უკრაინაში ინფლაცია მატულობს და ბენზინზე გადასახადი მცირდება

რედაქციისაგან

აპრილის ბოლო დეკადაში დოლარის კურსის შემცირება უკრაინაში გადაიზარდა ნამდვილ ვარდნაში. ბანკთაშორის ვაჭრობაზე იგი 2,7%-ით დავარდა და მიაღწია 1 დოლარზე 5 გრივნის დონეს.

ერთი კვირის უკან უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მკვეთრად დაწია დოლარის ოფიციალური კურსი-5,19 გრივნიდან 5,05 გრივნამდე. ასეთი მკვეთრი ცვლილება უკრაინაში ხუთი წელია არ ყოფილა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბანკთაშორის ბაზარზე დოლარის სიჭარბე წარმოიქმნა, რაზეც შესაბამისი მოთხოვნილება არ იყო. ოფიციალური კურსის ცვლილებამ გამოიწვია ბანკთაშორის ბაზარზე დოლარის მკვეთრი ვარდნა-ვაჭრობა 1 დოლარზე 4,98-5,03 გრივნის დიაპაზონში მიდიოდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით გრივნის გამყარება ბოლო ორი თვე ბუნებრივი გზით ხდებოდა, რადგან ბანკთაშორის ბაზარზე ყოველდღიური მოთხოვნილება 100 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო მიწოდება 200 მლნ-მდე გაიზარდა. ასეთ პირობებში ეროვნული ბანკი აქტიურად ივსებდა რეზერვებს (მარტის ბოლოდან ისინი 2,379 მლრდ-ით გაიზარდა და 11,904 მლრდ შეადგინა). დოლარის კურსის შემცირების დაჩქარება აპრილში დაიწყო, როდესაც გაუქმდა სავალუტო მონაგების სავალდებულო გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ 2005 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში დოლარის კურსის შემცირებამ 0,5% შეადგინა.

ამასთან, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა სერგეი ტერეხინმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაღალი დონე მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალი იქნება, და ცენტრობანკი ვალდებულია 1 დოლარი 5 გრივნის დონემდე გაამყაროს. ცენტრობანკი კი ცდილობდა დაერწმუნებინა მთავრობა – არ აეწია გრივნა ასე მკვეთრად, რადგან ამით ექსპორტიორები დაზარალდებოდნენ.

ასეთი მერყეობა შეიძლება იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ დოლარების დიდი რაოდენობა მოვიდა არარეზიდენტებისაგან, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე სახელმწიფო სესხის ობლიგაციები უნდა ეყიდათ.

მსოფლიო ბანკის უკრაინის, ბელორუსიის და მოლდოვის წარმომადგენლობის დირექტორმა პოლ ბირმინგჰემმა განაცხადა, რომ გრივნის გამყარება “ასახავს ეკონომიკის სტაბილურობას და ქვეყნის მყარ საგარეო პოზიციას”. “უკრაინელებს მოუწევთ კურსის ცვლილებასთან, როგორც საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ თვისებასთან შეგუება”. მისი აზრით, უკრაინელი ექსპორტიორები ახლა ნაკლებ მოგებას მიიღებენ, მაგრამ ამავე დროს იმპორტულ ნედლეულზე მომუშავე ადგილობრივი მწარმოებლები თანდათან შეძლებენ თავის პროდუქციაზე ფასების დაკლებას.

უკრაინა – რუსები ნავთობფასების გაძვირებით ახალი მთავრობისათვის პრობლემების შექმნას ცდილობენ

2005 წლის 14 აპრილს უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა სერგეი ტერეხინმა ხელი მოაწერა ბრძანებას “დიზელის საწვავსა და ბენზინზე მაქსიმალური დასაშვები საბითუმო-გასაშვები ფასების დადგენის შესახებ”. ის 15 აპრილს დარეგისტრირდა და 25 აპრილს უნდა შესულიყო ძალაში. ხოლო 18 აპრილს “ტნკBP უკრაინა”-მ გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზე ყველა სახის ნავთობპროდუქტების გაყიდვის შეწყვეტის შესახებAI-98-ის გარდა.

თუმცა, 2005 წლის 22 აპრილს ლუკოილის პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი უკრაინის პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს შეხვედრისას შეპირდა, რომ მაისის ბოლომდე უკრაინაში ბენზინს უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაწესებულ ფასებში გაყიდის, და აგრარულ სექტორს დიზსაწვავს შეღავათიან ფასებში მიაწოდებს. კომპანია ამით თვეში 3 მლნ დოლარის ზარალს ნახავს. როგორც ჩანს, იგივე ბედი ელის ჯგუფ “ალიანსს”, “ლუკოილს”, სამაგიეროდ, მრავალმილიონიანი დღგ-ს დაბრუნებას ჰპირდებიან.

ამგვარად, ლუკოილი ფორმალურად დაემორჩილა ბრძანებას შეამცირა რა ფასები ნავთობზე, რომელსაც მის მფლობელობაში მყოფი ოდესის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან აწვდიდა ბენზინგასამართ სადგურებს და აგრარულ სექტორს.

კომპანიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ იმისათვის, რომ არ გამწვავებულიყო ურთიერთობა უკრაინის ხელისუფლებასთან. როგორც “ლუკოილ-უკრაინას” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი რიასიკმა განაცხადა, კომპანია არ მალავს, რომ ბრძანებით დადგენილი ფასები მას არ აწყობს. მაგრამ კომპანიის მდგომარეობა მოცემულ მომენტში კომპრომისზე წასვლის საშუალებას იძლევა. მისი თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს და “ლუკოილ-უკრაინას” წარმომადგენლებისაგან შექმნილიყო მუშა ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავდა ორივე მხარისათვის მისაღებ ფასწარმოქმნის მექანიზმებს.

კიევში პრეს-კონფერენციაზე ლუკოილის პრეზიდენტმა უარყო სანავთობო კომპანიებს შორის შეთქმულების არსებობა, რასაც იულია ტიმოშენკო ამტკიცებდა. მისი სიტყვებით, უკრაინაში ბელორუსიიდან და რუმინეთიდან ნავთობის ექსპორტის არარსებობა უკრაინული ფასების არამიმზიდველობაზე მეტყველებს.

ერთი დღით ადრე ტნკ BP-ს გენდირექტორთან, გერმან ხანთან შეხვედრისას იულია ტიმოშენკომ მიაღწია იმას, რომ კომპანია დათანხმდა თავის ბენზინგასამართ სადგურებზე 1 მაისამდე დაეკლო ფასები. ძირითადი ფაქტორი, რამაც მოლაპარაკების ბედი გადაწყვიტა, იყო კომპანიის მფლობელობაში მყოფი ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციის მუქარა, რაც შემდგომში ყალბი აღმოჩნდა. მოლაპარაკებისას უკრაინის პრემიერი ლუკოილის პრეზიდენტს დაპირდა, რომ 25 მლნ დოლარი დღგ-ს დაუბრუნებდა, რაც ნახევარ წელიწადში 60 მლნ-ს შეადგენს. მას შეპირდნენ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებასაც.

ამასთან, ლუკოილი საპასუხო მოქმედების უფლებას იტოვებს, თუ უკრაინელები კომპრომისზე არ წავლენ. “თუ ფასების ასეთი პოლიტიკა შემდგომშიც გაგრძელდება, კომპანია დაიწყებს თავისი მოღვაწეობის აქტივიზაციის სხვადასხვა ვარიანტების განხილვას. მათ შორის იქნება ოდესის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დატვირთვის შეზღუდვის შესაძლებლობა და ნავთობის ნაწილის განლაგება უფრო თანამედროვე კრემენჩუგის და ლისიჩანსკის ქარხნებზე, ოდესის საწარმოს შემდგომი ღრმა მოდერნიზაციის ჩატარებით”,-ხაზი გაუსვა ლუკოილის პრეზიდენტმა. ამგვარად, ალეკპეროვი იმუქრება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებით, თუ ლუკოილს არ მისცემენ საშუალებას, დაუბრუნდეს საწვავის საბაზრო ფასებს. ხოლო ტნკ BP უკრაინას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია არ თვლის თავს ვალდებულად შეინარჩუნოს მოცემული ფასები 1 მაისის შემდეგ.

პარალელურად უკრაინის მთავრობა მუშაობს “უკრნაფტა”-ს ბაზაზე სახელმწიფო ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიის შექმნაზე. უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა გასცა ნებართვა, რათა კომპანიამ, რომელიც უკრაინული ნავთობის 90%-ს მოიპოვებს (ეს არის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობი წელიწადში, მაშინ, როდესაც რესპუბლიკის ყოველწლიური მოთხოვნილება 30 მლნ ტონაა), შეიძინოს 73 ბენზინგასამართი სადგური რესპუბლიკის 13 რეგიონში. შესყიდვის შემდეგ “უკრფაფტა”-ს მფლობელობაში 460 სადგურზე მეტი იქნება.

საწვავის ფასების ზრდასთან ბრძოლის ფარგლებში უკრაინის მთავრობამ მოამზადა ნავთობის მაქსიმალური მოცულობის გადამუშავების, და ასევე საზღვარგარეთ დამატებითი შესყიდვების პროგრამა. ამისთვის 18 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება წლის ბოლომდე უკრაინული ნავთობის ექსპორტის სრული აკრძალვის შესახებ. მთელი ნედლეული თავმოყრილი უნდა იქნეს “უკრნაფტა”-ზე (კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა), რომლის აქციების 43% ეკუთვნის უკრაინას, დანარჩენი კი “უკრნაფტა”-ის და ტატარსტანის მთავრობის მიერ კონტროლირდება. წარმოებული ნავთობპროდუქტები რეალიზებული იქნება “ტატნეფტ”-ს ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მეშვეობით.

2005 წლის 17 მაისს კი უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი დიზელის საწვავზე საიმპორტო ბაჟის ნულოვანი განაკვეთის შემოღების შესახებ. გარდა ამისა, კანონი აუქმებს სააქციზო გადახდის სისტემას ბრუნვიდან წილის სახით, რომელიც ახალი მთავრობის მიერ იყო შემოღებული.

სააქციზო მონაკრების განაკვეთი სამოტორო ბენზინებზე A-72, A-76,A-80, A-91, A-92, A-93, -95, -96, -98 და სხვა მარკებზე შეადგენს 20%-ს სარეალიზაციო ფასის ბრუნვიდან დღგ-ს გარეშე, 1 ათას კგ-ზე არანაკლებ 60 ევროს. ახლა კი ეს განაკვეთი დარჩება 1 ათას კგ-ზე 60 ევროს დონეზე, ისე, როგორც ეს ადრე იყო. ანალოგიური ცვლილებები შეეხო სამოტორო ნარევ მაღალი ოქტანობის ბენზინებს.

დიზელის საწვავზე წესდება აქციზი 1 ათას კგ-ზე 30 ევროს ოდენობით, სარეალიზაციო ფასის ბრუნვიდან დღგ-ს გარეშე 10%-ის ნაცვლად.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial