რეკორდულად მზარდი სავაჭრო დეფიციტი

ალექსანდრა ლალიაშვილი

2012 წელს გლობალური ვაჭრობა საგრძნობლად შემცირდა. ამას ადასტურებს უმსხვილესი საპორტო ქვეყნების ექსპორტის მაჩვენებლის შემცირებაც. გლობალური კრიზისის პიკზე, 2008 წელს მსოფლიოს ვაჭრობა და ეკონომიკური ზრდა თანაბრად შემცირდა. 2009 წლიდან ზრდა დაფიქსირდა მიმდინარე წლამდე, 2012 წელს კი ორივე შემცირდა. OECD-ის ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის მეორე კვარტალში, ბრიტანეთისა და ინდოეთის ექსპორტი 4%-ით, ხოლო რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის ექსპორტი 8%-ით შემცირდა. განსაკუთრებით გაუჭირდა ისეთი ქვეყნებს, როგორიცაა სინგაპური და ჰონ კონგი, რომლებიც მნიშვნელოვან სავაჭრო ჰაბს წარმოადგენენ. ვაჭრობის შემცირების უმთავრესი მიზეზი ეკონომიკის ვარდნაა უმსხვილეს რეგიონებში, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტენდენციით ყველა ქვეყანა არ ხასიათდება. 2011 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირში იმპორტი 4.5%-ით შემცირდა. მაშინ როდესაც ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში იმპორტი 7.4%-ით გაიზარდა. IMF-ის პროგნოზით 2013 წელს მსოფლიოს ვაჭრობა 5.1%-ით უნდა გაიზარდოს, მაგრამ მზარდი ეკონომიკების და არა ევროკავშირის ხარჯზე. კონტეინერების მოცულობა აზიიდან ევროპაში 13.2%-ით შემცირდა 2012 წელს.

გლობალური ვაჭრობის შემცირებას, გაზრდილი პროტექციონიზმიც უწყობს ხელს. ამრიკა, ინდოეთი და ჩინეთი ფოლადზე ზრდიან შეზღუდვებს; 4 სექტემბერს ბრაზილიამ განაცხადა, რომ ის ზრდის ტარიფებს 100 პროდუქტზე. ამის გათვალისწინებით, ექსპერტთა შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ “დოჰას სავაჭრო მოპალარაკებები მკვდარია”, გასაკვირი აღარაა.
2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული დოჰას რაუნდის მთავარი მიზანი იყო დაბალგანვითარებული ქვეყნების წინ წამოწევა ვაჭრობაში და განვითარებადი ქვეყნების ფერმერების წვდომის გაზრდა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე. მიზნის მიღწევის მთავარი გზა კი სავაჭრო ბარიერების შეზღუდვა და გაუქმება იყო.
დოჰას რაუნდი მოიცავს არა მხოლოდ წარმოედბულ პროდუქციას, სოფლის მეურნეობის ნაწარმს და მომსახურების სფეროს, არამედ იმ სფეროებსაც, რომელიც არაპირდაპირ უკავშირდება ვაჭრობას (მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრება, უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული წესები და სხვა).
დოჰას რაუნდის ლობისტები განსაკუთრებით აქტიურობდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორიცაა ამერიკის ბამბა და შაქრის ინდუსტრია და იაპონიის ბრინჯი და თევზჭერა. მაგრამ დოჰას თან ახლდა სტუქტურული პრობლემებიც. ერთ-ერთი პრობლემა იყო ქვეყნების რაოდენობა. პირველი მსოფლიო მოლაპაკებების დროს, 1947 წელს მოლაპარაკებებში ჩართული იყო 23 ქვეყანა. მაშინ როცა დოჰას რაუნდში უკვე 155 ქვეყანა მონაწილეობდა. მეორე, დოჰას რაუნდის მიზანი იყო დიდი გარიგების დადება, რომლის საშუალებითაც ლიბერალიზებული იქნებოდა სოფლის მეურნეობა, წარმოებაც და მომსახურების სერვისიც. მაგრამ შეთანხმების მიღწევა თითოეულ ამ სფეროში იყო ძალიან რთული.
საბოლოო დედლაინი სავაჭრო სფეროს სრული ლიბერალიზაციისთვის იყო 2011 წლის 31 დეკემბერი. მაგრამ სასურველი შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში მსოფლიოში პროტექციონიზმი უფრო გამწვავდა. სექტემბრის დასაწყისში არგენტინამ წარმოადგინა საჩივარი ამერიკის წინააღმდეგ, ლიმონსა და საქონლის ხორცის მიმართ პროტექციონიზმთან დაკა-ვშირებით და ესპანეთის წინააღმდეგ ბიოსაწვავთან დაკავშირებით. ახალი შეზღუდვები ფარავს მსოფლიო ვაჭრობის 4%-ს, რაც აფრიკის მთლიან ექსპორტზე მეტია.
დოჰას რაუნდის ფარგლებში რეგიონალური მოლაპარაკებები უფრო აქტუალურია. ყველა მათგანი არ არის უარყოფითი შედეგის მომტანი გლობალური ვაჭრობისთვის, მაგრამ რეგიონალური მოლაპარაკებები უფრო შიდა წევრების ინტერესებზეა გათვლილი, ვიდრე აუტსაიდერებზე. მსგავსი მოლაპარაკებების დროს მიღებული გადაწყვეტილებები გლობალური ვაჭრობისათვის სასიკეთო მხო-ლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გლობალური ბაზრის მონაწილეებისა და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები თანხვედრაშია ერთმანეთთან. მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის.
“იმის ნაცვლად, რომ დოჰა გადაიქცეს რეგიონალური მოპალარაკებების პოლიგონად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ბოსმა, პასკალ ლამმა უნდა დახუროს ის და ჩაანაცვლოს “გლობალური გაჯანსაღების რაუნდით” – წერს ბრიტანული თჰე Eცონომისტ-ი.
სპეციალისტთა შეფასებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ყველანაირად უნდა შეეცადოს და აღმოფხვარს რეგიონალური მოპალარაკებების პრაქტიკა. ნებადართული უნდა იყოს რა თქმა უნდა გარკვეულ ჯგუფებსა და ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების გამართვა და ნებისმიერ სხვა წევრს უნდა შეეძლოს ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა ან დათანხმება, მაგრამ ნებისმიერი ის გადაწყვეტილება, რომელიც მსგავსი მოლაპარაკების დროს იქნება მიღებული, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ პირობას – მისი შედეგები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არც ერთი წევრის ინტერესს არ უნდა აყენებდეს ზიანს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს წევრი მონაწილეობს თუ არა მოლაპარაკებებში.
“გლობალური გაჯანსაღების რაუნდი” ფოკუსირებული უნდა იყოს წარმოებასა და მომსახურების სერვისზე. წარმოება შეადგენს მთლიანი გლობალური ვაჭრობის თითქმის 55%-ს. ამ მიმართულებით კი ჯერ ბევრია შესაცვლელი: ტარიფები ავტომობილებზე, ავტობუსებსა და ველოსიპედებზე ჯერ ისევ მაღალია. იმ ქვეყნებშიც კი, რომელთაც აქვთ დაბალი ტარიფები, ზოგიერთი დარგი მაინც გამოირჩევა დიდი სავაჭრო ბარიერებით. მაგალითად, ამერიკაში სათხილამურო ჩექმები ნულოვანი ტარიფით იბეგრება, გოლფის ფეხსაცმელი კი 10%-იანი განაკვეთით. პროტექციონიზმი კვლავ განსაკუთრებით მძლავრობს სოფლის მეურნეობის სექტორში. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა დაბლოკა ღორის ხორცის იმპორტი ევროპიდან ვირუსების გამო.
ექსპერტები დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებს მოუწოდებენ 2012 წლის ნოემბერში გასამართ შეხვედრაზე უბიძგონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ახალი, “გლობალური გაჯანსაღების რაუნდის” (Gლობალ ღეცოვერყ ღოუნდ) დაწყებისკენ, ჭთO-ს მორიგი შეკრების დროს, რომელიც ბელში უნდა გაიმართოს 2012 წლის დეკემბერში.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციებს გლობალურ ვაჭრობაში, 2012 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6649 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1552 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 5096 მლნ. აშშ დოლარს (16%-ით მეტი). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 5687 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საიდანაც ექსპორტი 1371 მილიონი აშშ დოლარი იყო, იმპორტი – 4316 მილიონი აშშ დოლარი.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამ პერიოდში 3544 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53% შეადგინა. 2011 წლის იანვარ-აგვისტოში კი საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2944,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი დეფიციტი საქართველოში 2008 წელს დაფიქსირდა, თუმცა წლევანდელმა მაჩვენებელმა ყველა ნიშნულს გადააჭარბა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა ბოლო რამდენიმე წელია მატების ტენდენციით ხასიათდება თუმცა მაჩვენებლების ზრდაში იმპორტის მოცულობას უფრო მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე ექსპორტს.
საგარეო ვაჭრობამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1808 მლნ. აშშ დოლარი (23 %-ით მეტი), ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან – 2067 მლნ. აშშ დოლარი (9%-ით მეტი) შეადგინა. 2012 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა. საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებად კვლავაც თურქეთი (1021 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (814 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (480 მლნ. აშშ დოლარი) რჩებიან. სასა-ქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი (მთელი ექსპორტის 24%) მსუბუქმა ავტომობილებმა 369 მლნ. აშშ დოლარით დაიკავა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 179 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. მაგრამ თუ ფეროშენადნობები საქართველოში მზადდება, ავტომობილების ექსპორტის ბიზნესის განვითარება რეეექსპორტის გამარტივებული რეჟიმის წყალობით მოხერხდა.