ნობელის პემიის ლაურეატები რობერტ ფოგელი – რა ვუყოთ ამდენ თავისუფალ დროს?

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ჩვენი ჟურნალის 2003 წლის #12-ში გამოვაქვეყნეთ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, 1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, რობერტ ფოგელის მოკლე ბიოგრაფია. ამჟამად გთავაზობთ ინტერვიუს ამ მეტად საინტერესო მეცნიერ-ეკონომისტთან, რომელიც მას ბოლო დროს ჩამოართვა პოლონური გაზეთის “Zycie”-ს ჟურნალისტმა.

“Zycie”: ამ ბოლო დროს ყური მოვკარი, რომ თქვენ რომელიღაც სოლიდურ ისტორიულ ნაწარმოებზე მუშაობთ…
ფოგელი: არ დავმალავ, რომ ეს მართლაც ასეა. წიგნის სათაური იქნება “მეოთხე დიდი შემობრუნება: ეგალიტარიზმის მომავალი”. მასში ვამტკიცებ, რომ ამერიკელთა ცხოვრებაში ადგილი აქვს თითქმის ასწლიან რელიგიურ-პოლიტიკურ ციკლებს. მისი გამომწვევი ხდება კულტურული კრიზისი, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეულია ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით.

“Zycie”: ეს გარკვეულად შლეზინგერის თაობათა ციკლების თეორიას მოგვაგონებს……
ფოგელი: გარკვეულად… ჩემი შეხედულებით, პირველ დიდ შემობრუნებას ამერიკული საზოგადოების რელიგიურ შეხედულებებში ადგილი 1730-1760 წლებში ჰქონდა. ეს ის დრო იყო, როდესაც დასავლეთ ევროპაში რელიგიას მხარდაჭერა ჰქონდა ხელისუფლებისგან, ხოლო იგი, თავის მხრივ, ცდილობდა ხელისუფლებისათვის საფუძვლების განმტკიცებას. სამაგიეროდ, ამერიკაში ეს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სფერო იყო. ამგვარმა ვითარებამ გამოიწვია ის, რომ ეკლესია შეერთებულ შტატებში ფართო პროტესტანტული მოძრაობის კატალიზატორი გახდა.

სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ გაძლიერდა სახალხო პროტესტი ბრიტანელი კოლონიზატორების, მათთვის დამახასიათებელი კორუფციის წინააღმდეგ. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის მოთხოვნებიც. ყოველივე ამან გამოიწვია შტატების მიერ ომის წამოწყება ქვეყნის სუვერენიტეტისათვის. ამასთან, თუმცა ამ მოძრაობას რელიგიური ფესვები ჰქონდა, მაგრამ მის წინამძღოლებად სამოქალაქო პირები მოიაზრებოდნენ, როგორც მაგალითად, თომას ჯეფერსონი. იმ 59 ადამიანიდან, რომლებიც ხელს აწერდნენ დამოუკიდებლობის დეკლარაციას, 55 მასონური ლოჟის წევრი იყო. ეს კი ძალზე ასუსტებდა რელიგიის გავლენას საზოგადოებაზე.

შემდგომი რელიგიური შემობრუნება დაიწყო 1800 წლიდან. სახელდობრ, იმ პერიოდში წარმოიშვა მრავალი რელიგიური თემი, რომელთაც თავიანი საქმიანობის ერთ-ერთი მიზნად დასახული ჰქონდათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურების გაწმენდა კორუფციისაგან. ამასთან, მათ გააჩნდათ პოლიტიკური მოთხოვნებიც, მაგალითად, კანონის მიღება საყოველთაო არჩევნების თაობაზე. ყველა ის რეფორმა, რომელიც ჩემი თაობის თვალწინ განხორციელდა – მონათმფლობელობის გაუქმება, საყოველთაო და უფასო განათლება საშუალო სკოლის დონეზე და სხვ. – სათავეს იმ დროიდან იღებს. მონათმფლობელობის გაუქმებას თავდაპირველად ლოზუნგის სახე ჰქონდა, რამაც პოლიტიკოსები ძალზე დააფიქრა და ამის შედეგად წარმოიშვა რესპუბლიკური პარტია. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მთავარ პოსტულატად სწორედ მონათმფლობელობასთან ბრძოლა იქცა.

“Zycie”: დემოკრატიული პარტია საიდანღა იღებს სათავეს?…
ფოგელი: იგი სათავეს იღებს მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან. ამ დროისათვის ძველ რეფორმატორებს უკვე აღარ შესწევდათ ძალა გამკლავებოდნენ უდიდესი საქალაქო აგლომერაციების წინაშე წარმოშობილ პრობლემებს და ასევე ეკონომიკის კარტელიზაციას… საშუალო ამერიკელი ამ დროს უკვე აღარ წარმოადგენდა თავისი ბედის ბატონ-პატრონს, თითქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობების პიონერს. საქმე ხშირად მიდიოდა კაპიტალსა და პროფკავშირებს შორის კონფრონტაციამდე, რასაც ტრაგიკული შედეგები მოსდევდა. ამგვარ წინააღმდეგობებს განსაკუთრებით ადგილი ჰქონდა ისეთ დარგებში, როგორსაც წარმოადგენდნენ: რკინიგზა, მეტალურგია, ნავთობის სფერო. ამ სიტუაციაში წარმოიშვა კვაზიმოძღვრება, რომლის მიხედვითაც, ცალკეული ადამიანი კი არ არის ბოროტების წყარო, არამედ საზოგადოება. ადამიანი უმანკო და გულუბრყვილო იბადება, შეუძლებელია ამგვარი მდგომარეობიდან თავის დახსნა, თუ არ მოხდა იმ ბოროტების დამარცხება, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში იღებს სათავეს. ამგვარი ლოზუნგი პროგრესისტებმა, დღევანდელი დემოკრატების “ნათლიმამებმა” ჩამოაყალიბეს.

“Zycie”: დღევანდელი “დიდი შემობრუნების” დროშა ვიღას მიაქვს?…
ფოგელი: ჩვენ დღეს ვცხოვრობთ მეოთხე შემობრუნების ციკლის პირობებში, რომლის ათვლის წერტილიც გასული საუკუნის 50-იან წლებშია საგულისხმო. ახალი იდეები სათავეს მორმონებისა და მწვანე მოწმეების ეკლესიის წიაღში იღებს. აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობები უჩვეულო ტემპებით ძლიერდება და დღეს მათი წარმომადგენლები რიცხვობრივად კათოლიკებს აღემატება, თუმცა, შინაგანად ერთიანობა არა აქვთ…

“Zycie”: თუმცა ეკონომისტთან ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენი საუბრის კონცენტრირება უფრო სულიერ ღირებულებებზე ხდება, ვიდრე ეკონომიკურზე…
ფოგელი: მოხმარების პრობლემა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო თითქმის მთელი გასული საუკუნე, ახლა აღარ არის ძველებურად აქტუალური. მაგალითად, აშშ ერთ მოსახლეზე უკვე ერთი ტელევიზორი მოდის, ჩვენ უფრო მეტი რადიომიმღები გვაქვს, ვიდრე ყურები: საშუალოდ ექვსი ცალი ერთ ოჯახურ მეურნეობაზე, ხოლო 99 პროცენტის შემთხვევაში ახალი ავტომანქანა ცვლის ძველს. ახლა სიღატაკე უმუშევრობის არსებობის პრობლემას კი არ უკავშირდება, არამედ საზოგადოებრივსა და სულიერ გაუცხოებას. XIX საუკუნის ოციანი წლებიდან დაწყებული მოხმარების საგნების დაგროვების პროცესი, რის სიუხვესაც განსაკუთრებით ელექტრობის გამოგონებამ შეუწყო ხელი, თანდათან თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ადამიანები უკვე იწყებენ ფიქრს ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ.

ამის პარალელურად წარმოიშვა თავისუფალი დროის პრობლემა, რომლის შევსებაც ადამიანს მხოლოდ მოხმარებით არ შეუძლია. თუ ადრე “თავისუფალ ადამიანებად” (Leisure Class) საზოგადოების შედარებით ვიწრო ფენას გულისხმობდნენ, ახლა ამგვარ ხალხს, მაგალითად, ჩემს ქვეყანაში მიეკუთვნება თითქმის ყველა, გარდა საზოგადოების იმ ათი პროცენტისა, რომელსაც აქვს მაღალი ანაზღაურება და სამაგიეროდ კვირაში 60 საათზე მეტს მუშაობს, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ამერიკელისათვის წელიწადში საშუალო სამუშაო დრო ამ მცირე ხნის წინ 1700 საათს შეადგენდა, ხოლო ახლა 1400 საათამდეა შემცირებული. ჩემს მიერ დამუშავებული დემოგრაფიული პროგნოზებიდან ნათლად ჩანს, რომ 2040 წელს საპენსიო ასაკი უკვე 55 წელი გახდება, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა კი – 83 წელიწადი. ადამიანი პენსიაზე 30 წელს გაატარებს, ხოლო სამუშაოზე – 33-ს. მომავალში ადამიანს კიდევ უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნება, ასევე შეიცვლება ცხოვრების რიტმი; ცნობისათვის აქვე მინდა გითხრათ, რომ 1880 წელს აშშ-ში ოჯახის უფროსს წელიწადში 2 ათასი საათი უნდა ემუშავა ოჯახის გამოსაკვებად, ახლა ამ მიზნისათვის საჭიროა 400 საათი, ხოლო 2030 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 300 საათამდე შემცირდება. ყოველივე აქედან გამომდინარე, მომავალში ამერიკელისათვის სულიერი ღირებულებების ძიება უდიდეს შინაარსს შეიძენს…

“Zycie”: თქვენ ისე საუბრობთ ამერიკაზე, თითქოს იგი უკვე სამყაროსა და ისტორიის მისტიურ ცენტრად იყოს ქცეული…
ფოგელი: ამ ქვეყნის მთელი ისტორია მართლაც სავსეა საკაცობრიო მისიისა და ადამიანური ღირებულებების გაფართოების აუცილებლობის შეგრძნებით. ასეა დღესაც. ოღონდ ახლა ის შეიცვალა და რელიგიური ღირებულებების ძიებამ სამოქალაქო ცხოვრების სფეროში გადაინაცვლა. დღეს უკვე ამ ღირებულებების ყველაზე საუკეთესო მაგალითი დემოკრატიაა.

“Zycie”: ამერიკა მსოფლიოს სახარებას უკითხავს დემოკრატიის თემაზე, მაშინ, როდესაც თითქმის მთელი სამყარო მოხმარების საგნების წარმოების მოცულობების გაზრდაზე ოცნებობს და არა “კეთილ რჩევებზე” “სულის საკითხების” სფეროდან…

ფოგელი: არც იმის დავიწყება ეგების, რომ მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპებით ვითარდება. ამასთან, მიუხედავად სავალუტო კრიზისისა, მისი საძირკველი საკმაოდ ძლიერი რჩება. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში ჯერ კიდევ დაბალ დონეზე რჩება ტექნოლოგიები. ამასთან, ამ რეგიონში საკმაოდ იგრძნობა საბაზრო მექანიზმების მოქმედება. ეს კი ძლიერ იზიდავს შრომით რესურსებსა და კაპიტალს. რეგიონის ქვეყნები, განსაკუთრებით ტაივანი, დიდ სახსრებს აბანდებენ განათლებაში. ამ ქვეყნის ხელისუფლება სოლიდურ თანხებს გამოყოფს აშშ-ში ახალგაზრდობის სასწავლებლად გასაგზავნად, განსაკუთრებით ზუსტი მეცნიერებების სფეროში. არ შეიძლება ამ ძალისხმევამ მომავალში სასურველი ეფექტი არ გამოიღოს.