რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

ქართველებმა ახალი იარაღი გამოიგონეს, ანუ ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ… და დავალევინოთ საფერავი დიდმარხვა დაიწყო. ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებული განწყობილებითაა და ბუნებრივია, ჩვენ, ქართველებიც. ყველამ ვიცით, იმდენად წმინდაა ჩვენთვის წითელი ღვინო, რომ ქრისტეს სისხლთან გვაქვს გაიგივებული და ზიარების წმინდა რიტუალზე პურთან ერთად ვეწაფებით მას, რათა ცოდვები მოგვეტევოს.

წითელი ღვინო ოდითგანვე ღმერთთან სიახლოვის ნიშანი იყო, რადგან იგი საზიარებელი ნაერთის ერთ-ერთი კომპონენტია. ამიტომ, თუ არ იქნება ღვინო, დარჩებით უზიარებელი. ეს, ჩვენთან, აფხაზეთში და მთლიანად სამეგრელოში, ყველაზე დიდი წყევლა იყო “პაპაშ ზიარება ვამორჭიშაფუდასია”, ესე იგი, ამ ქვეყნიდან უზიარებელი წასულიყავიო.

დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. არ თმობს რუსეთი თავის იმპერიულ ამბიციებს და ამას ხმამაღლა აცხადებს. არც საქართველო თმობს თავისუფლებას, ნატოს და ევროკავშირის წევრობის სურვილს. რუსეთი ცივი ომის პოლიტიკის გატარებას იწყებს, ყოველდღე დაბომბვით, გაზის გამორთვით და შიდა აშლილობით გვემუქრება. რა უნდა ქნან ქართველებმა, რუსებს თანამედროვე იარაღი აქვთ და ეს ტექნოლოგია ჩვენთვის უცნობია. მაშინ, ქართველებიც ადგნენ და ძველი ფრაზა გაიხსენეს ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი და დაიწყო… გადაწყვიტეს დაეტოვებინათ რუსები ზიარების გარეშე! რადგანაც რუსეთში მიდის საქართველოში წარმოებული წითელი ღვინის 90 პროცენტი და ეს ბაზარი, ძირითადად, ქართული ღვინის მომხმარებელია, ეს ცივი ომის დამქაში ვეღარ ეღირსება ჩვენს “ხვანჭკარას”, “საფერავს”, “ოჯალეშს”, “მუკუზანს” და “ოცხანურს”.

ცივი ომის დამქაშებს ეს ყოველივე წყლით, სპირტით და საღებავით შევუცვალეთ და რადგანაც ზიარება არ არსებობს წითელი ღვინის გარეშე, რუსები უზიარებლები დარჩებიან და სულ ტყუილად მარხულობენ. მართალია, აქ ჩვენ გვიმწარებენ სიცოცხლეს, მაგრამ საიქიოში ჩვენ გავუმწარებთ. იქ ხომ ვერ წაიღებენ თავიანთ ატომურ ბომბებს და გაზს, ან იმპერიულ ამბიციებს (ისე, იმედია, იქაც მათი მეზობლები არ ვიქნებით). არადა, ზოგიერთ ქართველ ექსპერტს (ესენი ოხრად გვყავს) და პოლიტიკოსს (ოო… ეგენი საერთოდ) რომ უსმინო, – წალეკა საქართველო ფალსიფიცირებულმა ღვინომ, ექსპორტში სულ შეღებილი წყალი და სპირტი მიდის, სტრატეგიულ დარგს ვკარგავთ, გვაჯობა ჩილემ და საფრანგეთმა, ავსტრალიაზე რომ არაფერი ვთქვათო. ის კი არ იციან, ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის რომ ხდება! ახალი იარაღი გამოიგონეს ქართველებმა – ფალსიფიცირებული ღვინოები. ორი მიმართულებით მიდის მტერზე დაუნდობელი შეტევა – ვერასოდეს ეღირსებიან ცივი ომის დამქაშები “საფერავის” და “ხვანჭკარას” დალევას და მეორე, ისინი უზიარებლები დარჩებიან და ამ ქვეყნად თუ არა- საიქიოში “დაერხევათ”. ფრიად კეთილშობილური მიზანია, მაგრამ რად გინდა, ვინ გიფასებს? ასეა, საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეები არც ერთ დროში და ქვეყანაში არ ფასდებოდა.

არადა, რა გაჭირვებით მოჰყავს ჩვენს გლეხს ეს ციური სითხე გაძვირებული საწვავი და ქიმიკატები, ყურძენზე დაბალი ჩასაბარებელი ფასები… მერე დაწურვა, დადუღება (ჩვენი მტერი დაადუღა ტყვიით) და ეს ვაზის ნაჟური უნდა მივართვათ იმათ, რომ კარგად გამოტყვრნენ და დაგვემუქრონ? ვერ მივართვით! ხეთქონ სპირტი და საღებავი, იყვნენ უზიარებელი და ვნახავ, კუპრში რავა ითუხთუხებენ საშობაო ინდაურივით. ისე, ინდაურს რას ვერჩი, კაი ფრინველია. მერე რა თუ ტვინი არა აქვს, ხორცი ხომ აქვს კაი? ხორცი იმათაც კაი აქვთ ჩემმა მზემ…

ეს კონცეფცია, ამ ცოტა ხნის წინ, ახლად შექმნილ მსოფლიო ღვინის ფალსიფიკატორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე გამაცნეს “მეტეხში” მისმა ორგანიზატორებმა. კონფერენციის თემა იყო – “ფალსიფიცირების როლი ქვეყნის უსაფრთხოებაში”. აღვფრთოვანდი! ცივი ომის დამქაშებისთვის უკეთეს სასჯელს ვერ მოიგონებ. თურმე, რასაც ეს ბაზარი ქართულ ღვინოებს ასაღებს, 90% ფალსიფიცირებული 3 დოლარიანი წითელი ღვინოა. ო… საწყლები, ვერასოდეს გაიგებენ საფერავის გემოს და ეს, ისედაც უზარმაზარი ცოდვის მქონე ხალხი უზიარებლად წავა ამ ქვეყნიდან.
ფანტასტიურია მე და ჩემმა მზემ. ამას წინათ, პრეზიდენტის დავალებით, პრემიერმა ნოღაიდელმა დავალება გასცა – შეემუშავებინათ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმა, ჩააბეს სავაჭრო პალატა. მისმა პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა მეღვინეები მოიწვია, რათა ერთობლივი პროგრამის შემუშავებაში მიეღოთ მონაწილეობა და ჯვაროსნული ომი დაწყებულიყო ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. მაგრამ რად გინდა, ისინი არ იცნობენ ამ უსაფრთხოების კონცეფციას, თორემ გადაიფიქრებდნენ. თუმცა, ამ კონცეფციას ზედმიწევნით იცნობს ზოგიერთი ქართველი “პატრიოტი” მეღვინე. ისინი რუსეთის წინააღმდეგ წმინდა ომს აწარმოებენ, თავის საამქროებში დღედაღამ ფუსფუსებენ და მეზობლებს არზიარებას იაფად უგზავნიან. რას ერჩი, სუფთა პარტიზანული ომია ახალი იარაღის გამოყენებით.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას რომ აუნაზღაურებელი ზიანი ადგება? მერე რა, სამაგიეროდ რუსები უზიარებლები წავლენ იმქვეყნად და ისე ჩაესვენება მაგათი მზე, ერთხელ ვერ გასინჯავენ ნამდვილ “ოჯალეშს”, თან იარაღი იმდენად ეფექტურია, მასზე პატენტს უკვე უკრაინაში, ბალტიისპირეთში და მთელს ევროპაში ვყიდით.

მეცნიერები მუშაობენ ამ იარაღის დახვეწაზე და ფალსიფიკატორთა მეორე საერთაშორისო კონგრესზე რომ მიმიწვევენ, აუცილებლად შეგატყობინებთ სიახლეებს. ჭეშმარიტ აღდგომას გისურვებთ თქვენ და ღმერთმა მიუტევოს “კეთილშობილ” ფალსიფიკატორებს, რამეთუ არ უწყიან რასა იქმან.