2010 წელს მსოფლიოში 64 მილიონი ადამიანი გაღარიბდება

რედაქციისგან

რუსეთი ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას თავს ვერ აღწევს განვითარებადი ქვეყნები პოსტრეცესიულ პერიოდს რთულად გადიან. მსოფლიო ეკონომიკა ძალების მოკრებას ცდილობს. მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური კრიზისის სურათი 2009 წელს განვითარებად ქვეყნებში საშინელი იყო.

უსეთში შეინიშნებოდა ეკონომიკის თითქმის 8%-ით ვარდნა, უმუშევრობის ზრდა 9%-მდე, ხოლო სიღარიბისა კი, 13%-ით, დაზარალდა საშუალო კლასიც, რადგან მათ სამუშაო ადგილები დაკარგეს. მსოფლიო ბანკის ექსპერტების აზრით, 2010 წლის ბოლომდე რუსეთში ეკონომიკა თანადათანობითი აღდგება. ბევრი რუსი ეკონომისტი ფიქრობს, რომ მდგრადი განვითარება ჯერ რუსეთისთვის გარანტირებული არ არის: გადაუწყვეტელია კორპორატიული ვალების პრობლემა, არასტაბილურია ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ, კიდევ არაერთი წელი იქნება ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი გარემოება.
მსოფლიო ბანკის ეკონომისტები თანხმდებიან, რომ კრიზისის მწვავე ფაზა რუსეთმა უკან მოიტოვა, მაგრამ საბოლოო აღდგენამდე არაერთი წელი იქნება საჭირო, აღდგენის ტემპი სწრაფი არ იქნება, რადგან წარმოუდგენელია მსოფლიომ თავი აარიდოს კრიზისის ყველა ნეგატიურ შედეგს, რომელიც შეიძლება დახასიათდეს არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური, არამედ ჰუმანიტარულიც. 2010 წელს მსოფლიოში აბსოლუტურად გაღარიბდება დაახლოებით 64 მილიონი ადამიანი, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსებმა ამ რიცხვს მიაკუთვნეს ის ადამიანე-ბი, რომელთა დღიური შემოსავალი 1 დოლარი და 25 ცენტია. უღარიბესი ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა სწორედ რუსეთზე მოვა.
2008 წელს, თუკი დიმიტრი მედვედევი პრეზიდენტის პოსტზე ძირითადად დაკავებული იყო საგარეო პოლიტიკური საქმეებით – ეცნობოდა მსოფლიო ლიდერებს და საქართველოსთან ომობდა, 2009-2010 წლებში მან ხელი მოჰკიდა საშინაო პოლიტიკის საქმეებს. მისი საპროგრამო სტატიის “რუსეთო, წინ!”” პუბლიკაციის შემდეგ ყველა ეკონომიკურ-პოლიტიკური განხილვების თემა გახდა სიტყვები “მოდერნიზაცია””, “ინოვაცია”” და სხვა.
მედვედევი, ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას მოდერნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობდა და საუბრობს, “რუსეთის ეკონომიკის ინოვაციურ რელსებზე გადაყვანის” შესახებ, ნედლეულზე ქვეყნის დამოკიდებულებისგან განთავისუფლებისა და იმის თაობაზე, რომ ერთი ხელის მოსმით ეკონომიკის ინოვაციურად გარდაქმნა შეუძლებელია. ამიტომაც, ხელისუფალნი ძალიან არ ჩქარობენ და ბიუჯეტის ნავთობის ფასებზე დამოკიდებულებამ პიკს მიაღწია.
რუსეთის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ რუსეთში საკმაოდ სტაბილური სიტუაციაა, ვინაიდან ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარებისას ხელისუფლება მხარს უჭერდა არა მსხვილ კორპორაციებს, არამედ სოციალურ სტაბილურობას. რუსი ჩინოვნიკებს ამის მიზეზად 1990-იანი წლების გამოცდილება მოჰყავთ – სოციალური არასტაბილურობა საშიშია, რადგან იგი რეფორმირების საკითხებში კანონმდებლებისა და მთავრობის საქმიანობას ბლოკავს.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების განცხადებით, რუსეთის ეკონომიკის წინაშე სამი გამოწვევა დგას: საგადასახადო-საბიუჯეტო, ფინანსური და სოციალური. უცხოელი ექსპერტები რუსეთის მთავრობას სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციასა და საგადასახადო ბაზის აღდგენას ურჩევენ. ფინანსების სფეროში რუსეთმა საკრედიტო აქტივობა ეკონომიკის შესანახად უნდა მიმართოს და ასევე, შეამციროს მოუმსახურებელი კრედიტების მოცულობა. რაც შეეხება სოციალურ გამოწვევას, უკვე დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა, რომელიც, ექსპერტული გათვლებით საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნდება. ყოველივე ეს საშუალო კლასზეც აისახება, ამიტომაც სიღარიბის შესამცირებლად რუსეთის მთავრობას სოციალური სფეროსთვის დიდი ხარჯის გაღება მოუწევს.
უცხოელი ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო სუვერენული ვალის დაბალი მაჩვენებელი აქვთ და მისი მართვის კარგი ტრადიცია. თუმცა, თვითონ რუსი ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ მათ ქვეყანას რაიმე უპირატესობა გააჩნია, პირველ რიგში, კაპიტალის მოდინება, რომლითაც 2003-2007 წლებში ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ წარმატებით ისარგებლა, რუსეთისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. საწარმოო პოტენციალის განვითარებას მოდინებული კაპიტალის უმცირესი რაოდენობა მოხმარდა, თანაც რუსეთის კორპორატიული ვალი 2005-დან 2008 წლამდე წელიწადში დაახლოებით 120 მილიარდ დოლარით იზრდებოდა და ეს ზრდა ბევრად აღემატებოდა იმას, რასაც რუსეთი ნავთობის ფასების მომატებისგან იღებდა. ამიტომაც, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყანაში კრიზისი უნიკალურია. რუსეთში არც ერთი წარმოშობის ფული ეკონომიკას არ დატყობია, ორი წლის მანძილზე მხოლოდ ბიუჯეტის შენახვა გახდა შესაძლებელი.
რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რაზედაც ყველა ექსპერტი თანხმდება ქვეყნის გაზსა და ნავთობზე ძლიერი დამოკიდებულებაა. დაახლოებით 5-7 წლის შემდეგ ნახშირწყალბადების ბაზარზე რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი, ძალიან მალე ევროპის ქვეყნებში საფასო პოლიტიკა შეიცვლება, ნედლეულზე ფასები დაეცემა და რუსეთის ეკონომიკისთვის ეს უკიდურესად რთულ პირობებს შექმნის. თუმცა, კიდე უფრო დიდი პრობლემა ექსპერტების აზრით ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ იცის როგორ აამაღლოს სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობა და რით ჩაანაცვლოს ნავთობისა და გაზის სექტორში შემცირებული შემოსავლები.
აზერბაიჯანის სამი სცენარი
აზერბაიჯანის მთავრობა და დამოუკიდებელი ექსპერტები ელიან, რომ ამ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია. პროგნოზების მიხედვით, მშპ-ის ზრდამ აზერბაიჯანში 6% უნდა შეადგინოს.
წამყვანმა ანალიტიკურმა ცენტრებმა თავიანთ ადრე გაკეთებულ პროგნოზებს გადახედეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ დსთ-ის ქვეყნები რეცესიიდან მოსალოდნელზე ადრე გამოვლენ. თვითონ იმ ფაქტმა, რომ ქვეყნები, საიდანაც კრიზისი დაიწყო რეცესიიდან გამოვიდნენ, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა მთელს მსოფლიოში ეკონომიკურ სიტუაციაზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აშშ-ის ეკონომიკის გამოცოცხლება. ასეთი გარეგანი დადებითი ფაქტორების იმედი აქვთ აზერბაიჯანშიც, რომ აშშ-ის კვალდაკვალ მათი ქვეყნის ეკონომიკაც გამოცოცხლდება, რომლის ჩაძირვა “შავ ოქროზე” ფასების 4,5-ჯერ შემცირებამ გამოიწვია და იაფი ფინანსური რესურსი რთულად ხელმისაწვდომი გახდა.
აზერბაიჯანელები თავიანთი უპირატესობის ფაქტორად სტაბილურ ნაციონალურ ვალუტას ასახელებენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში ქვეყნებს 2-3 წელი მაინც დასჭირდებათ, რომ ეკონომიკა კრიზისამდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ასეთ ფონზე, აზერბაიჯანმა 2009 წელს ზრდის 9,3%-ს მიაღწია და ამტკიცებენ, რომ ტემპებს ინარჩუნებენ.
მთლიანობაში, ანალიტიკოსები აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარების 3 სცენარს ასახელებენ: პესიმისტური, საშუალო და ოპტიმისტური. აცხადებენ, რომ ეკონომიკის 5-6%-იანი ზრდა პესიმისტური სცენარია, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლების პროგნოზს შეესაბამება, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ მთელს მსოფლიოში ეკონომიკის დინამიურ აღორძინებას, აზერბაიჯანის მშპ შესაძლოა 7-8%-ით გაიზარდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საშუალო სცენარი იქნებოდა, ხოლო მშპ-ის ზრიდს 9%-იანი მაჩვენებელი უკვე ოპტიმისტური სცენარია.
ასეა თუ ისე, ყველაფერი დამოკიდებულია აზერბაიჯანის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და საგარეო ფაქტორების გამოწვევებზე. ყველაზე მთავარი მაინც ნავთობის ღირებულებაა, თუკი მისი ფასი დღევანდელ დონეზე იქნება (ბარელზე 80 აშშ დოლარი), აზერბაიჯანში მშპ-ის ზრდა 7-8% იქნება. ნავთობის ფასები ნაციონალური ვალუტის კოტირებაზე გავლენას იქონიებს. თუკი ნავთობი გაძვირდება, მანათის გაძვირებასაც გამოიწვევს. ასეთ სიტუაციაში, ანალიტიკოსების აზრით, ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ახლანდელ მაჩვენებელს. ნავთობის ფასების შემცირების პირობებში 60-65 დოლარამდე, მანათი გაიაფდება. ყველა ვარიანტში აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი იძულებული იქნება, რომ მოვლენების განვითარებაში ჩაერიოს – მანათის გაიაფების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი იძულებული გახდება სავალუტო რეზერვები დახარჯოს. ასეა თუ ისე, აზერბაიჯანელი ეკონომიკის მიმომხილველები აცხადებენ, რომ სამამულო ეკონომიკისთვის ყველაზე რთული პერიოდი უკვე მოიტოვეს – 2009 წელი.
ამასობაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ წარმოადგინა მოხსენება “მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და 2010 წლის პროგნოზი””. გამოკვლევა ერთობლივი პროდუქტია შემდეგი ორგანიზაციების: გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტი, გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითრების შესახებ და გაეროს ხუთი რეგიონალური კომისია (აფრიკა, ევროპა, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი, აზიია-წყნარი ოკეანია და დასავლეთ აზია). როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, მსოფლიო ეკონომიკაში დადებითი ძვრებია მოსალოდნელი. მომავალ წელს ეკონომიკის გლობალური ზრდა 2,4% იქნება. გაერო ცალკეული ქვეყნების ეკონომიკის პროგნოზებსაც აკეთებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლისთვის აზერბაიჯანის ეკონომიკა განვითარდება და მშპ-ის რეალური ზრდა 7%-ს შეადგენს. მთლიანობაში, პროგნოზის მიხედვით, პოსტ საბჭოთა სივრცეში ლოკომოტივის როლს თურქმენეთი (+8%), აზერბაიჯანი (+7%) და უზბეკეთი (+7%) იტვირთებენ. ამავე მოხსენების თანახმად, გასული წლის ყველაზე წარუმატებელ ქვეყნებად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინა (-15%) და სომხეთი (-15%).
ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკის ექსპერტები აზერბაიჯანში მშპ-ის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებენ, ხოლო 2011 წლისთვის მშპ-ს კი, 8,5%.
სომხეთი რეგიონში საკუთარი ეკონომიკური როლის ამაღლებას გეგმავს
ზემოხსენებული გეგმების შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ნერეს ერიციანმა გაახმოვანა მეშვიდე ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე “BღIDGE 2010”. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს იმ ცოდნის და გამოცდილების ფორმირება, რომელიც 2009 წლის კრიზისულმა წელმა შესძინა მთავრობებს და, რომელიც შემდგომში მათ საშუალებას მისცემს მართონ კრიზისები და თანაც, აქედან მოგება მიიღონ.
მისივე თქმით, კრიზისი მსოფლიოსთვის სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ის აქამდე მხოლოდ ერთი პოლუსის მიმართულებით ვითარდებოდა და საკუთარი თავი ამოწურა კიდეც. დღეს კი, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკები, ისეთების, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი დამოუკიდებლები ხდებიან მსოფლიო ეკონომიკის ცენტრებისგან. “ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკის ცენტრმა გადაადგილება დაიწყო და ასეთ პირობებში, მომგებიან პოზიციაზე აღმოჩნდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ამ მოძრაობაში საკუთარ ადგილს იპოვნიან. მსოფლიო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობს და თუკი ჩვენ გავიგებთ და სწორად გამოვიყენებთ შესაძლებლობებს, მთელს ძალისხმევას გრძელვადიანი და მიმზიდველი პროექტებისკენ მივმართავთ, ჩვენი პოზიციების წინ წაწევას შევძლებთ. ამისთვის აუცილებელია გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკის მასშტაბები, რასაც გლობალური აზროვნება და არსებული რესურსებით შემოფარგვლა სჭირდება, რადგანაც კაპიტალი პოსტკრიზისულ მსოფლიოში უფრო მობილური გახდება””, – განაცხადა მისნიტრმა.
სომხეთმა კრიზისს მოსახლეობის, ბიზნეს-საზოგადოების თანადგომითა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების წყალობით გაუძლო.
თებერვლის ბოლოს სომხეთის სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მასალები მართლაც იმედისმომცემად გამოიყურება, ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში ზრდაა დაფიქსირებული. სომხეთის მშპ-ის მოცულობა 2010 წლის იანვარში 2,4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 149,5 მილიარდი დრამი შეადგინა. ინფლაცია იანვარში 7%-ის დონეზე დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ექსპორტის მოცულობა 57,5%-ით გაიზარდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) და 20,3 მილიარდი დრამი შეადგინა, ხოლო იმპორტი გაიზარდა 8,3% და მიაღწია 93,7 მილიარდ დრამს. საშუალოთვიური ხელფასი იანვარში 8,8%-ით გაიზარდა და 101 704 დრამს მიაღწია. ზრდა სამშენებლო სექტორს არ შეხებია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების პროგნოზით, ინფლაცია სომხეთში 2010 წლისთვის 6%-ის დონეზე დაფიქსირდება. ამ წლის მანძილზე ქვეყნის გარეთ განვითარებული მოვლენების ინფლაციაზე გავლენა სუსტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს მოსალოდნელია სამომხმარებლო რიგ საქონელზე ფასების მატება, სსფ-ის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ყველა გარე ფაქტორის საპირწონედ დადების შედეგად, ინფლაციის მაჩვენებელი დაეცემა. ექსპერტების აზრით, გარე ფაქტორებისა და შარშან მარტში ნაციონალური ვალუტის მკვეთრი დევალვაციის გავლენით, 2010 წლის პირველ ორ თვეს ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი იქნება, მაგრამ წლის შუა პერიოდისთვის ინფლაცია დაეცემა, ხოლო სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა უნდა გააგრძელოს ეკონომიკის დახმარება.
სომხეთის დასახმარებლად მსოფლიო ბანკიც მზადაა. ამისთვის მან ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. მსოფლიო ბანკი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტებში თანადამფინანსებლის სახით, რომლის განხორციელებასაც ანტიკრიზისული ფონდი Aa ACYN აპირებს. მართალია, ეს საქმიანობა ადრეულ სტადიაშია, მაგრამ განხილვა ძალზე აქტიურად მიმდინარეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.