საერთაშორისო ვაჭრობა და საქართველო
ავტორის სტილი დაცულია
ქეთევან ბალანჩივაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ketiqeti65@gmail.com
ანოტაცია
ვაჭრობის შედეგად პრაქტიკულად ყველა მოგებულია, რადგან როდესაც ქვეყნები ერთმანეთთან საქონლითა და მომსახურეობით ვაჭრობენ ეს პროცესი ორმხრივად სარგებლიანია. სტატიაში განვიხილავ ვაჭრობის სტრუქტურას, ანუ ვისაუბრებ იმ მოდელებზე, რომლებიც განსაზღვრავენ თუ რითი ივაჭრებენ ქვეყნები. კონკრეტულად კი გამოვყოფ რიკარდოს, სპეციფიკური ფაქტორებისა და ჰეკშერ-ოლინის მოდელებს. ასევე წარმოდგენილი მაქვს საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის 2023 წლის მონაცემები ცხრილებისა და დიაგრამების მეშვეობით და ამ ჭრილში ვსაუბრობ გრავიტაციულ მოდელზე. განვიხილავ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩაერთვებიან თუ არა ქვეყანები საერთაშორისო ვაჭრობაში, ეს ფაქტორებია: სატრანსპორტო დანახარჯები, ტარიფები, ექსპორტის სუბსიდიები, საიმპორტო კვოტები და ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვა.
Annotation
Virtually everyone benefits from trade, because when countries trade goods and services with each other, the process is mutually beneficial. In the article, I will discuss the structure of trade, that is, I will talk about the models that determine what countries trade. Specifically, I will highlight Ricardo, specific factors and Heckscher-Ohlin models. I have also presented the data of Georgia’s export and import in 2023 through tables and diagrams, and in this context I am talking about the gravity model. The factors I consider that determine whether countries engage in international trade are: transportation costs, tariffs, export subsidies, import quotas, and voluntary export restrictions.
საერთაშორისო ვაჭრობა
საერთაშორისო ეკონომიკა ანალიზის იგივე ფუნდამეტურ მეთოდებს იყენებს, რასაც ეკონომიკური თეორიის სხვა მიმართულებები. ვაჭრობა ზრდის როგორც სამომხმარებლო არჩევანსა და ასორტიმენს, ასევე ზრდის კონკურენციას, რაც ბიძგს აძლევს ფირმებს რესურსები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ. ეს ყველაფერი კი იწვევს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასაც. ეკონომისტების ძირითადი ამოცანაა იმის დადგენა თუ ვინ რას გაყიდის, ანუ ვაჭრობის სტრუქტურის განსაზღვრა. მაგალითად ვაჭრობის სტრუქტურა შეგვიძლია დავუკავშიროთ კლიმატურ სხვადასხვაობას, ბუნებრივი რესურსების არსებობას, თუმცა მისი განსაზღვრა ბევრად უფრო რთულია. პრაქტიკაში გვაქვს მოდელები, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურის დადგენას სხვადასხვანაირი მეთოდებით ცდილობენ. მაგალითად, რიკარდო ვაჭრობას შრომის პროდუქტიულობაში სხვაობით ხსნის. ის ვაჭრობას სტრუქტურას ალტერნატიულ დანახარჯების სხვადასხვაობას უკავშირებს. ჰეკშერ-ოლინი ვაჭრობის სტრუქტურას ქვეყნების რესურსების შეფარდებითი უზრუნველყოფის დონით განსაზღვრავს. თითოეულ მოდელს და მის ძირითად პრინციპებს სტატიაში განვიხილავ ცალ-ცალკე, ასევე ვისაუბრებ იმაზე თუ როგორ აიხსნება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობა გრავიტაციული მოდელის ჭრილში.
რიკარდოს მოდელი
ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. კიდევ ერთი მიზეზია წარმოებაში მასშტაბის ეკონომიის მიღწევა. მიდგომა, რომლის მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობა განპირობებულია მხოლოდ შრომის პროდუქტიულობაში საერთაშორისო განსხვავებებით ცნობილია რიკარდოს მოდელის სახელწოდებით. ბრიტანელმა ეკონომისტმა დეივიდ რეიკარდომ შედარებითი უპირატესობის ცნება მე-19 საუკუნის დასაწყისში დანერგა. რიკარდოს მოდელის მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობა მსოფლიო გამოშვებას იმ მიზეზით ზრდის, რომ იგი თითოეულ ქვეყანას საშუალებას აძლევს დასპეციალდეს იმ საქონლის წარმოებაში, რომელშიც მას შედარებითი უპირატესობა გააჩნია. ქვეყანას რაიმე საქონლის წარმოებაში შედარებითი უპირატესობა აქვს, თუ ამ საქონლის ალტერნატიული ღირებულება, გამოსახული სხვა საქონლით, უფრო დაბალია მოცემულ ქვეყანაში, ვიდრე სხვა ქვეყნებში. საბოლოოდ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, თუ თითოეული მათგანი განახორციელებს იმ საქონლის ექსპორტს, რომელშიც მას შედარებითი უპირატესობა აქვს. რიკარდოს მოდელის მიხედვით შეგვიძლია შემდეგი დასკვნების გამოტანა: გვაქვს უკიდურესი სპეციალიზაცია, ქვეყანებს შორის რესურსებს შორის განსხვავებები ვაჭრობის მიზეზს არ წარმოადგენს, პროდუქტიულობაში განსხვავება დიდ როლს თამაშობს ვაჭრობაში.
დღევანდელ რეალობას რომ დავუბრუნდეთ შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე ქვეყანა რიკარდოს მოდელის ჭრილში, მაგალითად: უზბენეკთს ბუნებრივი უპიატესობების წყალობით შეუძლია უფრო ეფექტიანად აწარმოოს ბამბა, ვიდრე უკრაინას. იაპონიას ჰყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ასე რომ შეუძლია ბევრად იაფად აწარმოოს მოტორიზებული გადაზიდვის საშუალებები, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანას.
რაც შეეხება საქართველოს, მას შეუძლია გაცილებით ეფექტიანად აწარმოოს ხილი, ვიდრე რუსეთს. საქართველოსთვის ეს ბუნებრივი უპირატესობაა. [2]
სპეციფიკური ფაქტორების მოდელი
სპეციფიკური ფაქტორების მოდელი რიკარდოს მოდელის მსგავსად იყენებს მობილურ ფაქტორებს, თუმცა ის მობილური ფაქტორების გარდა განიხილავს სპეციფიკურ ფაქტორებს, რომელთა გადაადგილებაც არ ხდება დარგებს შორის, მობილური ფაქტორების გადაადგილება კი შესაძლებელია დარგებს შორის. სპეციფიკური ფაქტორების მოდელი შემოსავლების გადანაწილების მოკლევადიან შედეგს გვიხატავს. ამ მოდელის მიხედვით იმ სექტორში, სადაც სპეციფიკური ფაქტორები გვაქვს და შეფარდებითი ფასები იზრდება არის უკეთეს მდგომარეობაში. საექსპორტო საქონლის სპეციფიკური ფაქტორის მფლობელი იღებს სარგებელს, საიმპორტო საქონლის სპეციფიკური ფაქტორის მფლობელი ზარალდება. ასევე ხდება ხელფასების გამოთანაბრება სამამულო და უცხო ქვეყანაში. ვაჭრობის დაწყების შემდეგ ექსპორტირებული საქონლის შეფარდებით ფასები იზრდება, ხოლო იმპორტირებულის მცირდება. ნახაზზე ჩანს, რომ ვაჭრობის დაწყების შემდეგ პროდუქტის შეფარდებითი ფასი გაიზარდა.
ნახაზი 1: საერთაშორისო ვაჭრობა სპეციფიკური ფაქტორების მოდელში
წყარო: „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ. კრუგმანი; თსუ; 2017)
ჰეკშერ-ოლინის მოდელი
ჰეკშერ-ოლინის თეორიდან გამომდინარე ვაჭრობის სტრუქტურას ქვეყნების რესურსებით შეფარდებითი უზრუნველყოფის დონე განსაზღვრავს. ქვეყნები წარმოების ფაქტორებს შედარებით უხვი ან მცირე რაოდენობით ფლობენ. ცალკეულ დარგებში წარმოების პროცესში ფაქტორები სხვადასხვა შეფარდებითი ინტენსივობით გამოიყენება. მოკლედ რომ ვთქვათ ეკონომიკა განახორციელებს იმ ფაქტორის ექსპორტს, რომლის შეფარდებითი ფასიც იზრდება. ვაჭრობა და შემოსავლის განაწილება გულისხმობს რომ, რესურსი, რომლის მიწოდებაც ქვეყანაში შედარებით მეტია ჭარბი ფაქტორია ამ ქვეყნისთვის, ხოლო რესურსი, რომლის მიწოდებაც ქვეყანაში შედარებით მცირეა დეფიციტური ფაქტორია. ჰეკშერ-ოლინის მოდელი შემოსავლების განაწილების გრძელვადიან შედეგზე გვაძლევს საუბრის საშუალებას განსხვავებით სპეციფიკური ფაქტორების მოდელისგან. გრძელვადიან პერიოდში შემოსავლის განაწილებაზე საერთაშორისო ვაჭრობის გავლენის შესახებ ზოგადი დასკვნა შემდეგია: ქვეყნის ჭარბი ფაქტორების მფლობელები ვაჭრობის შედეგად იგებენ, ხოლო ქვეყნის დეფიციტური ფაქტორების მფლობელები ზარალდებიან.
საქართველო და საერთაშორისო ვაჭრობა
საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის, მნიშვნლოვანია პროფიციტული მიმდინარე ანგარიში. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, თავის მხრივ მოიცავს ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობას
(CA = EX – IM). თუ ქვეყნის ექსპორტი მის იმპორტს აჭარბებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პროფიციტი გვაქვს, ხოლო თუ იმპორტი აჭარბებს ექსპორტს მიმდინარე ბალანსის დეფიციტი. მიმდინარე ანგარიში გამოშვების ერთ-ერთი კომპონენტია. მისი ზრდა კი ქვეყნის კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია.
Y = C + I + G + EX – IM, სადაც:
- Y არის გამოშვება;
- მოხმარება C- გამოშვების ნაწილი, რომელსაც საოჯახო მეურნეობები შეიძენენ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
- ინვესტიციები I- გამოშვების ნაწილი, რომელსაც კერძო ფირმები მომავალი გამოშვების უზრუნველსაყოფად იყენებენ, ასევე ქვეყნის კაპიტალის მარაგის ზრდისთვის გამოიყენება;
- სახელმწიფო შესყიდვები G- მთავრობის მიერ გამოყენებული თანხა საქონლის ან მომსახურების შესაძენად;
- მიმდინარე ანგარიშის ბალანსი EX-IM- წმინდა ექსპორტის მოცულობა (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა).
ამ ეტაპზე საქართველოს გამოშვება საბაზისო ფასებში შეადგენს 116,284.5 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
ცხრილი 1: გამოშვება საბაზისო ფასებში
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
საერთაშორისო ვაჭრობის განხილვისას გვჭირდება მიმდინარე ანგარიში, რადგან ის პირდაპირ დაკავშირებულია საერთაშორისო ვაჭრობასთან.
ცხრილი 2: საქონლით საგარეო ვაჭრობა
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/765/sakonlit-sagareo-vachroba
მოცემულ ცხრილსა და მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ანგარიში გვაქვს დეფიციტური, რადგან საგარეო სავაჭრო სალდო, ექსპორტისა და იმპორტის სხვაობა, არის -2 568,8.
გარდა სავაჭრო მოცულობისა, მნიშვნელოვანია თუ ვისთან ვაჭრობს ქვეყანა, რადგან ტრანზაქციული დანახარჯების გათვალისწინება ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სწორედ ამიტომ გრავიტაციული მოდელის პირობის შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად ემთხვევა საქართველო ამ მოდელს, საჭიროა ვნახოთ ვისთან ხორციელდება მისი ექსპორტი და იმპორტი.
საქონლისა და მომსახურების გამყიდველი ქვეყანა არის ექსპორტიორი ქვეყანა, მყიდველი კი იმპორტიორი. შეგვიძლია სქემის სახით წარმოვადგინოთ საქართველოს კავშირები ექსპორტისა და იმპორტის ჭრილში.
დიაგრამა 1: ქვეყნების ჯგუფების წილი მთლიან ექსპორტში 2023 წლის იანვარ-აპრილში
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti
დიაგრამა „ქვეყნების ჯგუფების წილი მთლიან ექსპორტში 2023 წლის იანვარ-აპრილში მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ევროკავშირის ქვეყნები 14,8%, დსთ-ის ქვეყნები 60,2% და დანარჩენი ქვეყნები 25,0%. ექსპორტის საერთო სურათს თუ შევაფასებთ ვიტყვით, რომ ძირითადი ექსპორტი საქართველოს მის ახლომდებარე ქვეყნებთან აქვს. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა იმპორტის დარგშიც.
დიაგრამა 2: ქვეყნების ჯგუფების წილი მთლიან იმპორტში 2023 წლის იანვარ-აპრილში
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi
სქემა 2-ის მიხედვით საქართველოს იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 24,6%, დსთ-ის ქვეყნებში 26,2%, ხოლო დანარჩენი ქვეყნებში 49,3%-ია. პროპორციების ასეთი გადანაწილება უკვე შეგვიძლია დავუკავშიროთ ვაჭრობის გრავიტაციულ მოდელს. მოდელის მიხედვით ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა ამ ორი ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტის პროპორციული და ამ ორ ქვეყანას შორის მანძილის უკუპროპორციულია. სწორედ ამით შეგვიძლია ავხსნათ „დსთ“-ს მნიშვნელოვანი როლი საქართველის ექსპორტსა და იმპორტში.
ვაჭრობის პოლიტიკის ინსტრუმენტები
პროტექციონისტური პოლიტიკის ჭრილში მთავრობა ერევა საერთაშორისო ეკონომიკაში ტარიფების, ექსპორტის სუბსიდიების, იმპორტის კვოტებისა და ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვების დაწესებით.
1)ტარიფი
ტარიფები წარმოქმნიან განსხვავებებს იმ ფასს შორის, რომლითაც საქონელი იყიდება ქვეყნის შიგნით და მსოფლიო ბაზარზე. ანუ ტარიფი არის განსხვავება საშინაო ფასსა და საგარეო ფასს შორის. ტარიფის დაწესებას აზრი აქვს მანამ, სანამ ორი ქვეყნის საქონლის ფასების სხვაობა აღემატება ტარიფს. ტარიფი ფასს ზრდის ქვეყნის შიგნით და ამცირებს უცხოეთში, მანამ ფასებს შორის სხვაობა ტარიფს არ გაუტოლდება.
ის შეიძლება იყოს ორი სახის: სპეციფიკური ანუ იმპორტირებული საქონლის ერთეულზე ფიქსირებული გადასახადი და ადვალორული ანუ გადაიხდება, როგორც იმპორტირებული საქონლის წილი. ორივე სახის ტარიფი ზრდის საქონლის ფასს და სახელმწიფო შემოსავლის წყაროა. ტარიფის დაწესების შემდეგ სამამულო ფასი იზრდება, უცხოეთის ფასი მცირდება, ვაჭრობის მოცულობა კი მცირდება.
2)ექსპორტის სუბსიდია
ექსპორტის სუბსიდიას ტარიფის საპირისპირო მოქმედება აქვს, ის ზრდის საქონლის ფასს ექსპორტიორ ქვეყანაში, ხოლო ამცირებს იმპორტიორ ქვეყანაში, მცირდება მთავრობის შემოსავალიც. შედეგად მცირდება მომხმარებლის ნამეტი და იზრდება მწარმოებლის ნამეტი ექსპორტიორ ქვეყანაში. გარდა ამისა მთავრობას აქვს სუბსიდიებზე დანახარჯიც. ტარიფის მსგავსად ექსპორტის სუბსიდია შეიძლება იყოს სპეციფიკური ანუ გადასახადი ექსპორტირებული საქონლის ერთეულზე ფიქსირებული თანხაა და ადვალორული ანუ გადაიხდება ექსპორტირებული საქონლის წილი. საექსპორტო სუბსიდიის გავლენა კეთილდღეობაზე უარყოფითია, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს მთავრობის დანახარჯები და ეფექტიანობის დანაკარგებიც. გარდა ამისა ვაჭრობის პირობები მცირდება საექსპორტო საქონლის ფასის შემცირების ხარჯზე. ექსპორტის სუბსიდია აუარესებს სამამულო ქვეყნის ვაჭრობის პირობებს, აუმჯობესებს უცხო ქვეყნის ვაჭრობის პირობებს და აუმჯობესებს კეთილდღეობას.
3)საიმპორტო კვოტა
საიმპორტო კვოტა იმპორტირებული საქონლის პირდაპირი შეზღუდვაა, რომელიც გარკვეული ფირმებისთვის თუ ინდივიდებისათვის ლიცენზიის მიცემით ხორციელდება. კვოტა რაოდენობრივი ლიმიტია უცხოეთიდან საქონლის შემოტანაზე. გარდა ამისა, ლიცენზირების დაწესებით კონკრეტული საქონლის იმპორტი მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს შეიძლიათ. კვოტა ზრდის იმპორტის ფასს მოთხოვნა-მიწოდების კანონიდან გამომდინარე. მოთხოვნილი საქონლის რაოდენობა აღემატება იმპორტირებულს, აქედან გამომდინარე მოთხოვნილი საქონელი გამოდის დეფიციტური და სწორედ ამიტომაა საჭირო ფასების მომატება. კვოტის პირობებში მთავრობა შემოსავალს ვერ იღებს, თუმცა იმპორტის მაღალ ფასად გაყიდვით წარმოქმნილო მოგება ლიცენზიის მფლობელებთან მიდის, ამ შემოსავალს კვოტის რენტა ეწოდება.
4)ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვა
ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვა იგივე VER (Voluntary export restrictions) ან ნებაყოფლობითი შეზღუდვის შეთანხმება იგივე VRA (Voluntary Restraint Agreement) იმპორტის კვოტის ერთ–ერთი ვარიანტია. VER ექსპორტიორი ქვეყნის მიერ ვაჭრობაზე დაწესებული კვოტაა. ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვები საერთოდ წესდება იმპორტიორის მოთხოვნით და ექსპორტიორთან შეთანხმებით ვაჭრობის სხვა შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად. ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვა ზუსტად იმპორტის კვოტის მსგავსია, როცა ლიცენზია უცხოეთის მთავრობებს ეძლევა და ამიტომ იგი იმპორტიორი ქვეყნისათვის ძალიან ძვირად ითვლება.იგი ყოველთვის უფრო ძვირია იმპორტიორი ქვეყნისთვის, ვიდრე იმპორტის იმავე ოდენობის შემზღუდავი ტარიფი.
ზემოთ აღნიშნული ინსტრუმენტების გავლენა შეგვიძლია შევაჯამოთ ცხრილი 1-ის მეშვეობით
ცხრილი 3: ვაჭრობის პოლიტიკის შედეგები
წყარო: „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ. კრუგმანი; თსუ; 2017)
დასკვნა
სტატიაში ვისაუბრე საერთაშორისო ვაჭრობის მოდელებზე, ასევე მეთოდებზე, რომლებიც უბიძგებენ ან პირიქით აბრკოლებენ ქვეყნების საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვას. განვიხილე მოდელები, მაგალითად რიკარდოს მოდელი, რომელიც ვაჭრობას შრომის პროდუქტიულობაში სხვაობით ხსნის და მოდელში ის ვაჭრობის სტრუქტურას ალტერნატიულ დანახარჯების სხვადასხვაობას უკავშირებს. ჰეკშერ-ოლინის მოდელი ვაჭრობის სტრუქტურას ქვეყნების რესურსების შეფარდებითი უზრუნველყოფის დონით განსაზღვრავს და აღნიშნავს, რომ ექსპორტში ჭარბი ფაქტორის მქონე ქვეყნებისთვის კარგი მდგომარეობაა. ბოლოს კი განვიხილე სპეციფიკური ფაქტორების მოდელი, რომლის მიხედვითაც საექსპორტო დარგში სპეციფიკური ფაქტორების მქონე ქვეყნებში უკეთესი მდგომარეობაა. წარმოვადგინე საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის ამსახველი ცხრილები და დიაგრამები. ასევე შევეხე სავაჭრო ინსტრუმენტებს, კონკრეტულად კი ტარიფებს, ექსპორტის სუბსიდიებს, საიმპორტო კვოტებსა და ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვას.
გამოყენებული ლიტერატურა
1) „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ. კრუგმანი; თსუ; 2017)