შესაძლებელია თუ არა საქართველოში ლეგალური ბიზნესის კეთება

ეკა გაბადაძე

ბიზნესი – ეს ტერმინი უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასეა განმარტებული – კაპიტალისტურ ქვეყნებში: საქმიანობა როგორც პირადი გამდიდრების წყარო, საქმოსნობა. ეს ლექსიკონი “დიადი” საბჭოეთის დროს არის გამოცემული და მას შემდეგ, როგორც ჩანს, მენტალიტეტი არ შეცვლიათ მათ, ვისაც ბიზნესის ხელშეწყობა ხელეწიფებათ. ბიზნესმენთა ახლანდელი სტატუსი ბევრად არ განსხვავდება ამ განმარტებისაგან და, ალბათ, ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია ლეგალური ბიზნესის კეთება.

იუხედავად იმისა, რომ ბოლო სამ-ოთხ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში საგრძნობი ცვლილებები მოხდა, მეწარმეობის განვითარებისათვის ეკონომიკური გარემო არსებითად არ გაუმჯობესებულა. ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების საკითხები, ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალური განვითარება სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება. აქსიომაა, რომ ეკონომიკური გარემოს წინსვლა სამართლებრივი სფეროს ან საგადასახადო სამსახურების რეფორმებისა და მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარეშე შეუძლებელია.

ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მდგომარეობა არათუ გამოკეთდა, არამედ უარესობისაკენ მიდის. თუ რამდენიმე წლის წინ მეწარმეობის განვითარებას ხელს უშლიდა მოუწესრიგებელი საგადასახადო სისტემა, ენერგოკრიზისი, ახლა ეს პრობლემები პრობლემებად რჩება და ამას ემატება მზარდი კორუფცია, მეტისმეტად დაძაბული სოციალური და პოლიტიკური ფონი, საბანკო სისტემის აუწყობელობა – საინვესტიციო პროექტების სტიმულირებისათვის საჭირო, საბანკო კრედიტების მაინც მაღალი საპროცენტო განაკვეთი, საფინანსო ინსტიტუტებისადმი ზოგადად გაბატონებული უნდობლობა (მოსახლეობა თავის დანაზოგების ბანკებში განთავსებას თავს არიდებს), დაბოლოს, მაინც არაპროფესიონალიზმი ამ სფეროში. მავანმა შეიძლება თქვას, როგორ, ამდენი რამ კეთდება(?), ამდენი ცვლილება შედის თითქმის ყოველთვიურად საგადასახადო კოდექსში თუ სხვა კანონებში, უმჯობესდება კლიმატი, მაგრამ… საქმოსანი, დოვლათის შემქმნელი “ბომბზე ზის” და შეშინებულ კაცს მუდმივად ღრღნის მჭამელი (რომელიც ვერა და ვერ დაილია). უკვე “გაცვეთილი” თემაა საქართველოში ლეგალური ბიზნესის არსებობის საკითხი.

შესაძლებელია თუ არა საქართველოში ლეგალური ბიზნესის კეთება?

ეს ის საკითხია, რომლის პასუხზეც არც ბიზნესმენი და არც კანონმდებელი ორჭოფობას არ დაიწყებს, პასუხი ცალსახად უარყოფითია – არ შეიძლება. ამის გამო ბევრი ბიზნესმენი ტოვებს საკუთარ საქმეს.

დავით საგანელიძე (პარლამენტარი, “ახალი ფრაქცია”, ყოფილი მეწარმე): – კითხვა ძალიან მარტივია, რადგან პასუხია მარტივი – არ შეიძლება! დღეს არ არსებობს არანაირი პირობა ლეგალური ბიზნესის წარმოებისათვის. სწორედ ამის გამო გავხდი იძულებული, დამეტოვებინა საკუთარი ბიზნესი, რომელიც იმპორტთან იყო დაკავშირებული. იმ პირობებში, როცა იმპორტზე გადასახადები 34,76%-ს აღწევს (საბაჟო მოსაკრეფელი, საბაჟო გადასახადი, დღგ…), ამის გვერდით კი არის აბსოლუტურად ღია საზღვარი, კონტრაბანდული ტვირთების უზარმაზარი ნაკადი. ყოველივე ამის ფონზე შეუძლებელია აწარმოო ლეგალური ბიზნესი! საგადასახადო სისტემა აბსოლუტურად არასწორია. ერთადერთი გამოსავალი ყოველგვარი გადასახადების ლიბერალიზაციაა! რატომღაც მიაჩნიათ, რომ თუ ორჯერ გაიზრდება გადასახადი, გაიზრდება შემოსავლები ბიუჯეტში. ორჯერ კი არ გაიზრდება, არამედ 4-ჯერ შემცირდება! აიწევს მხოლოდ კორუფციის დონე! მეწარმეობის ხელშეწყობისათვის, შეიძლება ითქვას, არაფერი კეთდება, ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც საბაჟოზე, საგადასახადო სისტემაში, ეს არის კოსმეტიკა, რომლის შედეგი არის ნული! თითქოსდა ბიუჯეტში საგადასახადოდან რამდენიმე მილიონი ლარი შევიდა. მართალია, მაგრამ რამდენი უნდა შედიოდეს?! – რომ შევადაროთ, რა რაოდენობის არის იმპორტული საქონელი, როგორია მათზე მოთხოვნა, კატასტროფული ზღვარი იქნება ამ მაჩვენებელსა და ბიუჯეტში შესულ თანხებს შორის! თითქოს რაღაცას ვაკეთებთ, სინამდვილეში კი ვქმნით ილუზიას – ვითომ რაღაც ხდება. თუ გეგმას შევამცირებთ და ისე შევასრულებთ, ეს არაფერს ნიშნავს. როცა ქვეყანაში სამი ან ორი მილიარდი მაინც უნდა იყოს შემოსავალი და ვაკანონებთ 700 მლნ-ს, ამით ვამბობთ, რომ დანარჩენი ვიღაც-ვიღაცების ჯიბეში უნდა ჩავიდეს. ჩვენ უფსკრულისაკენ მივექანებით. თუ რადიკალურად არ შეიცვლება ყველაფერი, განწირულები ვართ. განწირულია არა ქვეყანა, არამედ არსებული სტრუქტურა, ფორმულა…

მდგომარეობა მართლაც საკმაოდ რთულია, მაგრამ, ალბათ, ვერავინ შეძლებდა “უძრაობის” ეპოქიდან საბაზრო ეკონომიკის რელსებზე უმტკივნეულოდ გადასვლას. ეს ძალიან მძიმე და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენი ქვეყანა ამისთვის არ იყო მზად და რეალობის წინაშე მოულოდნელად აღმოვჩნდით.

დავით სალარიძე (პარლამენტარი, ფრაქცია “მრეწველები”): – ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იქმნებოდა საგადასახადო კოდექსი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საგადასახადოში ვმუშაობდი, სულ სამიოდე ბრძანებულება – ინსტრუქცია არსებობდა. ამ ინსტრუქციით ხდებოდა გადასახადების აკრეფა. შემდეგ მივიღეთ 4-5 კანონი… 1996 წელს კი საერთაშორისო ინსტიტუტებთან შეჯერებული, მსოფლიო გამოცდილების ბაზაზე შექმნილი კოდექსი. ამიტომ, როდესაც საუბარია 20%-იან დღგ-ზე, ვიცი, რომ ზოგადად ეს მაღალი ნორმა არ არის, მაგრამ საქართველოსთვის მაღალია. (თუ ამ მაჩვენებელს დავწევთ, დასაბეგრი ბაზაც გაიზრდება). ეს კანონმდებლობა ცივილირებული, განვითარებული, კარგად აწყობილი ქვეყნისთვის არის მისაღები. რა რენტაბელობაზე შეიძლება ისაუბროს მაღაზიის მეპატრონემ, რომელსაც გენერატორისთვის 200 ლარი სჭირდება დღეში, ან რა ლიმონათი უნდა გამოუშვას საწარმომ, რომელმაც იგივე გენერატორზე უნდა იმუშაოს და ბანკიდან კრედიტი აიღოს ყოველთვიურად 2,5% საპროცენტო განაკვეთით. მაშინ, როცა მისი ალტერნატივა იმპორტული, იგივე რეჟიმში მუშაობს წლიური 2%-იანი განაკვეთით? ექსპორტისა და იმპორტის ასეთ რეჟიმში ყოფნა და გარკვეული პროტექციონისტური პოლიტიკის გარეშე ჩვენი მრეწველობის დატოვება ამ ეტაპზე, ეს ჩვენი მრეწველობის დასამარების ტოლფასია. წელს 5,5 მლრდ ლარზე გადის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. ამდენივე ვალი აქვს ქვეყანას! ერთნაირი ვალის და მშპ-ს მწარმოებელთა ქვეყანა, ფაქტობრივად, გაკოტრებულია. მოუწესრიგებელ კანონმდებლობას და ენერგოპრობლემებს კიდევ ერთი ფაქტორი ემატება – უჭკუობა! სამწუხაროდ, ქართველი მეწარმეების ძალიან მცირე ნაწილმა იცის საბაზრო ენა. დაბალი ცენზი და არაპროფესიონალიზმი მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორიც არის.
არაპროფესიონალიზმზე საუბრობენ პარლამენტშიც:
ვერ ვნახე განსახილველად შემოსული ვერც ერთი სერიოზული დოკუმენტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში რეალურ, რადიკალურ ცვლილებებს ითვალისწინებს! – აცხადებს დავით საგანელიძე, – ყველაფერი ექსპერიმენტის დონეზე ხდება. დაუსაბუთებელი, ციდან მოტანილი ციფრები! სამწუხაროდ, პარლამენტში ისეთი ხალხია მოხვედრილი, რომელთა არასწორი პოზიციის გამო ბიზნესი, შესაძლოა, საერთოდ გაჩერდეს! ბევრ მათგანს, ვინც ბიზნესის განვითარების საკითხს წყვეტს, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს მრეწველობასა და წარმოებაზე. მათთვის ბიზნესმენი რაღაც მონსტრს წარმოადგენს. ხოლო იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ქვეყანაში დოვლათს ქმნიან, მტრის ხატის შექმნა – ქვეყნის დანგრევის ტოლფასია.

2000 წლის აპრილში საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მეწარმეობის პრობლემების, განვითარების ტენდენციების, მასზე მოქმედი ფაქტორების გამოკვლევის მიზნით მეწარმეთა შერჩევითი გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხა 504 საწარმო, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტები (შპს, სააქციო საზოგადოება, ინდივიდუალური მეწარმე…). გამოკვლევამ მოიცვა მეწარმეთა საქმიანობის ზოგადი საკითხები, აგრეთვე შეეხო მეწარმეთა საკუთარი რესურსების მდგომარეობისა და დატვირთვის დონეს, საბაზრო გარემოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მეწარმეობის განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორების გამოკვლევა და ანალიზი იყო.

მეწარმეთა შეფასებები საკუთარი რესურსების შესახებ
რამდენიმე წლის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით, თვალში საცემია კერძო სექტორში საწარმოო სიმძლავრების მდგომარეობის შეფასების გაუმჯობესება (ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა). საწარმოთა თითქმის ნახევრის (47,8%) ძირითადი საშუალებების მდგომარეობა თანამედროვე დონეს შეესაბამება. თუმცა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების 43,4%-ის მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა, მათი წარმოების ძირითადი საშუალებები აბსოლუტურად შესაცვლელია. როგორც ჩანს, წინა პლანზე გადმოდის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი საწარმოების პრივატიზების გზით მათთვის კერძო ინვესტორების გამოძებნის აუცილებლობა. გასულ სამ წელიწადში მასობრივი პრივატიზაციის და შედარებით სტაბილურ-ეკონომიკურ გარემოში განვითარების შედეგად მოხდა მდგომარეობის შედარებითი დარეგულირება – ტერიტორიული და ეკონომიკური აქტივობის სახეების მიხედვით. არსებული საწარმოების დატვირთვის მხრივ სავარაუდოა, რომ მეწარმეობა წინა წლების ჩამოყალიბების პროცესიდან თანდათან შედის სტაბილური საქმიანობის პერიოდში. სამწუხაროდ, სტაბილურობა ყოველთვის კარგი მაჩვენებელი არ არის, რადგან ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა სტაბილურად დაძაბული კრიმინოგენური, სტაბილური “უძრაობის”, სტაბილურად გაყინული პენსია-ხელფასების და კიდევ სხვა მრავალი სტაბილურობის პერიოდი. ჩემი აზრით, დღევანდელი მეწარმეობაც სტაბილურ ქაოსურ, დაძაბულ და გამოუვალ მდგომარეობაშია. ეს ისე, მცირეოდენი გადახვევისათვის, რაც შეეხება მონაცემებს:

საწარმოთა დატვირთვის დონე ისევ საკმაოდ დაბალია, სავარაუდოდ, მათ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას მეწარმეები ფასების არსებითი მომატების გარეშე მიწოდების ადეკვატური ზრდით უპასუხებენ. თბილისთან შედარებით საწარმოთა დატვირთვა რეგიონებში მეტია. ამის მიზეზად დედაქალაქში სამეწარმეო აქტივობის კონცენტრაციასა და კონკურენციის მაღალ დონეს ასახელებენ. რაც შეეხება საწარმოებისათვის საჭირო ნედლეულ მასალებს, ეს მოთხოვნა, უმთავრესად, იმპორტით კმაყოფილდება. სამრეწველო ობიექტების გასაღების ბაზარი, ძირითადად, სამამულოა და ეს მაჩვენებელი 86%-ს აღემატება. საექსპორტო პროდუქციას კი დაახლოებით 12% აწარმოებს, საგრძნობლად გაიზარდა კონკურენცია, ამას “ჩივიან” მეწარმეები, თუმცა, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სამეწარმეო სფეროში მოქმედებს და ძლიერდება საბაზრო ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი – კონკურენტული გარემო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეწარმეთა უმრავლესობა გადასახადების ზრდის ტენდენციაზე საუბრობს. საგულისხმოა თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში საგადასახადო განაკვეთები არ გაზრდილა, გამოდის, რომ საუბარია არაოფიციალური გადასახადების მომატებაზე. თვალსაჩინოებისათვის შემოგთავაზებთ ცხრილს (#1):

1

მეწარმეთა და არა მხოლოდ მათი აზრით, საგადასახადო სისტემის ლიბერიზაციის პირობებში გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან გადახდა უფრო ხელსაყრელი იქნება გადასახადებზე თავის არიდების რისკთან შედარებით.

საინტერესო მონაცემებია ბიზნესის რენტაბელობასთან დაკავშირებით. მეწარმეთა ნახევარს მიაჩნია, რომ მოგება შეუმცირდა. მხოლოდ 25,4% აღნიშნავს, რომ ბოლო წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა საწარმოს მოგება. აღსანიშნავია, რომ სხვა დარგებთან შედარებით, მოგების ზრდის შემთხვევები განსაკუთრებით იშვიათია ვაჭრობაში. ექსპერტთა აზრით, ვაჭრობაში არსებული მძაფრი კონკურენცია (როგორც სავაჭრო საწარმოებს შორის, ასევე ბაზრობებსა და არაორგანიზებული ვაჭრობის მხრივ) ზღუდავს მათი შემოსავლებისა და მოგების ზრდის შესაძლებლობებს. სხვათა შორის, მომავლისადმი მეწარმეთა დამოკიდებულება შარშანწინდელთან შედარებით შეიცვალა. თუ 1999 წელს მეწარმეებს უკეთესი მომავლის იმედი არ ჰქონდათ, ახლა უკვე მეწარმეთა 40%-ს იმედი აქვს, რომ მომავალში მოგების ცვლილება გაიზრდება. მაინც პესიმისტურად არის განწყობილი დანარჩენი 60%; რომლებსაც ან არავითარი ცვლილების იმედი არა აქვთ – ან თვლიან, რომ მოგება შემცირდება.

ზოგადად, პესიმიზმი საკანონმდებლო და სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდან მეწარმეებისადმი გულგრილობით, უფრო მეტიც – აბსურდამდე მისული დამოკიდებულებებით აიხსნება. პრობლემის მეტად გასაგებად ერთ მაგალითზე შევჩერდები, რომლებიც დავით საგანელიძემ აღნიშნა.

დავით საგანელიძე: – მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ვინმე ებრძოდა საქართველოში პიროლიზური ფისის არასწორ დამუშავებას, მე და კახა ჩიტაია ვიყავით. ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ იმას, რომ “გაორის” ქარხნის ხელმძღვანელობამ სრულიად ახალი სტანდარტები, ნორმატივები, ახალი რეგლამენტი შეიმუშავა: ბენზოლის შემადგენლობა 37-დან 3,5%-მდე ჩამოსწიეს, ჯამური არომატიკა 80-დან 45-მდე… დაბოლოს, როცა პიროლიზური ფისის შემოტანა გადაწყდა, მოულოდნელად პარლამენტში შემოვიდა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ვანო მერაბიშვილის ინიციატივა: პიროლიზის 200$-იანი დაბეგვრით. ეს ნიშნავდა, რომ ბენზინის იმპორტი 100$-ით იბეგრება, ნედლეული კი, რომლისგანაც ბენზინი მიიღება – 200$-ით!! ამის უკან ეკონომიკური აზროვნება კი არა, ქარხნისადმი ინტერესი თუ იქნებოდა მხოლოდ. იმავე სხდომაზე აღვნიშნე, რომ ამ წინადადების მიღება წარმოუდგენელია-მეთქი. დამეთანხმა ბ-ნი ზურაბ ჟვანია, ვანო მერაბიშვილმაც თქვა (როგორც ხდება ხოლმე წინადადების გასვლა), რომ 200$-იანი დოლარიანი რეჟიმი დაამტკიცეს. დარბაზში კაცი ვერ აღმოვაჩინე, სცოდნოდა რა მოხდა, და ამით “გაორის” ქარხანამაც თავისი არსებობა დაასრულა!..

სამწუხაროდ, საქართველოში მეწარმეობა, ბიზნესი, მცირე ბიზნესი სტიქიურად ვითარდება. ამ სფეროში დასაქმებულთა დიდი რაოდენობა კითხვაზე – რა საქმეს აკეთებ? ერთ მარტივ პასუხს გაგცემთ – “რაღაცას ვჩალიჩობ, ვხლაფორთობ”. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მსხვილ ბიზნესმენებს და მეწარმეებს, მათაც დიდი ნერვების და შრომის ფასად უჯდებათ თავიანთი პროდუქციის გამოშვება. თუმცა, ციფრები და მონაცემები დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა: მეწარმეთა ნახევარი ამჟამინდელი საქმიანობის გაფართოებას აპირებს. აქ კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ მათი 80,9% საქმიანობის გაფართოებას საკუთარი და პარტნიორების დანაზოგებით აპირებს და არა საბანკო კრედიტების, უცხოური კაპიტალის დახმარებით. სამწუხაროდ, საბანკო სისტემა ვერ ჩამოყალიბდა საინვესტიციო ფინანსური რესურსების არსებითი მნიშვნელობის მქონე წყაროდ. მიუხედავად ბოლო სამ-ოთხ წელიწადში მომხდარი სერიოზული პოზიტიური ძვრებისა, წარმოების განვითარებისა და გაფართოებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად ქვეყანაში საფინანსო ბაზრის განუვითარებლობა რჩება. ერთი მხრივ, ბანკები ვერ იზიდავენ თავისუფალ სახსრებს, ე.ი. ვერ ქმნიან საკრედიტო რესურსებს, რაც გააიაფებდა კრედიტს. მეორე მხრივ, საწარმოთა აქტივები დაბალლიკვიდურია. საფინანსო ბაზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა კვლავაც სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ პრობლემად რჩება.

რამდენი წელია იხვეწება, იცვლება და გარდაცვალებამდეა მისული ჩვენი საგადასახადო სისტემა და კოდექსი. ეს ყბადაღებული თემა დღის წესრიგში იქნება მანამ, სანამ მეწარმე დასახრჩობ ობიექტად ეყოლებათ გამოყვანილი კანონმდებლებს, სანამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს კორუფციაში მხარს დაუმშვენებს და ხელს შეუწყობს თავად კოდექსი. მეწარმეების მიერ არაოფიციალური გადასახადების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. მეწარმეებში არაოფიციალური გადასახადების არსებობა გამოწვეულია ფართომასშტაბიანი არაოფიციალური საქმიანობით მთელ ქვეყნაში. გამოკითხულ მეწარმეთა ნახევარზე მეტი არაოფიციალურ გადასახადს იხდის (სავაჭრო საწარმოებში ასეთი წილი 65%-ს აღწევს). თავად საკითხი არაოფიციალური გადასახადების არსებობის შესახებ, დელიკატური თემაა და, ბუნებრივია, ამ თემაზე მეწარმეთა პასუხები ხშირ შემთხვევაში არ იქნებოდა გულწრფელი.

გადასახადებისაგან თავის არიდება და წარმოების რეალური მოცულობის დაფარვა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენაა. ბუნებრივია, მეწარმეები, რომელთა დიდი ნაწილი ახორციელებს ამ ოპერაციებს, შეიძლება ბოლომდე გულწრფელნი არ იყვნენ ამგვარი შეფასებისას, თუ რამდენად არის საზოგადოდ დაინტერესებული მეწარმე წარმოების რეალური მოცულობის დაფარვაში. მიუხედავად ამისა, ასეთ დელიკატურ კითხვაზე პასუხების განაწილება მაინც უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა.

წარმოგიდგენთ ცხრილს (#2), რომელიც ასახავს მეწარმეთა დაინტერესების დონეს წარმოების რეალური მოცულობის დეკლარირებაში.

2

ბიზნესის ლობირების
ქართული ვარიანტები
დავით სალარიძე: – ბიზნესს ლობი საქართველოში კი არა, ამერიკაშიც სჭირდება. რა თქმა უნდა, საქართველოში ლობისტობა არასწორად არის აღქმული და დამახინჯებულია, ჩვენთან ასე ესმით და ასეც აკეთებენ! – ლობისტობა მოწილეობას არ ნიშნავს. პარლამენტში ხალხმა იმიტომ აგირჩია, რომ შენი დარგის ლობირება გაწიო, შეძლო ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება. მსხვილი ტრანსნაციონალური ამერიკული კომპანიები (ისინი პოლიტიკაში არ მონაწილეობენ) პოლიტიკის მთელ ფინანსებს განაგებენ. ისინი ზრდიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ პარლამენტში მათ ბიზნესს ლობირებენ და იღწვიან მათი ბიზნესის წარმატებით განვითარებისათვის. ჩვენთან ყველაფერი დამახინჯებულია. უნდა ამოვიგდოთ თავიდან, მოვიცილოთ ამბიციები, რომ საქართველო მსოფლიო ბიზნესს კონკურენციას გაუწევს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ადგილი ახალ ცხოვრებაში, რა ვართ, რა არის ჩვენი სტრატეგია, რომელიც განსაზღვრული არც გვაქვს. საქართველოში ყოველთვის იყო 3 მლნ შრომითი რესურსი უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილით. არ მგონია, რომ ოდესმე იქნება საქართველოში 3 მლნ სამუშაო ადგილი. ვერ გაგვირკვევია, რა არის სტრატეგია. ნავთობსადენი? გეთანხმებით, ეს პოლიტიკური სტრატეგია აშკარად არის, მაგრამ არ არის სამუშაო ადგილები. ნავთობსადენი იმდენს არაფერს მისცემს ჩვენს ქვეყანას (ეკონომიკური თვალსაზრისით), რამდენსაც აზერბაიჯანს. ჩვენი “მრეწველების” აზრით, სტრატეგია სოფლის მეურნეობაა. მაგრამ აქაც უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები. ამასაც დაფიქრება და მხარდაჭერა სჭირდება…

ლობისტი – მხარდამჭერი ხელისუფლებაში ან მფარველი ხელისუფლებაში ან კრიმინალურ სამყაროში! საინტერესოა, რომ მეწარმეთა თითქმის 1/3 მიიჩნევს, რომ მის ბიზნესს არც თუ კანონიერი მფარველი სჭირდება. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მეწარმეთათვის მისაღებია კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის “კრიშობა” (რაც იძულებითი ნაბიჯია).

დავით საგანელიძე: – როცა მეწარმე, ბიზნესმენი ხედავს, რომ უმრავლეს სახელმწიფო სტრუქტურებში პრობლემებს უქმნიან, ვერავის ხედავს მხარდამჭერს, იგი იძულებული ხდება კრიმინალებთან მოძებნოს საერთო ენა. მერწმუნეთ, ეს არც ერთ მეწარმეს არ უნდა. ბიზნესს კი არა, სიმღერას და ლექსს სჭირდება ლობირება. უბედურება ის არის, რომ როგორც კი ბიზნესთან დაკავშირებულ მხარდაჭერას გამოვთქვამ, მაშინვე რაღაც წილებზე და ინტერესებზე ალაპარაკდებიან. დიახ, მე მაქვს ინტერესი იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა და მისი სატკივარი მტკივა. პირში წყალს ვერ დავიგუბებ და პარლამენტში ბაიყუშივით ვერ ვიჯდები! როცა ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ გავჩუმდები…

არ მსურს, გამოუსწორებელ პესიმისტად ჩამთვალოს ვინმემ, მაგრამ კარგად ყველაფერი, ღმერთმა იცის როდის იქნება. ბიზნესის, მეწარმეობის განვითარებას იმდენი ფაქტორი უშლის ხელს, რომ თუ საკითხს ღრმად ჩავუფიქრდებით, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვექნება.

სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებში არის სპეციალური ქვეთავი – რა უშლის ხელს მეწარმეობის განვითარებას, რომელი ფაქტორები. მონაცემები დამშვიდების საბაბს ნამდვილად არ იძლევა.

გამოკითხულ მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ, აღენიშნათ საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის სამი, ყველაზე უფრო ხელისშემშლელი ფაქტორი. წარმოგიდგენთ ცხრილს (#3):

3

ფაქტორები დასახელების სიხშირის მიხედვით დავყოთ სამ ჯგუფად;
I რიგის ფაქტორები – დასახელების სიხშირის 60%-ზე მეტი;
II რიგის ფაქტორები – 30-დან 60%-მდე;
III რიგის ფაქტორები – 30%-ზე ნაკლები.
ამ საზღვრების მიხედვით ბიზნესმენთა აზრით, ხელისშემშლელი ფაქტორები რანჟირდება შემდეგნაირად: პირველი რიგის ფაქტორები: საგადასახადო სისტემის მოუწესრიგებლობა (72%); კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში (63%); მეორე რიგის ფაქტორები: ხელისუფლების მხრივ ბიზნესის ინტერესების დაუცველობა (51%), მოსახლეობის დაუსაქმებლობა (42%); მესამე რიგის ფაქტორები: ენერგეტიკული კრიზისი (25%), მმართველობის და საკონტროლო ორგანოების ბიზნესში ზედმეტი ჩარევა (19%), საბანკო სისტემის არასაიმედოობა (11%).

ის, რომ ბიზნესმენების დიდი უმრავლესობისათვის არსებული საგადასახადო განაკვეთები მისაღები არაა გადასახადების განაკვეთებისა და არაოფიციალური ხარჯების მხრივ, ზემოაღნიშნულმა ინფორმაციამაც დაადასტურა. ამავე დროს, საგადასახადო სისტემის მოუწესრიგებლობაში უნდა ვიგულისხმოთ გადასახადების ამოღების სამართლებრივი ბაზის, პირველ რიგში, საგადასახადო კოდექსის სრულყოფის აუცილებლობა.

ბიზნესმენების უმრავლესობა ასახელებს ასევე ხელისუფლების მხრივ ბიზნესის ინტერესების დაუცველობის საკითხს. აქ, პირველ რიგში, უნდა ვიგულისხმოთ ბიზნესის და ბიზნესმენის ინტერესების დაუცველობა საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისას, მმართველი და მაკონტროლებელი სახელმწიფო სტრუქტურების ზედმეტი ჩარევებისაგან, სამართლებრივი დაცულობა სადავო სიტუაციებში და ა.შ.

4

ცხადია, მეწარმეები ბიზნესის ინტერესების დაუცველობაში ასევე გულისხმობენ მათ აშკარად გადაჭარბებულ მოთხოვნებს ხელისუფლებისადმი პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების სახით, რაც არ გენეკუთვნება ნორმალური ეკონომიკური გარემოს აუცილებელ ატრიბუტებს.

მეწარმეთა უმრავლესობის მიერ დასახელებული ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების გათვალისწინება და მათი განმაპირობებელი პრობლემების გადაწყვეტა დღეისათვის ხელისუფლების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.

დიახ, ასეთია ექსპერტთა დასკვნები, მაგრამ რამდენად ყურად იღებს ხელისუფლება მათ რჩევა-დარიგებებს, რამდენად გაითავისებს მეწარმეთა პრობლემებს, ძნელი სათქმელია. ძნელი სათქმელია ისიც, რა პერსპექტივა ექნება ჩვენს ქვეყანას ახალ საუკუნეში, ახალ ათასწლეულში, შევძლებთ კი მხარი ავუბათ მოწინავე ქვეყნებს, ზღაპრული მზეჭაბუკივით, თუკი სხვა წლობით იზრდებოდა, ჩვენ საათობით გავიზარდოთ და ახალი საქართველო ვუჩვენოთ მსოფლიოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ყველაზე ნიჭიერები, ჭკვიანები და… მაგრები ვართ!