ევოლუციური გზით – ეფექტური ეკონომიკისაკენ

გურამ ახვლედიანი

ჩვენ პოსტსაბჭოთა სინამდვილეში ვცხოვრობთ და, შესაბამისად, საქმიანი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაც, სამწუხაროდ, საბჭოური რჩება. ეს დამოკიდებულება მოდის როგორც ხელისუფლების, ასევე ხალხის უმრავლესობისაგან. ბიზნესმენთა ფენა გარკვეულწილად ხელწამოსაკრავ კასტად იქცა. როგორც კი ქვეყნის წინაშე რაიმე პრობლემა წარმოიშობა, ხელისუფლება, მასმედია ზოგიერთი წრეების მიწოდებით უნერგავს ხალხს რწმენას, რომ ეს ფენაა დამნაშავე ხალხისა და ქვეყნის უბედურებაში. განსაკუთრებით გავრცელებულია მარქსისტულ-ლენინური თეზა იმის შესახებ, რომ გამდიდრება, ანუ წარმატებული ბიზნესი, შესაძლებელია მხოლოდ ძირითადი მასის, ხალხის გაღატაკების გზით.

ეს პრინციპულად მცდარი დებულება იწვევს ნეგატიურ რეაქციას ბიზნესმენთა მიმართ საზოგადოების ყველა ფენაში. ზოგის თვალში ბიზნესმენი გათანაბრებულია “კანონიერ” ქურდთან. დიდად საწყენია, რომ შედარებით ინტელექტუალურად მაღალი დონის ხალხშიც იგივე აზრია. მე ვგულისხმობ მეცნიერების, ხელოვნების, მასმედიის ზოგიერთ წარმომადგენლებს. ამავე იდეებს შეპარვით ნერგავს ჩინოვნიკთა ფენა თუნდაც იმ მიზეზით, რომ საკუთარი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და კორუმპირებულობა გაამართლოს და ხალხის ყურადღება სხვაზე გადაიტანოს.

ლოგიკურად გვებადება კითხვა, თუ ეს მართალია, ვინ და რისთვის შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ წარმატებული ბიზნესი შეუძლებელი გახდა. საბედნიეროდ, მე არ მჯერა ის, რომ თუ მეწარმემ ყველა ბეგარა გადაიხადა და ყველა შემოსავალს ლეგიტიმური სახე მისცა, მას მოგება არ დარჩება. დღესაც ბევრი ბიზნესმენი საქართველოში მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ ცვლილებები აუცილებელია როგორც კანონმდებლობაში, ასევე აღმასრულებელ საქმიანობაში.

კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს ბიზნესის განვითარებისათვის საუკეთესო საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად, საჭიროა, შემცირდეს ბეგარების რაოდენობა და მათი განაკვეთები. მცირე ბიზნესისათვის საერთოდ უნდა დავაბრუნოთ ფიქსირებული გადასახადები. ამის ხარჯზე გაფართოვდება გადამხდელთა ბაზა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა მოხდეს ტოტალური შემცირება, განსაკუთრებით მმართველ აპარატში. ასევე უნდა შემცირდეს არასაწარმოო ხარჯები. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს მაქსიმალურად უნდა ჩამოერთვას უფლების დართვის ფუნქცია, იგი უნდა წესდებოდეს პირდაპირი მოქმედების კანონებით. მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში ორიენტირი უნდა ავიღოთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე და არა ჩადენილი დანაშაულის შედეგების ლიკვიდაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორუფცია დაუმარცხებელია. დღეს ბიზნესმენის დაშინება იმით, რომ შეგამოწმებთ თუ რა შემოსავლები გაქვთ, რით აიშენეთ აგარაკები, რით შეიძინეთ მანქანა, მხოლოდ პოპულისტური ხერხია.

ფარული ან არაკანონიერი შემოსავლებით სულ არ არის აუცილებელი შეიძინოთ აგარაკი ან მანქანა, შეგიძლიათ შეიძინოთ ოქრო, ბრილიანტები და აქციები, რომელიც თვალში არავის ეცემა. განა საბჭოეთში ცოტანი იყვნენ მილიონერები? ასეთი მიდგომით ჩვენს კორუფციონერებს, ცნობილ იატაკქვეშა მილიონერ კორეიკოს ნაჭუჭში მოვათავსებთ, მაგრამ კორუფციას ვერ აღმოვფხვრით. ჩვენს ბიზნესმენებს, ლეგალურს თუ არალეგალურს, ჭკუას ისე შევუტრიალებთ, რომ ისინი ნაშოვნ ფულს არა საქართველოში, არამედ თურქეთში ან სხვა ქვეყნებში დააბანდებენ. კორუფციას, როგორც სისტემურ მოვლენას, ასეთი პროპაგანდისტული კამპანიები ვერაფერს ავნებს. ჩვენს ავადმყოფობას მხოლოდ შიგნით ჩავკეტავთ, საიდანაც მისი ამოძირკვა უფრო გაგვიჭირდება.

ანდა ავიღოთ ქვეყნისათვის ისეთი დამღუპველი მოვლენა, როგორიცაა კონტრაბანდა. მასთან ბრძოლა რეპრესიული მეთოდებით, რა თქმა უნდა, საჭიროა და გასაძლიერებელიცაა. უნდა გადაიკეტოს კონტრაბანდის ყველა გზა და ბილიკი, მოხდეს საქონლის ექსპროპრიაცია, კონტრაბანდისტების დასჯა – დაჯარიმება. მაგრამ ეს იქნება შედეგთან ბრძოლა და არა მიზეზთან. მიზეზები უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკური ბერკეტებით. ჩვენი ქვეყანა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით არ უნდა წარმოადგენდეს კომერციულ ინტერესს კონტრაბანდისათვის. ე.ი. ბეგარები, აქციზები, გადასახადები ჩვენთან უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში კონტრაბანდას კომერციული საფუძველი გამოეცლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, და ეს მსოფლიო პრაქტიკაა, კონტრაბანდას შეიძლება გზები და ბილიკები გადავუკეტოთ, მაგრამ გვირაბს გათხრიან. სადაც მოგების მაღალი ნორმატივია, იქ ყოველთვისაა ცდუნება არალეგალური ბიზნესისადმი.

ყველა ამ და სხვა პრობლემების გაანალიზება და შეჯერება ხდება საქართველოს და ადგილობრივ სავაჭრო-სამრეწველო პალატებში. პალატები წარმოადგენენ უნიკალურ გაერთიანებას, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბიზნესთან, ემსახურება მის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, აწარმოებს დიალოგს ხელისუფლებასთან. არის რა საჯარო სამართლის სუბიექტი, სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელისუფლებისაგან დელეგირებული აქვს სხვადასხვა ფუნქციები. ბიზნესის მომსახურების მიზნით პალატასთან შექმნილია შვილობილი ფირმები, რომელნიც ახორციელებენ ბიზნესმენთა ინფორმაციულ მომსახურებას, თარგმანს, მარკეტინგულ გამოკვლევებს, ბიზნეს-გეგმათა და საინვესტიციო პროექტთა შედგენას, სასაქონლო ექსპერტიზას, გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზაციას, შტრიხ-კოდების მომზადებას, სადავო საკითხების შემთხვევაში გამოდის არბიტრის როლში.

ამჟამად, სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრთა რაოდენობა რვა ათასს აღწევს. ესენია ბიზნესის ყველა დარგის და ფენის წარმომადგენლები. ეკონომიკაში პალატების როლისა და ფუნქციების დახვეწის მიზნით მომზადებულია და შეტანილია პარლამენტში ახალი კანონპროექტი “სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ”. სარგებლობს რა შესანიშნავი კონტაქტებით თავის კოლეგებთან საზღვარგარეთ, პალატას შეუძლია ნებისმიერი საქმიანი და კომერციული ინფორმაციის მოპოვება და მიწოდება თავისი წევრებისათვის. პალატის შუამდგომლობით ბევრმა ჩვენმა ბიზნესმენმა დაამყარა საქმიანი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან, განახორციელა კოოპერირება, საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები და თანამშრომლობის სხვა ფორმები.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ საკითხების ლობირება ხდება მხოლოდ ბიზნესის ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე. პალატა არ ლობირებს ცალკეული დარგების, ან ფინანსურ-ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებს. ჩვენი დანიშნულებაა, თანმიმდევრულად შეიქმნას ბიზნესისათვის სახარბიელო ეკონომიკური და საინვესტიციო კლიმატი, რომელიც ევოლუციური გზით განავითარებს ეკონომიკას. ამასთან დაკავშირებით, დავუბრუნდეთ ბიზნესისა და საზოგადოების ურთიერთობას.

სერიოზული ბიზნესმენი ყოველთვის დაინტერესებულია ხალხის კეთილდღეობით. მახსოვს, საბჭოთა დროს კაპიტალიზმის არახალხურობის აზრის დასამტკიცებლად მოჰყავდათ ა. სენსიმონის ციტატა, რომ “კაპიტალისტს უხარია, როდესაც სეტყვა მოდის და სახლების მინებს ამტვრევს, ვინაიდან ხვალ იგი მეტ მინას გაყიდის…” მართლაც უტოპისტი ფილოსოფოსის ნააზრევია. გაყიდის იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა გადამხდელუნარიანია. ეს უკანასკნელი გარემოება არის ნებისმიერი ბიზნესის საწინდარიც და საზრუნავიც. ამაში ხალხისა და ბიზნესის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. უნდა ემთხვეოდეს ხელისუფლების ინტერესებიც, თუ ის სახალხოა.

ჩვენ ნამდვილად არაადამიანურ, 21-ე საუკუნისათვის არაშესაფერის პირობებში ვცხოვრობთ. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ყველაფერი შედარებითია. გავიხსენოთ, რა იყო 9-6 წლის წინ, როდესაც ადამიანს სახლიდან გარეთ გასვლის ეშინოდა. მხედრიონის და გვარდიის თარეში, კრიმინალი, სრული განუკითხაობა… როდესაც პურის რიგებში ერთმანეთს ცხვირ-პირს ვამტვრევდით, ბენზინის გულისათვის ტყვიას ვესროდით, როდესაც მიღებული კუპონიანი ხელფასით ერთ ჭიქა მზესუმზირას ვერ ვყიდულობდით. ეს ყველაფერი რატომ გვავიწყდება? გაბედულად გეტყვით, რომ დღეს კერძო სექტორში მინიმალური შემოსავალი 100 ლარს შეადგენს, ხოლო საშუალო 200-250 ლარს. ხუთი წლის წინ ხუთჯერ ნაკლები იყო.

ჩემი დაკვირვებით, უარესი ხანა უკვე გავლილი გვაქვს, მაგრამ ქვეყანაში მაინც ღრმა ეკონომიკური კრიზისია.

მიმოვიხედოთ გარშემო… რესტორნებში ადგილს ვერ ნახავ, სუპერელიტარული ფუფუნების “ვულე ვუ” და “ისი პარიზის” 12 მაღაზია წარმატებით საქმიანობს. ბაზარი გაჯერებულია სამამულო ნაწარმით, სახეზეა ზოგიერთი პროდუქციის ჭარბი წარმოება. ჩვენი საავტომობილო პარკი ბევრ სხვა სახელმწიფოს დედაქალაქს დაჩრდილავს…

ქვეყანაში მართლაც ღრმა ეკონომიკური კრიზისია?

საკმარისია მოგვარდეს ენერგეტიკული ბაზის საკითხი და დამერწმუნეთ, რომ ქვეყანა გააკეთებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ნახტომს და ამ ნახტომს განაპირობებს ბიზნესის შინაგანი ევოლუციის პოტენციალი.