ვინ აკონტროლებს მშენებლობებს თბილისში

ფატი მამიაშვილი, ემზარ ჯგერენაია

ჩვენ ახლა გარეგნულად ფერად ქალაქში ვცხოვრობთ. მწვანე ცისფერ წითელ ყვითელ შენობებს მხოლოდ წინა ფასადები აქვთ შელამაზებული – პრეზიდენტ ბუშის პატივსაცემად ნაჩქარევად შეღებილი სახლების გვერდით უკანონო მშენებლობები, ექსპლუატაციაამოწურული “ხრუშჩოვკები”, ლოჯიებამოშენებული და შეშის ღუმელის გამჭვარტლული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და უსახური შენობებია, რომელთა არსებობა ხშირ შემთხვევაში, არქიტექტურული თვალსაზრისით, გაუმართლებელია.

როგორ უნდა წარიმართოს ბინათმშენებლობა, როგორ უნდა იქნეს დაცული სახელმწიფო და კერძო ინტერესები მშენებლობების განხორციელებისას, როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები, როგორ შევინარჩონოთ ისტორიული ძეგლები, რა სახის ნებართვა გაიცემა მშენებლობების დაწყებისათვის – ამ მნიშვნელოვან საკითხებს არეგულირებს ახალი კანონი “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, რომელიც მიღებულ იქნა 2005 წლის 2 ივნისს.

ამასთან თბილისის ყოფილი მერის სიტყვიერი ბრძანებით შეჩერებულია 50 კორპუსის მშენებლობა. ეს არის დაკარგული სამუშაო ადგილები, თანხების დანაკლისი ბიუჯეტში და ათობით გაკოტრებული ინვესტიცია. მიზეზი ერთია, ე.წ. კოეფიციენტები, არადა დაბალსართულიანი კორპუსები ზარალიანია. სად არის გამოსავალი?

კანონი “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ”, საქართველოს მოსახლეობის “ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით” უნდა არეეგულირებდეს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვით საკითხებს (თავი 1. ზოგადი დებულებანი) ხოლო ქვეყნის განვითარების, მისი კავკასიური, ევროპული და მსოფლიო ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის უნდა შექმნას დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურა, რაც გულისხმობს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების თანაბარ პირობებს.

კანონის მიზანია, დაადგინოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობების ძირითადი ასპექტები:
ა) მოსახლეობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნისათვის;
ბ) ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარებისათვის;
გ) კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარებისათვის;
დ) კავკასიურ, ევროპულ და მსოფლიო სისტემებსა და სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის.

კანონით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა თანაბრად ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებზე.

სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპები (მუხლი 5) გულისხმობს შემდეგს: უნდა შეიქმნას წინაპირობა საბინაო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, აუცილებელია ინფრასტრუქტურის შესაბამისობა დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიებს შორის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს პარიტეტულობა კომუნიკაციების ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით (პუნქტი ე). გარდა ამისა, დასახლებათა განვითარება ორიენტირებული უნდა იქნეს ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებაზე, პრიორიტეტული უნდა გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც (პუნქტი ვ). სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, მშენებლობების დაგეგმარებისას უნდა შენარჩუნდეს წყლის, ნიადაგის, ბუნების, კლიმატის თავისებურებები (პუნქტი კ), მაქსიმალურად შემსუბუქდეს ინფრასტრუქტურის გავლენა გარემოზე (პუნქტი ლ), მოხდეს მოწყვლადი ზონებისა და დეპრესიული რეგიონების გათანაბრება (პუნქტი მ), მოხდეს სახელმწიფო და კერძო ინტერესების ურთიერთშეთანხმება (პუნქტი ს) და სხვ.

კანონის თანახმად, საჯაროობის თვალსაზრისით, “ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირების, შემუშავების, განხილვისა და შეთანხმების პროცესში ორგანიზებულ საჯარო განხილვებში” (მუხლი 7). საჯარო განხილვების ორგანიზებაზე პასუხისმგებელია დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება.

კანონით გათვალისწინებულია დასახლებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი ფასეულობების დაცვა. შესაბამისად, განსაზღვრულია შემდეგი სახის დაცვის ზონები:
ა) მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) არქეოლოგიური ზონა;
გ) განაშენიანების ზონა;
დ) ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონა;
ე) კულტურული ფენის დაცვის ზონა”. მუხლი 35-ე.

35-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულია კულტურული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების დაცვა, მათი კონსერვაცია, რესტავრაცია და ადაპტაციაც.

ასე რომ, თანამედროვე ქალაქთმშენებლობის პრინციპები უნდა შეესაბამებოდეს ასევე თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც ერთმანეთთანაა შერწყმული ძველი და ახალი არქიტექტურა.

როგორი უნდა იყოს დედაქალაქის განაშენიანების გეგმა და როგორ დავიცვათ “ძველი თბილისის არქიტექტურული ნაწილი, ამის შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ბატონ ჯუმბერ ხატიაშვილს.

“ქალაქთმშენებლობა ურთულესი საქმეა და მას ძალიან დიდი დრო სჭირდება. პირველ რიგში, ქალაქის საკრებულომ, როგორც მოსახლეობის ნების გამომხატველმა, უნდა იმსჯელოს თბილისის განვითარების პერსპექტიული გეგმის შესახებ. სანამ არ მოხდება პერსპექტიული გეგმის შედგენა და არ მიიღწევა შეთანხმება, როგორი იქნება თბილისი თუნდაც 15-25 წლის შემდეგ, მანამ უნდა ამოქმედდეს დროებითი რეგულირების მექანიზმები, რომლის ელემენტები დღეს არსებობს რეგლამენტის სახით. ამას მხოლოდ სწორი გაგება და გამოყენება უნდა”.

რა არის “ძველი თბილისი?” ბატონი ჯემალის განმარტებით, დღეს შეუძლებელია, ზუსტად განვსაზღვროთ ქალაქის ისტორიული ნაწილის საზღვრები, რადგან ამ ზონაში ძალიან ხშირად იგულისხმება მეოცე საუკუნის ქუჩები და შენობა-ნაგებობებიც.

“ამბობენ, რომ ჭავჭავაძის პროსპექტიც ისტორიულ ზონაში შედის. შეიძლება, ჭავჭავაძის პროსპექტი ისტორიულ ზონაში შეიყვანო იმ ნიშნით, რომ კომუნისტების დროს გაჩნდა, ხოლო კუმუნისტების ეპოქაც ჩვენი ისტორიის ნაწილია. მაგრამ ეს ისტორიის ნაწილიც ხომ განსხვავდება, ვთქვათ, მე-19 საუკუნის ძეგლებისგან? ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თავად ისტორიული ზონა დავყოთ ნაწილებად და განვსაზღვროთ, რომელია მართლაც ძველი თბილისი. ძველი თბილისი – ეს არის მე-19 საუკუნის შენობა-ნაგებობები, რომელიც ხელშეუხებლად უნდა შევინახოთ. სწორედ ეს აძლევს თბილისს საკუთარ სახეს და განასხვავებს სხვა ქალაქებისგან. თბილისში არსებობს ისეთი სახლები, რომელთა ფასადებისა და შიდა ნაწილის შეცვლა არ შეიძლება. ასეთ სახლებს აუცილებლად სახელმწიფო უნდა იცავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ რომელიმე მცხოვრები დაანგრევს. რასაკვირველია, არსებობს ისეთი სახლებიც, რომელთა ფასადებს არავითარი ისტორიული ღირებულება არა აქვს, მაგრამ მათი ეზოებია ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობდა ნიკალა ან რომელიმე გამოჩენილი პიროვნება.

თბილისის ისტორიული ზონისთვის უნდა არსებობდეს ორი რუკა, ორი სახე: პირველი ზონა – ძველი, მე-19 საუკუნის თბილისის შენობა-ნაგებობები, მეორე ზონა – ისეთი შენობა-ნაგებობები და ისტორიული ძეგლები, რომლებიც მე-19 საუკუნის შემდგომ პერიოდს განასახიერებს. რეგულირება ამ ორ ზონაში უნდა იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული. ასევე, საჭიროა, არსებობდეს ზონა, სადაც რეგულირება, ისტორიული თვალსაზრისით, არ არის აუცილებელი.

როგორც გითხარით, ქალაქთმშენებლობის განხორციელებისთვის ძალიან დიდი დროა საჭირო. მაგალითად, ინგლისში მსგავსი სისტემის შექმნას დაახლოებით 200 წელი მოანდომეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს შედეგი. არაჩვეულებრივი მაგალითი მინდა გიამბოთ. ტრაფალგარის მოედნის ოთხივე კუთხეში განთავსებულია პოსტამენტი. სამ პოსტამენტზე ვიქტორიანული ეპოქის ძეგლები დგას, ხოლო მეოთხე – ცარიელია! იმიტომ, რომ ვერ გადაწყვიტეს, ვისი ძეგლი უნდა დაიდგას მეოთხე კუთხეში, მაგრამ შეთანხმდნენ და ანუ იმ ცარიელ პოსტამენტზე დადგეს იმის აღსანიშნავი ძეგლი, რომ 150 წლის განმავლობაში ვერ შეარჩიეს, ვისი ძეგლი დადგმულიყო! აი, რა არის დემოკრატია!

როცა ისტორიულ ზონებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რისი დანგრევა შეიძლება და რისი – არა. იმელის შენობაზე სტალინის ბარელიეფი ხელით მიამტვრიეს. გასაგებია, რომ ლენინის მოედანზე ლენინის ძეგლი, როგორც სიმბოლო, უნდა ჩამოეგდოთ, მაგრამ იმელის შენობიდან სტალინის ბარელიეფის ჩამომტვრევით რას მივაღწიეთ? ასეთი ძეგლებიც თავისებურ დაცვასა და შენახვას საჭიროებს, რადგან ისინიც გარკვეული ეპოქის გამოხატულებაა.”

თანამედროვე თბილისში არ წყდება დავა ბინათმშებებლობებთან დაკავშირებით. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ყველაზე მეტი განცხადება და საჩივარი სწორედ ამ საკითხებზე შემოაქვთ. მიუხედავად მოსახლეობის წინააღმდეგობისა, იზრდება მშენებლობების რიცხვი. შესაბამისად, იზრდება თბილისის მოსახლეობაც. არასრული მონაცემებით, თბილისში დღეს 1 მილიონ 200 ათასი კაცი ცხოვრობს, მოსახლეობის ყოველწლიური მატება დაახლოებით 14%-იანი ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება.

არსებობს თუ არა სავარაუდო სტატისტიკური მონაცემები, 2010-20015 წლისთვის რამდენი იქნება თბილისის მოსახლეობა, რამდენი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი სჭირდება ერთ ადამიანს, რამდენი სკვერი და დასასვენებელი ადგილი უნდა არსებობდეს, რა მასშტაბებით უნდა გაიზარდოს საკომუნიკაციო მომსახურება და ა.შ. ჯუმბერ ხატიაშვილი განმარტავს, რომ ამ კითხვებზე არ არსებობს არათუ ზუსტი, არამედ სავარაუდო პასუხიც კი.:

“როცა ქალაქის მასშტაბებზეა საუბარი, წინასწარ ვერ გათვლი, რამდენი იქნება მისი მოსახლეობა, ან რა რაოდენობის მშენებლობებია საჭირო. თბილისი 2010 წლისთვის შეიძლება იყოს 10-მილიონიანი, ანაც 600-ათასიანი ქალაქი. ასეთი საკითხები ქაოსურად კი არ უნდა წარიმართოს, არამედ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს. მე ვფიქრობ, თბილისის მოსახლეობამ მილიონნახევარს არ უნდა გადააჭარბოს.

დღევანდელი თბილისი განფენილია 25 ათას კვადრატულ მეტრზე. გვაქვს 15 მილიონი ჰექტარი ტყე და 7 ტბა! ამ ტერიტორიაზე მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ვერ დაეტევა. გარდა ამისა, თბილისის საბინაო ფონდის 80% უკვე ამორტიზებულია, ბინათმშენებლობების ტემპი კი გასულ წლებთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტალდაბანდებებიც 2%-ით შემცირდა! ეს კი ნამდვილი კატასტროფაა!”

თანამედროვე თბილისი არათანაბრად და ქაოსურად ვითარდება. ამას ხელს უწყობს ქართული მენტალიტეტიც – უპირატესობა მივანიჭოთ მაინცდამაინც ე.წ. პრესტიჟულ უბნებს. ამ პრინციპით, ვაკესა და საბურთალოზე ახალი ბინათმშენებლობები მასშტაბურ ხასიათს ატარებს, ამ რაიონებში ეს ბიზნესი მომგებიანია, გლდანსა და ჩუღურეთის რაიონებში კი – წამგებიანი, გლდანი პერიფერიაა, ძველი პლეხანოვი კი – თბილისის ყველახე დაბლობი ადგილი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ რაიონების განაშენიანებით რომელიმე კერძო ინვესტორი დაინტერესდეს.

სამაგიეროდ, ზოოპარკის ტერიტორიაზე რამდენიმე წელიწადში ახალი საცხოვრებელი კომპლექსები წამოიჭიმება. “არც ერთი ბარაკი ჩვენს ქალაქში!” – ამ პირობითი ლოზუნგის ეგიდით, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზეც მრავალსართულიანი სახლები აშენდება. სხვათა შორის, თბილისის მთავრობისგან მივიწყებული ეს უბანი, რომელიც ახლა მხოლოდ ძვირადღირებული აგარაკების სიმრავლით და უკანონოდ გასხვისებული მიწების გახმაურებული საქმით გამოირჩევა, ისტორიული ბაქულბაქევის – დიდი დიღმის ტერიტორიაა. იქ კლიმატი განსხვავებულია და მიწა – საოცრად ნაყოფიერი (იქ 1800 ჯიშის ყურძენი ხარობს და თითქმის ყველა სახეობის ხეხილი ყვავის). “თბილისის ფილტვებად” წოდებული დიდი დიღმის ტერიტორია კი დღემდე პოლემიკის საგანია – სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ადგილებში მაღალსართულიანი სახლების აშენება თავიდანვე შეცდომა იყო.

კანონი “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობების საფუძვლების შესახებ”, მართალია, ითვალისწინებს, სად უნდა მოხდეს განაშენიანება, მაგრამ ამ კანონში არაფერია ნათქვამი, რა ეშველება ისეთ ადგილებს, სადაც მშენებლობები საერთოდ არ უნდა განხორციელებულიყო. სხვათა შორის, ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ჯერ კიდევ 2005 წლის იანვარში გადაწყვიტა აღმაშენებლის ხეივნის იერსახის შეცვლა და სპეციალური გეგმაც შეიმუშავა, მაგრამ თბილისზე შთაბეჭდილება დასავლეთის მხრიდან შემოსული მგზავრისთვის მაინც რესტორნების რიგის, ბენზინგასამართი სადგურების, ჯიხურებისა და ცხვრის ფარების დათვალიერებით იწყება. დღევანდელ თბილისს, რომელსაც ევროპული ქალაქის პრეტენზია აქვს, სამწუხაროდ, ფერუმარილიან, მაგრამ პირდაუბანელ პატარძალს ადარებენ. ყოფილხართ მეიდანზე? ისტორიულ უბანში, ქალაქის ცენტრში, შეღებილ ფასადებიანი სახლების გვერდით საღორეებსაც წააწყდებოდით. . .

ჯუმბერ ხატიაშვილი: ” ქალაქი იმისათვის კი არა არსებობს, ვინმე უცხოელი ჩამოვიდეს და თქვას, რა ლამაზიაო, ქალაქი იმისთვის არსებობს, რომ მისმა მოსახლეობამ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კომფორტაბელურად იცხოვროს და იმუშაოს.”

არსებობს თუ არა გამოსავალი?

საქართველოს დედაქალაქმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ შეიცვალა არქიტექტორი. 25 ივლისს ქალაქის ახალმა მერმა ურბანული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურს ახალ ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჩხაიძე წარუდგინა. გიგი უგულავასა და ნიკოლოზ ჩხაიძის პოზიცია თბილისის იერსახის შესახებ ცალსახაა – თბილისში დაიწყება ლიბერალური სამშენებლო პოლიტიკის გატარება, რაც გულისხმობს ევროპულ სტანდარტებზე გადასვლას და სამშენებლო ნებართვის გაცემისას ბიუროკრატიული ელემენტების ალაგმვას. ურბანიზაციის სამსახური მოიზიდავს ინვესტორებს და, შესაბამისად, თბილისში აიკრძალება უნებართვო და მახინჯი მშენებლობები. – ასეთ დაპირებას უკვე მერამდენედ ისმენენ თბილისელები.

P.S. წერილზე მუშაობისას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარებისათვის დავუკავშირდით ბიზნესჯგუფს, რომელიც ძალიან მალე თბილისში გრანდიოზულ მშენებლობებს გეგმავს. პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა: აღმოჩნდა, რომ კომპანიას სამშენებლო ბაზარიც კი მხოლოდ ნაწილობრივ აქვს შესწავლილი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial