ახალი საბაჟო პოლიტიკის პრინციპები

მათე მელია

WTO-ში ზარ-ზეიმით შესვლის შემდეგ, როგორც ქართველებს გვჩვევია, საერთოდ დავივიწყეთ ეს მოვლენაც და თვით ორგანიზაცია. ამის გარდა, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროგრამულ-სისტემური გეგმები და მის მიერ მონიჭებული უპირატესობანი ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციის შესახებ თაროზე შემოვდეთ. უფრო მეტიც, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა, რომელსაც ის პირობები და ვალდებულებები არ მოსწონს, რითაცWTO-ში შევაბიჯეთ, ხელი ჩაიქნია და მიღწეულ ჩარჩოებში იმ შესაძლებლობების გამოყენებისათვის ბრძოლა აღარ გააგრძელა, რასაც მსოფლიო ბაზარი და თვით WTO იძლეოდა.

მეორე მხრივ, გლობალიზაციის არსებული ტენდენციები და შრომის საერთაშორისო დანაწილება, ფესვებს უმაგრებს WTO-ს მოთხოვნებს და მსოფლიოს ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებას იწვევს, რაც არასწორი ინტეგრაციის პირობებში საქართველოს წალეკვით ემუქრება.

ამ ფონზე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა საბაჟო ტარიფების ახალი პრინციპების შესახებ, რომლის პრეზენტაცია 2001წ. მარტში ჩატარდა მეცნიერ-ეკონომისტთა, პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა ძალისხმევით. პრეზენტაცია ფაქტობრივად ახალი ეტაპია ფისკალური სისტემის რეფორმებში. ექსპერტებს ხშირად შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, როცა საგადასახადო და საბაჟო სისტემის რეფორმა ტარიფების ოდენობაზე დაყავთ და არა სისტემურ-ტექნოლოგიურ მიდგომაზე. აქ პრინციპებზე და მოდელებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. Aამ პრეზენტაციით იწყება მიდგომის ახლებური ეტაპი, – რომელიც ნაკარნახევია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის მიერ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების დაცვით.

კონცეფციის მაგისტრალური ხაზი კონკრეტული დარგების მიხედვით, პრინციპული მოდელების არჩევა და ახალი საბაჟო ტარიფების პოლიტიკის ჩამოყალიბებაა, რათა ის გახდეს ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ადგილობრივი წარმოების ამუშავებისა იმ მიდგომით, რომ ჩვენი ბაზრის დაცვამ ხელი არ შეუშალოს იგივე მეწარმეების მიერ ბაზრის ათვისებას, და რაც მთავარია, საექსპორტო წარმოების, ანუ შიდა წარმოების განვითარებისათვის არ გახდეს ბარიერი.

საერთოდ, საბაჟო-სატარიფო პოლიტიკა ხუთ განსხვავებულ მოდელს მოიცავს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული მცდელობა, რომ საბაჟო პოლიტიკაზე არ იყოს ლაპარაკი როგორც ფისკალურზე, (არადა, დღეს სწორედ საბაზო პრინციპია ფისკალური და მას ეყრდნობა მთლიანად პოლიტიკა ამ დარგში), არამედ მოხდეს სხვა პრინციპების წინ წამოწევა შიდა ბაზრის დაცვის ადგილობრივი წარმოების ამუშავებაზე ხელშეწყობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით: პროტექციონისტული მოდელი – კონკურენტუნარიანი ფასით იმპორტისა და შიდა წარმოების დაბალანსებას ნიშნავს, რისი მეშვეობითაც იმპორტის იზოლირებით განვითარებადი პოტენციალის წახალისება ხდება. შედეგი – ოპტიმალური ტარიფი, – ექსპორტისა და შიდა წარმოების ფასების გათანაბრება დაბალანსდება.

პრეფერენციული მოდელი – კონკრეტული სასაქონლო ჯგუფების დაბალი ფასების უზრუნველყოფის მიზანი: მძიმე სოციალური გარემოების გათვალისწინებით შემოსავლების ღატაკების სასარგებლოდ გადანაწილება და ფასების სუბსიდირება, როგორც გადასახადებისა და ტრანსფერტების მეშვეობით, – შემოსავლების გადანაწილების ალტერნატიული მეთოდის გზით, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის სტიმულირების მიღწევა. შედეგი დაბალი ტარიფია.

ღია ბაზრის მოდელი – ჯანსაღი კონკურენციის პირობებში განვითარებადი დარგის ექსპორტზე ორიენტირება და შიდა წარმოების ეფექტურობის გაზრდა. შედეგი დაბალი ტარიფია.

ნეიტრალური მოდელი – ზომიერი ტარიფი, რომელიც გათვლილია არაადმინისტრირებადი, იშვიათი სასაქონლო ჯგუფისათვის. იგი ხელსაყრელი იქნება როგორც არსებული, ასევე შესაძლებელი ადგილობრივი მეწარმისათვის. ღია ბაზრის საშუალო ტარიფზე ოდნავ მაღალი – ერთიანი ტარიფი.

ფისკალური მოდელი – საგადასახადო შემოსავლების ზრდის მიზნით, საბაჟო გადასახადის მაგივრად აქციზისა და დღგ-ის ჩანაცვლება.

ასეთი მიდგომით 5 საკვანძო სასაქონლო ჯგუფში შემავალი 22 სტრატეგიული პროდუქტის ტარიფი განისაზღვება, რომლებიც თავის მხრივ, 8 პრიორიტეტულ ქვეჯგუფს შექმნის.

ეს საკვანძო სასაქონლო ჯგუფებია: ნავთობპროდუქტები, სიგარეტი, ავტოტრანსპორტი, ალკოჰოლური სასმელი და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი.

პრიორიტეტული ქვეჯგუფებია: ნედლეული, ენერგომატარებლები, საწარმოო საშუალებები, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების პროდუქტები, კვების გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქტები, შუალედური დანიშნულების სამრეწველო პროდუქცია, სამომხმარებლო საქონელი.

მთავარი მომხსენებლის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, გიორგი შონიას წინადადებით – ხორბლის იმპორტი უნდა დაიბეგროს საბაჟო გადასახადის – 5%-ით, ფქვილი – 20%-ით, ბენზინი – 6-8%-ით და ა.შ. პროექტს მოწინააღმდეგეები აქვე გამოუჩნდნენ:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ სოსელია: “ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საბაჟო გადასახადის ფისკალური მოდელი და რაოდენ ეროვნული წარმოების აღორძინების მაღალი იდეებით უნდა !იყოს ნაკარნახევი, მისი შეცვლა გაგვიჭირდება, რადგან ამჟამად ბიუჯეტს კონკრეტული ხარჯები აქვს და დაფინანსება სჭირდება.

მეორე – ზოგიერთი დასახელების პროდუქტზე საბაჟო გადასახადის აწევა კი არ დაიცავს, არამედ დაანგრევს ბაზარს, რადგან ცნობილი მიზეზების გამო, კონტრაბანდა გაიზრდება და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ჩვენი აზრით, პროექტი არ არის გათვალისწინებული საქართველოში ჩამოყალიბებულ რეალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე”.

ფადი ასლი, აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი საქართველოში: “ეს კარგი იქნება, თუ ჩამოაყალიბებთ როგორი ეკონომიკური მოდელის აგებას აპირებთ და გამოყოფთ პრიორიტეტულ დარგებსა და მიმართულებებს. შემდეგ ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის ბაზაზე შეიმუშავებთ ფისკალურ პრინციპებს და მათ შორის, საბაჟო პოლიტიკას. ამის გარეშე ყველაფერი ტყუილი მეცადინეობაა”.

ვანო ჩხარტიშვილი, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი: “სახელმწიფოს მარეგულირებელ როლს საბაზრო ეკონომიკაში ალტერნატივა არ გააჩნია და ეს რეგულირება სწორედ პოლიტიკისა და პრინციპების დონეზე უნდა მოხდეს. მავნებელი პრაქტიკა, სამინისტროების მიერ სამეურნეო ფუნქციების განხორციელება ან კოორდინაცია უნდა მოისპოს და ყურადღება მართვის ასეთ მეთოდებზე უნდა იქნას გადატანილი”.

საბაჟო პოლიტიკის საკითხი ერთ-ერთი ქვაკუთხედია საერთო ფისკალური პოლიტიკის რეფორმირების საქმეში, რომლის გარეშე არ გვექნება არც სამუშაო ადგილები და არც წარმოება. არადა, ყველა ჩვენგანი ამჩნევს, რომ წარმოების კლების (დაცემის) ასეთი ტემპით გაგრძელება 2001 წლის ბოლოს და 2002 წელს საქართველოს ეკონომიკას მეჩეჩზე დასვამს. მთელი მსოფლიო შეძრულია 2001 წლის ეკონომიკური კრიზისით და რადიკალურ ზომებს მიმართავენ კრიზისის დასაძლევად.

ჩვენ? – ჩვენ ყოველგვარ რეალურ წამოწყებას, თუ ის ჩვენი არ არის, ზარბაზნებით ვხვდებით, რადგან ასე მგონია, ომი, ეკონომიკის გადასარჩენად კი არა, არამედ სამინისტროებს შორის მიმდინარეობს, საკუთარი ამბიციების გასატანად. ეშველება კი ამით საქართველოს!