სენსაცია ბიზნესში: ჩინელებმა IBM-ის ნაწილი შეისყიდეს

რედაქციისაგან

ამერიკულმა კორპორაცია IBM-მა, კომპიუტერული წარმოების ერთ-ერთმა გიგანტმა, თავისი კომპიუტერების წარმოების ქვეგანყოფილება ჩინურ კომპანია Lenovo-ს მიჰყიდა.

გარიგება 1,75 მლრდ დოლარადაა შეფასებული. IBM მიიღებს 650 მლნ დოლარს, აგრეთვე Lენოვო-ს აქციების 18,9%-ს, რომლებიც 600 მლნ დოლარადაა შეფასებული. Lenovo, აგრეთვე, თავის თავზე იღებს IBM-ის 500 მლნ ვალების გასტუმრებას. კომპიუტერების წარმოების განყოფილების შტაბ-ბინა პეკინიდან ნიუ-იორკში გადაინაცვლებს, ახალ კომპანიაში გადავა IBM-ის, დაახლოებით, 10000 თანამშრომელი. IBM-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკუთარი ბრენდით კომპიუტერებით კვლავაც თვითონ ივაჭრებენ. IBM-ისათვის გარიგების მთავარი მიზანია კონტროლი დააწესოს კომპიუტერების ჩინურ ბაზარზე, რომელიც ამერიკულსა და ევროპულზე გაცილებით სწრაფად ვითარდება. თუმცა, კონკურენტები სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი თვლიან, რომ IBM-მა იმიტომ შეწყვიტა პერსონალური კომპიუტერების გამოშვება, რომ ვერ შეძლო ბაზარზე ლიდერის პოზიციების შენარჩუნება. ამის გარაშე კი ბიზნესი არაეფექტური ხდება. “ამ ბაზარზე დარჩენა მხოლოდ მსხვილ მოთამაშეებს შეუძლიათ, რომელთაც მასშტაბების ხარჯზე ეკონომიის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, – ამბობს Hewlett Packard-ის რუსეთის წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი ოუენ კემპი. – IBM კი ბოლო დროს მსხვილ მოთამაშედ აღარ ითვლებოდა”.

IBM უკვე რამდენიმე წელია ცდილობს თავიდან მოიშოროს ნაკლებად რენტაბელური საწარმოები და გადაერთოს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და კომპიუტერულ მომსახურებაზე. იგი, აგრეთვე, კომპანიებისათვის სერვერებს აწარმოებს, ხოლო პერსონალური კომპიუტერების წარმოება დროთა განმავლობაში მისთვის მეორეხარისხოვან ბიზნესად იქცა. Lenovo-სათვის კი IBM-ის ბიზნესის ნაწილის შესყიდვა მსოფლიო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობაა.

მოცემულ მომენტში Lenovo-ს შემოსავლების მხოლოდ სამი პროცენტი მოდის საზღვარგარეთიდან. იგი ჩინეთშიც აწყდება კონკურენციას როგორც ჩინური, ასევე ტრანსნაციონალური კომპანიების მხრიდან.

სწორედ IBM-მა შექმნა პირველი პერსონალური კომპიუტერი 20 წლის წინ, მაგრამ ამჟამად, Dell-ის და Hewlett-Packard-ის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

პერსონალური კომპიუტერის შექმნამ მსოფლიო შეცვალა. თუმცა, მას შემდეგ ფინანსური ინტერესი კომპიუტერების წარმოებიდან პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე გადაერთო. ამაზე Microsoft-ის აყვავება მეტყველებს. IBM კი დაკარგულის ანაზღაურებას ცდილობს.