საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი სალონიკში

ლალი ჩაგელიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მონაწილეობდა 31 ივლისს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ”შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” (BSTDB) მმართველთა საბჭოს სპეციალური მეორე სხდომის მუშაობაში.

სხდომა მიზნად ისახავდა ”შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის არჩევას. არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბანკის მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის პოსტი მუსტაფა გუსტინს (თურქეთი) ეკავა. ახ;ლანდელ არჩევნებში კი პრეზიდენტობაზე პრეტენზია თურქეთმა და რუსეთმა განაცხადეს. სხვათაშორის, ”შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” მმართველთა საბჭოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ერევანში გამართულ მე-7 წლიურ შეხვედრაზე უნდა არჩეულიყო, მაგრამ მხარეების შეუთანხმებლობის გამო, საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა.

”რომელ კანდიდატურას დავუჭერ მხარს, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. წინასწარი განცხადების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია” – ასეთ განცხადებას აკეთებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე არჩევნების დაწყების წინ.

სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ”შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” მმართველთა საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 2005-2010 წლებში არჩეული იქნება თურქეთის წარმომადგენელი, ხოლო 2010-2014 წლებში კი მმართველთა საბჭოს რუსი პრეზიდენტი ეყოლება.

რომან გოცირიძე რეზოლუციის ტექსტში სწორედ ამ მუხლის შეტანის წინააღმდეგ გამოვიდა. ”ასეთი სახის გადაწყვეტილებებს, ძირითადად, ბანკის მსხვილი აქციონერები – თურქეთი, რუსეთი და საბერძნეთი წყვეტენ. ჩევნი სურვილია, ”შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” წვრილი აქციონერები მხოლოდ მეთვალყურის სტატუსით არ შემოიფარგლონ.” – რომან გოცირიძის ამ პოზიციას დაეთანხმნენ ბულგარეთის წარმომადგენლებიც.

”შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის” მმართველთა საბჭოს ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილი გახდება 2005 წლის ნოემბერში, ბაქოში, საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა შეკრებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი რომან გოცირიძე პრეზიდენტის პოსტზე თურქეთის წარმომადგენელს დაუჭერს მხარს. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა გოცირიძემ კურიოზი უწოდა არჩევნების ისეთ წესს, როცა პრეზიდენტის ვინაობა 4 წლით ადრე ხდება ცნობილი.

ცნობისთვის, ”შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი” შეიქმნა ბისეკის წევრი სახელმწიფოების (საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ალბანეთი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. მისი შტაბ-ბინა ქალაქ სალონიკშია (საბერძნეთი). ხელშეკრულება ბანკის დაფუძნების შესახებ ხელმოწერილი იქნა თბილისში, ბისეკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე (1994 წლის 31 ივნისი), საქართველოს პარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა ორი წლის შემდეგ, 1996 წლის 25 დეკემბერს.

BSTDB -ს სტრუქტურაში ყველაზე მსხვილი აქციონერები არიან თურქეთი, რუსეთი და საბერძნეთი – თითოეული მათგანი აქციების 16,5%-ს ფლობს, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა – თითოეული ფლობს 13,5%-ს, ალბანეთი და Aაზერბაიჯანი – ფლობს 2%-2%-ს, ხოლო საქართველო, სომხეთი და მოლდოვა – 1%-1%-ს. BSTDB-ს საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 1 მლრდნსუ-ის (SDR-ნასესხობის სპეციალური უფლება) ოდენობით.

BSTDB თანამშრომლობს ქართულ ბანკებთანაც. მან ”საქართველოს ბანკს”, ”თი ბი სი ბანკს”, ”გაერთიანებულ ქართულ ბანკს” და ”პროკრედიტ ბანკს” 13,5 მილიარდი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გაუხსნა. ”შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი” საქართველოში ახორციელებს ექსპორტის განვითარების სადაზღვევო-საკრედიტო სააგენტოსა და ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტებს. მათი საერთო ღირებულება 8 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.