პირველი ქვეყნის პირველი ადმინისტრაცია XXI საუკუნეში

ოთარ ქირია
“პრაგმატიზმი ბუშის ადმინისტრაციის მთავარი ლოზუნგი გახდება”

თომას გრემი (კარნეგის ფონდის მთავარი ანალიტიკოსი და ბუშის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ინსპირატორი.)

ეკონომიკური პოლიტიკა ბუშმა საშემოსავლო გადასახადისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის შემცირებით დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ ერთი წლის განმავლობაში დარჩება ძალაში. გადაწყვეტილებას იმ მიზნით იქნა მიღებული, რომ აშშ-ს ეკონომიკის ხანმოკლე უკუსვლით გამოწვეული მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაცემის აღსადგენად. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, საზოგადოებას მიაჩნდა, რომ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაც დიდ პრობლემად გადაიქცეოდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა, ბუშმა საკმაოდ მალე მიიღო გადაწყვეტილება. გუნდის შემადგენლობამ კი ყველა გააოცა. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ს ადმინისტრაციას მსოფლიოს დიდი ნაწილი, პანაცეადაც კი აღიარებდა. განსხვავებით კლინტონის მეგობრული, მაგრამ გაურკვეველი ურთიერთობებისა მსოფლიოსადმი, ბუშის ადმინისტრაცია აბსოლუტურად სხვა გეზს იღებს.

გასათვალისწინებელია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ბუშის ადმინისტრაციისაგან გლობალური მასშტაბის სამხედრო უსაფრთხოებაზე ორიენტირებას მოელის.

თუმცა, აშკარაა, რომ ბუშისტი პრაგმატისტები ნამდვილად არ დაუწყებენ შეწუხებას სხვადასხვა ქვეყნების მმართველებს – ჩეჩნეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ისრაელის, საქართველოს პრობლემების, თუ ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების საკითხების გარკვევით, ან სხვა მსგავსი “წვრილმანებით”.

90-იან წლებში, აშშ-ს ეკონომიკა 30-ჯერ გაიზარდა, რუსეთისა კი დაახლოებით 40-ჯერ შემცირდა. აშშ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რუსეთს კი მხოლოდ რიტორიკა შერჩა. სწორედ ამიტომაც, ბუშის ადმინისტრაციაში საკმაოდ არიან რუსეთზე მეტად კვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც ამ რიტორიკით თავს არავის მოატყუებინებენ. ბუშის ადმინისტრაცია სულაც არ ემხრობა ნატოს გაფართოებას და თუ 2002 წელს იგი გაფართოვდება, მას მხოლოდ სლოვენია და სლოვაკია შეუერთდება.

ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ ქვეყნებთან, რომელთაც საკუთარი ძალები და სტრატეგიები გააჩნიათ და მათდამი განვეწყობით არა როგორც პოტენციური მოწინააღმდეგის, ან სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც ეძებს საკუთარ გზასა და ადგილს, – აცხადებს ბუში.

1

ანალიტიკოსების მოლოდინი, რომ ბუში ძლიერ ბიპარტიზანულ და არაკონსერვატიულ ადმინისტრაციას ჩამოაყალიბებდა, ნამდვილად არ გამართლდა. პირიქით, ბუშის ადმინისტრაცია სუპერკონსერვატულია. თანაც, როგორც ჩანს, იგი იმისთვის ჩამოყალიბდა, რომ კომპენსაცია გაუკეთოს უმცროსი ბუშის ჯერ კიდევ სუსტ გამოცდილებას პოლიტიკაში. ბუშის გუნდი შეიძლება სამი კატეგორიის მიხედვით განასხვავო: ცენტრალური – ძლიერი პოლიტიკოსებით ეროვნულ თავდაცვასა და ეკონომიკაში; მეორე რანგი – კონსერვატორებით საშინაო საქმეებში და ჰეტეროგენური ჯგუფი.

პირველის შექმნისათვის, ბუში ფორდისა და მამამისის ადმინისტრაციულ მოდელებს დაუბრუნდა. ახლად დანიშნული მინისტრებიდან, სამი ფორდის ადმინისტრაციაში მოღვაწეობდა მეოთხედი საუკუნუს წინ: დიკ ჩეინი, მაშინ გახლდათ აპარატის უფროსი, ამჟამინდელი ხაზინადარი პოლ ონიელი გახლდათ მენეჯმენტისა და საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარის მოადგილე; დონალდ რამსფელდი კი – თავდაცვის მინისტრი, იგივე, რაც დღეს.

ეს ჯგუფი ბუშის ადმინისტრაციას ახასიათებს, როგორც კორპორატიული და მენეჯერული ღირსებების მქონეს, რამეთუ ამერიკის ყველაზე დიდი დირექტორების საბჭოს წააგავს. სამივე, თავის დროზე, ბიზნესსამყაროს ზენიტზე კიაფობდნენ. ჩეინი მართავდა ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, “ჰალიბურტონს”. ონიელი – “ალკოას”, ალუმინის მონოპოლისტ კომპანიას. რამსფელდი კი – ფარმაცევტულ კომპანია “ჯი დი სეირლს”.

ეს პიროვნებები რესპუბლიკანიზმის თვალსაჩინო მაგალითებია. თუმცა, რონალდ რეიგანმაც, თავის დროზე, მთელი ადმინისტრაცია კალიფორნიელი ბიზნესმენებისაგან დააკომპლექტა.

ამათ ემატება უფროსი ბუშისდროინდელი პოლიტიკოსები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – კოლინ პაუელი და კონდოლიზა რაისი, რომელთა ტანდემი ჯანსაღ ხელთა წყვილს წააგავს. ჩეინი, რამსფელდი და პაუელი არადოქტრინალური, ერთფეროვანი და ამერიკული საზოგადოებისათვის დიდად მისაღები პიროვნებები არიან, რომელთაც სერიოზული გამოცდილება აქვთ მიღებული დიდი ორგანიზაციების მართვაში. ერთადერთი, რაც ოპოზიციას მათში არ მოწონს ის არის, რომ სამეული სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, მხოლოდ სამხედრო ჭრილში განიხილავს, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს. ამისთვის ისიც კმარა, რომ ისინი ექს-პენტაგონელები არიან.

ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, ყველაზე პოპულარული ამერიკელი გენერალია უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, ცნობილია, როგორც პირველი მოწინააღმდეგე სამხედრო ინტერვენციებისა, რომლებიც ამა თუ იმ მნიშვნელობით ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. იგი ნამდვილად არ დაუშავებდა იუგოსლავიას. ეროვნული უშიშროების მრჩეველი კონდოლიზა რაისი კი დიდი სპეციალისტია რუსეთის საკითხებში.

ყოველი ზემოაღნიშნული თვისება უმნიშვნელო მახასიათებელი არაა, თუმცა, კლინტონისა და, საერთოდ, დემოკრატების აზრით, ბუშის არჩევანი პრაგმატულია. რესპუბლიკელების პრაგმატულობას მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილიც აღიარებს.

იგივე შეიძლება ითქვას მეორე კატეგორიაზეც და საპირისპირო მესამეზე, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა პოლიტიკოსებზე. აქ, ძირითადად, კონსერვატორი ფიგურები იღებენ მონაწილეობას. ტომ თომფსონი, რომელიც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრად არის დანიშნული, გახლავთ მმართველი, რომელმაც კარიერა ვისკონსის შტატში დაიწყო. 47 წლის წარმოშობით ტაივანელი ელენ ჩაო, რომელიც მანამდე ფედერალური სააგენტოს უფროსი გახლდათ, დაიკავებს შრომის მინისტრის პოსტს. ჩაო სენატორ მიტჩ მაკკონელის მეუღლე გახლავთ, ამავე დროს, სენატში საკმაოდ მიღებული პიროვნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უფროსი ბუშის დროს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე გახლდათ. ექსპერტების აზრით, ჩაო მინისტრობას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა, შრომის საკითხებში ნაკლებადაა კვალიფიცირებული.

სპენსერ აბრაჰამი, ყოფილი სენატორი, წარმართავს ენერგეტიკის დარგს. ამასთან, გენერალ ჯონ ეშკროფტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გეილ ნორტონის დანიშვნა შეაფასეს, როგორც რესპუბლიკელების ნამდვილი გამარჯვება. ეს ფიგურები კონსერვატორული სამყაროს გმირები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ასე მაგალითად, ნორმან ორნსტეინი – კონსერვატორი მაგრამ არაბიზნესმენი და პოლიტიკური წარსულის მქონე. იგი მეცნიერი გახლდათ ამერიკის მეწარმეთა ინსტიტუტში, სადაც დიკ ჩეინი და პოლ ონიელიც მუშაობდნენ თავის დროზე. ვიცე-პრეზიდენტმა, დიკ ჩეინმა კი, უფროსი ბუშის დროს, როცა თავდაცვის მინისტრი გახლდათ, სახელი იმ პრინციპების შემუშავებით გაითქვა, რომლებიც საფუძვლად დაედო ყველა შეთანხმებას განიარაღების შესახებ.

რაც შეეხება ვისკონსის მმართველს, ტომი თომფსონს, რომელმაც ხმა დემოკრატებს მისცა უკანასკნელი ორი არჩევნების მანძილზე, იძულებული შეიქმნა კარიერა დემოკრატებთან ერთად აეშენებინა. ყველასთვის ძნელად წარმოსადგენი იყო მისი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა. მისმა პროფესიონალიზმმა პრაგმატული ბუშისტებიც კი მოხიბლა მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატების მოსწავლეა.

ეშკროფტმა და ნორტონმა, გასაკვირი სულაც არ არის, რომ სწრაფადვე აქციეს ზურგი იმ დონაციებს, რაც კლინტონმა მათთვის გამოყო. კლინტონის ადმინისტრაციის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრიუს ბაბიტმა, აშშ-ს ტერიტორიის აუთვისებელი ფართები ფედერალური პროგრამების დაქვემდებარებაში მოაქცია. ამჟამინდელი ნორტონი კი ამგვარი პროგრამების გაფართოებას უკვე ეწინააღმდეგება. კლინტონის პრეზიდენტობის დროს დიდი ძალისხმევა იქნა დახარჯული იმისათვის, რომ მამაკაცებისა და ქალების უფლებები დასაქმების საკითხში თანასწორი ყოფილიყო. ქალბატონი ჩაო კი ორივე ზემოთ აღნიშნულ იდეას ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება ეშკროფტს, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსია რელიგიური ფლანგიდან, იგი ხელმძღვანელობდა რწმუნებულის ოფისს, რომელიც ზედამხედველობას უწევდა ყველაფერს, იქნებოდა ეს აბორტის არაკანონიერად აღიარება თუ ეკლესიის გაფართოება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბუშის კაბინეტი მოიცავს ორივე ტიპის კონსერვატორებს – კონფრონტატორულსა და კოოპერატიულს, და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კაბინეტის გარე წრე მოიცავს ძველ რესპუბლიკელ ქრისტინ ტოდ უაითმენსა და დემოკრატ ნორმან მინეტას, ნათელია, რომ იდეოლოგიურად აღნიშნული ტანდემი სულაც არ არის მხოლოდ უმცროსი ბუშის ხელწერა. მისი მიმართულება კონსერვატორულია, მაგრამ არა დოქტრინალური.

მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო კამპანიაში ბუში განათლების სფეროს სერიოზულ რეფორმირებას აპირებდა. როდ პეიჯის დანიშვნით, მან განათლების სათავეში მოიყვანა პიროვნება, რომელიც ყველანაირ საზომებსა და გეგმებს მიჯნავს იმ პარამეტრებით, როგორც ჰიუსტონის სკოლის დირექტორატის საბჭოს თავმჯდომარე.

მეორე მხრივ, ჩეინის, რამსფელდისა და პაუელის დანიშვნა ნამდვილად ბუშის ხელწერას წააგავს, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც პიტერ დრუკერის ცნობილი თეორია – “მენეჯმენტი მიზნობრიობის მიხედვით”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial