საქართველოს ახალი პრემიერი

რედაქციისაგან

ზურაბ თეიმურაზის ძე ნოღაიდელი დაიბადა 1964 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში. 1988 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროს ლაბორანტად, შემდეგ ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარ-სტაჟიორად. 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც უმცროსი მეცნიერ-მუშაკისგან ლაბორატორიის ხელმძღვანელამდე გაიარა გზა.

ზურაბ ჟვანიასთან ერთად გახდა მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1992 წ-ს არჩეული იქნა პარლამენტში, გახდა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი. 1995 წ-ს მოხდა მისი დეპუტატად გადარჩევა, სათავეში ჩაუდგა პარლამენტის სპიკერის, ზურაბ ჟვანიას სამდივნოს. იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის მდივანი. 1996-1997 წწ-ში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა საქართველოს სტრატეგიული შესწავლის და განვითარების ცენტრს. 1999 წ-ს კვლავ იქნა არჩეული საქართველოს პარლამენტში, სათავეში ჩაუდგა გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტს.

2000წ-ს მაისში დაინიშნა ფინანსთა მინისტრად. 2002 წ-ს მაისში გათავისუფლებული იქნა ამ თანამდებობიდან.

შემდგომ მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუტორო ენერგოკომპანიის მრჩეველად. 2003 წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ კვლავ დაინიშნა ფინანსთა მინისტრად. რეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პირველ რიგში, გავლენა მოახდინა იმ სამთავრობო კურსის უცვლელობის აუცილებლობამ, რასაც ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ახორციელებდა ზურაბ ჟვანია. სწორედ ამიტომ შეაჩერა პრეზიდენტმა არჩევანი ზურაბ ნოღაიდელზე, რომელიც 80-ანი წლების ბოლოდან (ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური კარიერის დასაწყისიდან) იყო მისი უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი.

ზურაბ ნოღაიდელი არ არის ახალი კაცი მთავრობაში. 2000-2002 წწ-ში იგი უკვე იყო ფინანსთა მინისტრი. მაშინ მან მოახერხა ფინანსირების პროგრამის აღდგენა მსოფლიო სავალუტო ფონდის ხაზით, რომელიც შეწყვეტილი იყო იმის გამო, რომ შევარდნაძის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო გადასახადების ამოღების გაზრდა. შემდეგ, ნოღაიდელი გადადგა შევარდნაძის პოლიტიკასთან უთანხმოების ნიშნად.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, პრემიერის კანდიდატურის შერჩევაზე იმოქმედა იმ გარემოებამაც, რომ ნოღაიდელს ყოველთვის შეეძლო საერთო ენის გამონახვა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრთან, ალექსეი კუდრინთან. ნოღაიდელმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ვალის მორიგი რესტრუქტურიზაციის შესახებ შეღავათიანი პირობებით.

ზურაბ ნოღაიდელი აქტიურად მონაწილეობდა აჭარის შარშანდელ მოვლენებში. აჭარის “პალმების რევოლუციის” კატალიზატორი გახდა მისი რამდენიმე საათით დაკავება, რამაც გამოიწვია პრეზიდენტი სააკაშვილის და პრემიერი ჟვანიას აღშფოთება. ზურაბ ნოღაიდელს მოუსყიდველი ჩინოვნიკის სახელი აქვს, მაგრამ, როგორც დამკვირვებელთა უმეტესობა აღნიშნავს, მისი წინამორბედის ფონზე მას “ტექნიკური პრემიერის” როლი ენიჭება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, იგი ნოღაიდელის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო, რადგან ის “ჯიუტი და არაკომუნიკაბელურია”. ეს მეტყველებს უთანხმოებაზე პრეზიდენტსა და სპიკერს შორის, კაბინეტის ახალი შემადგენლობის თაობაზე.

მემარჯვენეთა ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხმას არ მისცემს ნოღაიდელის კანდიდატურის პრემიერის პოსტზე დამტკიცებას. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრობის დროს ნოღაიდელს “არაერთხელ დაურღვევია კანონი” და მასთან სერიოზული პრეტენზიები იყო გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით. გამყრელიძის თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სპიკერმა ბურჯანაძემ მიაღწიეს შეთანხმებას სულ სხვა კანდიდატურაზე – ვალერი ჩეჩელაშვილზე. “გადაწყვეტილება მიღებული იყო, მაგრამ შემდეგ იყო პრეტენზიები ყოფილი დემოკრატების მხრიდან, შანტაჟის გარკვეული ელემენტები და სააკაშვილს დათმობაზე წასვლა მოუწია” – განაცხადა მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა.

საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ მისი არჩევანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ პოზიციას დაიკავებს ნოღაიდელი ე.წ. დიდი პრივატიზაციის და მასში რუსული კაპიტალის მონაწილეობის მიმართ. დავითაშვილის თქმით, თუ ნოღაიდელი დაეთანხმება ჟვანია-ბენდუქიძის პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს საქართველოს მრეწველობის მსხვილი ობიექტების და კომუნიკაციების გადაცემას რუსული კომპანიებისათვის, მხარს არ დაუჭერს მის კანდიდატურას.

ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის მიმართ არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. პროსამთავრობო უმრავლესობა არ უწონებს ნოღაიდელს იმას, რომ ფინანსთა მინისტრად ყოფნის დროს მას ჩამოუყალიბდა დაძაბული ურთიერთობა ძალოვანებთან. ნოღაიდელის მომხრეები კი ამას იმით ხსნიან, რომ იგი მეტ ყურადღებას უთმობდა სოციალური სფეროს ფინანსირებას, რითაც ზიანს აყენებდა ძალოვანი უწყებების ფინანსურ ინტერესებს.

ამავე დროს, ნოღაიდელს მხარი დაუჭირა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მისი სიტყვებით “ეს საუკეთესო ვარიანტია”, რადგან ნოღაიდელი გაწონასწორებული და შრომისმოყვარე ადამიანია. “ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის თავმჯდომარე იყოს ფინანსისტი. აღსანიშნავია, რომ ნოღაიდელი აჭარიდანაა. მისი დანიშვნის შემდეგ აჭარლები მიხვდებიან, რომ აჭარის მოვლენები მათ ინტერესებში იყო”,-აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.

9 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დროს მან თქვა, რომ პრემიერის პოსტზე პირველი კანდიდატურა ნინო ბურჯანაძე იყო. “მე შევთავაზე პრემიერის პოსტი ნინოს, მაგრამ მან უარი თქვა. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე სხვა კანდიდატურების განხილვა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა რუსეთში საქართველოს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.