ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში

დოც. ბესიკ ალადაშვილი

ეკონომიკური უსაფრთხოება (შემდგომში შემოკლებით ეუ) ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და, ეკონომიკური ბაზისის პირველადობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მისი საფუძველიცაა, რადგანაც საზოგადოების განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალური, კულტურული და ა.შ. განვითარების ძირითად მიმართულებებს და ტენდენციებს საბოლოო ჯამში ეკონომიკური განვითარება განსაზღვრავს.
საბჭოთა კავშირის კრახმა ნათლად დაგვანახა, რომ 21-ე საუკუნის მიჯნაზე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის არა იმდენად სამხედრო ძლიერებაზეა დამოკიდებული, რამდენადაც ეკონომიკის კონკურენტუნარიანობასა და სიცოცხლის-
უნარიანობაზე. ეუ-ს ცნების ფორმულირებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, ეროვნული უსაფრთხოების ცნების განსაზღვრა.
პოლიტიკურ ლექსიკონებში ტერმინი ეროვნული უსაფრთხოება 1901-1909 წლებში აშშ-ის პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის დამსახურებით აღმოჩნდა. მან 1904 წ. აშშ-ის კონგრესს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც პანამის იმ ტერიტორიების ოკუპირებას, სადაც მომავალში
არხი უნდა გაეყვანათ, ასაბუთებდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით.
რუზველტის დამსახურებაა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკა უფრო გააქტიურდა და ამ ქვეყნის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები პრიორიტეტული გახდა.
მას შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების ცნება უფრო დაიხვეწადა გაფართოვდა.
მაგალითად, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჰანს მორგენტაუმ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებში ჩართო არა მარტო სამხედრო, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საკითხი. აშშ მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად
მიიღო შესაბამისი კანონი (1947 წ.) და იმავე წელს შექმნა სპეციალური სტრუქტურა – ეროვნული უსაფრთხოების
(უშიშროების) საბჭო.
შემდგომ პერიოდში აღნიშნული პრობლემების მეცნიერული კვლევა მსოფლიოში
კიდევ უფრო გაფართოვდა, თუმცა აშშ-ი ამ მხრივაც ლიდერად რჩებოდა. გამოქვეყნდა მრავალი სამეცნიერო ნაშრომი
და სტატია (უ.ლიპმანის, ჯ.რენერის ჯ.კენანის და სხვ.), სადაც განხილული იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აღნიშნავდა, რომ ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს ყველა სფეროს, სადაც მისი აზრით საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის საკითხები წყდება. რუზველტი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც
ასაბუთებდა, რომ აშშ-ის ვალია, გაავრცელოს საკუთარი გავლენა მთელს დედამიწაზე და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები
ააგოს ეროვნული ინტერესების კონცეფციის საფუძველზე. ასევე ცნობილი მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის, ზიგმუნდ ბჟეზინსკის აზრით კი, ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მარტო სამხედრო ძლიერებაზე, არამედ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, მორალურ და სხვა სფეროებში სიძლიერეზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეუ-ს ერთიანი სისტემა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს მისი საფუძველია.
ეუ. არის წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ძალისმიერ და ა.შ. (სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ,
ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ.) ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების
და სახელმწიფოს სასიცოცხლო ეკონომიკური ინტერესების მუდმივ დაცვას და ქვეყნის ეკონომიკის დინამიკურ განვითარებას, როგორც მშვიდობიან (ნორმალურ) პირობებში, ასევე საშინაო და საგარეო ექსტრემალური სიტუაციების და პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების დინამიკის
გათვალისწინებით.
ეუ-ს უმთავრესი მიზანი დროსა და სივრცეში იცვლება ქვეყნის და საზოგადოების წინაშე მდგარი სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანებიდან გამომდინარე.
ეუ-ს უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა.
გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობის და განვითარების საფუძველია, გასაგები ხდება, რომ ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია რეალური და პოტენციური ეკონომიკური საფრხეების წინმსწრები გამოვლენა და თავიდან აცილება.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ეუ-ს საკითხების შესწავლა და მისი თეორიულ დონეზე დამუშავება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სერიოზულ მეცნიერულ დონეზე არ წარმართულა, რაც შეეხება ეუ-ს პრაქტიკულ მხარეს, აქ უფრო მეტად სავალალოდაა საქმე – საქართველოს ეუ-ს დღევანდელი რეალური დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში ეუ-ს უზრუნველყოფის აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: 1. სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მიზნების დაპირისპირებით, რაც ძირითადად საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების ინტერნაციონალიზაციით და ეროვნული ეკონომიკური მეურნეობების სულ უფრო მზარდი ურთიერთდამოკიდებულებითაა გამოწვეული; 2.სტრატეგიული რესურსების არათანაბარი განაწილების გამო მათი ტრანსპორტირებისა
და მოხმარებისას წარმოქმნილი დაპირისპირებით; 3. გასაღების ბაზრების ხელში ჩასაგდებად მიმდინარე სულ უფრო მზარდი კონკურენტული ბრძოლით. 4.სარწმუნოებრივი და ეკონომიკური კეთილდღეობის უთანაბრობის ნიადაგზე ცივილიზაციათა შორის დაპირისპირებით.
დღეისათვის რომელიმე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდა საბოლოო ჯამში შეიძლება დაუპირისპირდეს სხვა ქვეყნების ინტერესებსა და მიზნებს.
ეუ-ს უზრუნველყოფა პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სტაბილური და მდგრადი განვითარების მატერიალური საფუძველია. ამავე დროს ეუ არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც იდეალური მოდელი, რომელიც ავტომატურად, დამოუკიდებელ რეჟიმში, საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევის
გარეშე იმოქმედებს და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.
ეუ გეოსტრატეგიული მომცველობის ნიშნის მიხედვით არის: გლობალური – გულისხმობს საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ისეთ სისტემას, რომლის დროსაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაცული იქნება მსოფლიოს ცალკეული სახელმწიფოების სუვერენიტეტი და მათ მიერ არჩეული ეკონომიკური
განვითარების სტრატეგია.; რეგიონული -ერთ კონკრეტულ რეგიონში არსებული ქვეყნების ეუ-ს კოლექტიური უზრუნველყოფა საერთო ეკონომიკური, პოლიტიკური ეკოლოგიური და ა.შ. ინტერესების საფუძველზე; კოლექტიური-რამდენიმე ტერიტორიულად დაშორებულ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა
ეუ-ს საკითხებში. კოლექტიური ეუ-ს თვალსაჩინო მაგა-ლითია ევროსტრუქტურების მოღვაწეობა ევროპის ბაზრებზე თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დასაცავად;
ეროვნული-წარმოადგენს წინა სამი დონის საფუძველს. გლობალური ეუ-ს დაცვის აუცილებლობა დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების მზარდმა ინტერნაციონალიზაციამ და შრომის საერთაშორისო დანაწილების გაღრმავებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ამ პროცესებში
ჩართული ცალკეული ქვეყნების ეუ-ს დონე და მთელი რიგი თანმდევი ნეგატიური მოვლენები წარმოშვა. ეროვნული ეუ-ს ზემოქმედების ობიექტია
ის კონკრეტული საფრთხე და მისი წარმომქმნელი (მაპროვოცირებელი) პრობლემები, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვ-ნულ ინტერესებს და იცვლებიან
სახელმწიფოს არსებობის და ეკონომიკური განვითარების კონკრეტული ისტორიული პერიოდიდან გამომდინარე. ეროვნული ეუ რთული სისტემაა, რომელიც
აერთიანებს ურთიერთთან დიალექტიკურად (ორგანულად) დაკავშირებულ სამ ჰორიზონტალურ დონეს: პიროვნების ეუ, საზოგადოების ეუ და სახელმწიფოს ეუ.
