მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ობიექტური ტენდენციები

ეკა სეფაშვილი

(სიტყვა “გლობალიზაცია” 90-იანი წლებიდან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის. გლობალიზაცია ზრდას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საჭიროა განიმარტოს არა “გლობალიზაცია”, არამედ “გლობალიზმი” – მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. მთავარი კითხვა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ გლობალიზაციის შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდისათვის ისე, რომ მის (გლობალიზაციის) ნეგატიურ შედეგებს თავი აარიდოს, დღეს ქვეყანათა უმრავლესობის წინაშე დგას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელთა ეკონომიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა საერთაშორისო რყევების მიმართ. ამ თვალსაზრისით, გლობალიზაციის როგორც დადებით, ისე უარყოფითი შედეგების გავლენას საქართველოზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.)

სიტყვა “გლობალიზაცია” 90-იანი წლებიდან სულ უფრო და უფრო
ხშირად გაისმის. მაგრამ ამ სიტყვის მეშვეობით გამოხატული ფენომენი სავსებით ახალი როდია. საბჭოელი მეცნიერების მიერ შემოღებული ცნება “სამეურნეო ცხოვრების ინტერნაციონალიზაცია” ეროვნული ეკონომიკების მიერ საერთაშორისო ინტერესების შეძენასა და საგარეო კავშირების დახმარებით მოგების მიღებას გულისხმობს. ეს ცნებაც, ისევე როგორც გლობალიზაცია, მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდას გულისხმობს. უბრალოდ, ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულებას ახლა გლობალიზაციას უწოდებენ.

“ურთიერთდამოკიდებულებასაც” და “გლობალიზაციასაც” ბევრი მნიშვნელობა გააჩნია. ეს ორი სიტყვა სინონიმი არ არის. ურთიერთდამოკიდებულება სტატიკურ მდგომარეობას ასახავს. იგი შეიძლება გაიზარდოს (როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ხდებოდა) და შემცირდეს კიდეც (როგორც 30-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს მოხდა). გლობალიზაცია ზრდას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საჭიროა განიმარტოს არა “გლობალიზაცია”, არამედ “გლობალიზმი” – მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.

გლობალიზმი მსოფლიოს მდგომარეობაა, რომელიც კონტინენტთაშორისი ურთიერთდამოკიდებულების ქსელებს ასახავს. კავშირები კაპიტალისა და საქონლის, ინფორმაციისა და იდეების, ხალხისა და ძალის, გარემოსა და ბიოლოგიური სუბსტანციების ნაკადებისა და გავლენის საშუალებით ხორციელდება. გლობალიზმის შემცირებასა და გაზრდას კი გლობალიზაცია და დეგლობალიზაცია ეწოდება.

XX საუკუნის მიწურულს გლობალიზაციის პროცესმა განვითარების ახალ საფეხურს მიაღწია. ქვეყნებს შორის გეოგრაფიულმა დაშორებამ თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა. გლობალიზმი უნივერსალურობას არ ნიშნავს. გლობალიზაციას ბევრ ასპექტში სხვაობების (სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის) გაღრმავება ახლავს თან. (იხ ცხრილები). 1995 წლის მონაცემებით, დაახლოებით 5,2 მლრდ ადამიანი აწარმოებდა 27 ტრლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელსა და მომსახურებას. მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 53% მხოლოდ აშშ, იაპონია და გერმანია აწარმოებდა, მაშინ, როცა დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეში ცხოვრობს. 2000 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 6 მლრდ-იანი მოსახლეობიდან 2,8 მლრდ დღეში 2$-ზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო 1,2 მლრდ – დღეში 1$-ზე ნაკლებს.

გლობალიზმი მრავალგანზომილებიანი ფენომენია. ყველაზე ხშირად იგი ეკონომიკური ტერმინებით განისაზღვრება, თითქოს მხოლოდ ეკონომიკა ასახავს გლობალიზმს. რეალურად გლობალიზმის რამდენიმე, თანაბრად მნიშვნელოვანი ფორმა არსებობს:
– ეკონომიკური გლობალიზმი საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, ინფორმაციისა და ცოდნის შორმანძილიან ნაკადებს გულისხმობს;
– სამხედრო გლობალიზმი ურთიერთდამოკიდებულების შორმანძილიან ქსელებს ასახავს, სადაც ძალა ან ძალის გამოყენების მუქარა გამოიყენება. შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის განმავლობაში არსებული “ძალთა წონასწორობა” სამხედრო გლობალიზმის კარგი მაგალითია.
– ეკოლოგიური გლობალიზმი ატმოსფეროსა და ოკეანეებში დიდ მანძილზე ნივთიერებებისა და ბიოლოგიური სუბსტანციების (მიკრობები და გენეტიკური დაავადებები) გავრცელებას ნიშნავს, რაც ადამიანთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. ზოგიერთი მოვლენა წმინდად ბუნებრივია, ხოლო ცვლილებების უმრავლესობა ადამიანთა მოღვაწეობის შედეგად არის გამოწვეული.

სოციალური და კულტურული გლობალიზმი იდეების, ინფორმაციის, წარმოდგენების და ხალხის (რა თქმა უნდა, იდეებისა და ინფორმაციის მქონე ხალხის) მოძრაობას ნიშნავს. სოციალური გლობალიზმის მნიშვნელოვანი მხარეა ის, რომ ხშირად ერთი, გარკვეული სოციუმი სხვა საზოგადოების პრაქტიკისა და ინსტიტუტების იმიტირებას ცდილობს. ხშირად სოციალური გლობალიზმი ეკონომიკურ და სამხედრო გლობალიზმს მოჰყვება ხოლმე. თანამედროვე ეპოქაში, როცა ინტერნეტმა კომუნიკაციის ღირებულება შეამცირა და ურთიერთობები გლობალური გახადა, იდეების გავრცელება გლობალიზაციის სხვა ფორმებზე სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება.

თავისი არსით ეკონომიკური გლობალიზაცია ინტეგრაციის პროცესის თვისებრივ გაღრმავებას, ფუნქციურ გაძლიერებასა და განვითარების ტერიტორიული განზომილების შემცირებას ასახავს. ეკონომიკაში გლობალური პროცესების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებასთან. ძირითადი აქცენტი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ბუნებრივ რესურსებსა და საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის მოპოვებაზე კეთდება.

ინფორმაციის მიღების, გადაცემისა და დამუშავების პრინციპულად ახალი სისტემების გამოჩენამ და განვითარებამ გლობალური ქსელები შექმნა, რომელიც ფინანსურ, სასაქონლო, პროფესიულ და “ნოუ-ჰაუ”-ს ბაზრებს აერთიანებს.

მთავარი კითხვა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ გლობალიზაციის შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდისათვის ისე, რომ მის (გლობალიზაციის) ნეგატიურ შედეგებს თავი აარიდოს, დღეს ქვეყანათა უმრავლესობის წინაშე დგას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომელთა ეკონომიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა საერთაშორისო რყევების მიმართ. ამ თვალსაზრისით, გლობალიზაციის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების გავლენას საქართველოზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ცდილობს, განსაზღვროს საკუთარი როლი და ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში, რაც არცთუ ისე ადვილი ამოცანაა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ღარიბი ქვეყნისათვის.

აუცილებელია გლობალიზაციისადმი მართებული მიდგომის შემუშავება, რათა ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები განსაზღვროს და ამ პროცესში საკუთარი ადგილი საღად შეაფასოს. საქართველოსათვის პრიორიტეტული მსოფლიო ეკონომიკისათვის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის შესრულება გახდა. მოსალოდნელი მაღალი შემოსავლებისა და მოგებების მიღების მოლოდინში, არ უნდა დაგვავიწყდეს, აგრეთვე, ის ნეგატიური ფაქტორებიც, რომლებიც სატრანსპორტო ხიდის ფუნქციის შესრულებას უკავშირდება. კერძოდ, საუბარი ეხება ისეთი კრიმინალური პროცესების განვითარებას, როგორიცაა: ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევა, კონტრაბანდა, ქალებისა და ბავშვების “თრეფიქინგი”, ტოქსიკური ნივთიერებების კონტრაბანდა, მომწამვლელი ნარჩენების უკანონო განადგურება, არალეგალური შეიარაღება, სამხედრო ტექნოლოგიებით ვაჭრობა, ფინანსური თაღლითობა და ა. შ.

ეკონომიკაში გლობალიზაციის მახასიათებელი ავტონომიზაციისა და ინტეგრაციის პროცესების შეთავსება გახდა. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ინტეგრაცია: გლობალური ეკონომიკა პირდაპირი ინტეგრაციული ურთიერთობებით დაუკავშირებელი რეგიონების ურთიერთდამოკიდებულებასაც განაპირობებს. ასე, მაგალითად, 1997-1998 წწ. აზიაში განვითარებული ფინანსური კრიზისის შედეგებმა გავლენა მოახდინა რუსეთზეც და საქართველოზეც, რომელიც აზიის (ჩემი ინფორმაციით) ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული არ არის.

მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ნებისმიერი ეკონომიკისა თუ ბაზრის პრობლემები იმთავითვე გლობალურია, ხოლო ეროვნული ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია მსოფლიო ეკონომიკასთან კოორდინაციის გარეშე. ამიტომ საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ფორმირება გარდაუვლად უნდა ხდებოდეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ობიექტური ტენდენციების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების მარცხი საერთაშორისო ბაზრებზე გარდაუვალია.

დღესდღეობით მსოფლიოში ჯერ არ ჩამოყალიბებულა ერთიანი მსოფლიო ეკონომიკის შექმნის პირობები, რადგან ამ პროცესს წინ ბევრი წინააღმდეგობა ეღობება. ამ წინააღმდეგობების აღმოფხვრის თაობაზე შეხედულებები ოთხ ძირითად მიმართულებად შეიძლება დავყოთ, ანუ არსებობს მომავალი განვითარების ოთხი შესაძლო სცენარი:
1. ერთიანი მსოფლიო ეკონომიკის ფორმირება შეიძლება კონტინენტური ეკონომიკური და ფინანსური კავშირების, რეგიონული ვალუტებისა და პოლიტიკური კონფედერაციების განვითარებისა და შემდეგ გაერთიანებების გზით. ამ გზით ვითარდება ევროკავშირი და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (NAFTA), ევრო და აშშ დოლარი. ევროკავშირის გაფართოებას აღმოსავლეთით და NAFTA-ს გადაქცევას საერთო ამერიკულ თავისუფალ სავაჭრო ზონად თან უნდა ახლდეს ანალოგიური დაჯგუფებების და კონფედერაციების შექმნა და გაძლიერება სხვა კონტინენტებზე და რეგიონებში (მაგ. ASEAN, BSEC, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რაიმე ეკონომიკური კავშირი და სხვ.) შემდგომ ეტაპზე ხდება კონტინენტური კონფედერაციების ინტეგრაციული დაკავშირება, მაგალითად, ევროკავშირისა და NAFTA-ის გაერთიანება ახალ ტრანსატლანტიკურ ბაზრად. საბოლოოდ, ყველა კონტინენტური თუ რეგიონული კონფედერაცია ერთმანეთს დაუკავშირდება და ამ გზით შეიქმნება ერთიანი მსოფლიო საერთო ეკონომიკა.

2. მეორე კონცეფცია გულისხმობს ამერიკული სამეურნეო პრაქტიკის, ამერიკული ვალუტის, კანონმდებლობის, ეკონომიკური ინსტიტუტების და ა. შ. გავრცელებას და დანერგვას დანარჩენ მსოფლიოში. ქვეყნები, რომლებიც ამ პირობებს არ შეასრულებენ, მსოფლიო ეკონომიკისაგან იზოლირებულნი აღმოჩნდებიან და მათთან კავშირები მინიმალური იქნება. ამ მოდელის მიხედვით, საყოველთაო პოლიტიკური გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ასევე გაუგებარი და ბუნდოვანია ამერიკის პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებში იმ ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის საკითხი, რომლებიც ახალი, ერთიანი სამეურნეო სისტემის მონაწილენი იქნებიან.

3. მესამე კონცეფცია გვთავაზობს, გავითვალისწინოთ არსებული რეალობა და თანდათანობით, ეტაპობრივად ხელი შევუწყოთ გლობალიზაციას ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ლიბერალიზაციის გზით. აღნიშნულ პროცესს დააჩქარებს, აგრეთვე, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხისმგებლობის სფეროების გაფართოება, რომელთა მიზანი ლიბერალიზაციაა (მაგ. მსო, სსფ და ა.შ.).

4. მეოთხე კონცეფცია გლობალიზაციის მიღწევის საუკეთესო გზად ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური სამართალწესრიგის შექმნას მიიჩნევს. ამ საერთო სამართლებრივ სივრცეში საერთაშორისო ინსტიტუტები განვითარდება, რაც კოორდინირებული სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური საერთო პოლიტიკის გატარების საშუალებას შექმნის. ერთიანი მსოფლიოს პოლიტიკური ხასიათის საკითხი მომავალში ბუნებრივად გადაწყდება (თუმცა, სახელდობრ როგორ, კონცეფცია არ აკონკრეტებს). დღეს, როცა მსოფლიოში არსებობს ორი მსხვილი ინტეგრაციული გაერთიანება – ევროკავშირი და NAFTA, რომელთა წილად მსოფლიოს ერთობლივი საშინაო პროდუქტის 40% მოდის, სხვა ქვეყნების ეკონომიკური განვითარება ამ ეკონომიკებთან ურთიერთქმედების გარეშე შეუძლებელია. ცალკეულ ქვეყნებსა და რეგიონებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საერთო ეკონომიკებში უფრო ადვილად შეუძლიათ ინტეგრირება, ვიდრე შიდა რეგიონული ინტეგრაციის განვითარება. ასე მაგალითად, აზიური ეკონომიკური და მონეტარული კავშირის, აზიური კონფედერაციის შექმნა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებელი საერთო მსოფლიო ეკონომიკის ფორმირებისათვის.

რეალურად მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ოთხი ვარიანტის მიხედვით (მეტ-ნაკლები ხარისხით) ხორციელდება: ფართოვდება ევროკავშირი და NAFTA; მატულობს ACEAN-ის წევრი ქვეყნების რიცხვი; იქმნება ტრანსკონტინენტური კავშირები; საერთაშორისო ანგარიშსწორებისათვის უპირატესად ამერიკული დოლარი გამოიყენება (მსოფლიო ვაჭრობის 50%, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 60% და საფონდო ბირჟების ოპერაციათა 80%); მსო, სსფ და მსოფლიო ბანკი ქვეყნების ეკონომიკების ლიბერალიზაციას ცდილობენ; ქვეყნები სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სამეურნეო საქმიანობის ეროვნული პირობების გათანაბრებას და საერთო სასაქონლო სტანდარტების შემოღებას.

ვითარება ევროკავშირისა და NAFTA-ში პირველი სცენარით განვითარების თვალსაზრისით უდავოდ იმედისმომცემია, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენი მსოფლიოს შესახებ. ახლა განვითარებად სამყაროში დაახლოებით 44 სავაჭრო-ეკონომიკური დაჯგუფება, 30 ნედლეულის მწარმოებელთა ასოციაცია, 2 სავალუტო კავშირი, 5 საკრედიტო შეთანხმება არსებობს, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას მოიცავს. ამ დაჯგუფებებში მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული ვითარება ევროკავშირისა და NAFTA-ში განვითარებული ინტეგრაციისაგან საკმაოდ შორს დგას, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოვლენების განვითარება უახლოესი 20-30 წლის მანძილზე მოხდეს.

ყველა ამ პროცესში მეტ-ნაკლები ინტენსიურობით საქართველოც არის ჩართული. ამჟამად იგი რამდენიმე რეგიონულ დაჯგუფებაში მონაწილეობს (მაგალითად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, სუუამი და ა.შ.). ინტეგრაციის ხელშესახები შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს. ამის მიუხედავად, თანამშრომლობის ასეთი ფორმა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მეტად ღირებული ფორმაა. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული კრედიტების სანაცვლოდ, იგი ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციას ცდილობს, თუმცა, წარმატების ხარისხი ცალკე მსჯელობის საგანია. გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, ამერიკული დოლარი გადახდის გავრცელებული ფორმაა. ამერიკული იდეოლოგიისა და ცხოვრების სტილის დამკვიდრება საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ამერიკული ფილმებისა და სხვადასხვა სარეკლამო რგოლების საშუალებით. ასე მაგალითად, დიდი პოპულარობით სარგებლობს “მაკდონალდსი” და “კოკა-კოლა”. ქართული ნაბდიან-ჩოხიანი თოვლის ბაბუის ადგილი წითელ ტანსაცმელში გამოწყობილმა “სანტა-კლაუსმა” დაიჭირა. მსგავსი მაგალითები უამრავია.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკებისათვის განმსაზღვრელი (ძირითადი) კონცეპტუალური საფუძველი ჯერჯერობით ეკონომიკური გლობალიზაცია არ არის. ყურადღება ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ სტრატეგიაზეა გამახვილებული, რაც სუვერენულ სახელმწიფოთა ობიექტური საჭიროებებით (სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით) არის განპირობებული. გამონაკლისს ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს.

გლობალიზაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. თუმცა, ეკონომიკური გლობალიზაციის გაუთვალისწინებლობის ან არაადეკვატური მიდგომის გამო, შეიძლება ქვეყანამ იზარალოს, ერთი მხრივ, თუ საერთაშორისო თანამშრომლობას თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენებს, ხოლო მეორე მხრივ, მსოფლიო ბაზრებთან არასწორი ადაპტაციის შედეგად. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ფორმირება ამ ორი გარემოების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ გლობალიზაციის დროს ეროვნული თავისებურებები კი არ ქრება, არამედ ძლიერდება. საერთაშორისო კონკურენცია გლობალიზაციის პირობებში სწორედ ეროვნულ თავისებურებებს შორის განსხვავებებს ეფუძნება. საქართველოს ეროვნული უნიკალური თავისებურებები სწორედ ის უპირატესობაა, რომელიც მას საერთაშორისო ბაზრებზე მონაწილეობის საშუალებას მისცემს. საუბარი, პირველ რიგში, ისეთ ეროვნულ თავისებურებებს ეხება, რომელთა ფორმირება საუკუნეების მანძილზე ხდებოდა და რომლის კოპირება ან გაბათილება უცხოელი კონკურენტების მიერ შეუძლებელია (ან საკამოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს).

ცივი ომის დასრულების შემდეგ საქართველო სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური კულტურის მქონე სივრცეების მიჯნაზე აღმოჩნდა. იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიცირებისა და გლობალურ მსოფლიოში ეფექტიანი ჩართვის აუცილებლობის წინაშე დგას. თუმცა, მომხიბვლელმა პერსპექტივებმა არსებული საფრთხეები არ უნდა დაგვავიწყოს. გლობალიზაციის ნეგატიური და პოზიტიური შედეგების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ეროვნული ეკონომიკური კონცეფციის საფუძველი უნდა გახდეს, ხოლო საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხის მიერ შექმნილი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა კი – კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების ეროვნული წარმოების უცილობელი საფუძველი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial