რევოლუცია საბანკო-საფინანსო სფეროში ანუ რას უპირებენ ეროვნულ ბანკს

რედაქციისაგან

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და მარეგულირებლების რეფორმირების ქეისში ახალი საინტერესო და რევოლუციური პროექტი გაჩნდა – მთავრობამ ბატონი კახა ბენდუქიძის თამადობით გადაწყვიტა, გააერთიანოს ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო რეგულატორი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობა და, რაც მთავარია, ეროვნულ ბანკს ჩამოართვას ბანკებზე ზედამხედველობის უფლება და შექმნას ერთიანი მეგა საფინანსო მარეგულირებელი.

ეს მეტად დაასუსტებს ეროვნული ბანკის პოზიციებს, რომლის ორგანული კანონის მიხედვით (მუხლი მე-2), ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა, ფულად – საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ზედამხედველობა, მათი ლიცენზირება, რეგულირება და შემოწმება; საფინანსო – საკრედიტო სისტემის ლიკვიდურობის, გადახდისუნარიანობის და საბაზრო ურთიერთობებზე დაყრდნობილი მყარი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამის ჩამოცილების შემდგომ მას დარჩება მონეტარული პოლიტიკის და საერთაშორისო თანამშრომლობის ფუნქციები. გოცირიძეს, როგორც ჩანს, მის გუნდში ებრძვიან და მისი დასუსტება უნდათ. განაწყენება იმანაც გამოიწვია, რომ ფულის ლეგალიზაციის მონიტორინგის სამსახურმა ეროვნულ ბანკშიც უაზროდ გაამკაცრა მოთხოვნები და ბანკებს ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს – ბანკთაშორის კრედიტებზე, ერთხელ ჩარიცხული თანხის და უკვე შეტყობინებულის შემდგომ გადარიცხვისას და ა.შ. ამის დარღვევის გამო კი ბევრი ბანკი სოლიდური თანხით დააჯარიმა ეროვნულმა ბანკმა, რამაც ბანკების გაღიზიანება გამოიწვია. სანდო წყაროს ცნობით, არც პრეზიდენტს მოსწონს, რომ რომის პაპზე მეტი კათოლიკები ვართ და უფრო მკაცრი კანონმდებლობა გვაქვს, ვიდრე ბალტიისპირეთის და ევროპის ბევრ ქვეყანას. ამან გარკვეულწილად გამოიწვია კაპიტალის გადინებაც და იმ ფულადი ნაკადების სხვაგან გადამისამართება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოდიოდა.
ამის გამო გადაწყვიტეს, რომ ეროვნული ბანკების ორგანული კანონიდან 59-ე მუხლი ამოიღონ და, ბენდუქიძის პროექტით, ის ვერასოდეს შეამოწმებს კომერციულ ბანკებს. ამას მეგა რეგულატორი გააკეთებს. მაგრამ ვინ გააკონტროლებს ამ მეგა რეგულატორს?! თუ ის მთავრობასთან იქნება, მაშინ მთავრობა ჩაერევა კომერციული ბანკების საქმიანობაში და იქნება სრული ქაოსი. თუ ის დაექვემდებარება საკანონმდებლო ორგანოს, მაშინ ფულადი პოლიტიკის განმსაზღვრელიც იქნება და გარკვეულწილად აღმასრულებელიც და ისევ ქაოსი დაისადგურებს. რაც შეეხება ჩვენში ეროვნულუ ბანკის დამოუკიდებლობას, სხვა რეგულატორების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ეს ფიქციაა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში სავალუტო ფონდმა პირველად აუწია ყური ეროვნულ ბანკს ბოლო მისიის დროს, ესე იგი იმათაც პრეტენზიები აქვთ. გოცირიძის მოხსნა არ უნდათ, მაგრამ ბანკის პოზიციებს რომ შეასუსტებენ, უდავოა. ამასთან ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმეში ჩართეს საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ტრადიციულად უცხოელებთან მუშაობს და მათი დაკვეთით სხვადასხვა სახის ინსტიტუტების რეორგანიზაციის პროექტებს აკეთებს და საკმაოდ წონიანი ფინანსისტიც ლობირებს ბენდუქიძის გარდა.
ყოველ შემთხვევაში, დაპირისპირება მთავრობა-ბენდუქიძესა და ეროვნულ ბანკს შორის პიკს აღწევს. ეს დაიწყო საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად ფულის დატოვებით და შეიძლება ეროვნული ბანკის რეორგენიზაციით და მისი დასუსტებით დასრულდეს.
რას მოიტანს ბენდუქიძის ახალი ქეისი, ჯერ არავინ იცის, ისევე, როგორც შეძლებს თუ არა გოცირიძე გუნდელების დარწმუნებას და ამ ერთადერთი მყარი სფეროს გადარჩენას. 2006 წელი ამ ომში გადამწყვეტი იქნება. ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა თავის დროზე ვერ შეძლო შეერთებულმა შტატებმა, იმდენად სათუთი სფეროა, მაგრამ მსოფლიოში სხვა გამოცდილებაც არსებობს:
აშშ-ში საბანკო სფეროზე კონტროლი და რეგულირება გაყოფილია სამ უწყებას შორის: ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED), დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC) და OCC. ეს სტრუქტურა ჩამოყალიბდა ისტორიულად და მომდინარეობს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საბანკო რეფორმირების და შემდგომი კრიზისების ზეგავლენით. ამასთან, ამ ქვეყანაში არის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კონტროლის სერიოზული და მრისხანე ორგანო – SEC.
ინგლისში საბანკო ზედამხვედველობა კონცენტრირებულია არა ცენტრალურ ბანკში, არამედ დამოუკიდებელ სააგენტოში – FSA, ეს არის დამოუკიდებელი სამსახური და არ ემორჩილება ცენტრალურ ბანკს. ამ ქვეყანაშიც ეს სისტემა ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა. თავიდან ინგლისის ცენტრალურ ბანკს არ ჰქონდა უფლება, ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარში ჩარეულიყო და დაეწესებინა სააღრიცხვო – საკრედიტო განაკვეთი, რაც ინფლაციის მართვისა და საერთოდ საფინანსო – საბანკო ბაზრის რეგულირების ძირითადი მექანიზმია, მაგრამ ჰქონდა ბანკებზე კონტროლის უფლება. ამიტომ განვითარებამ მიიყვანა ინგლისი იქამდე, რომ დაუბრუნეს ცენტრალურ ბანკს ეს ფუნქცია და ჩამოართვეს ბანკებზე კონტროლი.
შვეიცარიაში საბანკო სისტემას აკონტროლებს არა ცენტრალური ბანკი, არამედ საბანკო კომისია, რომელიც დამოუკიდებელი რეგულატორია.
იაპონიაშიც დამოუკიდებელი სააგენტო არსებობს, ინგლისის მაგვარი.
ყაზახეთსა და ბალტიისპირეთშიც ამ მოდელზე გადავიდნენ.
ევროპაში უფრო ცენტრალურ ბანკებს უპყრიათ სადავეები.
რუსეთშიც მუშაობენ ამ საკითხზე და შექმნეს FSA-ს მაგვარი სტრუქტურა, მაგრამ საბანკო სისტემა მასზე არ არის მიბმული.
აი, ჩვენებური პროექტი კი რაღაც ახალია და ისიც საკითხავია, არის კი ასე საშური ეს რეფორმა? მით უმეტეს, რომ დღესდღეობით მიუხედავად პრობლემებისა, ეროვნულ ბანკში ზედამხედველობის სამსახური აბსოლუტურად ორგანიზებული, ეფექტური და კონტროლირებადია. გაუგებარია, რა აუცილებლობაა აწყობილი მექანიზმის დაშლა და სხვისი მიბაძვა, ამან შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს. ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია, ეფექტური იყოს 2010 წლისათვის, როდესაც მომზადებული იქნება ნიადაგი და შესაბამისი პირობები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial