სტატისტიკის დეპარტამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

რედაქციისაგან

ზაზა ბროლაძე საქართველოში აშშ-დან ჩამოვიდა. მას განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

განათლება:
09.2003-05.2005 ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ, მაგისტრი ეკონომიკურ პოლიტიკაში
01.2002-03.2002 საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტი, აშშ. სრული კურსი ფინანსურ პროგრამირებასა და ფინანსურ პოლიტიკაში.
1996-1999 საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურა.
1991-1996 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალობა – მაკროეკონომიკა, ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება:
07.02-09.03 ურბანული ინსტიტუტი. UშAID-ის კონტრაქტორი საქართველოში. პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმისათვის. თანამდებობა-საბიუჯეტო ექსპერტი.
03.00-06.02 საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. თანამდებობა – საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.
08.99-03.00 საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. თანამდებობა – ხარჯების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
07.98-06.99 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. რეგიონული სახაზინო სამსახური მცხეთა-მთიანეთის მხარეში. თანამდებობა – სამსახურის უფროსი.
05.97-07.98 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. თანამდებობა – მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე.
01.96-05.97 საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველო. თანამდებობა – საგარეო ვალებისა და საგადამხდელო ბალანსის სამმართველოს ეკონომისტი.
03.95-12.95 გაზეთი ეკონომიკური რევიუ. თანამდებობა – კომერციული დირექტორი.
საზოგადოებრივი საქმიანობა
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი.
ენების ცოდნა:
ქართული, ინგლისური, რუსული. – მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც მოსვლისთანავე აღვიქვი და ყველაზე მტკივნეულად მიმაჩნია. პირველი პრობლემა, რაც ინფორმაციის დამუშავებასა და მის გავრცელებას შეეხება, გახლავთ ის, რომ სტატისტიკურ ინფორმაციაზე მოთხოვნა საკმაოდ უცნაური და დაბალია. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩავატარეთ პატარა გამოკვლევა-ანგარიში სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთა შესახებ. გამოვყავით რესპონდენტთა რამდენიმე ჯგუფი, როგორიცაა მასმედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა, მეწარმეები. მათ დაესვათ კითხვა, თუ რამდენად ესაჭიროებათ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წარმოებული პროდუქტი, ანუ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მათ ვაწვდით. ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებად ჩვენი ინფორმაცია სჭირდება იმას, ვისაც ყველაზე მეტად უნდა სჭირდებოდეს-ეს არის მთავრობა, სამთავრობო ორგანოები, შემდეგ საწარმოები. ყველაზე აქტიურად ჩვენს ინფორმაციას იყენებს მასმედია, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო.

რატომ ვაწყდებით ამ პრობლემებს? ალბათ ჩვენი ინფორმაცია უფრო აგრესიული, უფრო მისამართული, ოპერატიული უნდა იყოს. მეორე გლობალური პრობლემა, რომელიც პირველთან ძალზედ მჭიდროდ არის დაკავშირებული, გახლავთ ჩვენს მიერ წარმოებული ინფორმაციის ხარისხი. იგი არაა სრულყოფილი, მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ არსებული ადამიანური და ფინანსური უზრუნველყოფის პირობებში ეს საკმაოდ ოპტიმალურ დონეზე წარმოებული ინფორმაციაა. ეს ორი პრობლემა არის ყველაზე მტკივნეული და მათზეა მთელი მუშაობა მიმართული.

რაც შეეხება ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, ახალი მიდგომა გამოიხატება იმაში, რომ რეპონდენტებთან ურთიერთობის და ამ ურთიერთობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ საერთოდ სტატისტიკის დეპარტამენტს ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასმედიასთან, მაგრამ ალბათ საჭიროა ეს ურიერთობები სხვა სიბრტყეში გადავიტანოთ, უფრო გავააქტიუროთ და პირველ რიგში თქვენ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, სხვადასხვა გამოკვლევების შედეგად ვდებთ მაგიდაზე და თქვენი საშუალებით ის გავრცელდეს იმ მომხმარებელთა შორის, რომელიც მას თქვენთან ერთად უნდა იყენებდეს.

ძირითადი ეტაპები, რომლებიც ამ ინსტიტუციონალური ცვლილებებისათვის არის საჭირო არსებული საკადრო და ფინანსური რესურსების პირობებში, მდგომარეობს სამსახურის შიდა სტრუქტურის მაქსიმალურად დახვეწაში. სტრუქტურა საჭიროებს გარკვეულ გადახალისებას, აქ არის ცოტა ამორფული ერთეულები, არსებობს სტრუქტურის ნაწილი, რომელიც ზედმეტია, ასევე რომელიც გაფართოებას საჭიროებს, გარკვეულ სეგმენტებში გვჭირდება მეტი რესურსების კონცენტრირება.

ასევე შემდგომში ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად ალბათ საჭირო იქნება ცენტრსა და რეგიონს შორის ფუნქციების გამიჯვნა და რეგიონის ინფორმაციის უფრო აქტიური გამოყენება. დღეისათვის ადგილებზე გვაქვს გაცილებით მძიმე მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს საკადრო და მთლიანად რესურსი, რასაც ჰქვია სტატისტიკური სამსახური, ვიდრე ცენტრში. ინფორმაციის მოპოვება მისი ჩვენამდე მოწოდება ხდება პირველყოფილი მეთოდებით და საჭიროა, რომ გადავიდეთ სხვა ეტაპზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონების სტატისტიკური სამსახურების როლი გაიზარდოს და მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამუშავება და გარკვეული ნახევარფაბრიკატის სახით ცენტრისკენ გადმოცემა მოხდეს.

რამდენად შეიცვალა კვლევის მეთოდები და ტექნოლოგიები და მოსალოდნელია თუ არა ახალი ცვლილებები იგივე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით?
ჩვენ საკმაოდ აქტიური ურთიერთობები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც გვეხმარებიან როგორც ექსპერტებით, ასევე მეთოდოლოგიურად; მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო ჩვენს მიერ ახლახან გამოშვებული პროდუქტი. ეს გახლავთ ”სასურსათო უსაფრთხოების ბიულეტენი”, რომელიც ასევე შემუშავდა ევროგაერთიანების დახმარებით. მთელი ეს მეთოდოლოგია დამუშავდა ევროგაერთიანების დონეზე, ფაქტობრივად მოხდა ადაპტირება ქართულ სინამდვილესთან და, შეიძლება ითქვას, რომ ძალზედ პროდუქტიულად გამოვიყენეთ ეს დახმარება და ძალზე ხარისხიანი პროდუქტი მივიღეთ, რასაც ჰქვია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფა. ბიულეტენში ჩამოყალიბებულია პოსტულატები, რის მიხედვითაც ევროპაში ითვლიან, თუ რამდენად უსაფრთხოდ ცხოვრობს ესა თუ ის ქვეყანა სურსათის მხრივ, რამდენად შეუძლია მას საკუთარი მოთხოვნილების უზრუნველყოფა, რა მოთხოვნა არსებობს მოსახლეობის მხრიდან იგივე კალორიულობიდან გამომდინარე და ა.შ. ეს სერიოზული გაანგარიშებები დევს ამ ბიულეტენში.

საკმაო მიღწევები გვაქვს შინამეურნეობების გამოკვლევასთან დაკავშირებით, სოციალური სტატისტიკის კუთხით, ესეც უცხოელი ექსპერტების და უცხოური დონორი ორგანიზაციების დახმარებით. ამ კვლევის შედეგად გარკვეული დოკუმენტები, ბიულეტენები დაიდო და, პრინციპში, უპრიანი იქნებოდა, მასმედიის საშუალებით ამ ინფორმაციის მიწოდება უშუალო მომხმარებელზე.

მთავარი პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, მაინც არის მაკროეკონომიკური პარამეტრების ზუსტი გაანგარიშება, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), მათმა ექსპერტებმა საკმაოდ სერიოზული რეკომენდაცია მოგვცეს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შესახებ; ამ რეკომენდაციების საშუალებით მოხდა გარკვეული კორექტირება, მაგალითად, გასული წლის მშპ-ს ზრდის კონკრეტულ ციფრებში მოხდა ჩახედვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ასეთი ურთიერთობის. ასევე, მაგალითად, ძალზე ინტენსიურად ვმუშაობთ ამჟამად IMF-თან სამომხმარებლო ფასების ინდექსებთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველკვირეულად და ყოველთვიურად ვაწარმოებთ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც არის გარკვეული ბარომეტრი იმ მონეტარული პოლიტიკისა, რასაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, იგივე ფისკალური პოლიტიკა, რასაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს, ეს ძალზედ სერიოზული მაჩვენებელია. ამასთან ერთად ამჟამად მიმდინარეობს ძალზე ინტენსიურო მუშაობა საწარმოო ფასების ინდექსთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მოვიცვათ ისეთი დარგები, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, რათა საწარმოო ფასების ინდექსის სურათი აისახოს. ამჟამად ვაწარმოებთ საწარმოო ფასების ინდექსს, მაგრამ ეკონომიკის ძალზე მცირე სეგმენტისა და ეს მეთოდოლოგია ამჟამად შემუშავების პროცესშია, დაახლოებით 3-წლიანი პროექტი გვექნება სავალუტო ფონდთან და საკმაოდ კვალიფიციური ექსპერტი ჩამოდის ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ გვრცხვენია, გავიზიაროთ დაგროვილი გამოცდილება და მოვახდინოთ ამ მეთოდოლოგიის ჩვენს სინამდვილესთან ადაპტირება.

რამდენად გამოსაყენებელია პრაქტიკაში კვების უსაფრთხოების ბიულეტენი, რა შედეგები ექნება მის შემუშავებას?
მაგალითად, ჩვენ გამოვიკვლიეთ, რომ გასულ წელს ხორბლის მოთხოვნილების მხოლოდ მეხუთედი იქნა წარმოებული, ასევე გაირკვა, რომ მოსახლეობის სადღაც 30% იმყოფება იმ ზღვარს ქვემოთ, რომ ვერ იღებს აუცილებელი კალორიების საკმარის რაოდენობას და ა.შ.

ეს ინფორმაცია არის გასათვალისწინებელი, მის საფუძველზე მისაღებია გარკვეული გადაწყვეტილებები. ჩვენს ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროები საკმაოდ აქტიურად იყენებენ და მის საფუძველზე ხდება კიდეც გადაწყვეტილებების მიღება, კორექტირება, და უბრალოდ, სურვილი გვაქვს, რომ გარკვეული ბარომეტრის როლი შეასრულოს ამ სახის ინფორმაციამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

რა პროექტები აქვს სტატისტიკის დეპარტამენტს, რომლებიც ხორციელდება თუ იგეგმება?
ამჟამად ვმუშაობთ პილოტ-პროექტზე იმერეთის რეგიონში. თავიდან მოგახსენეთ ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთკოორდინაციისა და ფუნქციების გამიჯვნის შესახებ; ახლა ვცდილობთ, გარკვეული პრაქტიკული დასკვნები გავაკეთოთ, თუ რა პრობლემები არსებობს და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა. ამ საქმეში ჩვენ დაგვეხმარება გაერო; ეს პროექტი ითვალისწინებს, რომ იმერეთის მხარის ყველა რაიონს ურთიერთობა ექნება ცენტრთან, ანუ ქუთაისთან, ინტერნეტის საშუალებით. ისინი გვეხმარებიან იმითი, რომ საშუალებას გვაძლევენ გამოვიყენოთ ეს ტექნიკა. იმ ინფორმაციას, რომლის ხელით შევსება და სამარშრუტო ტაქსებით გამოგზავნა ხდება დღეისათვის, ჩვენი რაიონული განყოფილების წარმომადგენლები შეიტანენ კომპიუტერში, მოხდება მისი გადამუშავება, რაც შემდეგ ეს თავს მოიყრის რეგიონში, ანუ ქუთაისში, სადაც მოხდება მისი ლოგიკური დამუშავება, და უკვე ნახევარფაბრიკატის კი არა, საბოლოო პროდუქტის გადმოგზავნა ცენტრში. საკმაოდ სერიოზული პროექტია, შეიძლება მისი მასშტაბები დიდი არ იყოს, მათ შორის ბიუჯეტითაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება გარკვეული დასკვნების გამოტანა და შემდგომ ამ მოდელის მთელს ქვეყანაზე გავრცელება.

ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტმა ფართო, საქვეყნო მასშტაბები მიიღოს.

სოფლის მეურნეობის აღწერა 1984 წლიდან დღევანდლამდე არ ჩატარებულა; რა არის ამხელა შუალედის მიზეზი და, სავარაუდოდ, როგორი პერიოდულობით განმეორდება?
ამ ჩავარდნას ჰქონდა ობიექტური მიზეზები; ვერ გეტყვით, საბჭოთა პერიოდში რატომ არ მოხდა სოფლის მეურნეობის აღწერა. იგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, სოფლის მეურნეობა განიცდის ძალიან სერიოზულ სტაგნაციას, თუკი ეკონომიკის სხვა დარგების ზრდა ხდება 1996 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობა ისევ იმ დონეზეა, რაც იყო 1996 წელს. ანუ, მისი წილი მშპ-ში 40%-დან სადღაც 20%-მდე შემცირდა. ეს სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, და, რა თქმა უნდა, აღწერებს შორის დაშორება 21 წელი აღარ იქნება – გარკვეული პერიოდულობით, ალბათ, 3-5 წელიწადში ერთხელ ჩატარდება და ამ აღწერის შედეგად შესწავლილი პრობლემების უფრო დახვეწილი ანალიზი მოხდება.

მუდმივად რომელ ორგანიზაციებთან თუ ფონდებთან თანამშრომლობს სტატისტიკის დეპარტამენტი?
ძალიან აქტიური ურთიერთობები გვაქვს UNICEF-თან, გაეროს ცალკეულ პროექტებთან, დიდი ბრიტანეთის DFID-სთან (საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი – Department For International Development), ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, IMF (საერთაშორისო სავალუტო ფონდი), რომელთა ექსპერტები გვაძლევენ ძალზე მნიშვნელოვან და ძალზე ინფორმაციას. DFID სოციალური სტატისტიკის სფეროში გვიწევს სერიოზულ დახმარებას. ეს პროექტი დასრულების სტადიაშია. 6-8 თვე გაგრძელდა, მაგრამ ძალზე ხელშესახები დახმარება იყო, იგივე სოციალური სტატიატიკის კუთხით, შინამეურნეობის კვლევის კუთხით, და საკმაოდ სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. საერთოდ, ყურადღების ნაკლებობას არ განვიცდით.

საერთაშორისო დახმარებები არის და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იქნება, ეს დახმარება გამოყენებული იქნას ეფექტურად, რომ თვალშისაცემი იყოს შედეგები და უფრო აქტიური თანამშრომლობაც გევქნება ალბათ ამ ორგანიზაციებთან.

როგორი განაწილებაა ამჟამად მშპ-ში დარგებს შორის?
ჯერჯერობით ყველაზე დიდი ნაწილი მაინც სოფლის მეურნეობას უკავია – 20%, შემდეგ მოდის მრეწველობა – 13,2%, მშენებლობის ძალზე სერიოზული ზრდაა, არსანიშნავია ვაჭრობის დიდი წილი – 13%. ცალკე დარგად არ არის გამოყოფილი ტურიზმი. მნიშვნელოვანია საშუამავლო, ანუ საბანკო მომსახურების ძალზე დიდი ზრდა – 1996 წლიდან 2004-მდე მოხდა 9-ჯერ, ანუ 900%-ით ზრდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული ინვესტიციები შემოდის და ქვეყანა იძენს რეგიონული საბანკო ცენტრის ფუნქციას.