სტატისტიკური მონაცემები და რეალური ეკონომიკა

ნინო არველაძე

მსოფლიო ექსპერტები გლობალურ ეკონომიკაში დაწყებული ფასების ზრდის ბუმს არ უარყოფენ. ამერიკის შეერთებული შტატების ინფლაციის მაჩვენებელი დადგენილ ზღვარს გადაცდა, ევროზონისა, რომელიც 2.5% იყო, 4%-მდე გაიზარდა, რუსეთში ინფლაციამ 12% შეადგინა, დსთ-ის ქვეყნებიდან ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტაჯიკეთშია, მეორე ადგილზეა უკრაინა. გამონაკლისი მხოლოდ სომხეთია, სადაც ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს აცხადებენ, მაგრამ ეკონომიკური ექსპერტი იაშა მესხია ეჭვობს, რომ სომხეთში, საქართველოს მსგავსად, სტატისტიკის დეპარტამენტი ფორმალურადაა დამოუკიდებელი და იქაური მთავრობა არარეალურ მაჩვენებელს წარმოაჩენს.

გლობალური ეკონომიკის რთული პერიოდის პირობებში საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი, დამოუკიდებელი პრეზიდენტით, რომელიც არასწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში სახელმწიფოს მთავრობას სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს. ეკონომიკის ექსპერტი იაშა მესხია ეროვნული ბანკის რეფორმას ძალიან კრიტიკულად აფასებს – მას ბანკის თანამშრომლების დევნად თვლის და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს გამოცდილი კადრების ნაცვლად ნათესაური კავშირით მიღებული სტუდენტები მუშაობენ.
საქართველოს ეკონომიკური პრობლემებისა და მასზე მქმედი გარე ფაქტორების შესახე 10 ივლისს ჟურნალმა “ბიზნესი და კანონმდებლობა” ეკონომიკური ექსპერტების მონაწილეობით მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: “ინფლაციის ეგზოგენური ფაქტორები და საქართველო”.
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი საშუალო-წლიური გაანგარიშებით 12,5%-ია, თუმცა ქართველი ექსპერტების გათვლებით ის დაახლოებით 20%-ის ფარგლებში მერყეობს.
ჩინეთსა და ინდოეთში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი ტემპებით იზრდება, ირანში კი 18 წლის განმავლობაში ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო, ამ მხრივ 20 წლის განმავლობაში ყველაზე სტაბილურობით იაპონია გამოირჩეოდა, მაგრამ დღეს აქაც კი შეიცვალა მდგომარეობა. აფრიკაში მუდმივად იყო ინფლაციის პრობლემები, მაგრამ წელს ზიმბვამბეში ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის საათობით იზრდება.
მსოფლიო ეკონომიკაში ფასების ზრდა რეალობაა, ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკიც კი აღიარებს. ინფლაციის პრობლემებს მიეძღვნა გაეროს რამდენიმე კონფერენცია.
საქართველო არის კი მზად ინფლაციის ეგზოგენურ ფაქტორებთან საბრძოლველად?
რა უნდა გაკეთდეს ინფლაციის მასტიმულირებელი გარე ფაქტორების ზეგავლენის მინიმუმამდე დასაყვანად?
საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და ის თითქმის ყველა სტრატეგიული პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, მისი ექსპორტი საკმაოდ შეზღუდულია და საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში პირველ ადგილს კვლავ ჯართი იკავებს.
მსოფლიოში ხორბლისა და საწვავის ფასები, შეიძლება ითქვას, კატასტროფულად იზრდება, ეროვნული ბანკი კი თავდაჯერებით აცხადებს, რომ ინფლაციის დადგენილ 8%-იან ზღვარს დაიცავს. განვითარებულმა ქვეყნებმა გადასინჯეს ინფლაციის დადგენილი თარგეითი და მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების ფონზე, ინფლაციის დადგენილი ზღვრული მაჩვენებლები გაზარდეს. გაუგებარია, თუ რა ბერკეტებით აპირებს საქართველოს მთავრობა შეეჭიდოს ინფლაციის ზრდის დამხმარე გარე ფაქტორებს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს მძიმე ეკონომიკური კრიზისი ელის და მის დასაწყის პერიოდად შემოდგომის დასასრულს ასახელებენ. შესაძლებელია დადგეს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს?
ექსპერტები თვლიან, რომ მათ მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ, მთავრობამ კი მათ განცხადებებს და პროგნოზებს შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციოს.
სამწუხაროდ, საქართველოში უარყოფითი პროგნოზის გაკეთება ითვლება მთავრობის წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობად, მაგრამ როგორც ეკონომიკის დარგში ექსპერტი ელგუჯა მექვაბიშვილი აცხადებს, მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის პროგნოზირება რეალური მდგომარეობის შეფასებით ხდება და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ განცხადებები რეალობას არ შეეფერება.
მცდარია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.
ექსპერტი ეკონომიკის დარგში ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე ობიექტური მიზეზების გამო, მსოფლიოში მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა უნდა დამდგარიყო, მაგრამ ფასების ზრდასთან ერთად მსოფლიოში საწვავსა და ხორბალზე მოთხოვნაც იზრდება. მისი აზრით, რეალურად უნდა შეფასდეს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, რაც ექსპერტების მხრიდან ახლებურ მიდგომას მოითხოვს. რეალურად უნდა ითქვას, თუ რამდენად აქვს პატარა ქვეყანას გარე ფაქტორებთან შებრძოლების საშუალება, ამიტომ საჭიროა მოქნილი პოლიტიკის შემუშავება. როგორც ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, საქართველოში შეფასების პრობლემაა – გაუგებარია, თუ რატომ აღრიცხავს საქართველო 180 მლნ მანქანის ტრანზიტს მანქანის ექსპორტად მაშინ, როცა საქართველო მანქანების ექსპორტიორი არ არის. ერთ-ერთი პრობლემა ექსპორტიორისთვის ხელოვნურად გამყარებული ეროვნული ვალუტა ხდება, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ექსპერტი აცხადებს, რომ დღემდე ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის დასაწევად არაფერს აკეთებდა, მაგრამ მეორე პრობლემა უფრო მწვავეა – რა ბერკეტები აქვს რეფორმის შემდეგ ეროვნულ ბანკს ინფლაციის მაჩვენებლის სამართავად? “საქართველოს ეროვნულ ბანკს რეფორმის შემდეგ არ აქვს რაიმე ბერკეტი ინფლაციასთან საბრძოლველად” – აცხადებს ემზარ ჯგერენაია. “საქართველოში რეფორმატორული ნაბიჯი იმდენად სწრაფ ტემპებში ინერგება, რომ ხშირად კარგი ჩანაფიქრიც კი ჩანასახშივე კვდება” – დასძენს ეკონომიკური ექსპერტი.
ემზარ ჯგერენაიას აზრით “დოლარის კურსის ვარდნა მსოფლიო ტენდენციაა, მაგრამ საქართველოში მას ხელოვნურადაც სწევენ დაბლა, მყარი არ არის ევროც, რომლის მთავარი ციფრიც თითქმის ყოველდღიურად მკვეთრად იცვლება. კონკრეტულად ვერავინ გეტყვით, თუ როგორ მყარდება ლარი. კომერციული ბანკების რეგულირებასთან მიმართებაშიც გვერდს ვერ ავუვლით საქართველოს ეროვნული ბანკის პრობლემებს. კატასტროფა იქნება თუ საქართველოში შეჩერდება მშენებლობის ღირებულების ზრდის ტემპი, მაშინვე ყველა კომერციულ ბანკში უზარმაზარი პრობლემები შეიქმნება. რთული მდგომარეობაა სადაზღვევო ბაზართან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულია ორი მონოპოლისტური ფირმა, მათ კარტელური შეთანხმების შედეგად გაზარდეს ფასები, ისინი ბანკებზე არიან მიბმულნი და ბანკი საკუთარ სადაზღვევო კომპანიაში საკუთარ რისკს საკუთარი კაპიტალით აზღვევს. ინსაიდერების უმრავლესობა სამშენებლო ბიზნესზე მოდის. რამდენად გააზრებულია მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი, თუ ბანკებში არსებობს ინსაიდერული პრობლემები, კაპიტალში არაადეკვატურობა და ლიკვიდურობის სერიოზული პრობლემაა? მნიშვნელოვანია კომერციული ბანკები, როგორც ინფლაციის წყარო – სამწუხაროდ, შესაძლებელია მოკლევადიან პერიოდში სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგეთ.”
ინვესტიციების მოცულობამ ბოლო 3 თვის განმავლობაში თითქმის 48%-ით იკლო, რადგან რუსული და ებრაული “ცხელი” კაპიტალი საქართველოს ტოვებს. ამ პირობების გათვალისწინებით, ემზარ ჯგერენაია ექსპერტებს შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას სთავაზობს და იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მას ყურადღებას მიაქცევენ, რაც საქართველოს მთავრობის გაფრთხილებაც იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის შეზღუდვის, ქვეყანაში არსებული საკუთრების დაცვის პრობლემებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობის პირობების მიუხედავად, განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამს ექსპერტი ეკონომიკის დარგში გოჩა თუთბერიძე. მან ისიც დააფიქსირა, რომ საქართველოს ესტუმრა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ახალი წარმომადგენელი, რომელმაც ვერსად აღმოაჩინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა, რაც ქართველებმა ეკონომიკური განვითარების მინისტრების სწრაფი ცვლის მიზეზით ახსნეს, მაშინ როდესაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სხვა არაფერი ევალება. ის აცხადებს, რომ მშენებლობაში ფასების ზრდა გაგრძელდება, სანამ მშენებლობის ხარჯები კვადრატული მეტრის ფასზე ნაკლები იქნება და მშენებლები ფულს ბიზნესში ყოველთვის ჩადებენ, თუ ეს კანონზომიერება არ დაირღვევა. წლის ბოლო შედეგების თანახმად, კომერციული ბანკებისგან ეკონომიკაზე გაცემული სესხები 5 მლრდ ლარი იყო, საიდანაც 3.6 მლრდ ლარი ეკონომიკაში ინვესტირებული სესხები იყო (მშენებლობა, მრეწველობა, კავშირგაბმულობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ). გოჩა თუთბერიძის მოსაზრებით, ყველა სფეროში სერიოზული ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. კომერციული ბანკები 8 მლრ ლარის აქტივებს ფლობდნენ, აქედან 5 მლრდ ლარი კრედიტებია. მოზიდული თანხებიდან დაახლოებით 2 მლრდ დოლარი ევროპისა და ამერიკის ბაზრებიდანაა მოზიდული, რასაც “ცხელ ფულს” ვერ ვუწოდებთ, რადგან ის ბანკებმა მოიტანეს და მისი ინვესტირება ქართულ ეკონომიკაში მოხდა.
გოჩა თუთბერიძის მოსაზრებით, “ეკონომიკურ ზრდაზე ყველაზე მეტად ინფლაციის ზრდა მეტყველებს, ეს ეკონომიკური კანონია. აზერბაიჯანი და უკრაინა ინფლაციის მაჩვენებლით გვისწრებს, სომხეთში ინფლაციის დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ეკონომიკური ზრდა მაღალია. ეკონომიკური ზრდა დაფინანსებას ითხოვს, მაგრამ სადეპოზიტო ბაზა ქვეყნის შიგნით ამის საშუალებას არ იძლევა და კრედიტებზე პროცენტების უფრო მაღალი ზრდაა, ჩვენს ეკონომიკას კი ამ რესურსების უზრუნველყოფა არ შეუძლია, ამიტომ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, რაც არ შეიძლება ეკონომიკური კრიზისის საფუძვლად ჩაითვალოს, რადგან ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს. პრობლემაა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის თითქმის ნულამდე დაყვანა, რადგან არსებულ ინფლაციის მაჩვენებელთან გასამკლავებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა, რათა მან ინფლაციის კონტროლი მოახერხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. პრობლემაა საკუთრების უფლების დაცვა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა. ამ პრობლემების მოგვარების შემთხვევაში მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესები საქართველოს ნაკლებად შეეხება.”
მსჯელობისას ექსპერტებმა გამოკვეთეს საბიუჯეტო სახსრების დაუდევრად ხარჯვის პრობლემაც, რაც, პირველ რიგში, მთავრობის თითქმის ყველა წევრის პირად დაცვაზე და ფსევდოდასაქმების პროგრამების დაფინანსებაზე მოდის, მსგავსი პრეცენდენტი კი ევროპაში არ არის. იაშა მესხია აცხადებს, რომ დღეს ერთ პირთან მოლაპარაკებითაც კი შესაძლებელია საბიუჯეტო სახსრების მასიური ხარჯვა.
ექსპერტი ეკონომიკის დარგში ნოდარ ხადური აცხადებს, რომ პრობლემა თანხების მასიური ხარჯვა კი არ არის, არამედ მთავარია თუ რაში იხარჯება ეს თანხები. სუსტი ეროვნული ბანკი ძლიერ მონეტარულ პოლიტიკას ვერ გაატარებს, ფისკალური პოლიტიკა კი ამორფული ხდება.
როგორც ნოდარ ხადური აღნიშნავს: “ჩვენმა მთავრობამ გვამცნო და გაგვახარა, რომ ჩვენი ბიუჯეტი პროფიციტული გახდა. პროფიციტული ბიუჯეტი შეიძლება მაშინ გქონდეს, როდესაც შემოსავალი გასავალს აღემატება. ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა შეექმნა ფონდი, სადაც ჭარბი ფული შევიდოდა და ამ პირობებში ევროპისგან 500 მლნ დოლარი ისესხა, რაც პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში გაუგებარია. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ქვეყანა სწრაფად ვითარდება და მას ბევრი ფული სჭირდება. არ არსებობს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ბიუჯეტი და რაში უნდა დაიხარჯოს ფული. ხელისუფლებას ერთი გუნდი რომ მართავს ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს ბიუჯეტში ზედმეტად შემოსული თანხები პარლამენტის განხილვის გარეშე პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდში წავიდოდა. ქვეყანაში ჩამოყალიბებული და გააზრებული უნდა იყოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, არ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უსიტყვოდ შეასრულებს. ქვეყანაში განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა დღევანდელი მდგომარეობის ადეკვატური არ არის, ჩვენი მოხმარება ძირითადად იმპორტზეა ორიენტირებული, ნავთობისა და ხორბლის ფასი მსოფლიოში იზრდება (შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებით არ ძვირდება მარილი), ამიტომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი. 5 წლის წინ ფინანსთა სამინისტროს პარლამენტში განსახილველად შეჰქონდა შემცირებული ბიუჯეტი, დღეს კი ყველაფერი პირიქით ხდება, ვერ ჩამოყალიბდა დოკუმენტი, რომელიც არსებულ მდგომარეობას აღწერს, ბიზნესისთვის კი ქვეყნის ბიუჯეტი გარკვეული ორიენტირია. ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის უნდა არსებობდეს ჯანსაღი ინტერესთა კონფლიქტი, ახლა ყველა სადავე ფინანსთა სამინისტროს ხელშია, ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტი მისი მითითებების მიხედვით აქვეყნებს მონაცემებს. ამის შედეგად გამოდის, რომ ქვეყანა ოფიციალური მონაცემებით კარგად ცხოვრობს.”
ექსპერტი ეკონომიკის დარგში ნოდარ ჯავახიშვილი უარყოფითად აფასებს საქართველოს კონტროლის პალატის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევის წყარო გახდება. საქართველოში არ არსებობს ისეთი ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები, რომელიც კონტროლის პალატას დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. ევროპაში კონტროლის პალატის სათაო ოფისები დედაქალაქებში მდებარეობს. როგორც ექსპერტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, საბიუჯეტო თანხები არასწორად იხარჯება, ქვეყანაში არ არის სახელფასო პოლიტიკა, ფიქსირდება მზარდი ინფლაცია, ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა და ისპობა საშუალო ფენა. ნოდარ ჯავახიშვილის კრიტიკას ვერ გადაურჩა გადაცემა “ბიზნეს-კურიერი”. ექსპერტის აზრით, ამ გადაცემის რეპორტაჟები მაყურებელს თვალში ნაცარს აყრის და საქართველოს ეკონომიკურად აყვავებულ ქვეყნად წარმოაჩენს, სადაც თითქოს მაღალ დონეზეა განვითარებული სოფლის მეურნეობა და სხვა ეკონომიკური სექტორები.
ამ შეხვედრაზე, ეკონოკიკურმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, რათა მან რეალურად შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესები, ეცადოს მოაგვაროს დასახელებული პრობლემები და მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნის ეკონომიკას დიდ ზარალს უქადის.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial