მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში

სლავა ფეტელავა

სლავა შალვას ძე ფეტელავა დაიბადა 1965 წლის 14 იანვარს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში. 1981 წელს დაამთავრა ფიჩორის საშუალო სკოლა. 1982 წელს ჩაირიცხა და 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში იყო ეკონომიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

1989-92 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1994 წელს გაიარა საბაზრო ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის კურსები ქ.კიევში, ხოლო 1995 წელს “სახელმწიფო ფუნქციების დეცენტრალიზაციის” კურსები ქ. ვაშინგტონში.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1981 წელს (ჩაის პლანტაციის მუშა). 1985-87 წლებში იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. 1992 წელს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. 1993-96 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში: წამყვანი სპეციალისტის, სამდივნოს უფროსის, განყოფილების უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.

199 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილედ.

1992 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს მცირე აკადემიაში.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი აქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გააჩნია ერთიანი, ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავდა როგორც საქონლის და მომსახურების ხარისხს, ისე მომხმარებელთა და გამყიდველთა უფლებებს. კერძოდ, აშშ-ში მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპები გვხვდება სახელშეკრულებო სამართალსა და კონგრესის მიერ მიღებულ სხვადასხვა კანონებში (რომლებსაც მოიხსენიებენ როგორც “ფედერალური კანონები” ან “ფედერალური საკანონმდებლო აქტები”), ფედერალური კანონების საფუძველზე, ფედერალური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმატივებში, ფედერალური სახელმწიფო ორგანოების ან სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებებში /რომელთა მიღებაც ხორციელდება კონკრეტულ შემთხვევებში/. გარდა ამისა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპები გვხვდება, ფედერალური სახელისუფლებო ორგანოების განცხადებებში, რომლებიც განმარტავენ კანონს. დაბოლოს, ცალკეული შტატებისა და ქალაქების მუნიციპალიტეტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამართალდამცავ საქმიანობას ამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონების აღსრულების სფეროში. თითოეული ამ სამი წყაროდან (საერთო სახელშეკრულებო სამართალი, ფედერალური კანონები და შტატების კანონები) განიხილება ქვემოთ.

ა) საერთო სახელშეკრულებო სამართალი

უმრავლესი სახეობის, საქონლის და მომსახურებისთვის აშშ-ში, მყიდველი და გამყიდველი ნებაყოფლობით თანხმდება მათ ხარისხზე. შესაბამისად, უმეტესი ოპერაციებისთვის, მყიდველებს შეუძლიათ დათქვან საქონლის და მომსახურების ხარისხი კონტრაქტში, ან შეარჩიონ ის უშუალოდ შესყიდვის პროცესში. მაგალითად, ფირმა, რომელსაც სურს აწარმოოს იაფი, მასიურ მოთხოვნაზე გათვლილი ნაკეთობა, შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან, იაფფასიანი, შედარებით დაბალი ხარისხის მაკომპლექტებელი დეტალების მიწოდებაზე, იმ მიზნით, რომ საბოლოო პროდუქციას ჰქონდეს დაბალი ღირებულება; ან პირიქით, ფირმა, რომელსაც სურს გამოუშვას შეზღუდულ მოთხოვნაზე გათვლილი ძვირადღირებული ნაკეთობა, შეუძლია დადოს მიმწოდებელთან ხელშეკრულება, უფრო ძვირი და მაღალხარისხიანი მაკომპლექტებელი დეტალების მიწოდებაზე. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი და მომხმარებელი შეგნებულად თანხმდებიან კონტრაქტის პირობებზე, ან თუ მომხმარებელს აქვს საკმარისი და ზუსტი ინფორმაცია შესასყიდ საქონელზე, როგორც წესი, ფედერალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები, ამ პროცესში არ ერევიან.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში სახელმწიფო ორგანოები ჩვეულებისამებრ კერძო სექტორს აძლევენ თავისუფლებას დასადები კონტრაქტის პირობების განსაზღვრაში, ისინი (ჩვეულებისამებრ შტატების დონეზე) მზად არიან ჩაერიონ და განახორციელონ სამართალდამცავი საქმიანობა იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც კონტრაქტის ნებაყოფლობით დამდებ მხარეებს შორის ჩნდება დავა. იმ შემთხვევებში კი, როცა წერილობითი კონტრაქტი არ არსებობს, რაც ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, მომხმარებლების მიერ საქონლის ყიდვისას საცალო მაღაზიებში, სასამართლოებს შეუძლიათ იგულისხმონ კონტრაქტის არსებობა, თუ მომხმარებლები შეძლებენ იმის ჩვენებას, რომ პროდუქციის მახასიათებლები არ შეესაბამება მის მოლოდინს.

იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს კონტრაქტის პირობებს, კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის კომპენსაციის მისაღებად მეორე მხარეს შეუძლია მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ან სასამართლოს. კანონის ამ ნაწილის აღსრულება ხორციელდება სახელშეკრულებო სამართლის ჩარჩოებში და გამოიყენება როგორც კომპანიებს შორის, ასევე კომპანიებსა და მომხმარებელს შორის არსებულ ოპერაციებთან მიმართებაში. იმ საქონლისა და მომსახურების წარმოებასა და რეალიზაციაზე, რომელიც გათვალისწინებულია ცალკეული მოქალაქეებისთვის (ადამიანებისთვის), ვრცელდება დამატებითი მოთხოვნები; ეს უკანასკნელნი შემუშავებულია იმ მომხმარებლების დასაცავად, რომელთაც შესაძლებელია არ ჰქონდეთ ისეთივე ცოდნა შესასყიდ საქონელზე და მომსახურებაზე, როგორც კომპანიებს.

მიუხედავად იმისა, რომ მყიდველებს კონტრაქტის დადების ან საქონლის შესყიდვის დროს აქვთ უფლება შეარჩიონ პროდუქციის მათთვის სასურველი ხარისხი, ფედერალურ, შტატების და ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებს (აგრეთვე, სხვა სოციალურ სფეროებს), შეუძლიათ დააწესონ შეზღუდვები იმ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება ჯანმრთელობის დაცვასა და გარემოს უსაფრთხოებას. მაგალითად, მშენებლობის მწარმოებლებსა და დამკვეთებს, რომლებმაც შენობის აგებაზე დადეს კონტრაქტი, არა აქვთ უფლება თავისი შეხედულებით შეარჩიონ ნებისმიერი მასალა. შტატებისა და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები, ჩვეულებრივ, მომავალი მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგენენ სამშენებლო ნორმატივებს, რომლებიც განსაზღვრავენ სამშენებლო მასალების მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს და მშენებლობის წარმოების მეთოდებს. ზუსტად ასევე, კომპანიებს არ შეუძლიათ შეუზღუდავად დადონ კონტრაქტი ტოქსიკური ქიმიკატების წარმოებაზე, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიყენონ გარემოს. ასევე, არც ერთი მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას არ აქვს უფლება შეუზღუდავად გაყიდოს ექიმის რეცეპტით გასაცემი წამლები, თუ ისინი არ პასუხობენ დადგენილ სტანდარტებს.

თანამედროვე პირობებში ეკონომიკის კერძო სექტორში დადებულ (დასადებ) კონტრაქტებში გათვალისწინებული (გასათვალისწინებელი) შეზღუდვები, რომლებიც განპირობებულია ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს უსაფრთხოების აუცილებლობით, ჩვეულებისამებრ იცვლებიან, რამდენადაც იცვლებიან ის მოთხოვნები, რომლებმაც განაპირობეს კონკრეტული შეზღუდვები. ამიტომ, აშშ-ში არც ერთი კანონი (კანონის ნაწილი) და არც ერთი სახელმწიფო ორგანო არ ეხება ყველა საკითხს ერთბაშად. უფრო მეტიც, მრავალი შეზღუდვა შემუშავებულია საბოლოო მომხმარებლების (მოქალაქეების) დაცვისთვის, ამიტომ ისინი ხვდებიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონების რიგში.

ბ) ფედერალური კანონები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, აშშ-ს კონგრესს მიღებული აქვს არაერთი კანონი საბოლოო მომხმარებელთა (მოქალაქეთა) უფლებების დაცვის სფეროში. ამ კანონთა განმარტებების და გამოყენების, ასევე მათი აღსრულების მიმართულებით სამართალდამცველი საქმიანობის განხორციელების უფლებები ხშირ შემთხვევებში დელეგირებულია სამინისტროებსა და სხვა ფედერალურ სახელმწიფო ორგანოებზე. ამასთან, კონგრესის მიერ მიღებულია ისეთი კანონები, რომლებიც ცალკეულ მომხმარებლებსა და კომპანიებს აძლევენ უფლებებს ფედერალურ სასამართლოებში სარჩელების შეტანაზე, სხვა ფიზიკური პირებისა და კონკურენტების მიმართ, რომლებმაც აზარალეს მოსარჩელე არასათანადო რეკლამის მეშვეობით, სხვისი სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ან დეფექტური პროდუქციის წარმოებით.

იმ შემთხვევებში, როდესაც საკანონმდებლო აქტი ატარებს საერთო ხასიათს, მისი განმარტება ან დეტალიზება ხდება სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოშვებულ წესებში ან კონკრეტულ საკითხებზე გამოქვეყნებულ დასკვნებში. მაგალითად, ფედერალური სავაჭრო კომისიის შესახებ კანონის მე-5 მუხლი კრძალავს არასამართლიან და შეცდომაში შემყვან ვაჭრობას. ეს საერთო სტანდარტია, რომელიც საკმაოდ მოქნილია, იმის გასაგებად, თუ რა ითვლება არასამართლიან და შეცდომაში შემყვან ვაჭრობად. დინამიკაში, ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ ცალკეულ საქმეებზე მომზადებულ დასკვნებში, რომელიც დაკავშირებულია კანონის მე-5 მუხლის დარღვევებთან, განიმარტება ამ მუხლის გამოყენების კონკრეტული შემთხვევები. ამდენად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში, ფედერალური სავაჭრო კომისიის კონკრეტული საკანონმდებლო მასალების დიდი ნაწილი მოცემულია ამ დასკვნებში.

მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები ზოგჯერ განმარტავენ კანონებს მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში. ასე მაგალითად, ფედერალურ სავაჭრო კომისიას აქვს განცხადება, რომელიც აღწერს სამი ძირითადი იურიდიული ცნების გამოყენებას: სარეკლამო განცხადებების დასაბუთებულობას, სიცრუეს და არასამართლიანობას. ფედერალურ სავაჭრო კომისიას ასევე აქვს გამოშვებული სახელმძღვანელო, მიძღვნილი ისეთი კონკრეტული საკითხისადმი, როგორიცაა საქონლის რეკლამირებისას სიტყვა “უფასო”-ს გამოყენების დაშვებულობა და ა.შ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მომხმარებლთა უფლებების დაცვის საკითხებზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ექვს ძირითად ფედერალურ სახელმწიფო ორგანოს. კერძოდ, ფედერალური სავაჭრო კომისიის გარდა, ამ ორგანოების რიცხვს მიეკუთვნებიან: სამომხმარებლო საქონლის უსაფრთხოების კომისია; სასურსათო პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველო; სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების და მათი ინსპექტირების სამსახური /რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში შედიან/; გარემოს დაცვის სააგენტო და ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო.

გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანოები

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური კანონების გარდა, ამერიკის ყველა შტატში და უფრო მეტიც, ზოგიერთ ქალაქში მიღებულია სხვადასხვა კანონები და წესები, რითაც ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვას სხვადასხვა კუთხით.

თითქმის ყველა შტატში, ასევე ზოგიერთ ქალაქში არსებობს განყოფილებები მომხმარებელთან ურთიერთობებისთვის. ამავე დროს, ზოგიერთ შტატში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტრუქტურები ჩართულია გუბერნატორის ან შტატის ადმინისტრაციის შემადგენლობაში. ამასთან, ბევრ შტატში შექმნილია სპეციალური კომისიები და ორგანოები, რომლებიც განიხილავენ მომხმარებლების განცხადებებს და საჩივრებს, საბანკო, სადაზღვევო, საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სფეროს კომპანიებთან მიმართებაში და ზომა-წონის მოწყობილობებთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ქალაქში აქვთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელი სამსახურები. ისინი ახორციელებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვას შტატის კანონებთან მიმართებაში, ასევე იცავენ იმ წესებსა და ნორმებს, რომლებიც მიღებულია კონკრეტულ ქალაქში.

ცალკეული სახელმწიფო ორგანოები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებზე გასცემენ ლიცენზიებს ან ახდენენ მათ რეგისტრაციას. ასეთ პროფესიებს და საწარმოებს განეკუთვნებიან: ექიმები, ადვოკატები, მედდები, ბუღალტრები, ფარმაცევტები, წყალგამყვანები, ელექტრიკოსები, ავტოსარემონტო სახელოსნოები, შრომითი მოწყობის სააგენტოები, კოსმეტიკური სალონები, აგრეთვე ტელე-რადიო აპარატურის სარემონტო სახელოსნოები. გარდა ლიცენზირების სტანდარტების დადგენისა, სახელმწიფო ორგანოები ადგენენ წესებს და ნორმატივებს, ამზადებენ და ატარებენ გამოცდებს, უარს ეუბნებიან ან აუქმებენ ლიცენზიას, აღძრავენ დისციპლინარულ სანქციას, აგრეთვე განიხილავენ მომხმარებლების საჩივრებს.

საზოგადოებრივ საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების კომისიები აწარმოებენ საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების რეგულირებას შტატში, მათ შორის, იმ კომპანიების, რომლებიც ახორციელებენ სატელეფონო მომსახურებას, ელექტრო, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდებას.

2. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის საფუძვლები

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურ და ადგილობრივ დონეზე მოქმედებს რამდენიმე კანონი მომხმარებელთა დაცვის სფეროში, ისინი ეყრდნობა ერთიან პრინციპს. მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ არის ერთი განსაკუთრებული პრინციპი, რომელსაც “მომხმარებლის სუვერენიტეტი” ჰქვია. აღნიშნული პრინციპი განიმარტება, როგორც მომხმარებლის უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი პროდუქცია ან მომსახურება შეიძინოს და როგორ გამოიყენოს ის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვითონ მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს, იყიდოს თუ არა კონკრეტული პროდუქცია იმ ფასად, რა ფასიც არის მასზე დაწესებული.

თავის მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავისი სუვერენიტეტი გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია საკმარისი ინფორმაცია მოცემულ პროდუქციაზე (მომსახურების სახეობაზე) და შეუძლია გააკეთოს თავისუფალი და შეუზღუდავი არჩევანი. ამასთან, მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს სწორი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ვრცელდება არასწორი (ცრუ) ინფორმაცია, მომხმარებელს არ ეძლევა შესაძლებლობა გააკეთოს სწორი არჩევანი. აქვე მხედველობაშია მისაღებია ის გარემოებაც, რომ ინფორმაცია, რომელიც საკმარისია ერთი სახის პროდუქციისთვის (საქონლისთვის), შეიძლება ჭარბი აღმოჩნდეს სხვა სახის პროდუქციისათვის და არასაკამრისი მესამისთვის. მაგალითად, ჩვეულებრივ მომხმარებელს სჭირდება უფრო ვრცელი ინფორმაცია მედიკამენტზე და ფინანსურ ინვესტიციაზე, ვიდრე ტანსაცმელზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრობლემის გადაჭრის არსი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლისთვის საკმარის ინფორმაციად, მდგომარეობს გამყიდველებისადმი ნდობის ხარისხში. ამდენად, აშშ-ში გამყიდველი ვალდებულია მიუთითოს ეტიკეტზე ან სარეკლამო განცხადებაში ის ინფორმაცია, რომელიც მისი აზრით იძლევა არსებით დახასიათებას მის მიერ მიწოდებულ პროდუქციაზე, მომსახურებაზე ან საფინანსო ინვესტიციებზე. თავის მხრივ, თუ გამყიდველი ავრცელებს ცრუ ან არასაკმარის ინფორმაციას, მაშინ მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს სწორი და დასაბუთებული არჩევანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშშ-ში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონები ეფუძნება მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სიზუსტესა და მოცულობას. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ორგანოები თავიანთი შეხედულებისამებრ წყვეტენ მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის განსაკუთრებულობის საკითხს და ავალდებულებენ გამყიდველებს მათ გამოქვეყნებას. ამასთან, აშშ-ს კონგრესს ან შტატის საკანონმდებლო სათათბიროს მიღებული აქვს არაერთი კანონი, რომელიც მოითხოვს გამყიდველისაგან, მომხმარებლისთვის პროდუქციის (მომსახურების) მიწოდების მომენტში წარსადგენი კონკრეტული (განსაზღვრული) ინფორმაციის ასახვას რეკლამაში, პროდუქციის შეფუთვაზე ან სხვა დოკუმენტებში. ასე მაგალითად, კონგრესის მიერ 1988 წელს მიღებული კანონი, ალკოჰოლური სასმელების მარკირების შესახებ, მოითხოვს, რომ აშშ-ში რეალიზებად ალკოჰოლურ სასმელებზე განთავსებული უნდა იყოს შემდეგი გაფრთხილებები:

ხელისუფლება გაფრთხილებთ: (1) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად, ქალებმა არ უნდა მოიხმარონ ალკოჰოლური სასმელები ორსულობის დროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული თანდაყოლილი დეფექტები; (2) ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ამცირებს ავტომობილის მართვის უნარს, რაც სარისკოა და შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.

ასევე, ფედერალური კანონი სიგარეტების მარკირებასა და რეკლამაზე მოითხოვს, რომ ყოველი შეფუთვა და რეკლამა შეიცავდეს აუცილებელ გაფრთხილებას მისი მოწევის მავნებლობის შესახებ.

გარდა ამისა, ფედერალურ და შტატის სახელისუფლებო ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ წესი, რომელიც მოითხოვს განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის გახმოვანებას.

3. სამართალდაცვითი საქმიანობა მომხმარებლთა უფლებების დაცვის სფეროში

აშშ-ში სამართალდაცვითი საქმიანობა ზოგიერთი ფედერალური კანონის მიმართ, რომელიც ახდენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპების ფორმულირებას, წარმოებს მხოლოდ ფედერალური მთავრობის მიერ. მაგალითად, მხოლოდ ვაჭრობის ფედერალურ კომისიას (ან იუსტიციის სამინისტროს ვაჭრობის ფედერალური კომისიის სახელით) შეუძლია წარუდგინოს სასამართლო სარჩელი კომპანიებს და ცალკეულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არღვევენ კანონს ვაჭრობის ფედერალური კომისიის შესახებ. ამასთან, მხოლოდ კვების პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამმართველოს (ან კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამმართველოს სახელით იუსტიციის სამინისტროს) აქვს უფლება წარადგინოს სასამართლოში სარჩელი კვების პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამმართველოს შესახებ კანონის დამრღვევთა მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც მოქალაქეს და არც მოქალაქეთა ჯგუფს, ასევე არც შტატის სახელმწიფო ორგანოს და კერძო კომპანიებს, არ შეუძლიათ წარადგინონ სარჩელი კვების პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამმართველოს და ვაჭრობის ფედერალური კომისიის შესახებ კანონების დარღვევისას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეერთებულ შტატებში სამართალდაცვითი საქმიანობა ზოგიერთი ფედერალური კანონის მიმართ წარმოებს მხლოდ კერძო კომპანიების მიერ. მაგალითად, “ლენჰემის” კანონის 43(ა) მუხლის შესაბამისად კომპანიას შეუძლია წარადგინოს სარჩელი რომელიმე კონკურენტის მიმართ ყალბი სარეკლამო განცხადებების გავრცელებისთვის, რითაც მას მიადგა ზიანი (კერძო ორგანიზაციების უფლება საპასუხო მოქმედებაზე ყალბი რეკლამის გამავრცელებლების მიმართ გამომდინარეობს “სავაჭრო ნიშნების შესახებ” კანონიდან, რომელიც მიღებულია 1946 წელს და რომელიც იწოდება “ლენჰემის” კანონად). ფედერალურ სახელმწიფო ორგანოებს არ შეუძლიათ წარადგინონ სარჩელი კომპანიების მიმართ “ლენჰემის” კანონის დარღვევისთვის. ასეთ შემთხვევებში, ფედერალური მთავრობა სარჩელის წარდგენის დელეგირებას ახდენს რამდენიმე ფედერალურ სახელმწიფო ორგანოზე, რომელიც მოქმედებს თავისი შესაბამისი კანონის თანახმად, რათა წარადგინოს სარჩელი იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ ყალბ რეკლამას. მაგალითად, “ვაჭრობის ფედერალური კომისიის შესახებ” კანონი, ვაჭრობის ფედერალურ კომისიას ანიჭებს სარჩელის წარდგენის უფლებამოსილებას ყალბი რეკლამის გამავრცელებელი კომპანიების მიმართ კანონის მე-5 და მე-12 მუხლების შესაბამისად. თუმცა, ვაჭრობის ფედერალური კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდება ყველა დარგზე (სფეროზე), რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიას არ შეუძლია წარადგინოს ამ დარგებში მოქმედი კომპანიების მიმართ სარჩელი. ასეთ დარგთა რიცხვს განეკუთვნება: სადაზღვევო სფეროს კომპანიები (რომელიც რეგულირდება თითოეული შტატის მიერ), საბანკო სფერო (რომელიც რეგულირდება ფედერალური რეზერვით, ფულადი ოპერაციების და შტატების კონტროლიორის მიერ), ასევე საერთო სარგებლობის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის დარგების საწარმოები, რომელთა რეგულირება ხორციელდება სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ.

აშშ-ში ფედერალური კანონის დარღვევის თაობაზე საქმეები განიხილება რომელიმე თითოეულ სახელმწიფო ორგანოში და/ან ფედერალურ სასამართლოში (იმისდა მიხედვით თუ სად არის აღძრული საქმე) ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეების მიერ (რომლებიც იწოდებიან ასევე მოსამართლე რევიზორებად). იურიდიული სარჩელები შტატისა და ქალაქის დონეზე შედის ან შტატების სასამართლოებში, ან/და შტატებისა და ქალაქების ადმინისტრაციულ-სახელმწიფო ორგანოებში. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ფედერალური ან/და შტატის კანონი, როგორც წესი, ითვალისწინებს თუ ვინ ფლობს უფლებამოსილებას სარჩელის აღძვრის თაობაზე და სად უნდა იქნეს შეტანილი იურიდიული სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვას განსაკუთრებული როლი და ადგილი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკაში. ამდენად, ის მაქსიმალურადაა დაცული, როგორც ფედერალური ისე ადგილობრივი (შტატების თუ ქალაქების) სახელმწიფო ორგანოების დონეზე. ამასთან ის, თუ კონკრეტულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის რა საკითხებს არეგულირებენ ცალკეული ფედერალური სახელმწიფო ორგანოები, ჩვენს მიერ განხილული იქნება შემდგომში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial