ეკონომიკური კრიზისი ქვეყნის ინვესტიციურ კომპლექსში და მისი ასახვა სამშენებლო დარგის განვითარებაზე

ხათუნა არაბული

90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში მომწიფებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საჭიროებდნენ თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას, რაც ქვეყნის მმართველობითი სტრუქტურების მხრიდან, რიგი მიზეზების გამო, არ ყოფილა არც თეორიულად და არც ორგანიზაციულ-სტრუქტურულად მომზადებული. ამას თან დაერთო საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი – გამოწვეული წარმოების დეგრადაციითა და სამუშაო ადგილების ლიკვიდაციით. შექმნილი სიტუაციის ფონზე, უკვე დაკარგული დროისა და იძულებით დაჩქარებული ტემპების პირობებში მოხდა არა სისტემის თანმიმდევრული და საფუძვლიანი რეორგანიზაცია, არამედ მისი დაჩქარებული დემონტაჟი და გადასვლა ახალ ეკონომიკურ ფორმაციაზე.

ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, ქვეყნის მთავარ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილების შექმნა სამამულო წარმოების აღდგენის გზით. სამამულო წარმოების აღდგენა კი წარმოუდგენელია ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნასთან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზედმიწევნით ცენტრალიზებული საინვესტიციო პოლიტიკიდან დეცენტრალიზებულ საფინანსო სისტემაზე გადასვლა არაორგანიზებულად განხორციელდა, რისი უარყოფითი შედეგიც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ სამშენებლო კომპლექსზე აისახა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის გარიჟრაჟზე სრულიად პარალიზებული აღმოჩნდა.

ცენტრალიზებული დაფინანსების სისტემის მოშლის შედეგად მთლიანად მოიშალა დაფინანსების მექანიზმი, ვინაიდან არ არსებობდა ორგანიზებული საფინანსო-საკრედიტო ბაზარი, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფდა სამშენებლო ორგანიზაციების მოთხოვნას მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებზე და სამშენებლო ინდუსტრია მატერიალური რესურსების გარეშე აღმოჩნდა. პრობლემა განსაკუთრებით გააღრმავა იმან, რომ ქვეყნის საშენ მასალათა და სამშენებლო კონსტრუქციათა მრეწველობის პოტენციალი ვერ აბალანსებდა სამშენებლო კომპლექსის მოთხოვნას რესურსებზე. შედეგად, რესურსების უკმარისობის გამო, ქვეყნის მასშტაბით გაზრდილმა დაუმთავრებელმა მშენებლობებმა გამოიწვია სასაქონლო-ფულად მიმოქცევაში ინვესტიციური კომპლექსის საქონლით (ექსპლუატაციისათვის გამზადებული შენობა-ნაგებობებით) დაუბალანსებელი ფულის მასის (ხელფასის სახით) გაზრდა, რამაც ხელი შეუწყო ინფლაციური პროცესების განვითარებას.

ინფლაციის შიშმა ინვესტორები აიძულა ეზრუნათ ფულისგან ხელის გათავისუფლებაზე და ამ მიზნით დაიწყეს მისი დაბანდება ახალ მშენებლობებში, ხოლო ვინაიდან მოწყობილობათა ბაზარი ისედაც შეზღუდული იყო, მივიღეთ შეკრული წრე. კაპიტალურ დაბანდებაზე ლიმიტის მოხსნის შემდეგ სახელმწიფომ ხელიდან გაუშვა ინვესტიციური მოთხოვნის რეგულირების მექანიზმი. საბოლოოდ კი, შედეგად მივიღეთ კრიზისი ქვეყნის ინვესტიციურ კომპლექსში. ერთის მხრივ, სახეზე იყო სამუშაოთა საერთო მოცულობის გეგმის გადაჭარბებით შესრულების მაჩვენებლები, მეორეს მხრივ კი, ვერ სრულდებოდა საწარმოო სიმძლავრეებისა და ობიექტების ამოქმედების გეგმა.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მდგომარეობდა თანმიმდევრული ინვესტიციური პოლიტიკის შემუშავებასა და სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმის ამოქმედებაში, რის გარეშეც შეუძლებელია მიმზიდველი ინვესტიციური კლიმატის შექმნა, რომლის ძირითადი ატრიბუტებია კეთილგონიერი საგადასახადო რეჟიმი და საკანონმდებლო სისტემა, მინიმუმამდე დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები და სამართლიანი კონკურენციის პირობები, აგრეთვე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა.

სამართლიანობისათვის, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ქართული საწარმოების უმრავლესობა განვითარების საწყის სტადიაზე იმყოფება, ამიტომ მათი წარმატებული განვითარების შესახებ დაბეჯითებით საუბარი სერიოზული და გამოცდილი ინვესტორებისთვის მიუღებელია. მით უმეტეს, დღეს დაჩქარებულმა ინფორმაციულმა გარემომ და გლობალიზაციამ, კიდევ უფრო დააჩქარა ცვლილებების პროცესები ეკონომიკაში, იზრდება უსიამოვნო მოულოდნელობათა ალბათობები, რაც ინვესტორების დაინტერესებას სრულებითაც არ უწყობს ხელს.

ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია ფირმის კონკურენტუნარიანობა, ხოლო კონკურენციულ ბრძოლაში იმარჯვებს ის კომპანია, რომელსაც ძალუძს უფრო სწრაფად შექმნას და განავითაროს ახალი აქტივები. ფირმის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს: მისი ორგანიზაციული სტრუქტურა; პერსონალის სპეციფიური უნარ-ჩვევები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბიზნეს-პროცესების წარმართვის თვალსაზრისით; მისი კავშირები მომწოდებლებთან და საბაზრო სისტემის სხვა წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ქართული ფირმების უმრავლესობა განვითარების ადრეულ სტადიაზეა და სრულებით ვერ აკმაყოფილებს ინვესტორთა მოთხოვნებს.

ასეთი ფირმების დაფინანსება ძირითადად სარისკო კაპიტალით წარმოებს, რომლის განთავსებაც ფინანსური ინვესტორების მიერ პირდაპირი ინვესტირების გზით ხდება. გარდა ამისა, არსებობს სარისკო კაპიტალის განთავსების მეორე – სტრატეგიული ინვესტირების ფორმა, რომლის დროსაც ინვესტორებად გვევლინებიან ფინანსურად ძლიერი კომპანიები თუ კორპორაციები, რომელთა საქმიანობაც იმავე ან მონათესავე სფეროებთან არის დაკავშირებული. ამგვარი ინვესტირების შედეგია ფირმების შერწყმა.

ინვესტირების ამ ორ მეთოდს განსხვავებული მიზნები გააჩნია. თუ ფინანსური ინვესტორის მიზანს წარმოადგენს ფირმის საქმიანობის ღირებულების და შესაბამისად, აქციათა ფასის გაზრდა, სტრატეგიული ინვესტორი დაინტერესებულია გაყიდვათა მოცულობის ზრდით, დანახარჯების შემცირებით და წარმოების ეფექტიანობის ამაღლებით.

ფინანსური ინვესტორები ფულის დაბანდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობენ ისეთი მახასიათებლებით, როგორიც არის: ფირმის საქმიანობის გამჭვირვალობა და მოქნილობა ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებისას, მენეჯმენტის კვალიფიკაციის დონე და ბიზნეს სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების ეფექტიანობის გარანტირებულ ზრდას. ვინაიდან ქართული კომპანიების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხილვისას, უპრიანი იქნება მთავრობამ აქცენტი ქართული კომპანიების უცხოელ ინვესტორებთან ეფექტური ურთიერთქმედების ხელშემწყობ ღონისძიებებზე გააკეთოს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის გამჭვირვალობა პირდაპირ კავშირშია დაბეგვრის სისტემასთან – რაც უფრო ლიბერალური იქნება დაბეგვრის სისტემა, მით უფრო გამჭვირვალე იქნება ბიზნესი.

მენეჯერთა კვალიფიკაციის დონე არის მეორე სუსტი წერტილი ქართული ბიზნესის სფეროში, რაც განპირობებულია მართვის სისტემებისადმი სრულიად ახლებური მიდგომით: საბჭოური გეგმურ-ადმინისტრაციული, ხისტი მართვის სისტემების ჩანაცვლება მოხდა საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მოქნილი სიტუაციური მენეჯმენტით, რამაც მენეჯერებისაგან ახალი უნარ-ჩვევების და მართვის ახალი მეთოდების ათვისება-დანერგვა მოითხოვა, რაც თავისთავად ცხადია ერთბაშად და მარტივად არ მოხდებოდა, მაგრამ დღეისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები. ქვეყანაში გაჩნდნენ ახალი ფორმაციის საკმაოდ ძლიერი მენეჯერები და დროთა განმავლობაში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ, რა თქმა უნდა, გატარდება ღონისძიებები მენეჯერთა კვალიფიკაციის დონის ამაღლების მიმართულებით.

რაც შეეხება ეფექტურ ბიზნეს სტრატეგიებს, ისინი პირდაპირ კავშირშია კვალიფიციურ მენეჯმენტთან, რომლის მიერ შემუშავებულმა სტრატეგიულმა გეგმამ უნდა უზრუნველყოს ფირმის ეფექტიანობის ზრდა. ეფექტური სტრატეგია კი გულისხმობს აქტივებით დაბალანსებულ ვალდებულებებს.

ინვესტიციების მოზიდვისათვის კეთილსასურველი გარემოს შექმნა აუცილებლად გულისხმობს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ლიკვიდური ბაზრის შექმნას, რომლის გარეშეც ქვეყანა ვერასოდეს გახდება ინვესტიციურად მიმზიდველი, ვინაიდან სერიოზული ინვესტორი არავითარ შემთხვევაში არ “ჩაერთვება” ბიზნესში მანამ, სანამ არ გათვლის იქიდან “გამოსვლის” შესაძლებლობებს. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფონდებისათვის აუცილებელი ინფორმაციის- საინვესტიციო წინადადებების ხელმისაწვდომობა, რომელთა მკაცრი ექსპერტიზის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება ყველაზე უფრო მიმზიდველი ვარიანტების შერჩევა.

ეფექტური სარისკო ფინანსირების სისტემის ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში სრულფასოვანი საინვესტიციო ბაზრის შექმნა, რადგან სწორედ ვენჩერულმა ფონდებმა უნდა აიღონ თავის თავზე განვითარების საწყის სტადიაზე მყოფი ფირმების რისკი, რითაც სერიუზულ ბაზას შეუქმნიან მსხვილი და წარმატებული ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

სახელმწიფოს მხრიდან, ამ ეტაპზე, ალბათ, უპრიანი იქნება სახელმწიფო ფონდის შექმნა, რომელიც ეფექტიანობის გარკვეული დონის მიღწევის შემთხვევაში კომპანიებს მათი აქციების პაკეტის შეძენის გარანტიას მისცემს, რითაც ერთის მხრივ, შეამცირებს სახელმწიფო თანხების არაეფექტურად განკარგვის რისკს, მეორეს მხრივ, გაზრდის ინვესტორების თვალში საიმედობის ხარისხს.

საინვესტიციო პროცესებს, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული სამშენებლო ინდუსტრიის ფუნქციონირება, განაპირობებს სამშენებლო სტრუქტურების საწარმოო აქტივობა, რადგან მხოლოდ ამ აქტივობის არსებობის შემთხვევაში იქმნება პირობები როგორც სამრეწველო, ისე სოციალური დაბანდებისათვის. ასევე ეფექტური სამეწარმეო საქმიანობით განისაზღვრება ქვეყნის ბიუჯეტის მოცულობაც.

ეს მაკროეკონომიკური პროცესები, თავის მხრივ, დამოკიდებული არიან მაკროეკონომიკური გარემოს ფორმირებაზე, რაც განისაზღვრება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკით. ეს კი ნიშნავს, რომ ისეთი ქვეყნის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკის განვითარებაზე ვერავითარი ცალკეული, სამშენებლო იქნება ის თუ სხვა ჯგუფის, სტრუქტურების ინიციატივა არსებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ არ მოხდა საერთო ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება ფართომასშტაბიანი ინვესტიციური აქტივობის მისაღწევად. სამშენებლო კომპლექსს ეროვნული ეკონომიკის აღორძინების პროცესში ენიჭება არა მხოლოდ მატერიალური დოვლათის შემქმნელის, არამედ ეკონომიკის პოზიტიური მიმართულებით გარდაქმნა-განვითარების ინდიკატორის ფუნქცია. სწორედ ამ ასპექტში უნდა იქნეს განხილული სამშენებლო კომპლექსის აქტივიზაციისაკენ მიმართული ყველა წინადადება.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ინვესტიციებში, ძირითად პრობლემებს წარმოადგენს პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის, სახელმწიფოს შეზღუდული ინვესტიციური რესურსების განთავსებისთვის პრიორიტეტული მიმართულებებისა და ამ ინვესტიციების განხორციელების შედარებით ეფექტური ფორმების შერჩევა.

ამასთან, სახელმწიფოს პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს მაკროეკონომიკური რეგულირების პრიმიტიულ-მონეტარული ინსტრუმენტიდან ეკონომიკის რეალური სექტორის გეგმაზომიერი გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მატერიალური წარმოების სფეროს კატასტროფულად დაბალი დონით, წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ცვეთით, საწარმოო სიმძლავრეების დაუტვირთაობით და შრომის მწარმოებლურობის კრიტიკული დონით – მოითხოვს დაგროვების დონის მკვეთრ ამაღლებას. ამასთან, დაგროვების ნორმაზე მოქმედი ისეთი მაჩვენებლების მნიშვნელობა, როგორიცაა შრომის მწარმოებლურობა, ფონდუკუგება, ფონდაღჭურვილობა, ეკონომიკური რეფორმების პერიოდში მკვეთრად შემცირდა.

ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის უმთავრესი ინდიკატორებია შრომის მწარმოებლურობისა და მატერიალური წარმოების მაჩვენებლები. ფაქტია, რომ ამ მაჩვენებლების დაცემის შეჩერების და მათი შემდგომი ამაღლების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური სტაბილიზაციისა და, მით უმეტეს, ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ამ ფაქტორების მოგვარებისათვის საჭიროა სახელმწიფო რეგულირება, რომელიც უნდა განხორციელდეს არაპირდაპირი, არამედ ირიბი მეთოდებით: აუცილებელია შიდა კერძო ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირება, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ქვეყანაში ინვესტიციური პროცესების საფუძველს.

სახელმწიფო ინვესტირების ძირითად ორიენტირს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები უნდა წარმოადგენდნენ. სწორედ ამ პრიორიტეტების მიმართულებით უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მხრიდან არაპირდაპირი დაფინანსება მთელი რიგი ეკონომიკური შეღავათების (პირველ რიგში საგადასახადო) უზრუნველყოფით, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების ნაკადის მოზიდვას.

ამასთან სავსებით ნათელია, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარებაზე ლაპარაკი ნაადრევია მისი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამიტომ საწყის ეტაპზე სახელმწიფომ უნდა აირჩიოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის პრიორიტეტული დარგები, რომლებიც სასურველი იქნება აკმაყოფილებდნენ შემდეგ პრინციპულ მოთხოვნებს:
– უნდა აწარმოებდნენ მზა პროდუქტს,
– უნდა შესწევდეთ უნარი დააკმაყოფილონ სახალხო მეურნეობის სხვა დარგების მოთხოვნები;
– მოცემული მიმართულების წარმოების დონე უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოებას.

სახელმწიფოს მიერ კერძო ინვესტიციების ნაკადების სტიმულირების ეფექტურ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო გარანტიების წარდგენა საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის დაფინანსებაზე. ამ დროს საინვესტიციო კრედიტის არდაბრუნების შემთხვევაში, სახელმწიფო ინაწილებს რისკს ბანკთან, რომელიც უშუალო დამფინანსებლად გვევლინება.

ამ სქემის უპირატესობა სახელმწიფოსთვის აშკარაა, ვინაიდან სახელმწიფო გარანტიების მინიჭება არ იწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას, არამედ მხოლოდ გეგმავს ამ ხარჯების გაჩენას სახელმწიფოს შიდა ვალის გაზრდის გზით. ამას გარდა, სახელმწიფო საინვესტიციო პროცესებში რთავს ისეთ საბანკო რესურსებს, რომლებიც სხვა (ამგვარი გარანტიის არქონის) შემთხვევაში არ დაინტერესდებოდნენ ამ პროექტებში მონაწილეობით.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ნასესხები კაპიტალის ღირებულება არცთუ დაბალია და, ამას გარდა, რეალურ და ფინანსურ სექტორებში რენტაბელობის დონე არ შეესაბამება ერთმანეთს, საბანკო დაკრედიტების დონე ჩვენს ქვეყანაში შედარებით დაბალია, ამიტომ სახელმწიფო გარანტიებმა სტიმული უნდა მისცენ ამ გარანტიების ღირებულებაზე დიდი მოცულობის კერძო კაპიტალის მოზიდვას.

სხვადასხვა ქვეყნის საინვესტიციო აქტივობაში ბანკები განსხვავებულ როლს თამაშობენ სახელმწიფოს მიერ მათი რეგულირების დონის მიხედვით. ამ ნიშნით განვითარების ორ გზას ასხვავებენ – ევროპულსა და ამერიკულს. ევროპული გზა ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ ერევა საბანკო ინვესტიციებში, ხოლო ამერიკული გზა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ბანკების საინვესტიციო აქტივობის რეგულირებას. ამ დროს სახელმწიფო გვევლინება საბანკო დაბანდების გარანტად, ხოლო ევროპული გზის შემთხვევაში გარანტის როლში ბანკების გაერთიანება გამოდის (მაგ. გერმანიაში). ფაქტია, რომ მაღალი განვითარების დონის ქვეყნებში სწორედ სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობის დანაზოგების საბანკო-საკრედიტო დაწესებულებებსი მოზიდვასა და მათ ეკონომიკურ ბრუნვასი ჩათვისთვის ნორმალრი პიროებების შექმნაზე

ამგვარად, ეროვნული ვალუტის გამყარება და საგარანტიო (მათ შორის სახელმწიფო) მექანიზმების ამოქმედება მოქალაქეთა საბანკო შენატანებზე წარმოადგენს ფუნდამენტურ ფაქტორს სამამულო ეკონომიკის საინვესტიციო აქტივობის ამაღლებაში.