სახელმწიფოს ეუ გულისხმობს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი მმართველობითი სტრუქტურების მეშვობით ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის
და ინტერესების დაცვას.
საზოგადოების ეუ გულისხმობს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ფენის და სოციალური ჯგუფის სამეწარმეო-ეკონომიკური ინტერესების და საკუთრების დაცვას. საზოგადოების ინტერესები ესაა საზოგადოების წევრი ყველა მოქალაქის (პიროვნების) ეკონომიკურ ინტერესთა ერთობლიობა. პიროვნების ეუ გულისხმობს ქვეყნის თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონო- მიკური ინტერესების და საკუთრების დაცვას. ისტორიულად დემოკრატიული სახელმწიფოს
შექმნა საზოგადოების და პიროვნების უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება. ინტერესთა (პიროვნულმა, სხვადასხვა ფენების და ეროვნულმა) ერთობამ და საფრთხეების ერთობლივი ძალებით დაძლევის აუცილებლობამ განაპირობა სახელმწიფოს, როგორც მართვის ერთიანი, კონსოლიდირებული სტრუქტურის
ჩამო-ყალიბება (გამოგონება). ჯერ კიდევ მე-17-ე საუკუნეში ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი აღნიშნავდა: სახელმწიფოს მიზანი უმთავრესად
უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და მართლაც, სახელმწიფო ის მექანიზმია , რომელიც უნდა ემსახურებოდეს პიროვნების, საზოგადოების და ერის ინტერსების
(მიზნების) აღსრულებას და იცავდეს მათ გარე თუ შიდა საფრთხეებისაგან. სახელმწიფოში არსებული სუბიექტების ინტერესთა ხანგრძლივი თანხვედრა ქვე-ყნის და ერის განვითარების წინაპირობაა. ამავე დროს ინტერესთა დიფერენცირება და დაპირისპირება საერთო საფრთხის წინაშე დამარცხების მიზეზი ხდება.
დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფო უნდა წარმოადგენდეს ეროვნული უსაფრ-თხოების გარანტს, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
მიმართული უნდა იყოს უპირველესად პიროვნების თავისუფლე-ბის და უსაფრთხოების დასაცავად. ეროვნული ეუ-ს თითოეული დონისათვის დამა-ხასიათებელია ეკომომიკური საფრთხის ძირითადად ერთგვაროვანი მაჩვენებლები, რომელთა შორის განსხვავება მხოლოდ დროსა და სივრცეში ზემოქმედების
მასშტაბებითა და სიძლიერის ხარისხით გამოიხატება. ეროვნული ეუ-ს ერთიანი სისტემის მეთოდოლოგიური საფუძვლების დამუშავების პროცესი შედგება ერთმანეთთან
ლოგიკური თანმიმდევრობით დაკავშირებული ზემოდან ქვემოთ მიმართული შემდეგი ვერტიკალური საფეხურებისაგან: I. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების ფორმირება; II. ამ მიზნებიდან ეკონომიკური ინტერესების და განვითარების პრიორიტეტების გამოკვეთა;
III. იმ პრობლემების (მტკივნეული ადგილების) პროგნოზირება, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუშალონ ეკონომიკური ინტერესების განხორციელებას;
IV.კონკრეტული საფრთხეების გამოვლენა, რომლებიც აღნიშნულ ინტერესებს და პრიორიტეტების განხორციელებას ემუქრება; V. ეუ-ს ინდიკატორების და მათი ზღვრული პარამეტრების დადგენა. VI.ეუ-ს უზრუნველყოფის მეთოდების შერჩევა; VII.ეუ-ს კონცეფციის დამუშავება და საკანონმდებლო დონეზე დამტკიცება;
VIII.ეუ სტრატეგიის შემუშავება-ეუ-ს მიზნობრივი პროგრამების შედგენა; IX.ეუ-ს პოლიტიკის გატარება.
I.ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების ფორმირება გულისხმობს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლის, სრულყოფის და დროის ხანგრძლივ პერიოდში სტაბილური განვითარების როგორც ძირითადი (ზოგადი) მიმართულებების
ჩამოყალიბებას, ასევე ეკონომიკური განვითარების შუალედური და მიმდინარე (კონკრეტული) პრობლემების გადაჭრას (მაგ. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ობიექტური და სუბიექტური საფრთხეების დაძლევა). II.ეროვნული ეკონომიკური ინტერესები და პრიორიტეტები ეროვნული ინტერესები ესაა კონკრეტულ
მოთხოვნილებათა (მიზანთა) ერთობლიობა, რომლის დაკმაყოფილებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობას და სტაბილურ განვითარებას დროის ხანგრძლივი პერიოდისათვის. ცნობილი ფრანგი დიპლომატი და მეცნიერი J. kamboni აღნიშნავდა: ხალხთა ინტერესები არ იცვლება. მათ განსაზღვრავს ბუნება, გეოგრაფიული მდებარეობა და ხალხის საკუთარი ხასიათი. ეროვნულ ინტერესთა კლასიფიკაცია შემდეგნაირია: ზოგადსაკაცობრიო (გლო-ბალური); გეოსტრატეგიული და ლოკალური (მიმდინარე). ზოგადსაკაცობრიო (გლობალურ) ეროვნულ ინტერესებს მიეკუთვნება: სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის
დაცვა; ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება; საზოგადოების განვითარება დემოკრატიული
პრინციპების საფუძველზე; მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ა.შ. გლობალური (სასიცოცხლო მნიშვნელობის) ეროვნული ინტერესები ყველა საზოგადოების სანუკვარ მიზანს წარმოადგენს და ყველა ქვეყ-ნისთვის ძირითადად საერთო მახასიათებლები აქვს. ისინი შემდგომში განსაზღვრავენ გეოსტრატეგიულ და ლოკალურ (კონკრეტულ) ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და სხვ. ინტერესებს. გეოსტრატეგიული ინტერესები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული
საზღვრებით, რადგანაც დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესები, ღია თუ ფარული სახით, მძლავრ ზეგავლენას ახდენს ცალკეული ქვეყნების განვითარებაზე. ამიტომ შესაძლებელია, ეროვნული ინტერესები ძალზე ფართო გეოგრაფიულ სივრცეს მოიცავდეს.
გეოსტრატეგიული ეკონომიკური ინტერესები უკავშირდება ქვეყნის რეალური ეკონომიკური პოტენციალის სრულ ამოქმედებას, ეკონომიკური და პოლიტიკური
სტაბილურობის შენარჩუნებას და განვითარების პერსპექტიული მიმართულებების დასახვას ხანგრძლივი და საშუალოვადიანი პერიოდებისათვის.
ლოკალური ინტერესები იცვლება სახელმწიფოს, საზოგადოების და პიროვნების განვითარების კონკრეტული ეტაპების მიხედვით. სახელმწიფოსა და საზოგადოების
წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ინტერესები ლოკალიზდება, თუმცა არ წვრილმანდება ძალზე კონკრეტულ სამეურნეო მიზნებამდე.
ეროვნული ინტერესები ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს და მათი დაცვა მოითხოვს სახელმწიფოში შესაბამისი კანონმდებლობის,
სტრუქტურების ,ორგანოების და ფინანსური სახსრების არსებობას. მსოფლიო გლობალიზაციის პროცესების თანმდევი პრობლემაა ქვეყნებს შორის ეროვნულ ინტერესთა კონფლიქტი, რის დასაძლევადაც ქვეყნები ხშირად მნიშვნელოვან კომპრომისებზეც კი მიდიან. თუმცა ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის
წარმართვის კოორდინაცია და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე
რეგულირება არ უნდა ჩრდილავდეს ეროვნულ ეკონომიკურ მიზნებს. ეროვნული ეუ-ს დასაცავად საკმარისი არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერე-სების გამოკვეთა და შემდეგ შესაბამისი ღონისძიებების დასახვა. აუცილებელია სხვა ქვეყნების გეოსტრატეგიული და ლოკალური ინტერესების (ხშირად ფარუ-ლის) დადგენა, ორმხრივი მიზნებისა და ინტერესების შესაძლო კონფლიქტის პროგნოზირება და აქედან წარმოშობილი პრობლემების და საფრთხეების განე-იტრალება.
ეროვნული ინტერესების ფართო არეალიდან აუცილებელია ძირითადი, პრიორიტეტული ანუ უპირველესად განსახორციელებელი მიზნების გამოკვეთა და მთელი რესურსების და ძალისხმევის მათკენ მიმართვა.
III. პრობლემების პროგნოზირება ეკონომიკური პრობლემები, როგორც წესი, მაპროვოცირებელი ძალისაა და დრო-ულად განეიტრალების გარეშე საფრთხედ გარდაისახება.
IV. ეკონომიკური საფრთხის ცნება და მისი კლასიფიკაცია საფრთხე მუდმივი კატეგორიაა, ის არ ქრება, არ იკარგება, შესაძლებელია მხოლოდ
მისი პარამეტრების და მიმართულებების, დროის და წარმოშობის გეოპოლიტიკური სივრცის ცვლილება. ეკონომიკური საფრთხე ესაა ქვეყნის
შიდა და გარე ეკონომიკური პრობლემების (არსებულის და მოსალოდნელის) გართულების შედეგად წარმოქმნილი, პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს
ინტერესების წინააღმდეგ მიმარ-თული ნეგატიური მოვლენების და პროცესების ერთობლიობა, რაც ხელს უშლის პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს
მიმდინარე და პერსპექტიულ განვითარებას. ეკონომიკური საფრთხის განსაზღვრის და მისი კლასიფიკაციის დროს მხედვე-ლობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ გლობალური
და გეოსტრატეგიული პრობლემები, რადგან ყოველდღიური პრობლემების და წვრილმანი ნაკლოვანებების გამოს-წორება ქვეყნის კონკრეტული ეკონომიკური
პოლიტიკის საგანია. ამიტომ ეუ-ს ცნების ფართო, ძალზე ზოგადი ინტერპრეტაცია მხოლოდ ხელს შეუშლის მისი პრობლემების გადაჭრას.
V. ეუ-ს ინდიკატორები და მათი ზღვრული პარამეტრები აღნიშნული საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმ გარემოებით,
რომ ეუ-ს ინდიკატორების და მათი ზღვრული მაჩვენებლების (პარამეტრების) განსაზღვრა და ფორმირება მთლიანად ეუ-ს პრობლემის დროული და ეფექტიანი გადაწყვეტის ქვაკუთხედია. ეუ-ს ინდიკატორები ეროვნული ეკონომიკური ინტერესების ცალკეული ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული ის აგრეგირებული ეკონომიკური მაჩვენებლებია, რომელთაც შეუძლიათ, ეროვნულ ეკონომიკას ყველაზე მეტი საფრთხე შეუქმნან, მაგალითად: მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა; ფულად-საკრედიტო სისტემა; საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები; სტრატეგიული რესურსების მარაგები; ბი-უჯეტის დეფიციტი;
საგარეო და საშინაო ვალი; სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი; ძირითადი ფონდების განახლება; რესურსული პოტენციალი და მისი შევსე-ბა; კორუფცია; ჩრდილოვანი ეკონომიკა და ა. შ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეუ-ს უმაღლესი დონე მიიღწევა იმ შემთხვევაში, როცა ეუ-ს ინდიკატორების მთელი სისტემა წინასწარ დადგენილ უსაფრთხოების საზღვრებს ანუ ზღვრულ პარამეტრებს (რომლებიც, როგორც წესი, ციფრულ გამოხატულებაშია) არ სცილდება. კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლების
დამუშავების დროს გათვალის-წინებული უნდა იყოს როგორც მინიმალურად და მაქსიმალურად დასაშვები საზ-ღვრები, ასევე ე.წ. დერეფანიც.
VI. ეუ-ს უზრუნველყოფის ძირითადი მეთოდები დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში სუვერენულ ქვეყნებს შორის ძალზე ხშირად წარმოიშობა ინტერესთა დაპირისპირება. ქვეყნები საკუთარ ინტერესებს იცავენ როგორც ტრადიციული მეთოდებით: დიპლომატიური მოლაპარაკებებით; ეკონომიკური
(სამეურნეო) ღონისძიებებით, ეკონმიკური სანქციებით და სამხე-დრო ძალით, ასევე თანამედროვე ხერხებითაც, როდესაც სულ უფრო მზარდი მნიშვნელობა
ენიჭება სპეცსამსახურების აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის და ეროვნული კაპიტალის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვაში. ეუ-ს უზრუნველყოფის ძირითადი მეთოდები
შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: 1. ეკონომიკური (სამეურნეო) ღონისძიებები; 2. პოლიტიკური და დიპლომატიური ღონისძიებები;
3. ძალისმიერი ღონისძიებები (ადეკვატური პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების გამოყენება, სამხედრო ძალისა და სპეცსამსახურების შესაძლებლობების მაქსიმალური ამოქმედება). თუმცა, ზემოაღნიშნული მეთოდები არ უნდა განვიხილოთ როგორც დამოუკი-დებლად, სრულიად ავტონომიურ რეჟიმში მოქმედი. ისინი ჩვეულებრივ ეროვნული ეუ-ს ერთ მოზაიკურ პანოს ქმნიან.
VII. ეუ-ს კონცეფცია ეუ-ს კონცეფცია არის ეუ-ს საკითხებზე ზოგად შეხედულებათა სისტემა, სადაც ჩამოყალიბებულია ქვეყნის ეუ-ს არსი, მიზნები და მიზნის მიღწევის ძირითადი გზები კონცეპტუალურ (დოქტრინის) დონეზე. მის საფუძველზე მუშავდება ეუ-ს სტრატეგია.
VIII. ეუ-ს სტრატეგია ეუ-ს სტრატეგია ავითარებს და აკონკრეტებს ეუ-ს საკითხებს ცალკეული უმნი-შვნელოვანესი ინდიკატორებისა და პარამეტრების მიხედვით, გამოყოფს ეუ-ს უზრუნ ველყოფის პრიორიტეტულ მიმართულებებს ქვეყნის წინაშე მდგარი გრძელვადიანი (5-15 წ.) და საშუალოვადიანი (3-5 წ.) ამოცანებიდან გამომდინარე.
IX. ეუ-ს მიზნობრივი პროგრამები ეუ-ს სტრატეგიის საფუძველზე მუშავდება ეუ-ს მიზნობრივი პროგრამები (მაგ. ენერ-გეტიკული უსაფრთხოება, სასურსათო
უსაფრთხოება, კომუნიკაციების უსა-ფრთხოება, სტრატეგიული რესურსებით უზრუნველყოფის უსაფრთხოება და ა.შ.), რაც ეუ-ს პოლიტიკის
გატარების საფუძველია.
X. ეუ-ს პოლიტიკა ეუ-ს პოლიტიკა წარმოადგენს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფო ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით
გატარებულ კონკრეტულ ღონისძიებებს ქვეყნის ეუ-ს დასაცავად. ამ დროს ხორცი ესხმევა ეუ-ს მიზნობრივ პროგრამებს და მიმდინარეობს მათი შესრულების
მართვა, კონტროლი და კორექტირება. ამგვარად, ასეთია ეკონომიკური უსაფრთხოების ერთიანი სისტემის აგების ზოგადი პრინციპები, მისი უზრუნველყოფის მეთოდები და საშუალებები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial