იქნება სავაჭრო პალატა ვაჭრობის საგანი?

სოფიკო სიჭინავა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპასუხისმგებლო, ბიზნესმენებისა და მთავრობისათვის ერთნაირად საჭირო საქმიანობას, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული გაუგებრობების შემდეგ, ფოთის პორტის ყოფილი უფროსი, ჯემალ ინაიშვილი გაუძღვება. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი პალატის პრეზიდენტის არჩევნებისას ცდილობდა მიუკერძოებელი ყოფილიყო და განაცხადა, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, ირაკლი გეგეშიძე და ჯემალ ინაიშვილი, ღირსეული პიროვნებაა, თავისი დამოკიდებულება მან მაინც გამოკვეთილად გამოხატა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატა ის უნივერსალური მექანიზმია, რომელიც ყველა სახის ბიზნესს ერთმანეთთან ურთიერთობაში, ბიზნეს-გარემოს დარეგულირებაში ეხმარება და არის ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი რგოლი. სავაჭრო პალატა მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს ბიზნესის დაცვის საკითხებში, ყველა დონეზე და უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლების პარტნიორს.
-”
საქართველოს მთავრობა ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ბოლო დროს გარკვეული გაუგებრობების შემდეგ ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეყოლება ახალი, ლეგიტიმური, არჩეული პრეზიდენტი. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ამ ორგანიზაციის გარეშე მთავრობა, ფაქტიურად, სრულფასოვნად, მთელი დატვირთვით ვერ საქმიანობს. სადღეისოდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა, უცხოელ ბიზნესმენებთან პარტნიორული ურთიერთობების აწყობა, ადგილობრივ მეწარმეებთან მუდმივი კონსულტაციების ჩატარებაა, რაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმთავრეს ფუქნციას წარმოადგენს,” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

ჯემალ ინაიშვილის განცხადებით, სავაჭრო პალატა აქტიურად უნდა მონაწილობდეს ბიზნესისა და ეკონომიკის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის, განვითარების საკითხებში. უნდა ატარებდეს სერიოზულ მუშაობას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა სხვა ბიზნეს-გაერთიანებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ახალი პრეზიდენტი საგადასახადო კოდექსის განხილვაში აქტიური მონაწილეობის მიღებას და ამასთან დაკავშირებით წინადადებებით გამოსვლას აპირებს. მისივე თქმით, პალატამ უნდა დაიბრუნოს რიგი ფუნქციები, რომელიც ამა თუ იმ მიზეზების გამო დაკარგა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial