ვირტუალური ვალუტა ნდობას კარგავს

მაკა ღანიაშვილი

ბიტკოინების თემა კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური გადამცვლელის Mt Gox-ის კოლაფსმა. ის თებერვლის ბოლოს გაქრა ბაზრიდან და თან გაიყოლა მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარი მილიარდი და საკუთარი 65 მილიონი ბიტკოინი. კომპანია და მომხმარებელთა ფული ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. როგორც Mt Gox -ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ კაროელსმა განაცხადა „ბიტკოინები სისტემური პრობლემების გამო „გაუჩინარდა“, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით“. თუმცა ბოდიშის მოხდა საქმეს ვერ შველის.

ბიტკოინებით მოვაჭრე სხვა ფონდებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ინევსტორების იმაში დასარწმუნებლად, რომ მათი სერვისი უსაფრთხოა და იგივეს განმეორება გამორიცხულია. მაგრამ ინვესტორთა დარწმუნება ამაში არცთუ მარტივი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქამდეც ვირტუალური ვაჭრობის სფეროში ბევრი პრობლემა, ხვრელი და სისტემური სისუსტეები არსებობდა, რაც ჰაკერებს დიდ შესაძლებლობას, ვირტუალური ვალუტის მფლობელებს კი – დიდ საფრთხეებს უქმნის. ბოლო კვირების განმავლობაში ჰაკერების თავდასხმის ობიექტი, მხოლოდ Mt Gox არ გამხდარა. 3 მარტს, კანადური flexcoin-ის წარმომადგენლებმა, (რომელიც ბაზარზე „ბიტკოინის ბანკადაა“ ცნობილი) განაცხადეს, რომ მათი „ცხელი საფულეები“ ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. „ცხელი საფულე“ ბიტკოინების მაღაზიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გამოყენება ონლაინ ტრანზაქციებისთვის. მაგრამ ბოლო პერიოდის გამოცდილება აჩვენებს, რომ „ცხელ საფულეებში“ ბიტკოინების დიდი რაოდენობითა და დიდი ხნით გაჩერება სახიფათოა, რადგან უსაფრთხოების პარამეტრები ჯერ ისევ დასახვეწია. ისინი ხშირად ხდებიან ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი.

flexcoin-ის შემდეგ ჰაკერთა თავდასხმისა და მათ ქსელში მიმოქცეული ბიტკოინების 12.3%-იანი ქურდობის შესახებ განცხადება კიდევ ერთი ქსელის Poloniex წამომადგენლებმაც გააკეთეს. ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული ცუდი ახალი ამბების ჯაჭვი ამით არ წყდება.

იაპონიის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აპირებს ბიტკოინების ტრანზაქციებისა და მოგების გადასახადებით დაბეგვრას. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ 28 თებერვალს, ოტამ რედდიკმა, სინგაპურში ვირტუალური ვალუტის გადამცვლელი პირველი მსხვილი ორგანიზაციის First Meta-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავი მოიკლა. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ეს თვითმკვლელობა ბიტკოინებისა და ჰაკერთა გახშირებული თავდასხმების თემას, მაგრამ ახლა მთავარია კითხვა – შეძლებს თუ არა ვირტუალური ვალუტა ნდობის დაბრუნებას? ფაქტია, რომ აქამდე მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ინვესტორები და მას როგორც მსოფლიოს ახალ ვალუტას ისე მოიხსენიებდნენ.

ვირტუალური ვალუტის ისტორია

BITCOIN წარმოადგენს თანამედროვე ვირტუალურ და ანონიმურ ფულის ერთეულს, რომელიც არსებობს მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში. მიუხედავად ამისა, BITCOIN-ი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბიზნესმენები დიდი რაოდენობით ფულს აბანდებენ მასში ინფლაციისგან თავის დასაცავად.

BITCOIN-ის უდიდესი უპირატესობა სხვა ვალუტასთან შედარებით არის ის, რომ მას არ ეხება ინფლაცია, ტრანზაქციების გაკეთებისას არ არის საჭირო გარკვეული პროცენტის ვინმესთვის გადახდა და ა.შ. ბიტკოინების დაგროვება ხდება ვირტუალურ საფულეში (დაახლოებით ისეთი როგორიც არის paypal, emoney და სხვები.) ბიტკოინი შეიქმნა უცნობი დეველოპერის (ან დეველოპერთა ჯგუფის) Satoshi Nakamoto მიერ 2008 წელს და პირველად ქსელში გაუშვეს 2009 წელს.

მის შემქმნელზე სხვა არაფერია ცნობილი.

Bitcoin-

ბიტკოინი იყოფა ერთეულებად რომლებსაც სატოში (satoshi) ჰქვია, შედგება 9 ციფრისგან 0.00000000. ვირტუალური ვალუტის მიმართ ზოგიერთი მთავრობა სკეპტიკურადაა განწყობილი, ბევრ წამყვან სახელმწიფოში კი მას მხარს უჭერენ. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში ინვესტორთა ნდობა ბიტკოინების მიმარ გაზარდა ფედის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ბენ ბერნანკეს განცხადებებმა. 2013 წლის 18 ნოემბერს ბიტკოინების კურსმა პირველად გადააჭარბა $900-ს, ბენ ბერნანკეს მიერ კონგრესისთვის მიცემული კომენტარის ფონზე ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით. ბერნანკეს მიერ კონგრესისათვის გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ვირტუალური ვალუტები შეიძლება ძალიან პერსპექტიული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინოვაციები შესაძლებელს გახდის, რომ ტრანზაქციები უფრო ჩქარა, უსაფრთხოდ და ეფექტიანად განხორციელდეს. თუმცა, წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ ვირტუალური ვალუტა ასევე გარკვეული რისკების მატარებელია, კანონმდებლობის და საფინანსო რეგულირების გამოყენების თვალსაზრისით.

ben-bernanke

ბიტკოინის ფასი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში 1 ბიტკოინი $150 ღირდა. ვირტუალურმა ვალუტამ უკვე განიცადა ვარდნა – 2011 წლის გაზაფხულამდე კურსი $1-ს არ აჭარბებდა, ხოლო შემდეგ მკვეთრი ზრდა დაიწყო და უკვე ივლისში კურსი $30-მდე გაიზარდა. ამის შემდეგ კურსი $2.5-მდე დაეცა. კიდევ ერთი ვარდნა დაფიქსირდა გასული წლის გაზაფხულზე, როცა კურსი $240-მდე გაიზარდა და შემდეგ $80-მდე დაეცა. დაახლოებით 17 ათასი ბიზნეს-დაწესებულება მსოფლიოს მასშტაბით უკვე სარგებლობს ბიტკოინით. კოდირებული ელექტრონული ფულის ყიდვა, გაყიდვა და გაგზავნა ტრადიციული კუპიურის მსგავსად ხდება. ერთი განსხვავება ისაა, რომ

ბიტკოინით ვაჭრობა არ რეგულირდება მესამე მხარის ან რომელიმე ქვეყნის მთავრობის მიერ. ამის გამო, ბიტკოინი განსაკუთრებით მიმზიდველია კრიმინალური წრეებისთვის, რომლებიც ფულის საიდუმლო გაგზავნას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ, ამერიკის სამართალდამცავმა სააგენტოებმა ერთ-ერთი ინტერნეტ შავი ბაზარი დახურეს, რომელიც მთლიანად ბიტკოინით აწარმოებდა ფინანსურ ოპერაციებს.

ბიტკოინის სანდოობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ერთ-ერთი იმის ცოდნაა, თუ რა რაოდენობის ბიტკოინი ტრიალებს სისტემაში ნებისმიერ მოცემულ დროს. ახალი ბიტკოინის გაცემა მხოლოდ იმ ადამიანებზე ხდება, რომლებიც ვალუტის მიმოქცევას უწყვეტად აკვირდებიან. ამერიკის, გერმანიის და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ბიტკოინის ციფრული ვალუტის გამოყენებას არ კრძალავს, თუმცა მასზე მკაცრი კონტროლის დაწესებას ითხოვს. ცოტა ხნის წინ, ჩინეთმა მხოლოდ ბანკებს აუკრძალა ბიტკოინით სარგებლობა და იგივე შეზღუდვა კერძო სექტორზე არ დააწესა.

2009 წელს ვალუტის ღირებულება რამდენიმე ამერიკული ცენტი იყო, უკანასკნელ პერიოდში კი ერთი ბიტკოინის ღირებულებამ ათას დოლარს გადააჭარბა. ექსპერტების აზრით, რაც უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება ვირტუალურ ფულს, მით უფრო მყარი და კონკურენტული გახდება ის გლობალურ ბაზარზე.

ბიტკოინის მიმზიდველობა განსაკუთრებით იზრდება უკანასკნელი ეკონომიკური კრიზისების ფონზე, განსაკუთრებით ევროპაში. ევროზონის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, კვიპროსში), ბანკებმა მომხმარებელს საკუთარი ფულის გატანაც კი შეუზღუდეს. ასეთ პირობებში, ბანკებისა და სახელმწიფოს მიღმა ფულის შენახვა ან გადარიცხვა ბევრისთვისაა მიმზიდველი.

გასული წლის შემოდგომაზე, გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ ვირტუალური ვალუტა ბიტკოინის გამოყენების – კანონიერ საგადამხდელო საშუალებად აღიარების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ქვეყანაში ვირტუალური ფულის გამოყენება გადასახადებისა და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებისთვის ნებადართულია.

ბიტკოინის კლასიფიკაცია არ მოხდა, როგორც უცხოური ვალუტა ან ელექტრონული ფული, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს იქნება ინსტრუმენტი, რომელიც გერმანულ ბანკებს დაემორჩილება.

გამოყენების წესი

მომხმარებლებს კომპიუტერზე აქვთ ბიტკოინის „საფულე“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველი გადარიცხვის დროს ახალი „მისამართი“, იგივე ანგარიში, შექმნას. „მისამართი“ 33-სიმბოლოიანი კოდია. ბიტკოინის შეძენა ბიტკოინ მაინინგის ან ჩვეულებრივი ვალუტის ბიტკოინზე სპეციალური ვებგვერდების საშუალებით, Pay2bt, Coinbase ან bitcoin-24-ით გადაცვლით არის შესაძლებელი. ყიდვის შემდეგ მომხმარებლის ერთ ან რამდენიმე მისამართზე ბიტკოინის გარკვეული რაოდენობა ირიცხება. ბიტკოინი არც ერთ რომელიმე მისამართზე, კომპანიაზე ან ვალუტაზე არაა მიბმული. მსგავსი დეცენტრალიზაცია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს ან მის რეგულაციას თითქმის შეუძლებელს ხდის.

Online Banking

გადარიცხვისთვის ერთი მომხმარებელი ქმნის ახალ მისამართს, რომელსაც აწვდის მეორე მომხმარებელს. გადარიცხვისას მომხმარებლის საფულე ქმნის 2 „გასაღებს“ – საჯაროს და კერძოს. კერძო გასაღები ადასტურებს, რომ გადარიცხვა სწორედ ამ მომხმარებლის ბიტკოინის საფულიდან ხდება. საჯარო გასაღების საშუალებით კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს, რომ გადარიცხვა მართლაც ხორციელდება. დაშიფვრის ოპერაციების გარკვეული ეტაპის შემდეგ, ბიტკოინების გადარიცხული რაოდენობა მეორე მომხმარებლის ანგარიშზე ჩაირიცხება. გადარიცხვა საჯარო რეესტრში ფიქსირდება, თუმცა შეუძლებელია ტრანზაქციაში მონაწილე პირთა IP-მისამართების ან ვინაობის დადგენა.

ეკონომისტთა ნაწილი ანონიმურ ვალუტას სკეპტიციზმით უყურებს. მათი აზრით, ბიტკოინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას სტაბილური ფასი არ გააჩნია და მხოლოდ დროებითი გადარიცხვებისთვის არის რეკომენდებული. მომხმარებელს თავად ბიტკოინის საიტიც ურჩევს, არ გამოიყენოს ვალუტა თანხის გრძელვადიანად შესანახად. მისი კურსის რადიკალურ რყევებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.