საქართველოს ეროვნული ბანკი: ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პრიორიტეტები

რედაქციისაგან

საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და საბჭოს წევრები ჰყავს. პრეზიდენტი: რომან გოცირიძე; ვიცე-პრეზიდენტები: ეკა გალდავა, დავით ამაღლობელი, გიორგი ღლონტი; საბჭოს წევრები: მიხეილ თოქმაზაშვილი, თამაზ ჩიკვაიძე, სიმონ გელაშვილი, თემურ შენგელია, ომარ ჟიჟავაძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის წარდგინებით, ბანკის საბჭოს წევრთაგან ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე უმუშავია. რომან გოცირიძე საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმეჯერ იყო. კერძოდ, 1990 წელს უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო, 1992 წელს – პარლამენტის წევრი, 2004 წელს კვლავ პარლამენტარი გახდა. 1992-93 წლებში გოცირიძე მუშაობდა საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ეკონომიკური რეფორმების დარგში. 1998 წლიდან 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს. 2002-2004 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი.

საქართველოს 2005 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები შემუშავებულია, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს იმ მიზნობრივ ორიენტირებსა და მათი მიღწევის საშუალებებს, რომლებითაც მიმდინარე წელს იხელმძღვანელებს ეროვნული ბანკი.

1

საბანკო სექტორში კონსოლიდაციის პროცესის ინიცირებისა და კომერციული ბანკების, როგორც ფინანსური შუამავლების შესაძლებლობების შემდგომი გაფართოებისთვის აუცილებელია მათი კაპიტალიზაციის შემდგომი ამაღლება. ამ მიზნით, 2004 წელს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დაიწყო და 2005 წელსაც გაგრძელდება კომერციული ბანკებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის 12 მლნ ლარამდე ეტაპობრივი ზრდის პროცესი. მათ შორის, შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, 2005 წლის ბოლომდე ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი უნდა შეადგენდეს 7,8 მლნ ლარს. ამ მაჩვენებლის ეტაპობრივი ზრდის მოთხოვნა მეტ აქტუალობას სძენს წვრილი ბანკების ერთმანეთთან ან დიდ ბანკთან შერწყმის საკითხს. მით უმეტეს, რომ საბანკო ბაზარზე არსებული კონკურენციის შედეგად, მცირე კაპიტალის მქონე ბანკების მიერ ფინანსური შუამავლობის განხორციელების მასშტაბები დროთა განმავლობაში სულ უფრო შეზღუდული იქნება. იმისთვის, რომ ასეთმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკეთ დაიმკვიდრონ ადგილი ბაზარზე და გააფართოონ საბანკო მომსახურების არეალი, მნიშვნელოვანია კაპიტალიზაციის მეშვეობით მათი ფინანსური გაძლიერების და გამსხვილების ხელშეწყობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საწყის ეტაპზე უკვე შემუშავებულ იქნა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ძირითადი პრინციპები, გაგრძელდა სისტემის მოდელის შერჩევისა და საკანონმდებლო ბაზის საფუძვლების მომზადების პროცესი. ვინაიდან, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება საქართველოში არ არსებობს, ხდება კონსულტაციების მიღება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი ექსპერტებისგან.

2

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შემადგეელი ნაწილია მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული სტანდარტების საქართველოში დანერგვა. ამ პროცესის ხელშეწყობისათვის აუცილებელია “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლის პროექტის მომზადება დაგეგმილია მიმდინარე წელს. დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება საბანკო საქმიანობის შესახებ ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნები და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ძირითადი პრინციპები. კერძოდ, საქართველოში საბანკო ჰოლდინგური კომპანიების შექმნის, კონსოლიდირებული ზედამხედველობის, საბანკო საქმიანობის ლიცენზირების სრულყოფის საკითხები და სხვა.

გაცემული კრედიტების ხვედრითი წილი საბანკო აქტივებში 56,9%-ია მაშინ, როდესაც წლის დასაწყისისათვის 58,8% იყო. წმინდა სესხების ზრდამ 23,1% შეადგინა, სახსრების შესაძლო დანაკარგების რეზერვმა 18,7%-ით მოიმატა. ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტება (მიმდინარე ფასებით) 23,8%-ით გაიზარდა და 931,5 მლნ ლარი გახდა, ხოლო აღნიშნული კრედიტების ხვედრითი წილი მთლიან საბანკო აქტივებში – 54,9%. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობამ მთლიანი სესხების 84,4% შეადგინა. ბანკთაშორისი კრედიტების წილმა (მთლიან საბანკო აქტივებში) წლის განმავლობაში 1,6%-დან 2,0%-მდე იმატა და ზრდამ მიმდინარე ფასებში 56,9% შეადგინა.

მთლიან საბანკო სექტორში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 95,9%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 40,2%-ით (ნომინალური მონაცემებით), თუმცა 23,3%-ით – ლარის ეკვივალენტით. ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების წილმა კომერციული ბანკების მთლიან პასივებში 21,2% (1.01.2004 – 21,5%) შეადგინა.

3

2004 წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა. ეროვნულ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებზე ზარალმა 67,2 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც ხარჯზე უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული მოგების 94,7 მლნ ლარით შემცირდა. აქედან გამომდინარე, საბანკო სექტორის მოგებამ, მთლიანობაში 27,5 მლნ ლარი შეადგინა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial