რატომ შეიძლება გაძვირდეს სადაზღვევო მომსახურება

მაკა ღანიაშვილი

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი სფერო, რომელშიც მოსახლეობას ცვლილებების დიდი მოლოდინი აქვს – ჯანდაცვაა. არჩევნებში გამარჯვებული “ქართულ ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებიდან, საყოველთაო დაზღვევა უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო. წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს.

როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტს და შეეძლება, სხვადასხვა სახის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რო-გორიცაა: ოჯახის ექიმი, მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ჰოსპიტალური მომსახურების გარკვეული ნაწილი, ონკოლოგიურ დაავადებათა თერაპია, მათ შორის – სხივური მკურნალობა და ა.შ.
ბიძინა ივანიშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტის წინაშე უკვე წარადგინა სამთავრობო პროგრამა “ძლიერი დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის”. პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ მიმართულებებზე. “საქართველოს მთავრობა უმნიშვნელოვანეს რეფორმას განახორციელებს ჯანდაცვის სისტემაში. ამ რეფორმის პირველსავე ეტაპზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტი”, – აღნიშნა ივანიშვილმა და განაცხადა, რომ ასეთივე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება საპენსიო სისტემაში.
ახალი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის ახალი სისტემა. რომელიც დაეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ პრინციპებს, როგორიცაა სამართლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა. ის პენსიონერები, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე საპენსიო ასაკის არიან ან მიაღწევენ ამ ასაკს, სახელმწიფოსგან მიიღებენ პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული.
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, ეკონომისტი დემურ გიორხელიძე: “ჩვენი პროგრამა ეფუძნება საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, მაგრამ იქნება სოციალურად ორიენტირებული, რადგანაც წინა ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა მოქალაქეების სოციალური დაცვის თვალსაზრისით. პენსიები გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, რაც დღეს გახლავთ 160 ლარი. სოციალური დახმარებებიც იქნება მიზნობრივი. უნდა გადაიდგას ელემენტარული ნაბიჯები. ელემენტარულში კი იგულისხმება, თუნდაც, ის საყოველთაო დაზღვევა. აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რასაც ახალი ხელისუფლება გააკეთებს”.
მთავრობის გეგმის თანახმად, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდება საქართველოს ყველა მოქალაქის საბაზისო დაზღვევა. არსებობს თუ არა რესურსი 2013 წლის ბიუჯეტში ამ დაპირებების შესასრულებლად და როგორ გეგმავს “ქართული ოცნება” ფინანსური რესურსების მობილიზებას? როგორც არჩევნების წინ “ქართული ოცნების” ეკონომიკური გუნდის წევრები აცხადებდნენ, 2012 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული დაახლოებით 8 მლრდ. ლარი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს და ყველა ადამიანი დაზღვეული იყოს, მინიმალური პაკეტით მაინც.
რა მომსახურება შევა ჯანდაცვის პოლისში, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს, ამის დაკონკრეტებისგან ახალი მმართველი გუნდი ჯერჯერობით თავს იკავებს. იგი მხოლოდ ბაზისური ჯანდაცვის უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე საუბრობს. ახალი სახელისუფლებო გუნდ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერი 2013 წლის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული და იქვე დასძენენ, რომ აწ უკვე გადამდგარი მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტში ჩადებული 500-მილიონიანი ზრდა საკმარისი არ იქნება. “ქართული ოცნების” წევრთა გათვლებით, ჯანდაცვაზე იმაზე თითქმის სამჯერ მეტი უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე ახლა იხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული ბიუჯეტის თითქმის მესამედს ჯანმრთელობის სახელმწიფო სადაზღვევო და საპენსიო ხარჯები შეადგენს.
კოლიცია “ქართული ოცნების” წევრი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის და მოსახლეობის დაზღვევის რესურსი 2013 წლის ბიუჯეტში იქნება: “ბი-უჯეტში ყველას დასაზღვევად იქნება რესურსი. მაგრამ აქ დეტალურად სანახავია, რამდენად აქვს სადაზღვევო ბაზარს უნარი, აითვისოს და თავისი ობიექტებით მოემსახუროს იმ სერვისებს, რაც იქნება ჩადებული სადაზღვევო პაკეტში. პირველად ხდება ასე, როცა ყველა უნდა დაეზღვიოს. ეს ად-ვილი არ იქნება, მთავარია, გადავდგათ პირველი ნაბიჯი”.
საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევის პროექტის განხორციელება შესაძლებელია, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, როგორი იქნება საბაზისო პაკეტი: “დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფო ნების არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერი არ არის. კარგად გათვლილი და გაკეთებული პროგ-რამის არსებობის შემთხვევაში, ყველაფრის მოგვარება შეიძლება. მაგრამ არა მგონია, რომ ეს ერთბაშად მოხდეს და აქამდე არსებული ყველა პროგრამა გადაფაროს. ეს პროგრამა, ჯერჯერობით, შემუშავების ეტაპზეა და წინასწარ რამის თქმა მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა იქნება. დღევანდელი რესურსებით რომ შევაფასოთ, რას შეიძლება ნიშნავდეს საყოველთაო დაზღვევა? ყველა მოქალაქეს, ალბათ, ექნება საბაზისო სადაზღვევო პაკეტი, ჯერ დეტალები საჯაროდ არ არის გამოტანილი: რა იქნება ამ პაკეტში, რა ტიპის სამედიცინო მომსახურება იქნება გათვალისწინებული და ა.შ., მაგრამ, ალბათ, წინა პროგრამების უამრავი ნაკლი რაც იყო, ეს ხელისუფლება ახალი პროგრამის შემუშავებისას გაითვალისწინებს. ერთ რამ ცხადია, ეს პროგრამა რომ იყოს შედეგიანი, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი სტანდარტიზცია. არ უნდა წყვეტდეს ერთი მენეჯერი, პაციენტს სჭირდება თუ არა ესა თუ ის სამედიცინო სერვისი. დღევანდელი საბაზისო პროგრამების ნაკლი ის არის, რომ დაზღვევა ფარავს მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზს. პაციენტს კი დიაგნოზის დასასმელად სჭირდება ხუთი ანალიზი.”
ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, თუ ვინ უნდა განახორციელოს საყოველთაო დაზღვევის პროექტი: კერძო სექტორმა თუ ერთიანმა სადაზღვევო კომპანიამ, რომელიც იქნება სახელმწიფო მმართველობაში. გიორგი გიგოლაშვილი: “თუკი შეიქმნება სახელმწიფო კომპანია, ამ შემთხვევაში გა-სათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს ახასიათებთ ბიუროკრტია და ეს უნდა გამოირიცხოს. ჯანდაცვის სისტემაში არ შეიძლება დაყოვნება. შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი, თუმცა დასახელებას არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც, სახელმწიფოს სამედიცინი სადაზღვევო პროგრამების დაფინანსებაზე იქნება ორიენტირებული. კერძო სექტორი ჩაერთვება შემდეგში – სახელმწიფო პროგრამა იქნება საბაზისო პაკეტის განმახორციელებელი, პოლისი იქნება საბაზისო და გაითვალისწინებს იმას, რაც საწყის ეტაპზე სამედიცინო მომსახურების კუთხით დაზღვეულს შეიძლება დასჭირდეს. ამ პოლისის ფარგლებში ლიმიტირებული იქნება, ალბათ, ამბულატორიაც, მედიკამენტებიც, ჰოსპიტალიზაციაც და ა.შ. მაგრამ კერძო სექტორს ექნება იმის საშუალება, რომ ამ საბაზისო პაკეტის გარაფთოებული ვარიანტი შესთავაზოს მომხმარებელს. სიტყვაზე, თუ სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტი იქნება 60-ლარიანი, სადაზღვევო კომპანიას შეუძლია შესთავაზოს ბაზარს 120, 180-ლარიანი და სხვა პაკეტები. სადაზღვევო პოლისების დიაპაზონი საკმაოდ დიდია. საბაზისო პაკეტს ექნება თავის ადგილი, რომელიც განკუთვნილი იქნება ყველასთვის, ამის იქეთ, სხვა პირობებით ვისაც ექნება სურვილი, რომ შეიძინოს სადაზღვევო პოლისი, მიმართავს კერძო კომაპნიებს”.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, სახელმწიფო კომპანიის შექმნის შემთხვევაში, კერძო სადაზღვევო სექტორი შეინარჩუნებს თავის ბაზარს, თუნდაც იმ 400-500 ათასი ადამიანის სახით, რომელიც ამ დროისათვის საკუთარი ინიციატივით უკვე არის დაზღვეული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ. სადაზღვევო პოლისებს უდიდესი რაოდენობა, ისევე როგორც წინა წლებში, 2012 წლის პირველ ნახევარშიც ჯანდაცვის სექტორზე მოდის (ცხრილი #1). დაზღვევის პროდუქტებს შორის კვლავ სამედიცინო (ჯანდაცვის) დაზღვევა ლიდერობს ლომის წილით. მოზიდული პრემიის რაოდენობამ 2012 წლის პირველ ნახევარში 233 913 473 ლარი შეადგინა, საიდანაც 153 249 336 ჯანდაცვის დაზღვევაზე მოდის.
ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის პროექტი კომერციულად წამგებიანი იქნება. მათი აზრით, ეს ნაბიჯი საკმაოდ გაუთვლელია, იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა ადამიანის რისკი შეფასებულია ერთ ფასად. როცა რაღაცა უფასოა, მისი მოხმარება იზრდება. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევის პროექტის მომსახურებისთვის სადაზღვევო ინდუსტრიას დღეს საქართველოში რესურსი არ აქვს. თუ მოთხოვნა გაიზრდება, მომწოდებელი ვერ იქნება მზად, გაზრ-დილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. იქნება რიგები, აპარატურის და ტექნიკის ცვეთა, იქნება უფრო მეტი დანახარჯები დამხმარე საშუალებებზე, რაც მომსახურების სერვიზს იმაზე მეტად გააძვირებს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო აქამდე.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც წინა მოწვევის პარლამეტს ძველმა მთავრობამ წარუდგინა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება იზრდებოდა 29,3%-ით 2,339,5 მილიონ ლარამდე. აქედან მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე პროექტით მიმართული იყო 1,830,5 მილიონი ლარი. ჯანდა-ცვის ბიუჯეტიდან 450 მილიონი ლარი მოსახლეობის ჯანდაცვაზე იყო გათვლილი, საიდანაც 323,6 მილიონი ლარი უნდა მოხმარდება მოსახლეობის დაზღვევას. ეს არჩევნებში დამარცხებული გუნდის გათვლები და გეგმა იყო. რას შეცვლის ამ გეგმაში ახალი მთავრობა მალე გამოჩნდება. მან პარლამენტს 2013 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი მალე უნდა წარუდგინოს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial