვნებული ახალი პოლიტიკა, რათა მხარი დაუჭიროს ქალ მეწარმეებს. ირლანიაში ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიმოხილვამ მცირე და საშუალო ბიზნესის და სამეწარმეო პოლიტიკზე დაკვირვების შედაგად, აღნიშნა ქალ მეწარმეთა აუთვისებელი პოტენციალი.[2]

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ქალთა ეკონომიკურად გაძლიერების ხელშეწყობა. სამეწარმეო საქმიანობას უდიდესი როლი ეკისრება, როგორც  მიკრო დონეზე ცალკეულ ბაზრებზე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების სახეების შეთავაზებით, ასევე მაკროეკონომიკური მასშტაბით დასაქმების დონის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად ჩვენი ეკონომიკისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სტიმულირების მექანიზმის შექმნა, იმისათვის რომ მოხდეს ქალთა მეწარმეობის გაძლიერება და ხელშეწყობა, რათა  ბოლომდე იქნეს ათვისებული ეს პოტენციალი. ამის ერთერთი მექანიზმია კარგად ჩამოყალიბებული საკანომდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრას.

მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტით- საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო უზრუნველყოფს თანასწორობის უფლებას, რაც მოიაზრებს „თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“  2018 წლის 16 დეკემბერს ძალაში შესულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მექანიზმების შესახებ მიგვიყვანა პარტიულ სიებში სავალდებულო კვოტირების ამოქმედებასთან, თუმცა ეკონომიკური თანასწორობის ნაწილი დიდწილად კვლავ უგულვებელყოფილი რჩება. მნიშვნელოვანი ცვლილებებიდან, რაც ბოლო წლების მანძილზე განხორციელდა საკანონმდებლო კუთხით ასევე უნდა აღინიშნოს განახლებული შრომის კოდექსი. 2010 წელს მიღებული გენდერული თანასწორობის კანონი კი უზრუნველყოფს „ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში“. ამისათვის სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აწარმოოს გენდერული სტატისტიკა, დანერგოს გენდერული ბიუჯეტირების მიდგომა, დაიცვას ქალი შრომითი ურთიერთობისას დისკრიმინაციისგან და შევიწროვებისგან. სახელმწიფო ასევე მიმართულია საოჯახო ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის დაცვისაკენ. აღსანიშნავია ქონების განკარგვის და ფლობის საკითხი – მართალია, კანონმდებლობის მიხედვით შვილები (ქალი და კაცი) არიან თანაბარი რიგის მემკვიდრეები, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში არსებული პატრიარქალური დამოკიდებულებების გამო ვაჟი მიიჩნევა უპირატეს მემკვიდრედ, განსაკუთრებით უძრავ ქონებასთან და მიწასთან მიმართებაში. რესურსებზე წვდომისას არსებულ უთანასწორობას პრაქტიკაში ხშირად ეკონომიკურ ძალადობამდე მივყავართ. გენდერული თანასწორობის კანონის საფუძველზე შეიქმნა საზედამხედველო მექნიზმები როგორიცაა, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო, ასევე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. ამასთანავე გენდერულ საკითხებს ფარავს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რის მიხედვითაც სამუშაო  ადგილზე დისკრიმინაციის, დეკრეტული შვებულების, შრომის ანაზღაურების და შრომის ინსპექციის შესახებ კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კანონში გაჩნდა თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფისა და სქესის მიხედვით დისრკიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ჩანაწერებიც. შრომის კოდექსში ვკითხულობთ „დამსაქმებელი ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა“. ორსული და მეძუძური დედების მდგომარეობა უფრო მეტადაა გათვალისწინებული ახალ რეალობაში. მეტიც, შვილის ყოლის გამო შვებულების აღების უფლება კაცებსაც ექნებათ, ეს ნაწილი უფრო ფართოდაა გაშლილი და თავისთავად წარმოადგენს მოვლითი და აუნაზღაურებელი საშინაო შრომის გადანაწილებისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს, რაც თავის მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე, მათ შორის ქალი მეწარმეებისათვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად – საშინაო შრომის გადანაწილების შესაძლებლობა ამ ტვირთ შეუმსუბუქებს ქალებს, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ ან საკუთარ ბიზნესს განკარგავენ. [1]

 აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2021 წელს საქართველო შეუერთდა თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას. ამით ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ შეიმუშავებს და გააუმჯობესებს მეთოდოლოგიას თანაბარი ანაზღაურების მონიტორინგისა და უზრუნველოყოფისა.

გასათვალისწინებელია ასევე კულტურულ-საზოგადოებრივი ფონი და გაბატონებული შეხედულებები თუ სტერეოტიპები, მაგალითად გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს მოსახლეობის ფონდის უახლესი 2020 წლის კვლევის მიხედვით გენდერულ თანასწორობაზე მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ, რომელიც პირველად 2013 წელს ჩატარდა, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ კაცები უკეთესი ბიზნეს ლიდერები არიან ვიდრე ქალები გამოკითხულთა 39 პროცენტია, ეს რიცხვი 2013 წელს 58% იყო, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებაა. ასევე ქალების 76 და კაცების 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალი კაცივით კვალიფიციურია და რომ ერთი და იგივე სამუშაოს შესრულება თანაბრად შეუძლიათ. კაცების დაახლოებით 40 პროცენტი არ ეთანხმება ამ დებულებას. კვლევის მიხედვით ქალის და სამუშაოს შესახებ ტრადიციული დამოკიდებულებები კაცებში კვლავ ღრმადაა გამჯდარი, მაგალითად, და­ახ­ლოებ­­ით ყოვე­­ლი მეოთხე კა­ცი ამ­ბობს რომ ქალ ­ხელ­მძღვანელ­თან არ­­აკ­ომფორ­­ტუ­ლად გრძნობენ თავს. როგორც, ქალები ასევე კაცები აღიარებენ კარიერულ გზაზე ქალებისთვის მეტი დაბრკოლების არსებობას.[1]

დასკვნა

რომ შევაჯამოთ 2020 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 52% (დაახლოებით 1,932,565 პირი) ქალია, მათ შორის 15+ მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ეკონომიკურად აქტიურია, ხოლო ეკონომიკურად არააქტიური ქალების მესამედზე მეტი დაახლოებით 310 000 პირი დიასახლია. აღნიშნულ კატეგორიას გააჩნია პოტენციალი გახდეს ეკონომკურად აქტიური ძალა და სამეწარმეო შესაძლებლობების რეალიზაციის გზით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ, როგორც საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის გაზრდაში, ასევე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ქალთა ეკონომიკურად გაძლიერების ხელშეწყობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://eprc.ge/uploads/Women_Enterpreneurs_geo.pdf
  2. Global Entrepreneurship Monitor 2019/2020 Global report.
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.         https://www.geostat.ge/ka
  4. http://www.economists.ge/storage/uploads/publication/141222051546a791.pdf