საზოგადოების პოლიტიკური სისტემის განვითარების ძირითადი ფაქტორები

დოც. ბეჟან შაფაქიძე

საზოგადოების პოლიტიკური სისტემები ობიექტური კანონზომიერებების საფუძველზე ვითარდებიან, მაგრამ ისინი ძნელად იკვლევენ გზას ურთიერთგადახლართულ ეკონომიკურ, სოციალურ, სულიერ და სხვა საზოგადოებრივ ურთიერთობებში, რაც ხშირად მათი მოქმედების დეფორმირებას იწვევს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებები ვითარდებიან, როგორც კანონი-ტენდენციები.

ეს კანონზომირებები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფს მიეკუთვნება – კანონზომიერებები, რომლებიც დამახასიათებელია პოლიტიკური ხელისუფლების განვითარებისა და დამკვიდრებისათვის და ეს უმთავრესად პიროვნებისა და ხელისუფლების ურთიერთობებს ეხება. ამ კანონზომიერებებზე ყურადღება ნ. მაკიაველმა გაამახვილა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა – ნებისმიერი პოლიტიკური
ლიდერის მოღვაწეობის მიზანი და შინაარსია პოლიტიკური ხელისუფლების მოპოვება და შენარჩუნება. პოლიტიკურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს
მრავალი სხვა კანონზომიერებაც. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ხელისუფლებაში მიმდინარე ურთიერთობები, რომლებიც განსაზღვრავენ პოლიტიკური სისტემის ფარგლებში მიმდინარე ურთიერთობებს. მათგან უმთავრესია კანონზომიერება – ყოველი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის
დამახასიათებელია მისწრაფება, გააფართოვოს თავისი უფლებამოსილება და დაამყაროს ტოტალური კონტროლი მთელ საზოგადოებაზე. ცივილიზებულმა კაცობრიობამ ამ კანონზომიერების წინააღმდეგ შექმნა წინაღობები “შეკავებისა” და “წონასწორობის” სახით, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას. “შეკავებისა” და “წონასწორობის” მიღწევის ნათლად გამოხატული საშუალებაა ხელისუფლების დაყოფის სისტემა და, მეორე მხრივ სამოქალაქო საზოგადოება. მთელი ხელისუფლების დაპყრობის გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს აგრეთვე პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის ჰყავს ხელისუფლებას აშკარა ან ფარული ფორმით. ტოტალიტარული პოლიტიკური ხელისუფლება გამორიცხავს ხელისუფლების დაყოფას, მრავალპარტიულობასა და პიროვნების თავისუფლებას. რეალური დემოკრატია ამკვიდრებს ხელისუფლების დაყოფის წესებს, რომლის ყოველი შტო დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას და ისინი არ ერევიან ერთმანეთის
საქმიანობაში.
საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების სრულყოფისა და განვითარების კანონზომიერებების მეორე ძირითად ჯგუფს წარმოადგენს ეკონომიკურ-პოლიტიკური ხასიათის კანონზომიერებები, რომლებიც ასახავენ ეკონომიკური სისტემებისა და დემოკრატიის განვითარების დონეებს შორის არსებულ თანაფარდობას. მაგრამ
არსებობს გამონაკლისები, როცა მაღალი ეკონომიკური დონის პირობებში, სამხრეთ აფრიკის კავშირში ვერ ჰპოვა განვითარება დემოკრატიულმა სისტემებმა.
ეკონომიკურ-პოლიტიკურ კანონზომიერებებს შორის ყველაზე ეფექტურია საზოგადოების ეკონომიკური სფეროს განვითარებაზე პოლიტიკური საშუალებებით
ზემოქმედების ზრდის კანონზომიერება. ეკონომიკური პოლიტიკის შემწეობით რონალდ რეიგანმა შეძლო ინფლაციისა და უმუშევრობის შემცირება და სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა. საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების სრულყოფისათვის უდიდესი მონაპოვარია უნარი, ეკონომიკური საშუალებებით
მოაგვაროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საქმეები და, პირიქით, პოლიტიკური კანონზომიერებების შემწეობით მოგვარდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური
საქმეები. კანონზომიერებებს შორის, რომლებიც განაპირობებენ პოლიტიკური ცხოვრების ცვლილებებს, ყურადღებას იქცევს, ერთი მხრივ, ის კანონზომიერებები, რომლებიც იწვევენ პოლიტიკური ცხოვრების გაქრობას, ხოლო, მეორეს მხრივ, ის კანონზომიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებასა და სრულყოფას. პოლიტიკური რევოლუცია, როგორც სოციალური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი კანონზომიერება, აქრობს პოლიტიკურ ცხოვრებას და აუარესებს
საზოგადოებრივ ურითიერთობებს. მთელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაცია, პირიქით, ძალას მატებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას. ისტორია მიუთითებს იმაზე, რომ სოციალური რევოლუციები და სამოქალაქო ომები არის პოლიტიკური რეფერენდუმის ყველაზე უფრო მახინჯი ფორმა. სოციალური რევოლუციები მოითხოვს დიდ მსხვერპლს და მათ არ შესწევთ ძალა, ხალხს შეუსრულონ დანაპირები.
ამჟამად, როცა შექმნილია მასობრივი განადგურების იარაღი, სოციალური რევოლუციები საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას. პოლიტიკური სტაბილურობის პირობად პოლიტოლოგებს პოლიტიკური და მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაცია მიაჩნიათ. საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაცია ისეთი პოლიტიკური კანონზომიერებაა, რომელიც დღითიდღე ახალ ძალას იძენს. საზოგადოებრივ დემოკრატიზაციაში დიდი როლი აკისრიათ პროფესიონალ პოლიტიკოსებს. დასავლეთის
პოლიტოლოგების აზრით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციის ორი გზა არსებობს: ერთი მხრივ, მკვეთრად უნდა ამაღლდეს
პოლიტიკური ელიტის პროფესიული დონე და, მეორე მხრივ, ცხოვრებაში უნდა დაინერგოს პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების მეტოქეობა პარლამენტში ხმების უმრავლესობის მოსაპოვებლად.